ფოტო პირველი: უილი რონისი
ეს ქალაქი ვისთვის ეიფელის კოშკია. ვისთვის ლუვრი. მონა ლიზა. მონმარტრი. პიგალი. ტრიუმფალური თაღი. შანელი.
მაგრამ სუნამო არა – პარიზი ბულანჟერიის სურნელშია გახვეული. პურის, ახლადგამომცხვარი პარიზული ბაგეტის, რომელიც დილით ადრე სწრაფად უნდა აარბენინო სახლში, თორემ გზაში შემოგეტეხება და შემოგეჭმევა.
ამიტომ მიყვარს უილი რონისის ეს ფოტო.
უილი რონისი (Willy Ronis) რუსეთის იმპერიიდან პოგრომებს გამოქცეული ებრაელი ემიგრანტების შვილია. თავად პარიზში დაიბადა და ამ ქალაქს უამრავი, არაჩვეულებრივად მეტყველი, პოეტური ფოტო უძღვნა.
მამამისი ფოტოგრაფი იყო და მონმარტრზე ფოტოსტუდიაც ჰქონდა, შვილს ფოტოხელოვნებას ასწავლიდა და Kodak-ის კამერაც აჩუქა, მაგრამ უილი ამ საქმეზე არ ფიქრობდა – მევიოლინოობაზე ოცნებობდა და იმედისმომცემი ნიჭიც ჰქონდა. მამა რომ ავად გახდა, ოჯახური ბიზნესის გადაბარება მოუხდა და მუსიკისთვის საკმარისი დრო აღარ დარჩა.
მისი მუსიკა მის ფოტოებშია.
პარიზის გარდა ბევრი ცნობილი ფოტოპორტრეტის, საპროტესტო-სოციალური ფოტოებისა და ნიუ-ს ავტორია. მუშაობდა ჟურნალებისთვის Vogue და Le Jardin des modes. და საინფორმაციო სააგენტოსთვის Rapho.
მეგობრობდა რობერთ ქაფასთან და, თითქოს, მუდმივ დიალოგშია “გრძნობების მწევარ” ანრი კარტიე-ბრესონთან.
ვინ იცის, როგორი მევიოლინე დადგებოდა – ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პარიზელი ფოტოგრაფი კი არის. Kodak-ის პრიზი, 1947. ვენეციის ბიენალეს ოქროს მედალი, 1957. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს გრან პრი, 1979. ფოტოჟურნალისტებისა და გამომცემლების პრიზი (Prix Nadar) საუკეთესო ფოტო-ალბომისთვის, 1981… ყველა ჯილდოს აქ არ ჩამოვთვლი, 1986 წელს კი ხელოვნების დარგში ყველაზე პრესტიჟული ხელოვნებისა და ლიტერატურის (Ordre des Arts et des Lettre) ორდენის კავალერი გახდა.
ფოტოებს იღებდა ღრმა მოხუცებულობამდე, სანამ ჯოხების გარეშე გადაადგილება შეეძლო. სტუდიური ფოტო არ უყვარდა. დადგმულ ფოტოებს არ სწყალობდა. მისი სტიქია პარიზი, ქუჩა და მეყსეული გაელვება, წამიერი ემოცია იყო.
დაწერა წიგნები, კითხულობდა ლექციებს, ასწავლიდა. საუკუნეს სულ ერთი წელი დააკლდა – 99 წლისა გარდაიცვალა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
The Photographer Who Saw Paris With His Heart in His Eyes
Willy Ronis: The Master’s Moment
***
ასევე
ოთხი ფოტოგრაფის ერთი ქალაქი (ფოტო მეორე)
ეს ფოტო ჩაიხანაში კიდია 🙂
LikeLike
Indeed
LikeLike
აქამდე არ მსმენოდა. ძალიან მომეწონა!!!
LikeLiked by 1 person