სინტრა – დედამიწის მინიატურული სამოთხე

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

პოსტის ავტორია თაკო გვაზავა

სინტრა თუ არ გინახავთ, ჩათვალეთ, პორტუგალიაში არ ყოფილხართ.

თუ გგონიათ, ეს დიდი დიუმას სიტყვებია ან სულაც პაულო კოელიოს მორიგი ფეისბუქზე გასაპაპსავებელი ციტატა, ძალიანაც შემცდარხართ, რადგან მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ, ერთი საშუალო სტატისტიკური თაკოსი, რომელსაც გაუმართლა და დედამიწის ეს მინიატურული სამოთხე იხილა.

სანამ პორტუგალიაში გავფრინდებოდი, ამ ბლოგის სულისჩამდგმელმა, თავმჯდომარემ, ბუღალტერმა, ეიჩარმა, გამნათებელმა და მძღოლმა მითხრა, პორტუგალიიდან ისე არ წამოხვიდე, იქაური ბრუგე-სინტრა არ ნახოო. დავუჯერე და არც ვინანე.

სინამდვილეში სინტრას და ბრუგეს მხოლოდ სამი საერთო ნიშანი აქვთ – ორივე უპატარავესი, ტურისტებით გადავსებული და მისტიკურია. ვიზუალურად კი ერთმანეთს არაფრით ჰგვანან, არც წყობით, არც შენობებით და გზებით, არც ხასიათით.

20190429_185105

20190429_19035720190429_200146

სინტრა ძალიან ახლოსაა ლისაბონთან, სულ რაღაც ნახევარ საათში ჩავედით მანქანით. ქალაქში შევედი თუ არა ემოციების გაორება დამეწყო, გარშემო უამრავი ხალხია და მაინც, თითქოს სინტრა მარტო ჩემია. ეს მოკირწყლული ქუჩები, პატარ-პატარა სარდაფ-მაღაზიები, საოცარი ფიჭვები და მცენარეები, რომლის მსგავსიც არასოდეს არსად მინახავს, ჭრელი კერამიკით მოპირკეთებული, უნაზესი დიზაინის შენობები, მოედანი… საერთოდ ამ ქალაქში თითქოს ყველაფერი მინიატურულია, მულტფილმიდან რეალობაში გადმოტანილი და მე ვიყავი ალისა საოცრებათა ქვეყანაში. გინახავთ ოდესმე ქალაქი, სადაც ერთ-ერთი მთავარი გზა ჩადის ვიწრო ქვის კიბეზე, ლამის ორღობედ გადაიქცევა, შემდეგ უეცრად აღმართზე გაგრძელდება და პირდაპირ მიადგება მძინარე მზეთუნახავის სასახლეს? აი, ხომ გითხარით, ზღაპარში ვიარე, განა გატყუებთ..

20190430_233946

20190430_233833

მთელი ქალაქი ნაკრძალია, ასეთი უცხო და საოცარი გამწვანება, ხეები, მცენარეები იშვიათად მინახავს. მთელ ამ ბაღნარში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ლამაზ-ლამაზ, დახვეწილ სკულპტურებს, მინიატურულ ჩანჩქერს, ანგელოზებიან ქუჩის ონკანს და უუუამრავ ტურისტს.. სხვათა შორის, აქ ლისაბონზე ბევრად იაფად შევიძინე სუვენირები და სხვადასხვა ნივთები, რაც ძალიან გასაკვირი ამბავი იყო ჩემთვის, სინტრაც ხომ ტურისტული ქალაქია..

მთელი სინტრა რელიეფურია, აღმართ-დაღმართი, მოსახვევები, ორღობეები, კიბეები . მოემზადეთ, თუ ჩახვალთ, ყველგან მოგიწევთ სიარული და რაც მთავარია, ეს უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

20190429_202603

20190430_111638

სინტრა ლისაბონზე მაღლაა და შედარებით გრილა, მეტიც, ნესტიანი სიგრილე პირდაპირ ძვალსა და რბილში ატანს. უკვე მოსაღამოვებული იყო რომ გადავწყვიტეთ, გვენახა ყველაზე მთავარი – პენას სასახლე – პორტუგალიელი მონარქების ერთ-ერთი რეზიდენცია, რომლის შენებაც სინტრას მთაზე შუა საუკუნეებში დაიწყო და 19-ე საუკუნეში დასრულდა. პენა იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის აღიარებული და პორტუგალიის 7 მთავარ ღირსებას შორის ერთ-ერთია. პენასთვის იმ დღის ბოლო სტუმრები აღმოვჩნდით. ულამაზესი ნაკრძალის მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ჯერ მანქანით ვიარეთ, შემდეგ კი ციხე-კოშკის ტერიტორიაზე ფეხით კაი გვარიანი აღმართი ავიარეთ და უცბათ… გამოჩნდა ყვითელ-ცისფერი გუმბათოვანი სილამაზე! გახსოვთ ის ზღაპარი, ბოროტი ჯადოქრის მიერ მოტაცებული ულამაზესი და სუპერმოხერხებული პრინცესა ოქროსფერ თმას რომ ჩამოშლიდა კოშკის სახურავიდან და პრინცი ზემოთ აჰყავდა? სწორედ ასეთ ქონგურებიან კოშკურებს შორის დავდიოდი და ჩემს ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი ღრუბლებზე მაღლა. ზემოდან დავყურებდი საღამოს სინტრას ქუნქულა ღრუბლებს და ნისლს, რომელიც მთლიანად ეკვრებოდა ქვემოთა ხილულ სამყაროს და ფაქტიურად სრულად მალავდა. იცით, მეორედ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ, როცა დავკარგე ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის, რამდენიმე წუთით სადღაც უსასრულო, ულამაზეს, მისტიკურ განზომილებაში ვიყავი და ეს იყო ძალიან, ძალიან მაგარი.

20190430_233810

20190430_233933

სიცივის მიუხედავად საკმაოდ დიდ ხანს ვიბოდიალე სასახლის გარშემო, შევიჭყიტე მინიატურულ ქვაბულებში, რომელიც სასახლის გარშემო იყო დატანებული, შევედი ულამაზეს სამლოცველო სენაკში, რომელიც ფერადი მოზაიკით, გოთიკური დეტალებით და მინი-სკულპტურებით იყო გაწყობილი. შევიჭყიტე გარედან ყველგან, სადაც შემეძლო, ხედები მაინც მოვიპარო მეთქი, რა სამწუხაროა, რომ შიგნით კარგად დათვალიერება ვერ მოვასწარი..

20190430_233418

მაგრამ იცით რა, მე ვფიქრობ ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები სინტრაში, დავბრუნდები და ვნახავ ყველაფერს, რაც სანახავი დამრჩა. მე და სინტრას ერთმანეთის მიმართ დაუმთავრებელი ურთიერთობით მოგვრილი ფლუიდები შემოგვრჩა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს და უკან დამაბრუნებს.

Creative Commons License © Tako. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

მაქვს პატივი და ღირსება… თუ დიდება… თუ როგორცაა… წარმოგიდგინოთ თაკოს მეორე გესტ-პოსტი ჩემს ბლოგზე.

ერთი რომ, ბლოგერობაში, თავის დროზე, მე ჩავითრიე, მეორეც –  ერთადერთია ჩემს ნაცნობებს შორის, ვინც სინტრაშია ნამყოფი.
LV

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

One thought on “სინტრა – დედამიწის მინიატურული სამოთხე”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: