საქართველოში ამინდიც ქართველებსა გვგავს (აბა, ვის უნდა გავდეს) – უკიდურესობები გაუგონია მხოლოდ. ზამთრიდან პირდაპირ ზაფხულში გადავყავართ და ზაფხულიდან ისევ – ზამთარში. წელიწადის ეს ორი დრო გვაქვს და გაზაფხული/შემოდგომა გაკრეფილია შუასავით.
ზურიკელა ვარშალომიძის და სოდის მიღების არ იყოს, ზამთრის გარდერობის ზაფხულისათი ჩანაცვლების რამდენიმე ხერხი არსებობს. ზოგს ისეთი მოცულობის საგარდერობე აქვს, რომ ერთ კარს მიკეტავს (ზამთრისას) და მეორეს (ზაფხულისას) გამოაღებს. სხვა ტანსაცმლის შესანახ სათავსოს იყენებს. მე – თავზიპერა პაკეტში ვათავსებ ჯერ და შემდეგ – ტანსაცმლის შესანახ საგანგებო ყუთში. გამორჩეულად მაინც შალის ტანსაცმელს. მტვრისა და ჩრჩილებისგან დასაცავად.
- NB! აქ და შემდგომ ვგულისხმობ 100% ან მეტწილად მატყლისგან მოქსოვილ სვიტერს, პულოვერს, კარდიგანს და სხვ. პალტო და კოსტიუმი ამ პოსტის მიღმაა.
რომელ ხერხსაც არ უნდა მიმართო, რამდენიმე დილემის წინაშე დგება ადამიანი.
1. გავასუფთავო თუ არ გავასუფთავო
(გასუფთავება დავწერე, იმიტომ რომ გარეცხვაც ვიგულისხმე და ქიმწმენდაც).
ჩვეულებრივ, შენახვის წინ ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს, მაგრამ შალი გამორჩეული ქსოვილია, მას უნიკალური ანტი-მიკრობული უნარი აქვს… კი, ასეა ნამდვილად და ნებისმიერი სანდო მწარმოებელი აიღე და დაეკითხე, ყველა ამას გვირჩევს – რაც შეიძლება იშვიათად გარეცხო შალის ტანსაცმელი. მხოლოდ – უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
2. თუ ეს უკიდურესი შემთხვევაა
კარგად ნახე, მართლა უკიდურესია თუ – გეჩვენება. 🙂 ზოგჯერ, საკმარისია ორთქლით გაწმინდო კარგად (ორთქლის გენერატორით ან ძლიერი ორთქლის დარტყმა რომ აქვს, ისეთი უთოთი – უთოს ზედაპირი არ უნდა მიაკარო, ცხადია, მხოლოდ ორთქლით დაამუშავო).
3. შემთხვევა უკიდურესი თუ არ აღმოჩნდა, მაგრამ ტანსაცმელმა ზამთრის განმავლობაში უსიამო არომატების (თამბაქოსი) აკიდება მოასწრო და ორთქლი არ შველის
ახლა რასაც გირჩევ, ეგებ, უცნაური გეჩვენოს, მაგრამ მე არ მომიგონია – უსიამო სუნთან მებრძოლი ეფექტური და იაფი საშუალება ეთილის სპირტია – არაყი.
- აუცილებელი არაა, მაინცდამაინც რომელიმე “გრეი გუსი” მოასხა, იაფი არაყიც წავა.
მიაფრქვევ პულვერიზატორით. სულ ესაა. აორთქლდება და სუნსაც გაიყოლებს.
4. თუ მართლა უკიდურესი შემთხვევა აღმოჩნდა
მაშინ რა ძალაა – უნდა გაასუფთავო. აქ უკვე ქვე-დილემა ჩნდება: რეცხვა თუ ქიმწმენდა. და თუ რეცხვა, მაშინ: ხელით თუ – მანქანაში.
ქიმიური (მშრალი) წმენდა მწარმოებლების მიერ პრიორიტეტულადაა მონიშნული იარლიყზე, მაგრამ აქ აპრიორი გულისხმობენ, რომ ქიმწმენდაში იციან, როგორ გაწმინდონ შალის დელიკატური ქსოვილი, თუ ცოდნა აქვთ, გულით და სიფრთხილით უდგებიან საქმეს და ინდივიდუალურად, იმიტომ რომ ქიმიური რეაგენტები ძლიერია და მატყლი კი – სხვადასხვა (ადრე მთელი “შალოლოგიური” პოსტი დავწერე და აღარ განვმეორდები. ვისაც დააინტერესებს – იქეთ).
თუ იცით ქიმწმენდა, რომელიც გამოცდილი გაქვთ – რა ჯობს (მე არ გამომიცდია). თუ არადა – უნდა გარეცხო.
სად გინახავს ცხვარი, მისი ბეკეკები დასაბანად რომ ქიმწმენდაში დაყავდეს?
Dry cleaning wool garments. GQ
5. ხელი თუ/და მანქანა
პირველი – დამზოგავია, მეორე – უფრო ინტენსიური. თუმცა, შალის რეცხვის რეჟიმი მანქანას თუ აქვს, როგორც წესი, საქმეს კარგად ართმევს თავს.
ხელით გარეცხვა მარტივია – კაცმა რომ თქვას, გარეცხვაც არ არის, გავლებაა – საგანგებოდ შალის ქსოვილისთვის განკუთვნილ სარეცხ საშუალებას გახსნი თბილ (30 C) წყალში და რომელიმე პირობითად მერინოსის პირობითად პულოვერს ჩაალბობ პირშებრუნებით (inside-out). დატოვებ ცოტა ხანს (10 წუთი), გაავლებ კარგად და ესაა სულ (გაშრობაზე – შემდგომ).
- ვენდობი პერვოლს. გამოცდილი მაქვს. სხვა ბრენდიც არის, რომელიც ჩვენთან (მგონი) არ შემოდის, არ გამომიცდია, მაგრამ ძალიან მაღალი რეიტინგი კი აქვს და “ამაზონიდან” გამოწერა შეიძლება.
- კონდიციონერთან დაკავშირებით ერთიანი აზრი ვერ ამოვიკითხე. მომხრეებიც ყავს – მოწინააღმდეგეებიც. ზოგად მინიმალიზმს მრავალი მხარდამჭერი ყავს – სარეცხის ყველა ქიმიური საშუალება ავსებს ქსოვილის ფორებს და ის ნაკლებმსუნთქავი ხდება. კონდიციონერიც – იგივე. მოკლედ, რაც ბევრია ქიმია – მით უარესი, ასე ამბობენ… პირადად მე არ ვიყენებ კონდიციონერს და “ვულმარქიც” ერთობ სკეპტიკურადაა განწყობილი, “ვულმარქს” კი შალის ამბავზე ჭკუა ნამდვილად დაეკითხება.
მანქანით – ნაკლებდამზოგია, მაგრამ – იოლი. 🙂 ოღონდ – შალის ტანსაცმლის მანქანისთვის მომზადებას აქვს მისი წესი. იღებ… რაკი ზემოთ მერინოსის პულოვერი ვთქვი – ეგ იყოს… იღებ მერინოსის პულოვერს და რულეტივით დაახვევ (არ დაკეცავ! სწორედაც რომ უნდა დაახვიო – ამაზეც დავწერე პოსტი ადრე).
ამ გრაგნილს მოათავსებ სპეციალურ სარეცხის ჩანთაში (იყიდება ჩვენთანაც – “მინისოში”, “იუსკში”… და “ამაზონიდანაც” გამოიწერ). ამ ჩანთასაც დაახვევ ისე, რომ პულოვერი რეცხვის დროს არ გაიშალოს და შეკრავ (პლასტმასის სამაგრი თუ გაქვს, ან მარტივად – ძაფით ჯობს დამაგრება ან რბილი ლენტით შეკვრა – ლაითად, ფანატიზმის გარეშე. 🙂 მთავარია – არ გაიშალოს).
ახლა შეგიძლია მანქანაში მოათავსო, აირჩიო შალის რეცხვის რეჟიმი (შესაძლოა, ცალკე შალის – არა, მაგრამ დელიკატური ან ხელით რეცხვის რეჟიმი ჰქონდეს) და გამოიყენო სპეციალური სარეცხი საშუალება.
6. გაშრობა
გარეცხვაზე გაცილებით რთული და ხანგრძლივი პროცესი – ესაა
არავითარი გაწურვა და გაშრობა მანქანაში!! მერინოსის პულოვერის ნაცვლად იატაკის ტილო შეგრჩება (ძვირადღირებული). ეს ორი რეჟიმი მანქანას უნდა გაუთიშო!! არავითარი საკიდზე გაშრობა!! არავითარი მზე და ხვატი!!
მყარ და გლუვ ფართო ზედაპირზე გაშლი დიდ პირსახოცს და მოათავსებ ზედ შალის ტანსაცმელს მაქსიმალურად გაშლილი სახით. სადმე ჩრდილში დადგამ და დაელოდები… ლოდინი კარგა ხანს მოგიწევს, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
- პროცესის დაჩქარებისთვის შეიძლება მოათავსო ორ პირსახოცს შორის, როგორც სენდვიჩი და კვლავ დაგრაგნო რულეტივით. გამოცვალო პირსახოცები და – ხელახლა. და ასე რამდენჯერმე (რამდენი პირსახოციც მოგეძევება 🙂 ). მხოლოდ ამის შემდეგ გაშალო გასაშრობად.
- რას არ მოიგონებენ და თუ სალათის საშრობი (სპინერი) გაქვს, მისი გამოყენებაც შეგიძლია. (სულ არ ვიცოდი რა ჯანდაბა იყო… შალის ამბებიდან გავიგე 🙂 ვინც ჩემსავითაა, სალათის სპინერი ყოფილა ეს).
საწვალებელი ყოფილა? ამიტომ გითხარი – 10-დან 9 შემთხვევაში მატყლის ბუნებრივ თვითგამწმენდ უნარს ენდე-თქო. წვალება მოგიწევს იმ მე-10 შემთხვევაში.
7. ჩრჩილი და ცხვარი
ჩრჩილსა და ცხვარს ცალმხრივი სიყვარული აქვთ – იმას უყვარს, ამას – არა. არაო, ეუბნება ცხვარი, მეკურკურები ტკბილად, მაგრამ ვიცი, მე არ გიყვარვარ, ჩემ მატყლზე გიჭირავს თვალიო.
ცხვარი მართალია. შენი მიზანია ჩრჩილის მატყლისადმი სიყვარული პლატონური დარჩეს.
ბევრგან ნახავ რჩევას, რომ ჩრჩილების დასაფრთხობად შალის ტანსაცმელი უნდა გაკიდო მზეზე… ამბობენ (და, ალბათ, ასეცაა), რომ ჩრჩილს არ უყვარს მზის სხივები და სიცხე… მაგრამ – არც მატყლს უყვარს. საბედნიეროდ, არის ალტერნატივაც – სუსხი.
შალის ტანსაცმელს მოათავსებ თავზიპერა პაკეტში (უბრალოდ ცელოფანის პარკშიც შეიძლება – მაგრამ კარგად უნდა მოუკრა თავი) და – პირდაპირ საყინულეში. ტოვებ 72 საათის განმავლობაში.
0 გრადუსზე ქვემოთ ტემპერატურა კლავს ჩრჩილსაც და მის ნაშიერსაც, მატყლს კი ვერას აკლებს.
- მშრალი გაყინვის საყინულე უსაფრთხოა და იდეალური. დღეს სხვა ტიპის მაცივარი, მგონი, აღარცაა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის აღვნიშნე მაინც. თუ სხვა ტიპის საყინულე გაქვს – ორ-სამ პკეტში მოათავსე, რომ არ დასველდეს.
გაყინვის მეთოდი გარანტირებულად სპობს ყველა ჭუპრს თუ რაც იქნება და შეგიძლია მშვიდად შეინახო შალის ტანსაცმელი მორიგ ზამთრამდე.
რაც ეხება თავზიპერა პაკეტში + ტანსაცმლის ყუთში შენახვას, ეს ჩემეული მეთოდია და უკვე გამოცდილი, თუმცა, მცოდნე ხალხი მოცულობითი პლასტმასის გამჭვირვალე კონტეინერში მოთავსებას გვირჩევს, რომელსაც თავსახური ერგება მჭიდროდ. ჩრჩილებისგან დამცავი რომელიმე საშუალების (არა – ნაფტალინის!!) დამატებაც შეიძლება (მაგალითად – ასეთის). მუყაო-ნაჭრის ყუთები, მე რომ ვიყენებ, ჰერმატული არაა და ჩრჩილი შეაღწევს, თუ მოინდომა. ამიტომ ვახმარ თავზიპერა პაკეტს.
- “ეს სი ჯონსონის” Raid-სერიის ჩრჩილის საწინააღმდეგო პროდუქცია მართლა ეფექტურია. პირველად რომ გამოჩნდა ჩვენთან, მას მერე ვიყენებ გარდერობში ჩამოსაკიდ გელს ლავანდის ან კედრის არომატით შალის პალტოების, ქურთუკებისა და პიჯაკების დასაცავად.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
How to Roll and Store Sweaters
ასევე თემის ირგვლივ:
How-To: სახალისო შალოლოგია
თავზიპერა პაკეტში გაყინვა და Raid-ის ჩრჩილსაწინააღმდეგო სერია ჩემთვის დაგიწერია 🙂
იქნებ, თბილისშიც ვიშოვო ეს უკანასკნელი.
ჰო, სხვათა შორის მერინოსის პულოვერები ჩემს გარდერობში დიდწილად იმ შალოლოგიური პოსტის დამსახურებაა ^^
LikeLike
S.C. Johnson პროდუქცია იყიდება ჩვენთან. სუპერმარკეტებში არის. Raid-ის ფირფიტებია, გელიც და სხვა ვარიანტებიც აქვთ. 4 სეზონი ქვია პაკეტს.
მთელი წელი მაქვს გარდერობში ჩამოკონწიალებული 🙂
LikeLike
შენი how-to პოსტები ყველა ძალიან სასარგებლოა!
ჩავინიშნე რაღაცეები 🙂
LikeLiked by 2 people
შენ მიღცევ, რომ ჩემი ლამაზი კარდიგანი მანქანაში ჩავაგდო და ქიმწმენდას არ ვამდო??
LikeLike
მხოლოდ რა ოფციებია, მაგას ჩამოვთვლი – არჩევანი შენზეა.
კარდიგანის ამბავში, ალბათ ხელით ჯობია მაინც. შენ როგორი კარდიგანი გაქვს არ ვიცი, მაგრამ პულოვერზე მძიმე და დიდი იქნება, სავარაუდოდ და მაგის დარულონება და სარეცხ ბადეში ჩადება არ იქნება იოლი. პლუსი ღილები, ზიპერი და სხვა ელლემენტები…
თუ ძალიან დელიკატურია – მაგალითად ქაშმირი – ეგეც ხელით ჯობია.
LikeLike