ტაძარს, რომელიც კინაღამ განადგურდა, ადრეც არაერთი ცუდი ამბავი გადახდენია თავს.
ბევრი რამ არ ვიცოდი.
მე-17 საუკუნეში, რევოლუციის დროს ქვები დაუშინეს და ვიტრაჟების დიდი წილი ჩაამსხვრიეს. ვარდი გადარჩა. ვერ მიწვდნენ, ალბათ. ან ძალიან ლამაზი რომ იყო, ვერ გაიმეტეს. აკი, ცეცხლმაც ვერ გაიმეტა.
იაკობინელებმა დანგრევა დაუპირეს. გადაიფიქრეს და ცოდნის სასახლედ გადააკეთეს. ზარები გადაადნეს, ერთადერთი, დიდი ზარი გადაურჩათ. მეფეებისა და წმინდანების ქანდაკებებს კი, ტაძრის კედლებს რომ ამშვენებს, ჩამოუარეს და თავები დააჭრეს. მხოლოდ წმინდა დენის ვერაფერი უქნეს, იმად, რომ თავი მოჭრილი ჰქონდა მათ გარეშეც. 🙂
პარიზის ეპისკოპოსს ჩვენთან ბერძნულ ყაიდაზე დიონისიუსად მოიხსენიებენ, მაგრამ ფრანგები დენის უძახიან. მის სახელზეა აგებული სენ-დენის ტაძარი.
დანგრევით – არა, მაგრამ სახე კი ბევრჯერ უცვალეს. მანამდეც და შემდეგაც. ხან რესტავრაცია ერქვა ამ ამბავს, ხან – რეკონსტრუქცია, ხან რა და ხანკიდევ – რა. ყველა ეპოქა ცდილობდა პარიზის ულამაზესი თუარა ყველაზე ცნობილი ტაძარი საკუთარ თარგსა და გემოვნებაზე მოეჭრა.
მე-16 საუკუნეში ჰუგენოტები შეესივნენ, მათი რწმენით, რახან მოკაზმულობა და ზიზილ-პიპილოები სძაგს უფალსა, ტაძრებიც სადა უნდა ყოფილიყო და ნოტრ-დამი ვისაც უნახავს, კი ხვდება, დასამტვრევს იქ ბევრს ნახავდნენ. არც წმინდანთა ქანდაკებები დაინდეს, არც – საკურთხეველი (რაც კალვინისტურ ეკლესიებში არ არის).
მე-17 საუკუნეში ლუი XIV-ის კარის ხუროთმოძღვრებმა ტაძარში სარეკონსტრუქციო-სარესტავრაციო სამუშაოები გააჩაღეს. მზე-მეფეს გემოვნება არ დაეწუნებოდა, საუკეთესო არქიტექტორები და მხატვრებიც ჰყავდა შემოკრებილი, მაგრამ ამ რეკონსტრუქციით ტაძრის ავთენტურობას დიდი ზიანი მიადგაო – ასე ამბობენ. მთავარმა სამეფო არქიტექტორმა, რობერ დე კოტმა (Robert de Cotte) დარბაზში შესასვლელი კარი გააფართოვა და იმდროინდელი ბაროკოს სტილის საკურთხეველი ააგო.
მომდევნო საუკუნე ტაძრისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. ვიტრაჟებზე, ზარებზე და თავდაჭრილ ქანდაკებებზე ზემოთ დავწერე, კიდევ წმინდა ქრისტეფორეს ქანდაკება დაანგრიეს. ვანდალებსა და რევოლუციონერებს ქარიშხალიც შეეშველა – შპილი წააქცია (ცეცხლმა რომ იმსხვერპლა ახლა, ის შპილი მე-19 საუკუნის იყო. ამაზე – ქვემოთ).
ნოტრ-დამი აირჩია იმპერატორად კურთხევის ადგილად ნაპოლეონ ბონაპარტმა 1804 წელს. ჯვარიც იქ დაიწერა 1810-ში. ამ ამბის გამო იყო თუ სხვა რამ მოხდა, მაგრამ უზურპატორის საყვარელი ტაძარი ბურბონებმა აითვალწუნეს და რესტავრაციის შემდეგ (ბურბონების რესტავრაციის, არა – ტაძრის) ნოტრ-დამი კარგა ხანს უყურადღებოდ იყო მიგდებული. უპატრონო ეკლესიას კი ეშმაკები არ ვიცი და დრო კი არ ინდობს…
ვერ გადარჩებოდა, რომ არა ჰიუგო. ბევრმა არ იცის, ალბათ და არც მე ვიცოდი, რომ წიგნის მიზანი ნოტრ-დამის გადარჩენა(ც) ყოფილა. ჰიუგო გოთიკას ფრანგული არქიტექტურის მწვერვალად მიიჩნევდა, ნოტრ-დამს კი გოთიკის შედევრად. თითქოს წიგნმა აუხილა თვალიო და ფრანგებმა მხოლოდ ახლა შამჩნიეს, რომ ნოტრ-დამს დანგრევამდე ბევრი აღარაფერი აკლდა. 1844 წელს ლუი-ფილიპემ სარესტავრაციო სამუშაოებისთვის ხაზინიდან თანხა გამოყო და ეს საქმე ოჟენ ვიოლე-ლე-დუკსა (Eugène Viollet-le-Duc) და ჟან-ბაპტისტ ლასუსს (Jean-Baptiste Lassus) ჩააბარა. მათ აღადგინეს დაზიანებული ნაწილები, ვიტრაჟები, ქანდაკებები, გაამაგრეს კედლები. თავიდან დაამშვენეს ტაძარი შპილით, შპილი კი – წმინდა თომას ქანდაკებით, რომელიც ვიოლე-ლე-დუკის ავტოპორტრეტია. 🙂
წმინდა თომა კიარა, დიდწილად ვიოლე-ლე-დუკის პორტრეტია თავად ნოტრ-დამი, დღეს რომ ვიცით. არქიტექტორმა ბევრი გადააკეთა ისე, როგორც მისი შეხედულებით უნდა ყოფილიყო. მაგალითად, ლუი XIV-ის პერიოდის რობერ დე კოტისეული საკურთხეველი მთლიანად გამოცვალა. მისი ნაქანდაკევია ცნობილი გარგულიებიც – ძველებიდან ყველა ჩამოშლილი და განადგურებული დახვდა. მისეულია ვიტრაჟებიც, ყველაზე ცენტრალური – ვარდის გარდა. მანვე შემოასკუპა შპილზე მამალი, რომელიც კი ჩამოვარდა აპრილის ხანძრის დროს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ახლანდელი ნოტრ-დამი შუა საუკუნეების ტაძარი კიარა, XIX საუკუნის შეხედულებაა შუა საუკუნეებზე. თუმცა, სხვები იმასაც ამბობენ, რომ ოჟენ ვიოლე-ლე-დუკს იმდენად შესისხლხორცებული ჰქონდა გოთიკა, რომ მის მიერ შეტანილი “შესწორებები” უცხო სხეულად არ გამოიყურება.
გოთიკა საფრანგეთში დაიბადა და რენესანსის ეპოქამდე ფრანგულ სტილად იწოდებოდა, ახალი ტერმინი კი იტალიელებმა გამოჩხრიკეს. როგორც კნინობითი: გოთიკური = გოთური = ბარბაროსული. ფრანგებმაც რომ აიტაცეს, უცნაური ეგაა. შინაური მღვდლის ამბავში. აღორძინების ხანის ხელოვანნი თავს ანტიკური ეპოქის, ბერძნულ-რომაული კლასიციზმის მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ და გვიანდელი რომანული არქიტექტურის. იქეთ გადეს ხიდი და რაც შუაში მოექცა, არად დაგიდევდნენ. არც მოსასპობად ენანებოდათ.
ჰიუგოს დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ნოტრ-დამის გადარჩენისთვის – მადლობა. ახლა უფრო დავაფასე. 🙂
ტაძრის აღდგენის საქმეს ვიოლე-ლე-დუკმა და ლასუსმა 25 წელი მოანდომეს. დამთავრებული არ ჰქონდათ, რომ იაკობინელების მემკვიდრე კომუნარებმა ტაძრის დაწვა სცადეს. 1871 წელს. საბედნიეროდ, პოლიციამ და გამვლელებმა ამის საშუალება არ მისცეს და ცეცხლი მალევე ჩააქრეს.
ნოტრ-დამში აღნიშნეს საფრანგეთის გათავისუფლება და ჩაატარეს მესა 1944 წლის აგვისტოში.
1963 წელს ტაძრის ფასადი საუკუნეთა ჭუჭყისა და მტვრისგან გაწმინდეს და ახლანდელი მოყვითალო ფერიც მას შემდეგ დაკრავს.
ბოლო დიდი რესტავრაცია 1991-99 წლებში ჩაუტარდა. ამ დროს აღადგინეს რამდენიმე დაზიანებული გარგულია, გაამაგრეს კედლები, გამოფიტული ქვები.
2013 წელს შეცვალეს ოთხი დაზიანებული ზარი და გაამაგრეს შპილი.
გასული წლის ბოლოს კვლავ დაიწყეს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც 4 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, რომ ეცლიათ…
ზიანი, რაც ტაძარს ხანძრის დროს მიადგა, არასდროს მიდგომია. ვანდალებიც, რევოლუციონერებიც და დროცა და ჟამიც ერთად ყველა არ ყოფილა ნოტრ-დამის მშენებლების ისეთი გამომცდელი, როგორც ეს ბოლო ხანძარი და ხანძრის ჩასაქრობად მიშვებული წყლის ჭავლი იყო.
ტაძრის შენებისას დარღვეული რომ ყოფილიყო ბალანსი ინდივიდუალურ სტრუქტურულ ელემენტების შორის, ისეთი, ჩვეულებრივ სიტუაციაში რომ არ ჩანს, კრიტიკულ სიტუაციას კი ვერ უძლებს, ვნახავდით, როგორ ჩამოიშლებოდა თაღები, მაგრამ ისინი პრაქტიკულად არც დაძრულა. სულ რამდენიმე, ორ თუ სამ ღიობს ვხედავთ, მაგრამ ტაძრის კამარამ გაუძლო.
გოთიკური არქიტექტურის ხუროთმოძღვრებმა დაბადეს გენიალური იდეა, რომელიც კაცობრიობამ ხელმეორედ აღმოაჩინა მხოლოდ მე-19 საუკუნეში. კერძოდ ის, რომ საჭირო არაა სიმძიმის გადანაწილება მთელ სივრცეზე, უამრავ სვეტზე – საკმარისია შეკრიბო, შეკრა, როგორც კონა, და გადააბა ეს კვანძები ერთმანეთს. მაშინ ერთმანეთს დაიჭერენ და შთანთქავენ დატვირთვას. მაგრამ ეს რომ მოახერხო, ძალიან ზუსტად უნდა გათვალო. აუცილებელია, რომ დაწოლის ძალა ყველა კვანძისთვის თანაბარი იყოს.
გოთიკური შენობის არქიტექტორებმა კამარის ზუსტად გათვლა არ იცოდნენ. ეგკიარა, ბოლომდე არც ჩვენ ვიცით დღეს – შეგვიძლია ამ კვანძების ხარისხობრივი შეფასება, მაგრამ არა ზუსტი. ახლა ვიყენებთ პოლარიზებულ ფირებს და სხვა მეთოდიკას, რაც წარსულის არქიტექტორებს არ ჰქონდათ, მაგრამ ნოტრ-დამის მშენებლებს აღმოაჩნდათ გასაოცარი ალღო და კონსტრუქციის ზუსტი გრძნობა, შედეგად, შენობა დაბალანსებული აღმოჩნდა და სტრუქტურამ გაძლო. ეს გამაოგნებელია!
ნოტრ-დამი არ არის ყველაზე სრულყოფილი გოთიკური ტაძარი, იმიტომ რომ ადრეული პერიოდისაა, მაგრამ აქ თავმოყრილია იდეები, რამაც შექმნა გოთიკა. გოთიკა კი ეპოქაა, რომელმაც ჩვენი ცივილიზაცია შვა. ხშირად არ ესმით ეს. კოსმოსური ფრენები, გენეტიკა, კომპიუტერები – ჩვენი დღევანდელი მიღწევები იმ კარდინალური გარღვევის დამსახურებაა, რაც კაცობრიობამ გოთიკურ ეპოქაში მოახერხა.
მეორე ამბავია, რამდენად პროფესიონალურად იმუშავეს მეხანძრეებმა. გასულ წელს მათ სწავლება ჰქონდათ, სწორედ ნოტრ-დამზე. ჩანს, სპეციალისტების მომზადებას უკვალოდ არ ჩაუვლია.
არქიტექტორ-რესტავრატორი სერგეი შარონ-დელონე
Currenttime.tv
ნოტრ-დამს საუკუნის განმავლობაში, 1160-1260 წლებში აშენებდნენ. მშენებლობის ინიციატორი პარიზის ეპისკოპოსი მორის დე სიული (Maurice de Sully) იყო. მან შეკრიბა მშენებლები, გამორჩეულად ვიტრაჟების მცოდნეებს ეძებდა – ღმერთი სინათლეა, აქედან გაჩნდა დიდი და ფართო სარკმელების იდეაც. ხუროთმოძღვრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ყველამ დაატყო კვალი, ბევრის სახელი, სამწუხაროდ, უცნობია. ტაძრის დასრულება კი ბედმა ჟან დე შელს (Jean de Chelles) არგუნა, თუმცა მუშაობა 1260 წლის შემდეგაც გრძელდებოდა. მე-13-ის ბოლოს და მე-14 საუკუნის დასაწყისში სხვადასხვა ელემენტები დაუმატეს, რასაც არქიტექტორი პიერ დე შელი (Pierre de Chelles) ხელმძღვანელობდა. მისეულია, კერძოდ, ე.წ. მფრინავი კონტრფორსები (კედლის კუთხოვანი საყრდენი “ფრთები”) – ეს კრიტიკული ელემენტია გოთიკური ტაძრების მდგრადობისთვის, რამაც, როგორც ვნახეთ, იმუშავა.
1302 წელს ფილიპე IV-ემ ნოტრ-დამში მოიწვია გენერალური შტატები. 1340 წლიდან ვიდრე ლუი XIV-ის ეპოქამდე ტაძარს მნიშვნელოვანი სახეცვლილება არ განუცდია. გვიანდელ რესტავრაცია-რეკონსტრუქციებზე ზემოთ ვწერდი. ვინ რა დააკლო და ვინ რა შემატა – მაგაზეც.
რამდენი ხანი დაჭირდება ნოტრ-დამის დანგრეული ნაწილის აღდგენას და დაზიანებული ნაწილების რესტავრაციას, ჯერ ვერ ამბობენ. საუბრობენ 5-დან 15 წლამდე. ბევრი რამ სპეციალისტების მიერ დეტალურად შესწავლის შემდეგ დაზუსტდება.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
დღეს უნდა ყოფილიყო პოსტი, როგორ გადავიდეთ ზაფხულის გარდერობზე და ზამთრის შალის ტანსაცმელი შევინახოთ ზამთრამდე ისე, რომ არ დაზიანდეს და არც ჩრჩილმა შეჭამოს, არც – ფაროსანამ, მაგრამ ამ დღეებში იმდენი რამ ვნახე და წავიკითხე ნოტრ-დამზე, რომ დასაკარგად დამენანა. ჩემთვისაც უცნობი იყო ბევრი რამ და ასე შემენახება. 🙂
ეგეცარიყოსდა, ზამთარი მოგვიბრუნდა ისევ და არ მგონია კიდევ სხვაც იყოს ამ ქალაქში ჩემნაირი დაქანებული, ლამის ერთი თვის წინ 🙂 რომ მოასწრო (იჩქარა) და დააპაკეტა უკვე (გამორჩეულად) თბილი სამოსი.
ნამდვილად “დასანანია” დასაკარგად. სიამოვნებით ჩავიკითხე.
ზაფხულის გარდერობზე გადასვლის თაობაზე პოსტს მაინც ველოდები – ჯერაც არ არის გვიანი, ამ ამინდების შემხედვარე ^_^
LikeLiked by 1 person
ჰიუგოს მიზნად ნოტრ-დამის გადარჩენა რომ ქონდა მეც ამ დღეებში წავიკითხე.
ძალიან ინფორმატიული პოსტია!
ნოტრ-დამს რთული ბედი ჰქონია. ახლა ეს ხანძარიც რომ დაემატა. მძიმე საყურებელი იყო ძალიან. 😦
LikeLike
გუშინ თქვეს რესტავრატორებმა, რომ იმ სიმაღლის ხეები, რაც სახურავს ჭირდება ფიზიკურად აღარ არის საფრანგეთშიო.
როგორც ეწერა, 100-წლის მუხებს ეძებენ.
LikeLike
ნახავენ გამოსავალს. სახურავის ბოძებზეა ლაპარაკი, მაგრამ ჩაანაცვლებენ რამით.
ბევრჯერ არის ისედაც გადაკეთებული და გადმოკეთებული და ალბათ ასეა მსოფლიოში ყველა ძველი შენობა. 100% ავთენტურობის დაცვა შეუძლებელიცაა.
მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული რუანის ტაძარიც ეგრე აღადგინეს. იმ დროის ტექნოლოგია და მასალები დაიხმარეს სადაც სხვა გზა არ იყო.
და პირველი მსოფლიო ომის დროს დამწვარი რეიმსის ტაძარიც.
LikeLike
რამდენჯერ სცადეს დაწვა და ბოლოს მაინც დაიწვა რა საშინელებაა
ამდენი მართლა არ ვიცოდი მადლობა ავტორს!
LikeLike