46 წლის წინ, 1973 წლის 2 სექტემბერს თბილი, მზიანი დღე იყო. ავტოავარიაში დაიღუპა ეტიენ ფერმიჟიე. ინდუსტრიული დიზაინის ახალი ტალღის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი. ბევრი რამ ვერ მოასწრო – 41 წელი იცოცხლა მხოლოდ, მაგრამ მოასწრო და გადო ხიდი “ხელოვნება ხელოვნებისთვის” და გამოყენებით დიზაინს შორის.
გასული საუკუნის 60-იანი წლები ავეჯის დიზაინში ახალი მასალების შემოტანის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ახალი იდეების გაჩენის პერიოდია. ადრე პოსტში ჟან პრუვეზე დავწერე. პრუვემ მარტივი, სადა და იაფი ავეჯის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. 60-ანებმა ახალი ტალღის დიზაინერთა რევოლუცია მოიტანა. უცნაურია, მაგრამ ეს იყო “რევოლუცია ზემოდან” – Mobilier National-ის პატრონაჟით.
- dGarde-Meuble de la Couronne (“სამეფო ავეჯის მცველი” – დღევანდელი ქონების მართვის სამსახურის ანალოგია) ლუი XIV-ის დროს დააფუძნა საფრანგეთის იმდროინდელმა ფინანსთა მინისტრმა კოლბერმა. 1870-წელს სახელი გამოუცვალეს და Mobilier National (“ეროვნული ავეჯი”) ქვია. დღეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურია, ავეჯისა და გობელენის კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციას კურირებს.
საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ მინისტრ ანდრე მარლოს ინიციატივით Mobilier National-ში ერთგვარი ლაბორატორია შექმნა, სადაც ფრანგ დიზაინერებს შემოქმედებითი ცეცხლი შეუნთეს, “უფასოდ”, სახელმწიფო დაფინანსებით. დიზაინერ ერვან ბურულეკის თქმით, ეს იყო სახელოსნო, სადაც დიზაინერები იკრიბებიან, მსჯელობენ, კამათობენ, განიხილავენ, ქმნიან და აფასებენ… იმ სხვაობით, რომ დარდი არ აქვთ, გაიყიდება თუ არა. თავად ბურულეკს დაუგვიანდა – ის და მისი ძმა 70-იანების თაობაა და საკუთარი ფინანსური რისკით უხდებათ მუშაობა, 60-იანებში კი ფრანგი დიზაინერები სახელმწიფომ ფინასურად დააზღვია კომერციული შეცდომებისგან – ისინიც არაფრით იზღუდავდნენ თავს. შედეგად დაიბადა უამრავი სიახლე, რევოლუციური ცვლილება მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მეტისმეტად ძვირი ავეჯი, იმისთვის რომ მასობრივი წარმოება მომგებიანი ყოფილიყო. დიზაინის მკვლევრის მატია ბონეტის თქმით, ერთადერთი, რასაც Mobilier National აკეთებადა – ხარჯავდა ფულს. მაგიერ – 600-მდე სახელმწიფო დაწესებულების შენობის ინტერიერი საფრანგეთსა და ფარგლებს გარეთ (საფრანგეთის საელჩოები და წარმომადგენლობები), ავეჯი, განათება და მრავალი სამუზეუმო ექსპონატი. კაცობრიობა ბედნიერი უნდა იყოს, რომ ასეთი ექსპერიმენტი განხორციელდაო, – ამბობს ბონეტი. პრეზიდენტ პომპიდუს აპარტამენტები ელისეს სასახლეში იმ პერიოდის ინტერიერის დიზაინის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. მისი ავტორია პიერ პოლანი, ვინც მოგვიანებით ხელახლა დაბრუნდა ელისეს სასახლეში უკვე პრეზიდენტ მიტერანის კაბინეტის მოსაწყობად.
სწორედ ეს, სახელმწიფოს მიერ უძიროდ დაფინანსებული, მხატვრული თვალსაზრისით შესანიშნავი, მაგრამ უბრალო მომხმარებლისთვის მიუწვდომელი ავეჯი და ინტერიერის სხვა დეტალები საყოფაცხოვრებო, ყოველდღიურობის ენაზე გადაიტანა ეტიენ ფერმიჟიემ. სხვებმაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ფერმეჟიე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ერთ-ერთი ყველაზე დაუმსახურებლად დავიწყებულიც დღეს.
ეტიენ ფერმიჟიე (Étienne Fermigier) პარიზის დიზაინისა და არქიტექტურის L’École Boulle-სა და გამოყენებითი ხელოვნების ეროვნული სასწავლებლის, ÉnsAD Paris-ის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით, უკვე როგორც პედაგოგი, მიიწვიეს დიზაინის სახელგანთქმულ კომოდოს სასწავლებელში (École Camondo).
57-ში საკუთარი სტუდია დააფუძნა, ორი წლის შემდეგ – ავეჯის გალერეა, რომელსაც “ავეჯი და ფუნქციურობა” (Meubles et Fonction) დაარქვა – ამ სახელშია დიზაინერის კრედო. ფერმიჟიეს ავეჯში როგორც სადა, ასევე ფუტურისტული დიზაინი ჭარბობს, მაგრამ ყველა შემთხვევაში მთავარი ამოცანა ხელმისაწვდომი ფასი და იოლად წარმოების შესაძლებლობა იყო – თანამშრომლობდა ავეჯის მაღაზიათა ქსელ Mobilier de France-თან და ავეჯის იტალიურ მწარმოებელ Arflex-თან.
ავეჯის გარდა, გატაცებული იყო სანათების დიზაინით. რამდენიმე რადიომიმღების, ტელევიზორის და სხვა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის დიზაინზეც მუშაობდა.
თანამედროვე ხელოვნების ცენტრის CNAAC-ის თანადამფუძნებელია. 1967 წელს ხელოვნებისა და მრეწველობის მხარდამჭერმა საზოგადოებამ SEAI-მ რენე გაბრიელის სახელობის ჯილდო გადასცა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Demisch Danant: Étienne Fermigier
P.S.
ჩემი შესაფასებელი არაა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების, ინოვაციის და დიზაინის დიდი დამფასებელი ვარ, სახელმწიფოს ასეთი ჩარევის მომხრე ვერ ვიქნები. და არც ის მგონია, რომ იმ შედეგის მიღწევა სხვა პირობებში შეუძლებელი იქნებოდა… საფრანგეთზე ვამბობ და ჰაერში უაზროდ გაფრენილ თანხებზე ვფიქრობ საქართველოში, სხვადასხვა აწარმოე საქართველოში და მსგავსი პროგრამების საფარქვეშ.