მყრალი დუჟინი

შვებულების დრო მოდის. მოგზაურობის დრო. ვინც ტრანზიტით დაფრინავთ და აეროპორტის დიუთი ფრიში მოგზაურობა გიყვართ, იქედან ყველაზე ხელსგამოსაყოლებელი – პარფიუმია. კომპაქტურია, მჩატე, ნებისმიერ სამოგზაურო ჩანთაში იოლად მოუძებნი ადგილს და კარგად ყარს.

დიუთი ფრიში ძველი (მინიმიმ 5 წლისა) და (კარგად) დავიწყებული ან არდავიწყებული პარფიუმი მიყვარს ხოლმე. ახალი კოლექციის ყიდვა ყველგან შეიძლება – ჩვენთანაც (ძვირად :(), მაგრამ ძველი არომატები ყოველთვის არ შემოაქვთ.

რამდენიმე, თავის დროზე ძალიან პოპულარული და დღემდე ძალიან კარგი არომატია, გვერდის ავლა რომ არ ღირს – თუ შეგხვდა, მიდი დაყნოსე, ეგებ, ჩემსავით მოგეწონოს.

აქვე, ჩემს პირველ მყრალ პოსტს მივლინკავ – იქ რა პარფიუმიც ვახსენე, აქ აღარ ჩამოვთვლი. და პოსტს ნიანგის არომატზე.

Bleu de Chanel. 2010

Bleu de Chanel

დავიწყებ მშვიდი კლასიკით. ბრენდიც – კლასიკა. არომატიც – კლასიკა. ფლაკონიც – კლასიკა. ეს პარფიუმი იმ ტიპისაა, განსაკუთრებით რომ მიყვარს ხოლმე: ხის და ციტრუსის არომატების კომბინაცია. წაუგებელი ვარიანტია. Bleu de Chanel ასეთი კომბინაციის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსიაა, რაც არსებობს. პარფიუმი 2010 წელს გამოვიდა. არომატი შექმნა ფრანგმა პარფიუმერმა, ჟაკ პოლჟმა, რომელიც ბევრი არაჩვეულებრივი არომატის შემოქმედია (მათ შორისაა შანელისავე ალიური და ეგოისტი – ეს ორიც ჩასანიშნია).

Yves Saint Laurent La Nuit de l`Homme. 2009

YSL La Nuit de l`Homme

ეს პარფიუმი YSL-ის უფრო ადრინდელი L’Homme-ის ხელახალი ინტერპრეტაციაა. ისიც ძალიან კარგი იყო, ეს – უბრალოდ შედევრია. აქაც ხის (შეიძლება ასეც ვთქვათ – ტყის) ნოტებია, მაგრამ იმავდროულად ძალიან არომატულია. წიწაკა, ლავანდა, ბერგამოტი, ვეტივერი… უცხო მიქსია და მდგრადი პარფიუმია. ნელ-ნელა შლის არომატს და დიდხანს მიგყვება.

Tom Ford Tobacco Oud. 2013

Tom Ford Tobacco Oud EDT

მწეველი არ ვარ, მაგრამ კარგი სიგარის კვამლის არომატი მომწონს. თომ ფორდის ამ პარფიუმში თამბაქოსა და ვისკის ნოტების მიქსია: ის, რაც მამაკაცს უყვარს. ერთ-ერთი საუკეთესოა თამბაქოსეულ პარფიუმებს შორის.

Viktor & Rolf Spicebomb. 2012

Viktor & Rolf Spicebomb

კიდევ ერთი პარფიუმი წიწაკეულმოყრილი თამბაქოს არომატით. ლამაზი ფლაკონი აქვს. ძალიან პოპულარული იყო ჩვენთან რომ გამოჩნდა, ასე მახსოვს. ძვირიც არ ღირს. მოგვიანებით, Extreme ვერსიაც დაუმატეს.

Gucci by Gucci Pour Homme. 2008

Gucci by Gucci Pour Homme

ისევ ამ არომატებში ვრჩებით: თამბაქო, ციტრუსის, ყვავილების და ხის ნოტებით. კლასიკური, არომატული, მაგრამ მშვიდი, არამძაფრი პარფიუმია. გუჩის კიდევ უფრო ძველი, კლასიკური და ძალიან კარგად დავიწყებული მამაკაცის პარფიუმი აქვს – 1998 წლის Envy. თუ სადმე გადააწყდი, ღირს გახსენებად. დიდი პარფიუმერი არ ვარ და ვერ დავიჩემებ, რომ ძაღლის ყნოსვა მაქვს, მაგრამ გუჩის თუ მამაკაცის, თუ ქალის პარფიუმი ერთ სტილში აქვს, იმჰო. ოქროს შუალედის დაჭერას ცდილობენ ხოლმე. ნაბიჯი – მარჯვნივ, ნაბიჯი – მარცხნივ – დახვრეტა. 🙂

Dolce & Gabbana The One for Men. 2008

D&G The One for Men

ეს ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური აღმოსავლური არომატია მთელი მისი ამბრებითა და უმბრებით. შეიძლება ითქვას, ეტალონად ზის აღმოსავლურ პარფიუმებს შორის. ბევრი პლიუსი აქვს. ერთი რომ მამაკაცურია, თბილი ნოტებით, კარგად ზის კანზე, ნელ-ნელა იშლება, დიდხანს მიგყვება და, როგორც წესი, ყველას მოსწონს ირგვლივმყოფთ, არვის აწუხებს და აღიზიანებს. ამასთან, ძვირი არ ღირს. აგერ უკვე დეკადის წინ გამოვიდა, მაგრამ დღემდე პოპულარულია და ყველგან იყიდება. ვისაც ექსპერიმენტები არ უყვარს და აღმოსავლური კლასიკა ურჩევნია – მასთ ბაი, მასთ ჰევ.

Jean Paul Gaultier Le Male. 1995

Jean Paul Gaultier Le Male

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძველი არომატია, ამის გარეშე ეს პოსტი ვერ იქნებოდა. ერთი რომ მიუგლერია, მეორე რომ ზე-პოპულარული იყო, მესამე რომ დღემდე იყიდება და შეიძლება გადაწყდომა, თანაც – ხელსაყრელ ფასად. დარიჩინი, ვანილი, ლავანდა და მენთოლი. შექმნის დროს მიუგლერისეულად პროვოკაციული და ზედმეტად არომატული ჩანდა, დღეს ასეთი პარფიუმი მამაკაცურ ხაზშიც უამრავია და… შეიძლება უკვე მეინსთრიმიც დავუძახოთ. Le Male-ს ინტერპრეტაციათა, ვერსიათა და გაააზრებათა მთელი სერია მოყვა. სხვადასხვა არომატით და კვლავ იმავე ფორმის, იოლად ამოსაცნობი “ყვერებიანი” ფლაკონით.

Giorgio Armani Armani Code for Men. 2004

Giorgio Armani Armani Code for Men

აჟიოტაჟი, ამ პარფიუმის გამოჩენას რომ მოყვა ჩვენთან, კარგად მახსოვს. ყველაფერი – სარეკლამო პოსტერებით დაწყებული, ფლაკონითა და არომატით დამთავრებული იდეალური იყო. ციტრუსეულისა და ტყავეულის კომბინაცია. შორტებს, მაისურსა და კედებს რომ ვერ აკადრებ, ეგეთი არომატია. კოსტიუმისა და ოქსფორდებისკენ გაგირბის თვალი. 🙂

Carolina Herrera CH Men. 2009

CH Men

ეს ქალი 212-იდან მოყოლებული მიყვარს. არაჩვეულებრივ არომატებს ქმნის მამაკაცებისთვის. აქ ტყავის და ვანილის მიქსია, ხისა და ციტრუსის აქცენტებით. 2015-ში პარფიუმის Prive ინტერპრეტაცია გამოუშვა – ძალიან, ძალიან, ძალიან კარგია, მაგრამ ახალია ჯერ და ფორმალური ქრონოლოგიით პოსტის მიღმა დარჩა… თუმცა, მთლად მიღმაუხსენებლადაც ვერ დავტოვე.

John Varvatos Artisan Black. 2010

John Varvatos Artisan Black

კიდევ ერთი არომატი სერიიდან: დაბალანსებული – დაისხი, არ წააგებ. ეს პარფიუმი არ გაგაკვირვებს, მაგრამ გაწბილებულსაც არ დაგტოვებს. ციტრუსი ტყავისა და ამბრის ნოტებით. კიდევ ერთი, რაც არ გაგაწბილებს – ფასია. ჯონ ვარვათოსის პარფიუმი მაღალი ფასით არ გამოირჩევა ხოლმე. მაგრამ… Artisan Black უფრო იმად გავიხსენე, რომ ამ პოსტისთვის ბევრად ახალი, 2015 წლის ვარვათოსი მეხსენებინა – Dark Rebel. ძალიან კარგი რამაა და თუ სადმე გადააწყდი, ღირს დაყნოსო. და თუ იყიდი კიდეც – წაუგებელი ვარიანტია.

Solo Loewe Platinum. 2012

Loewe Solo Loewe Platinum

ამ პოსტის წერა თავიდან ისე დავიწყე, 2010 წლის და უფრო ძველ პარფიუმს ჩამოვთვლი-მეთქი… მერე აღმოვაჩინე, რომ Solo Loewe Platinum ამ დროის ზღვარში “ვერ ჯდებოდა”… მისთვის გავწიე ზღვრები. ბლოგი ჩემია და ზღვრებიც ჩემი დასადგენია. ჩემია გემოვნებაც და ამ გემოვნებაში Loewe-ს ეს პარფიუმი არის ერთ-ერთი საუკეთესო. რომ დამიმთავრდება, მივდივარ და ვყიდულობ ისევ. ხის ნოტები, ლავანდა და სხვა ყველა ტყავის არომატზე დადებული… ალბათ, პოსტის თავში უნდა მეთქვა, მაგრამ თუ Solo Loewe Platinum არ მოგწონს, ძალიან განსხვავებული გემოვნება გვაქვს და ეს პოსტი აბა სულ ტყუილად წაგიკითხავს. არ გამოგადგება. 🙂

Mont Blanc Individuel. 2003

Mont Blanc Individuel

დაბოლოს, კიდევ ერთი ხელსაყრელი ვარიანტი – მონ ბლანის პარფიუმი. ეს ბრენდი, ზოგადად, გამოირჩევა დაბალანსებული ნოტებით, კლასიკური მიქსით და დაბალი ფასით. ასეთი ბაზისური პარფიუმი არასდროსაა ზედმეტი და ყოველთვის უნდა გქონდეს კაცს ერთი-ორი. Individuel ერთდროულად არომატულიცაა და ხის მშვიდ ნოტებზეც დგას. ციტრუსის, ხილის არომატების მიქსია. ოდნავ ტკბილია, რაც, მაინცდამაინც, არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ როდესაც კანზე ჯდება, ინტენსიობა იკლებს და სასიამოვნო ბალანსი აქვს.

Creative Commons License© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ბარემ პარფიუმის ჩემ ფავორიტ ონლაინ მაღაზიასაც მივლინკავ FragranceNet

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.