დამზადებულია იაპონიაში. 40 წლის წინ

1 ივლისს SONY-ს Walkman-ის 40 წლის იუბილე აღვნიშნეთ. ამ პოსტის მკითხველთაგან უმრავლესობა, ალბათ, 80-ანებში დაბადებული არ იყო და ვინც 90-იანებს მოესწრო, ისიც ძალიან პატარა იყო “უოქმენისთვის”.

“უოქმენი” იმ დროს იყო იგივე, რაც წლების შემდეგ “აიფოდი”. და კიდევ მეტი. როდესაც სონის პრეზიდენტმა აკიო მორიტამ “უოქმენი” გამოიგონა, მსგავსი არაფერი არსებობდა ბუნებაში. ეს იყო არამხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ კულტურული და მენტალური რევოლუცია. ამიტომ იყო სრულიად გამორჩეული. რა აღმატებული ხარისხის ზედსართავიც არ უნდა დავწერო ახლა, ყველა ნაკლები იქნება იმ ფენომენზე, “უოქმენი” რომ იქცა.

SONY TPS 12 Walkman

უშუალოდ შემოქმედი აკიო მორიტა ასე იგონებს ამ ამბავს:

ჩვენი სტრატეგიაა შევქმნათ ახალი პროდუქტები, ხელი ჩავკიდოთ და წინ წარვუძღვეთ მომხმარებლებს, ნაცვლად იმისა, რომ დაველოდოთ და ვიკითხოთ, რომელი პროდუქტის ქონა სურთ. მომხმარებლებმა არ იციან, რა შესაძლებლობები არსებობს, ჩვენ კი – ვიცით. ამიტომ, ბაზრის მეუთვალავჯერ ჩატარებული კვლევის ნაცვლად, მთელ ჩვენ დროსა და შემოქმედებით ენერგიას კონკრეტული პროდუქტის შექმნას ვახმარდით და ვცდილობდით ბაზრის შექმნას ამ ახალი პროდუქტისთვის რეკლამირების, მომხმარებლებთან ახლო კავშირის გზით.

ახალი პროდუქტის შექმნის იდეა ზოგჯერ ანაზდად იბადება გონებაში. მაგალითს გეტყვით – “უოქმენი”, რომელიც, ალბათ, ყველამ იცით. ამ სტერეო-ფლეერის შექმნის იდეა მაშინ დამებადა, როდესაც ერთ დღეს კაბინეტში იბუკა(1) მეწვია და ჩვენი პორტატული სტერეომაგნიტოფონი და სტანდარტული ზომის წყვილი ყურსასმენი(2) შემოიტანა. ცოტა უბედური გამომეტყველება ჰქონდა – შემომჩივლა, ამის ტარება ძალიან რთულიაო. ვკითხე, რას გულისხმობ-მეთქი. ასე მიპასუხა: ”მუსიკის მოსმენა მსურს, ისე, რომ არვინ შევაწუხო. მთელი დღე მაგნიტოფონთან ხომ ვერ ვიჯდები, ამიტომ თან ტარება მიწევს… მაგრამ არ არის იოლი საქმე – ძალიან ტლანქი და მძიმეა.”

ერთი ხანებია რაღაც იდეაზე ვფიქრობდი. როცა იბუკა საუბრობდა, ჩემი იდეა კონკრეტულ ფორმებში განსხეულდა. საკუთარი დაკვირვებით ვიცი, ახალგაზრდებს მუსიკის გარეშე ცხოვრება ეძნელებათ. თითქმის ყველას აქვს სტერეო სისტემა როგორც სახლში, ასევე – მანქანაში. ასეა ყველგან. ნიუ იორქში მინახავს ადამიანები, მხარზე შემოდებული დიდი მაგნიტოფონებით და ჩვენთან, ტოკიოშიც მომიკრავს ასეთებისთვის თვალი. გამახსენდა, ჩემი ქალიშვილი ნაოკო, რომელიც მოგზაურობიდან დაბრუნდა, სახლში შემოსული არ იყო, მის ოთახში აირბინა და მაგნიტოფონში კასეტა ჩადო… იბუკასთან საუბარმა სტიმული მომცა. ინჟინრებთან მივედი და ვუთხარი, ჩვენი პორტატული კასეტის ჩამწერიდან ამოეღოთ მიკროფონი და სპიკერი და, მაგიერ, სტერეო გამაძლიერებელი დაემატებინათ. სხვა საჭირო მონაცემებიც ჩამოვთვალე, პირველ ყოვლისა, ძალიან მსუბუქი ყურსასმენი – ეს “უოქმენის” ერთ–ერთი ყველაზე რთულად განსახორციელებელი ნაწილი აღმოჩნდა.

“უოქმენზე” მუშაობის დრო ჩემთვისაც ძალიან რთული იყო. ერთ-ერთმა ინჟინერმა ახალი პროდუქციის დაგეგმვის შეხვედრაზე პირდაპირ განმიცხადა: ”იდეა, დავუშვათ, კარგია და მომწონს, მაგრამ ვინ იყიდის მაგნიტოფონს ჩამწერის გარეშე? მგონი – არვინ.” პასუხად ავტომობილის მაგნიტოფონი გავახსენე, სადაც ხმის ჩამწერს არვინ ითხოვს.

ვგრძნობდი, რომ თითქმის არავის მოწონდა ჩემი იდეა.  ღიად არვინ დამცინოდა, მაგრამ, ალბათ, ბოლომდე ვერ მოვახერხე დიზაინერების დარწმუნება – ჩემს მითითებებს ასრულებდნენ იძულებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ.

საცალო ფასიც კი დავადგინე, ხელმისაწვდომი ახალგაზრდისთვის. ჩვენი პორტატული ხმისჩამწერი 49’000 ათასი იენი ღირდა – ძალიან ძვირი იყო. ახალი ექსპერიმენტული სტერეო ფირსაკრავის ზღვრულ ფასად 30’000(3) იენი მოვითხოვე. ფინანსისტებმა გააპროტესტეს, მაგრამ არ დავუთმე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან დიდი რაოდენობით გავყიდდით ჩვენ ახალ პროდუქტს და წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად, ხარჯები შემცირდებოდა.

როდესაც საპილოტე მოდელი მომიტანეს  მინიატურულ ყურსასმენებთან ერთად, აღფრთოვანება ვერ დავმალე მცირე ზომებისა და მაღალი ხარისხის ხმის გამო. სტანდარტულ სტერეო სისტემებში მოზრდილი დინამიკებით ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰაერში იკარგება და ხმის ტალღების მხოლოდ ნაწილი წვდება მსმენელის ყურს. ბგერის დარჩენილი ძალა კედლებსა და ფანჯრებს ეხეთქება ფუჭად. ჩვენს პაწაწინა საკრავს კი საკმარისი ენერგია ჰქონდა ელემენტებიდან ხმის გამაძლიერებლისა და პატარა ყურსასმენებისთვის. ხმა ისეთი ძლიერი და სუფთა იყო, როგორსაც ველოდი… მოლოდინზე – უკეთესიც კი. ვერ მოვითმინე, პირველი “უოქმენით” სახლში გავიქეცი და სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვუსმენდი. უცებ შევანიშნე, რომ ჩემმა ექსპერიმენტმა მეუღლე გამიბრაზა – უკმაყოფილო იყო, მუსიკა რომ არ ესმოდა . კარგი – ვიფიქრე, – ორ ყურსასმენს დავუყენებთ. მომდევნო კვირას კიდევ ერთი მოდელი დამიმზადეს, რომელსაც ორი წყვილი ყურსასმენი უერთდებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მწერალი შოჯი კაორუ დავპატიჟე გოლფის სათამაშოდ და მანქანაში ერთი წყვილი ყურსასმენი მას მივაწოდე, მეორე მე მოვირგე  და კასეტა ჩავრთე. ვუცქერდი, როგორი აღფრთოვანებით და გაკვირვებული უსმენდა გრიგის საკონცერტო ჩანაწერს მისი მეუღლის, პიანისტ ჰიროკო ნაკამურას შესრულებით. შევატყე, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვერ მოახერხა, რაკი ორივენი ყურსასმენებით ვისხედით. ოფისში მისულმა ინჟინრებს ვთხოვე საგანგებო “ცხელი ხაზის” ღილაკის დამატება – ორ ადამიანს რომ შეძლებოდათ საუბარი მუსიკის გამორთვის გარეშე.

SONY TPS 12 Walkman hotline

ვფიქრობდი, რომ გასაოცარი პროდუქტი შევქმენით და ენთუზიაზმით ვიყავი აღსავსე, მაგრამ მარკეტინგის სპეციალისტები სრულიადაც არ იყვნენ ჩემებრ იმედიანად განწყობილნი. მეუბნებოდნენ, რომ პროდუქტი მოთხოვნით ვერ ისარგებლებდა. ერთი პირობა მეც ეჭვი მღრღნიდა, ასე რომ მომწონდა მაგნიტოფონი, უმრავლესობის აზრით რომ არავის სჭირდებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი კარგ გაყიდვებში და პირადი პასუხისმგებლობა ვიტვირთე. და არც არასდროს მქონია შემდგომ სინანულის მიზეზი. მართალი აღმოვჩნდი და “უოქმენმა” თავიდანვე იმედები გამიმართლა. 

გამოგიტყდებით, დასახელება “უოქმენი” არასდროს მომწონდა, მაგრამ ახლა კი ვხედავ, როგორ ყველგან გაიდგა ფესვი. ჩემი მოგონილი სახელი არაა, ჩემს არყოფნაში მოიფიქრა ჩვენი კომპანიის რამდენიმე ახალგაზრდა თანამშრომელმა. ვუთხარი, როგორმე შეეცვალათ, ვთქვათ “Walking Stereo”-თი ან გრამატიკულად სწორი რამე სხვა ფორმით, მაგრამ დავაგვიანე – რეკლამები უკვე მზად ჰქონდათ და მაგნიტოფონისთვის ამ წარწერიანი კორპუსების წარმოებაც დაწყებული. მოგვიანებით, ამერიკის და გაერთიანებული სამეფოს SONY America და SONY UK შეშფოთდნენ, რომ მსგავსი გრამატიკულად გაუმართავი დასახელების პროდუქტის გაყიდვას ვერ შეძლებდნენ, მაგრამ ვერც ერთმა სხვა ვარიანტმა, რაც ვცადეთ, ინგლისში “Stoway” და აშშ-ში “Sound About”, ვერ მოიკიდა ფეხი, “Walkman” კი იოლად დამკვიდრდა. მაშინ დავურეკე SONY America-ს და SONY UK-ს ხელმძღვანელებს და ვუთხარი: ”მაგნიტოფონს ერქმევა Walkman. გადაწყვეტილი ამბავია!” ახლა კი თავადაც მეუბნებიან, ეს რა შესანიშნავი სახელიაო.

მალე მოთხოვნას ვეღარ ავუდიოდით და ახალი საწარმოო ხაზის გამართვა დაგვჭირდა. ცხადია, აქტიური სარეკლამო კამპანიაც გავწიეთ – დავიქირავეთ ახალგაზრდები, რომლებიც კვირაობით გინზასა და ტოკიოში დასეირნობდნენ “უოქმენებით”. თავდაპირველად ვშიშობდით, ხომ არ ჩათვლიან თავხედად ადამიანს, რომელიც ყურსასმენით მარტო უსმენს მუსიკას, მაგრამ მოლოდინი, რომ წყვილები, ოჯახის წევრები და მეგობრები მუსიკას ერთად მოუსმენდნენ არ გამართლდა – მომხმარებლებმა მათი მცირე პორტატული სტერეო საკრავები პირად ნივთებად აღიქვეს. ყველას საკუთარი მელოდიის მოსმენა სურდა. ამიტომ უმრავლეს მოდელზე ორი სტერეო-ყურსასმენის შეერთების საშუალება გავაუქმეთ და მუსიკის გამორთვის გარეშე ურთიერთგასაუბრების ღილაკიც აღარ დაგვჭირდა.

დარწმუნებული ვიყავი, პოპულარული იქნებოდა, მაგრამ 5 მილიონი მაგნიტოფონი რომ გავყიდეთ, მეც კი სახტად დავრჩი. ასეთი ტემპისთვის მზად არ ვიყავით. პირველი “უოქმენის” გაყიდვის დღიდან უკვე 12 მილიონი ცალი გვაქვს გაყიდული(4). 70-მდე ვარიაცია გვაქვს. წყალ და ქვიშაგაუმტარ მოდელსაც კი ვაწარმოებთ და კვლავ სიახლეებზე ვმუშაობთ. გაჩერებას არ ვაპირებთ.

ამ ამბის არსი მარტივია – არ მჯერა, რომ ბაზრის რაგინდაცრა დეტალურ კვლევას შეეძლო ეთქვა, რომ SONY-ს ამ პროდუქტს სენსაციური წარმატება ელოდა, ყველა მოლოდინს რომ გადააჭარბებდა. ბევრ მიმბაძველსაც გააჩენდა. ამ პაწაწინა ნივთმა მსოფლიოს გარშემო მილიონობით მელომანი ადამიანის ცხოვრების წესი შეცვალა. და მათ შორის ბევრი პროფესიონალი მუსიკოსია: ჩემი მეგობრები, დირიჟორები ჰერბერტ ფონ კარაიანი, ზუბინ მეტა და ლორენ მააზელი, ასევე ვირტუოზი შემსრულებლები, მაგალითად, ისააკ შტერნი მოუთმენლად ელიან ახალ და ახალ “უოქმენებს.  “უოქმენის” შექმნით ჩვენ სტანდარტული ყურსასმენების ზომაში შემცირება და გაუმჯობესება მოგვიხდა. ათობით ახალი მოდელი შევქმენით და ყურსასმენების მწარმოებელთა შორის წამყვანი ადგილი დავიკავეთ. იაპონიაში ბაზრის თითქმის ორმოცდაათი პროცენტი გვიჭირავს.

აკიო მორიტა. დამზადებულია იაპონიაში. (თავი III. ვვაჭრობთ მთელ მსოფლიოსთან).

(1)მასარო იბუკა – სონის თანადამფუძნებელი მორიტასთან ერთად.

(2)წყვილ ყურსასმენში მორიტა გულისხმობს სტერეოფონიკულ ყურსასმენს. დღეს ჩვეულებრივი ამბავია, იმ დროს კი პორტატული ყურსასმენი მონოფონიკული იყო – მხოლოდ ერთ ყურზე მაგრდებოდა.

(3) პირველი “უოქმენის” ფასი მიახლოებით 200 აშშ დოლარი იყო.

(4)მორიტას წიგნი 1986 წელსაა გამოცემული.

***

მორიტა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინტერპრენიორი და მენეჯერია კაცობრიობის ისტორიაში, თქმა არ უნდა, მაგრამ ერთ რამეში ვერ დავეთანხმები – მისი დასკვნა არასწორია. კამათი საქონელია პირველადი თუ მოთხოვნა, ზოგადად, ძველისძველია. ჯერკიდევ გენიალურ ფრანგ ეკონომისტს ჟან-ბატისტს სეის მიაწერენ იდეას, რომ საქონელი თავად ქმნის მოთხოვნას მასზე (თუმცა, სეის მთლად ასე არ უთქვამს და არც მთლად ეს უგულისხმია, მაგრამ ეს ამ პოსტის და არც ამ ბლოგის თემაა). მოთხოვნა არ შეიძლება არსებობდეს მანამ, სანამ არ არსებობს მიწოდება, ეს სიმართლეა. მაგრამ საქონელი ვერ შექმნის მოთხოვნას, თუ არ არსებობს მოთხოვნილება ამ საქონელზე. მოთხოვნილება უნდა იყოს, სადღაც, ჰაერში, შეიძლება გაუცნობიერებელი, ძნელად ხელშენავლები, კონკრეტული სხეულის გარეშე და ამ მოთხოვნილებასთან მაქსიმალურად ახლოს მდგომი საქონელის შექმნა და მიწოდება მოთხოვნილებას გარდაქმნის მოთხოვნად. ბაზრის კვლევა თუნდაც იმიტომაა საჭირო რომ ეს მოთხოვნილება აღმოაჩინო და მორიტა საკუთარ თავს ეწინააღმდეგება – მან თავად ჩაატარა ბაზრის კვლევა, საკუთარ ქალიშვილზე, სხვა ახალგაზრდებზე დაკვირვებით და იბუკას გამოკითხვით.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

SONY-ს საიუბილეო NW-A100TPS Walkman

Akio Morita – Made in Japan (Amazon; Open Library)

How Sony’s Walkman Created Headphone Culture

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “დამზადებულია იაპონიაში. 40 წლის წინ”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: