კატებისა და ლოკოკინებისთვის მოყოლილი ამბები

ქალმა, რომელიც (მისივე თქმით) მიზანთროპი და კაცთმოძულე იყო და ადამიანებზე ბევრად კატები უყვარდა, იდეალური მკვლელობა მოიფიქრა. განხორციელებით არ განუხორციელებია, მაგიერ – წიგნად შეკრა. ერთი წელიც არ გასულა, სხვა მიზანთროპმა ფილმად გადაიღო.

უცხო თანამგზავრები” (“უცნობები მატარებელში” – Strangers on a Train) ამ ნაწარმოებზე ვამბობ. ფათრიშა ჰაისმითის (Patricia Highsmith) სადებიუტო რომანია და ალფრედ ჰიჩქოქისეული ეკრანიზაცია. შედევრია ორთავ. ჰაისმითს მისთერ რიფლით უფრო ცნობენ, მაგრამ ჩემი გემოვნებით მაინც “უცხო თანამგზავრები” სჯობს.

მეეჭვება, იყოს ვინმე, ამ პოსტს კითხულობდეს და ან წიგნი, ან ფილმი არ იცოდეს, ამიტომ

Patricia-Highsmith

დაგასფოილერებთ!

ერთ კაცს საყვარელ ქალზე დაქორწინება სურს, მაგრამ უკვე ყავს ცოლი, ის კი განქორწინებას არ თანხმდება, მეორეს მდიდარი მამა ყავს და მემკვიდრეობაზე ოცნებობს.

ერთმანეთისთვის მოვკლავთ. მე შენ ცოლს, შენ კი – მამაჩემს. შემთხვევით შევხვდით მატარებელში. არც კი ვიცნობთ ერთმანეთს. იდეალური ალიბი გვექნება, ხომ ხვდები?
ფათრიშა ჰაისმითი. “უცხო თანამგზავრები”

დამეთანხმე, ეს ხომ ასე მარტივია – ორი ადამიანი შეხვდა ბედის განგებით. როგორც მე და შენ. თითოეულს საძულველი ადამიანი ყავს, ვისი მოშორებაც სურს, მაგრამ უძლურია – დაიჭერენ. ამიტომ – მკვლელობებს გაცვლიან.
ალფრედ ჰიჩქოქი. “უცხო თანამგზავრები”

იდეალური მკვლელობა.

დღეს მსგავსი ფაბულა ბევრ დეტექტურ ნაწარმოებშია, მაგრამ ჰაისმითამდე არ შემხვედრია. ჰიჩქოქს ალღო არასდროს ღალატობდა, თუმცა წიგნის კინოსცენარის ენაზე გადასატანად კი იწვალა. რამდენიმე სცენარისტი გამოცვალა. ჰაისმითის რომანში ჭარბადაა ქვეცნობიერი და გმირებს (თუ ანტი-გმირებს) შორის დამოკიდებულება – ესენი ჰიჩქოქსაც უყვარს, მაგრამ ამჯერად ბევრი გამოხშირა. უფრო დინამიური რომ გამოსვლოდა ფილმი.

ფათრიშა ჰაისმითი ერთი ანჩხლი, მძიმე ხასიათის ჭირვეული ადამიანი იყო, მაგრამ ჰიჩქოქისეული ადაპტაცია მოიწონა…

თავიდან…

რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტ წუნს პოულობდა. ასეთი იყო ჰაისმითი. გული და განწყობა ხშირად ეცვლებოდა და ვერვის ჰგუობდა დიდხანს. მხოლოდ – კატებს და ლოკოკინებს. კატები და ლოკოკინები მის წიგნებშიც მონაწილეობენ. 🙂

Patricia Highsmith

სახლი, სადაც დაიბადა და ბავშვობა გაატარა “პატარა ჯოჯოხეთად” მონათლა. მოთხრობა აქვს ასეთი “კუ” – ბიჭზე, რომელიც დედას კლავს. უთქვამს, საკუთარი სურვილებით და მოგონებებით გავაჯერეო.

ტიპური მიზანთროპი იყო. უთვალავი გატაცება ჰქონდა (უჩვეულოდ ეშხიანი ქალია), სიყვარულს რომ ვერც დაარქმევ ისეთი – რამდენიმე კვირიდან ერთ წლამდე. ბისექსუალი იყო (თუმცა საკუთარ თავს ლესბოსელს უწოდებდა), მაგრამ ქალებს საწოლს მიღმა ვერ ეწყობოდა. რამდენიმემ გასაღები მაინც მოარგო: რეჟისორთან და სცენარისტთან ფილის ნაგისთან სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა. ისევე როგორც – მწერალ სოლ ბელოუსთან… თუმცა, ამ ორს უკვე საკმაოდ ასაკშეპარული დაუმეგობრდა. ამბობენ, სიბერეში ხასიათი უფუჭდებაო ადამიანს – ჰაისმითი არვის გავდა ახალგაზრდობაში და, ჩანს, სიბერეშიც არვის გავდა. 🙂 პირიქით დაემართა.

ბევრს მოგზაურობდა. აქტიური პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა მუდამ. მიზანთროპი ვეძახე და “ემნესთი ინთერნეიშენალის” წევრი კი იყო. უცნაური ადამიანი იყო, მოკლედ – სუსხიანი, მაგრამ მიმზიდველი.

წიგნებიც ასეთი აქვს. მისი ნაწარმოებების გმირებს არ აკლიათ შარმი, მაგრამ იმავდროულად სადისტი ფსიქოპათები არიან დიდწილად. და – მეტწილად.

ჰიჩქოქმა ეკრანიზაციაზე იწვალა-მეთქი, მაგრამ ჰაისმითს ძალიან სინემატოგრაფიული რომანები აქვს. რეჟისორებს ძალიან უყვართ.

ასე ტკბილი ავადობა” (This Sweet Sickness) კლოდ მილერმა გადაიღო. ფილმს “უთხარით, რომ მიყვარს” (Dites-lui que je l’aime) ქვია. ჟერად დეპარდიე და მიუ-მიუ თამაშობენ და რამდენიმე “სეზარზე” იყო წარდგენილი.

ბუს კივილი” (The Cry of the Owl) კლოდ შაბროლმა მოარგო ეკრანს. ფილმსაც ასე ქვია (Le cri du hibou).

ღრმა წყლები” (Deep Water) – ამავე სათაურის (Eaux profondes) მიშელ დევილისეული ეკრანიზაციაა ჟან-ლუი ტრენტინიანითა და იზაბელ იუპერით.

ორსახა იანვარი” (The Two Faces of January) ხუსაინ ამინიმ გადაიღო. მთავარ როლებს ვიგო მორტენსენი და ქირსთენ დანსთი ასრულებენ.

აცა-ბაცა შემცდარი ” (The Blunderer) – ამ რომანის ორი ეკრანიზაციაა: კლოდ ოტან-ლარას “მკვლელი” (Le meurtrier) მორის რონეთი და გერტ ფრობეთი და ენდი გოდარდის “რაღაც მკვლელობის მსგავსი” (A Kind of Murder) ჯესიქა ბილით.

“რიფლიადა” (რიფლის ხუთწიგნეული) ბევრჯერაა ფილმებად გაშლილი. ყველაზე ცნობილი დღეს, ალბათ, ენთონი მინგელას “ნიჭიერი მისტერ რიფლია” (The Talented Mr. Ripley) მეთ დეიმონით, თუმცა, ძალიან კარგია რენე კლემანის “კაშკაშა მზე” (Plein Soleil) ალენ დელონითა და მარი ლაფორეთი მთავარ როლებში.

აქვეა ვიმ ვენდერსის “ამერიკელი მეგობარი” (Der amerikanische Freund) დენის ჰოფერითა და ბრუნო განცით, ლილიანა კავანის “რიფლის თამაში” (Ripley’s Game) ჯონ მალქოვიჩით. როჯერ სფოთისვუდის “რიფლი მიწისქვეშ” (Ripley Under Ground) უილიამ დეფოუთი და ალან ქამინგით.

თუ არათრილერ-არანუარ-არადეტექტივ ჰაისმითის გაცნობა გსურთ – რომანი “მარილის ფასი” (The Price of Salt), რომლის ადაპტაცია თოდ ჰაინსისეული “ქეროლი” (Carol) ოსკარზე რამდენიმეგზის ნომინირებული ეკრანიზაციაა და ქეით ბლანშეთია მთავარ როლში. სცენარი, ზემოთ რომ ვახსენე უკვე, იმ ფილის ნაგის ეკუთვნის.

სხვათა შორის, საბავშვო წიგნებსაც თხზავდა და კომიქსებსაც – მარტო ნუარი და თრილერები არ დაგვიტოვა.

დაბოლოს თუ დაპირველ – “უცხო თანამგზავრები” (Strangers on a Train), რომელზეც ბევრი დავწერე უკვე.

კიდევ რამდენიმე სხვა ფილმიცაა – მაგრამ ჩემთვის გასაგებ ენაზე რაც ვერ ვნახე ონლაინში, არ მიხსენებია. არც – ტელეადაპტაციები.

ფილმები კარგია, მაგრამ წიგნები სჯობს. 🙂

ფათრიშა ჰაისმითი 1991 წელს ნობელის პრემიის შორთლისთშიც იყო, მაგრამ – არ აღირსეს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

The crime writer’s dark world is stranger than (literary) fiction

ფათრიშა ჰაისმითი e-reading-ზე (მტრის ენაზე)

უცნობები მატარებელში (ჰიჩქოქისეული ეკრანიზაცია)

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

4 thoughts on “კატებისა და ლოკოკინებისთვის მოყოლილი ამბები”

  1. ჰაისმითს უფრო რიფლიანით იცნობენ და ჰიჩქოქს – ფსიქოთი, ფრინველებით ან თოკით…
    მაგრამ უცნობებიც მაგარია ძაან 🙂

    Liked by 2 people

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: