Maison Ladurée – მაკარონისა და ჩაის სახლი

Laduree macaronsურბანული ლეგენდა ამბობს, როდესაც დიუმამ მისი “დიდი კულინარიული ლექსიკონი” დაასრულა, ასე თქვა – ამაზე კარგი არაფერი დამიწერიაო.

არა მგონია. დიუმამ საკუთარი გენიის ფასი მშვენივრად იცოდა… “საუკეთესოს” არ იტყოდა, მაგრამ “გემრიელიო” – ეს კი შეეძლო, ეთქვა.

ლუი ერნესტ ლადუღეც (Louis-Ernest Ladurée) მისი დროის ცნობილი მწერალი იყო (პიესებს დიდი წარმატებით დგამდნენ კიდეც) – 20’000-ზე მეტი ლიტერატურული ნაწარმოები დაგვიტოვა, მაგრამ საუკეთესო, რაც დაუწერია, კულინარიული რეცეპტებია. და ეს ამბავი ურბანული ლეგენდა არ არის.

ლადუღეები მეწისქვილეები იყვნენ. როდესაც თავთავს ყველა ავან-ჩავანი გაუგეს, გადაწყვიტეს, ცხობა ეცადათ – ლუი-ერნესტ ლადუღემ Rue Royale-ზე (პარიზის მე-8 უბანში, მადლენის ეკლესიის მახლობლად) საფუნთუშე და კაფე გახსნა. მე-8 უბანი პარიზის ყველაზე პოპულარული უბანია დღეს და ასე იყო მაშინაც – 1862 წელს. დღეს იქ ტურისტი მეტია ადგილობრივზე, იმ დროს კი პარიზული ბომონდისა და ახალი (და ძველი) არისტოკრატიის საყვარელი სასეირნო ადგილი იყო. მეზობლად ოპერის მშენებლობაც წამოიწყეს (ლადუღეებმა – არა, ნაპოლეონ მესამემ და ბარონმა ჟორჟ-ოჟენ ოსმანმა) რამაც იქაურობას, დღეს როგორც ვიტყოდით, კულტურული ბუსტიც მისცა. მოკლედ, ისეთი სამეზობლო იყო, ცხვირწინ ბუზს ვერ აიფრენდი.

ლადუღემ “ლადუღეს” მოხატვა ჟიულ შერეს დაუკვეთა, იმად რომ ეს ადგილი მართლაც განსაკუთრებული ყოფილიყო.

  • ჟიულ შერე – ფრანგი მხატვარი, დეკორატორი და ლითოგრაფისტია. თანამედროვე პოსტერის სათავეებთან დგას. გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს. სხვათა გვერდით, ჟიულ შერეს ახსენებდა საკუთარ მასწავლებელთა შორის ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი.

შენობა შეარჩიეს, მოხატეს… ბოლო აკორდი ლუი ერნესტ ლადუღეს მეუღლეს, ჟან სუშაღს (Jeanne Souchard) ეკუთვნოდა – მისი რჩევით “ლადუღეს” ჩაის სალონი უწოდეს და არა კაფე… ასეა დღემდე.

  • დღეს ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ იმხანად კაფე მამაკაცების სამფლობელო იყო – განიხილავდნენ პოლიტიკას, ძველი და მოახლოებული ომის ამბებს, სკაბრეზულ ანეკდოტებსაც ყვებოდნენ, უთუოდ… ამ თავყრილობებს ქალები იშვიათად და მხოლოდ მეუღლეთა თანხლებით თუ ესწრებოდნენ… ჩაის სალონში მეტი თავისუფლება ჰქონდათ, აქ ქალებს შეეძლოთ მამაკაცთა გარეშე მისვლა და ჭორ-მართალის მიმოხილვა. და იარლიყსაც არვინ მიაწებებდა. არ ვიცი, პოლიტიკაზე საუბრობდნენ თუ არა, მაგრამ ანეკდოტებს არც აქ მოცდებოდნენ.

Pierre Desfontainesმაკარონების სამფლობელოდ კი “ლადუღე” მოგვიანებით, ლუი ერნესტის ბიძაშვილის შვილის, პიერ დესფონტენის (Pierre Desfontaines) დროიდან იქცა, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში ნუშის ორი ნამცხვარი აიღო და განაშის კრემით შეაწება.

  • მაკარონი (Macaroon) – (ისე, სადაც ლადუეა, მაშინ – მაკაონია) ნუშის ნუგბარია. საფრანგეთში გადედოფლებულ კატრინ დე მედიჩის (ან მედისის, როგორც ფრანგები უძახიან) მერინგის მაკარონი ჩაყვა იტალიიდან მე-16 საუკუნეში, მაგრამ, როგორც ეს ფრანგული სამზარეულოს წესია – სწორედ საფრანგეთში იქცა იმად, დღეს რომ ვიცით. ფრანგული კულინარიული მაგია ამაზე დგას – აიღო ყველაფერი კარგი, გადააფრანგულო და გახადო კიდევ უფრო გემრიელი. Smile 

ამბობენ, რომ პარიზელები დღეში 15’000 “ლადუღეს” მაკარონს მიირთმევენ.

მაკარონი, რომელსაც “ლადუღეში” შეიძენ და მიირთმევ, იმის მიუხედავად სადაურია ეს “ლადუღე” – პარიზული, ლონდონული, ტოკიური, ნიუ იორქული თუ უკვე თბილისურიც… ყველა მაკარონი პარიზშია გამომცხვარი და მთავარი ლადუღეთიდან იგზავნება ყველა სხვა “ლადუღეში” – ასეთია ოლდერების კანონი.

Ladurée Georgia macarons

“ლადუღე” – მაკარონების და ჩაის სახლია. მაგრამ თუ, ჩემი არ იყოს, ჩაი დიდად არ გიყვარს და მაკარონს კრემიან ნამცხვრებს ამჯობინებ, აქ ბევრი სხვა საკბილო და კოკლოზინი გელოდება. ყავაც კარგია, ცხელი შოკოლადიც და ნამცხვრები – ერთიმეორეზე უკეთესი. ჩემს პირად რეიტინგში “ლადუღე” ერთია პარიზის ხუთ საუკეთესო სადესერტოს შორის. თბილისში კი (ეგებ) საუკეთესოც. თუნდაც, აი, ამის გამო:

Ladurée Georgia Plaisir Sucré

უგემრიელესი დესერტის გარდა, “ლადუღეს” ბრანჩის, ლანჩის, სადილისა და ვახშმის  მენიუც აქვს. აქვე ვიტყვი, რომ ფასები, რბილად რომ ვთქვა, დაბალი არ არის (პარიზსაც ეხება, მაგრამ ახლა თბილისზე ვწერ Smile), მაგრამ ხარისხთან ჰარმონიულადაა ხელჩაკიდებული.

ვახშამი – ყოველდღიური საქმიანობაა, რომელიც  ღირსეული ფორმით მხოლოდ გონიერი ადამიანების მიერ თუ შესრულდება. უბრალოდ ჭამა საკმარი როდია. ვახშამს მრავალფეროვანი, დინჯი საუბარი უნდა სდევდეს. როდესაც სიტყვები ელავს ალისფერ ღვინოში, დამტკბარია ზღაპრული დესერტით და იძენს სიღრმეს ყავასთან ერთად.
ალექსანდრე დიუმა. “დიდი კულინარიული ლექსიკონი”

პერსონალზეც ვიტყვი – ერთ-ერთი გამორჩეულია თბილისში. რომ შედიხარ, ასე გგონია, მთელი დღე სწორედ შენ მისვლას ელოდნენ. Smile (სულ პირველ ჯერზე ცოტა დაბნეულები ჩანდნენ, მაგრამ გახსნა ძლივს მოესწროთ, რომ დავადექი და თან პატიოსნად გაფრთხილებდნენ – “სატესტო რეჟიმიო”). მომსახურება სწრაფია, კლიენტი და მაგიდა ყურადღების გარეშე არ რჩება. თეფშების ცვლის სისწრაფე მეგრელ დიასახლისსაც შეშურდება… სხვა რა ვთქვა – დესერტის ამბავში ზღაპრული ადგილია თბილისში, კაფე/რესტორნის ამბავში – ერთ-ერთი ჩინებული.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

გამორჩეულად გემრიელი მაკარონია “ყავისფერი ყველი” (ასე ქვია – Brown Cheese) – სეზონურია და არ ვიცი, როდემდე ექნებათ მენიუში. სანამ არის – არ გამაზო.

სხვა: შოკოლადი, კარამელი, თხილი, წაბლი და ლიქორისი (შავი ფერისაა). ფსტა (ფისტაში – ვისაც უყვარს) და ლიმონიც კარგია.

P.P.S.

მაკარნისა და ლადუეს დაწერას ვაპირებდი, ასე მქონდა თავდაპირველ დრაფტშიც, მაგრამ ისეთმა ხალხმა მ(ომ)თხოვა, -სა და -ს ვერ დავამადლიდი. თან მაკარონი და ლადუღე, ცხადია, დედანთან უფრო ახლოა.

P.P.P.S.
ბარემ, საკუთარ სახელებს ეხება, და მადამ ლადუღეს სახელია ჟან და არა ჟანა. ისევე როგორც ორლეანელი დ’არკიც არ იყო ჟანა როგორც ეს რუსებს ეგონათ და ჩვენც დაგვაჯერეს.

***

ლადუღე საქართველო
21ა, აბაშიძის ქუჩა. თბილისი

***

ასევე (თემის ირგვლივ):

ხაბაზი თეთრი ციხიდან

პარიზი, ბევრი სიტყვით მთავარზე

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

5 thoughts on “Maison Ladurée – მაკარონისა და ჩაის სახლი”

    1. მაკარონებისგან განსხვავებით, ნამცხვრები ყველა არ გამისინჯავს და, ალბათ, არც გავსინჯავ – შოკოლადებს იქეთ.

      ამიტომ, უნივერსალური რჩევა – ყველა შოკოლადით რომელიცაა 🙂

      Like

  1. გემრიელია, მაგრამ პარიზის ფასები საქართველოსთვის ძალიან ძვირია.

    მაკარონის გასინჯვას აზრი აქვს, რახან უნიკალური პროდუქტია, მაგრამ დანარჩენი დესერტი და სხვა კერძები რამდენჯერმე ძვირია თბილისის ბევრ სხვა კაფესთან შედარებით და ფასი/ხარისხის შეფარდება არარაციონალურია.
    ქუჩის მეორე მხარეს პოლშიც ბევრად იაფი ჯდება. ლე გატოშიც და ანტრეშიც.

    Like

    1. თლა პარიზის ფასები არაა, აქ იაფია უფრო :))

      თან პარიზის შანზელისეს ლადუღეში როდის მოგხვდება ყვითელიჟილეტის ნასროლი ქვა, არვინ იცის დათბილისში მშვიდად ზიხარ და მიირთმევ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: