განგიცდია თუ არა ტკივილი. ის ტკივილი, საყვარელი ტანსაცმელი რომ ფერს კარგავს და ხუნდება? ერთ რჩევას გადავაწყდი. არც ისე ახალი ამბავია, მაგრამ არც – ძალიან ძველი, ამიტომ ყოველმხრივ თავადაც ვერ გამოვცადე ჯერ, მაგრამ უკვე ვენდობი და ვიყენებ. თუმცა, ამაზე – პოსტის ბოლოს. მანამ – სხვა, საბაზისო რჩევები.
ფერად ტანსაცმელს ბევრი მტერი ყავს. წითელი. ყვითელი. იასამნისფერი – რაც უფრო ხასხასაა ფერი, მით დიდია შანსი, რომ დროთა განმავლობაში სიკაშკაშე/სიხასხასე დაკარგოს. ხელოვნური ქსოვილი უფრო ფერმდგრადია, მაგრამ ახლა ბუნებრივ ქსოვილზე – ბამბასა და ტილოზე ვამბობ.
გარემო: მზე და ჰაერი. რასაც თავს ვერ აარიდებ და ვერ დაემალები. ერთადერთი, როდესაც ტანსაცმელს გასაშრობად გაკიდებ, სასურველია, თაკარა მზის ქვეშ არ მოაქციო.
რეცხვის რეჟიმი უნდა შეარჩიო სწორად. პლუს, თუ სარეცხის მანქანა ამის საშუალებას გაძლევს, ჯობს, რეცხვის ტემპერატურა იმაზე გრილი აარჩიო, ვიდრე მანქანა გთავაზობს. ცხელ წყალში რომ უკეთ ირეცხება ბოროტი მითია – თანამედროვე სარეცხის საშუალებები ერთნაირად ეფექტურია ცივ და ცხელ წყალში გარეცხვისას!
ერთ ძველ პოსტში ვწერდი:
ის, რაც საქართველოში ყველამ იცის. 🙂
1. რაც უფრო ცხელია წყალი, მით უკეთესად რეცხავს.
2. რაც მეტ სარეცხ საშუალებას გამოიყენებთ, მით უკეთესი.
ასეა?
არა. არ არის ასე!
ცხელი წყალი ქსოვილს აზიანებს, თანამედროვე სარეცხი საშუალება კი ცივ წყალშიც ისევე კარგად იხსნება და “მუშაობს”, როგორც – ცხელში.
ჭარბი რაოდენობით სარეცხის ფხვნილი მხოლოდ ბევრ ქაფს ქმნის და რეცხვის პროცესს აბრკოლებს.
სარეცხი საშუალება. სხვადასხვა ქსოვილის, სხვადასხვა ფერის ტანსაცმლის სარეცხი საშუალებების სიმრავლე, ცხადია, მარკეტინგული ხერხიცაა, მაგრამ არც მხოლოდ მარკეტინგული ხერხია. ფერადი ტანსაცმლის სარეცხი საშუალება შეიცავს ფერის შემნარჩუნებელ დანამატებს. ფერადი ტანსაცმლის რეცხვისას მათ გამოყენებას მართლაც აქვს აზრი.
ხასხასა რომ ხასხასობდეს. დაბოლოს, ის რჩევა, რომელიც არც ისე ახალი ამბავია, მაგრამ არც – ძალიან ძველი, ამიტომ სრულად თავადაც ვერ გამოვცადე ჯერ, მაგრამ უკვე ვენდობი და ვიყენებ. გარეცხვის წინ ტანსაცმელი უნდა ჩაალბო თეთრი ღვინის ძმრისა და წყლის თანაბარპროპორციულ ნაზავში (1/1) და დატოვო ნახევარი საათით. ამ პროცედურის ჩატარება მხოლოდ ერთხელაა საკმარისი – პირველად გარეცხვის წინ. ზოგი ძმრის ნაცვლად მარილწყალსაც გვირჩევს იმავე პროპორციით.
ბევრი ამბობს, ძმარს (მარილწყალს) ადრე ჰქონდა ძალა, დღეს კი ქსოვილი შეკერვამდე მუშავდება საფეიქროში და ამის შემდეგ ძმარში ჩაალბობ თუ ღვინოში – აზრი აღარ აქვსო.
მაგრამ დაშავებით არაფერს დააშავებს და თან მართა სთიუართიც გვირჩევს და 1% შანსი თუ მაინც არის, ვენდობი – ბოლო-ბოლო ამ რჩევებით გახდა ქალი მილიარდერი.
სამწუხაროდ, სასწაულები არ არსებობს. ტანსაცმელი აუცილებლად გახუნდება. ეს შეუქცევადი ამბავია. ის შეგვიძლია მხოლოდ, ეს ამბავი დროში გადავდოთ. ძვირიანიც გახუნდება და იაფიანიც. ბუტიკში ნაყიდიც და ლილოშიც. იაფფასიანი და ნაყალბევი უფრო მეტადაც შეინარჩუნებს ფერს, 🙂 იმიტომ რომ ქსოვილი ხელოვნურია.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___