ამბოხის თეორია
სასტუმრო, რომელსაც უნდა ესტუმრო,
სანამ ცოცხალი ხარ
ეს არის პოსტი ადამიანის უფლებებზე, კერძო საკუთრებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, ჩინოვნიკების სურვილზე, ყველაფერი დაარეგულირონ და მოსამართლეებზე, რომლებიც ჩაპეკს კითხულობენ და არა “კოლხეთის ცისკარს”.
და – ერთ კარგ სასტუმროზე ჩეხეთში.
ბევრ ლამაზ ქალაქს ამბობენ იქ. მე მხოლოდ პრაღაში ვარ ნამყოფი, მაგრამ თუ ქალაქ ოსტრავაში მოგიწია, კარგ სასტუმროს მიგასწავლი Brioni Boutique Hotel. ის ჩეხეთში (და, ალბათ – ევროპაში) პირველი Вата-Free სასტუმროა (“ვატა” – კირილიცით. სიტყვიდან “ვატნიკი”).
2014 წლის გაზაფხულზე სასტუმროს ოფიციალურ გვერდზე და თვითერის არხზე გამოჩნდა განცხადება: “24 მარტიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს აღარ ვიღებთ. მიზეზი – ყირიმის ანექსია”.
რუსეთის იზოლაცია, ვფიქრობ, აუცილებელია, იმიტომ რომ მისი ადგილი არ არის ევროპაში. სანამ პოლიტიკოსები რამეს იღონებენ, მე ჩემი წილი ნაბიჯი გადავდგი. ეს ამბავი სამოქალაქო ვალად მიმაჩნია. არმია რომ მყავდეს, საგანგებო მდგომარეობას შემოვიღებდი, რაკი არ მყავს, ვაკეთებ, რაც შემიძლია. ვინც ისტორიას ცუდად სწავლობდა, უნდა შევახსენოთ, რა შეიძლება მოხდეს, თუკი გულგრილობას გამოვიჩენთ. რუსები ერთხელ უკვე იდგნენ ჩვენთან და მათი ხელმეორედ ნახვა აღარ მსურს. არც ჩემთვის, არც – ჩემი შვილებისთვის. პუტინი იმას აკეთებს, რასაც ჰიტლერი – სუდეტში.
თუ 1939 წლამდე მეხსიერება ვერ წვდება, 1968 წელი გაიხსენეთ. ან – 2008 წელი საქართველოში. ჩვენს უმოქმედობას რუსეთი სისუსტედ აღიქვამს. მათი ლიდერის მენტალიტეტია ასეთი.
ტომაშ კრჩმარჟი. Brioni Boutique Hotel-ის მფლობელი
რუსებმა იჩივლეს (მომჩივანთა შორის რუსეთუმე არა-რუსებიც იყვნენ – “თრიფედვაიზორმა” კომენტარებიც კი ჩაკეტა) და ჩეხეთის ვაჭრობის ინსპექციამ სასტუმრო 50’000 კრონით დააჯარიმა. სასტუმროს მფლობელმა ტომაშ კრჩმარჟმა (Tomáš Krčmář) დაკისრებული ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა, საიტზე კი გააკეთა დათქმა, რომ ვინც რუსეთის აგრესიას წერილობით გაემიჯნება და ყირიმს უკრაინის ტერიტორიად ცნობს, ოსტრავას Вата-Free სასტუმრო კვლავ უმასპინძლებს.
დავამ ინსტანცია-ინსტანცია ჩეხეთის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლომდე მიაღწია, რომელმაც ჯარიმა კანონიერად ცნო და განჩინების განმარტებით ნაწილში ჩეხი მწერლის, იაროსლავ ჰაშეკის ციტატა დაიმოწმა “შვეიკიდან”: “სტუმარი – სტუმარია, გინდაც თურქი იყოს. ჩვენ, მიკიტნებს პოლიტიკასთან საქმე არ გვაქვს”.
მაგრამ ამბავი ამით არ დამთავრებულა, მიუხედავად იმისა, რომ ოსტრავას რეგიონალურმა სასამართლომ ჯარიმა 10-ჯერ შეამცირა, კრჩმარჟმა მის გადახდაზეც უარი თქვა და ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს დაამთავრა საქმის განხილვა და დაადასტურა ტომაშ კრჩმარჟის კონსტიტუციური უფლება მის კერძო საკუთრებაში უმასპინძლოს მას, ვინც სურს და იმ პირობებით, როგორც სურს.
ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უზენაესელების ჰაშეკისეულ ციტატას კარელ ჩაპეკისეულით უპასუხეს (როგორი წიგნის მოყვარული მოსამართლეები ყოლია ჩეხეთს ). პიესა “თეთრი სიკვდილის” გმირი ექიმი გალენი წამალს არ გასცემს მათზე, ვინც ომის დაწყებას გეგმავს (ჩაპეკი მაშინ ნაცისტებს გულისხმობდა).
გალენი არ მიიჩნევდა, რომ “პაციენტი – პაციენტია” და ცდილობდა პოლიტიკურ მოვლენებზე ზემოქმედებას: წამლის გაცემის პირობად მან ომის შეწყვეტა მოითხოვა. მსგავსად განმცხადებელსაც (იგულისხმება ტომაშ კრჩმარჟი) სურდა მისი დამოკიდებულების გამოხატვა ყირიმის უკანონო აგრესიაზე და, შესაძლებლობის ფარგლებში, ზემოქმედების მოხდენა მათზე, აგრესორი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ვინც მონაწილეობს.
ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლო ტომაშ კრჩმარჟის საქმეზე
და კიდევ ერთი ამონარიდი ამ გადაწყვეტილებიდან, რომელიც კერძო ბიზნესის რაობას განმარტავს და ზღვარს ავლებს სახელმწიფო ადმინისტრაციის უფლებებსა და კერძო საკუთრებას შორის და, რაც უმნიშვნელოვანესია – სახელმწიფო რეგულაციებსა და ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს შორის.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანის ცხოვრება დაფუძნებულია გამორჩეულ სიმპათიებზე, გემოვნებასა და განსხვავებებზე. ეს განსხვავება ბუნების განუყოფელი ნაწილია. მრავალფეროვნების ალტერნატივა არის ერთ თარგზე მოჭრა და უნიფიცირება – ერთსახოვნება, რაც თავად ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. წარმოუდგენელია სამყარო, სადაც ყველას ერთნაირად აცვია, ერთსა და იმავე თეატრალურ წარმოდგენებს ესწრება და ერთსა და იმავე საფეხბურთო კლუბს ქომაგობს. უსმენს ერთ მუსიკას. ხმას აძლევს ერთ პარტიას. მეგობარს კი შემთხვევითი შერჩევით პოულობს. ამიტომ, ეს არის სფეროები, სადაც სახელმწიფო რეგულაცია გამონაკლისი უნდა იყოს და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შემოვიღოთ.
ბიზნესის კეთება მხოლოდ საარსებოდ აუცილებელი სახსრების მიღების წყარო არ არის, არამედ, თვითრეალიზაციის, თვითგამოხატვის სივრცეც. მეწარმე არ არის ვალდებული იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და არ შეიძლება ავუკრძალოთ პოზიციის გამოხატვა ბიზნესის კეთებისას, თუ ეს არა-შეურაცხმყოფელი, კორექტული ფორმით ხდება.
ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლო ტომაშ კრჩმარჟის საქმეზე
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
სოციალურ ქსელებში აღშფოთებულ სტატუსებს თუ მივყვებით, რამდენიმე სხვა შემთხვევაც ყოფილა, როდესაც “ვატნიკებს” განუცხადეს, რომ მათ არ მიესალმებიან: კაფე ესპანეთის ქალაქ აიამონტეში, სასტუმრო პოლონეთის ზაკოპანეში, მაგრამ “ბრიონის” შემთხვევა სხვაა, რაკი მფლობელის გადაწყვეტილება ემოციური კი იყო, მაგრამ გააზრებული – წლების შემდეგაც არ იცვლის პოზიციას და სასამართლო ინსტანციების გავლაც არ დაიზარა.
P.P.S.
იმ ამბავსაც დავწერ, რასაც პირადად შევესწარი: თბილისში, ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში სალაროსთან ვდგავარ, ამ დროს მოდიან რუსი ტურისტები ნავაჭრით, გადმოკვეთეს ხაზი, სადაც შემდეგი კლიენტი უნდა დაელოდოს სალაროს გათავისუფლებას და ოპერატორი ეუბნება ინგლისურად: თუ შეიძლება გადადით და იქ დაელოდეთ. ამათ რუსულად კითხეს რა გვითხარითო? გოგონა მშვიდად, კვლავ ინგლისურად უმეორებს იგივეს. ამ დროს სხვა კლიენტებმა უთხრეს რუსულად – რიგი აქედან არისო და გადავიდნენ ესენიც.
მაღაზიას არ ვიტყვი. დარწმუნებული არ ვარ, რომ მფლობელები მოიწონებენ, მაგრამ კი – ტურისტებს უნდა ველაპარაკოთ ინგლისურად. და რუსული აბრები და წარწერები უნდა მოვაშთოთ, სადაც არის.
P.P.P.S.
პოსტი უკვე დაწერილი მქონდა, როცა თვითერზე ვნახე ეს ფოტო
დავაკოპირებ, რაც დავაკომენტე:
1. თუ საზღვრის გადმოკვეთისას ამ მაისურში იყო – მესაზღვრემ უნდა გააბრუნოს უკან.
2. სასტუმროში არ უნდა შეუშვან ნომერში.
3. ტაქსმა არ უნდა გაუჩეროს
4. კაფეში არ უნდა მოემსახურო
თუარადა – ვიქნებით სულ ასე და ვიტრიალებთ წრეზე.
_______
Czech Hotel Owner Stages One-Man Protest Against Russia
Czech court rules in favor of Ostrava hotel’s boycott of Russian guests
***
Brioni Boutique Hotel – Tripadvisor-ზე და Kayak-ზე
***
თემის ირგვლივ:
დიადი რუსი ჯუჯა
ხალხი თეა თუთბერიძის წინააღმდეგ