პრეზიდენტი და მისი ამალა

George W. Bush’s Scottish terrier Miss Beazley and cat India

პირველი ოჯახის, როგორც ამერიკის პრეზიდენტის ოჯახს უწოდებენ, შემადგენლობაში შინაური (და, ზოგჯერ, არცთუ მთლად შინაური) ცხოველიცაა – ასეთია ტრადიცია. ამ, ისევე როგორც ამერიკელი პრეზიდენტების ბევრ სხვა ტრადიციას, საფუძველი ჯორჯ უოშინგთონმა ჩაუყარა – ცხოველების მოყვარულ პირველ პრეზიდენტს ბევრი ოთხფეხა მეგობარი ყავდა: ძაღლები, ცხენები, ჯორი და კიდევ ერთი ორფეხა და ორფრთა – თუთიყუში. გამორჩეულად ფრანგული მწევრები უყვარდა, მათ გარდა ყავდა ამერიკული ფოქსჰაუნდი, სპანიელი, ნიუფაუნდლენდი, ტერიერი, ბრიარდი… აქედან მოყოლებული თეთრ სახლში 400-ზე მეტი სხვადასხვა ცხოველი ბინადრობდა.

Calvin Coolidge with his family and collie Rob Royამერიკის მეორე პრეზიდენტს, ჯონ ადამსს ცხენები ყავდა, მე-3 პრეზიდენტს, თომას ჯეფერსონს – ცხენები, ორი ბრიარდი, დათვის ორი ბელი და ჯაფარა, მე-4 პრეზიდენტს, ჯეიმზ მედისონს – თუთიყუში და ცხვარი, მე-5 პრეზიდენტის, ჯეიმზ მონროს ქალიშვილს – შავი სპანიელი, მე-6 პრეზიდენტს, ჯონ ქუინსი ადამზს – ალიგატორი, მე-7 პრეზიდენტს, ენდრიუ ჯექსონს – პონი, ბევრი სხვა ცხენი და თუთიყუში ფოლი (Polly), რომელიც ისე ილანძღებოდა, რომ პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიასაც განარიდეს.

მე-8 პრეზიდენტმა მართინ ვან ბიურენმა თეთრ სახლში ვეფხვის ბოკვრები მიიყვანა, მე-9 პრეზიდენტმა უილიამ ჰენრი ჰარისონმა კი – თხა და ძროხა, მე-10 პრეზიდენტს, ჯონ თაილერს იტალიური მწევარი ლე ბო (Le Beau) და ცხენი სახელად ჯენერალი (The General) ყავდა, ცხენები ყავდათ მე-11, მე-12 და მე-13 პრეზიდენტებს, ჯეიმზ ქეი ფოლქს, ზაქერი თეილორსა და მილარდ ფილმოურზს, მე-14 პრეზიდენტს ფრენქლინ ფირსს მოკრძალებულად – იაპონური ჯუჯა ძაღლები და ჩიტები ყავდა, მაგიერ მე-15 პრეზიდენტს, ჯეიმზ ბიუქენენს მიყვა თეთრ სახლში სპილო, არწივი და ნიუფაუნდლენდი ლარა (Lara).

ცხოველების დიდი მოყვარული იყო მე-16 პრეზიდენტი ებრეჰემ ლინქოლნი მის გვერდით თეთრ სახლში დასახლდნენ ძაღლები, კატები, გოჭები, პონი, ინდაური, ბოცვერი და ორი თხა – ნანი (Nanny) და ნანკო (Nanko). ლინქოლნის ძაღლ ფაიდოს (Fido) პრეზიდენტის მკვლელობიდან დაახლოებით ერთ წელიწადში თავს დაესხა მთვრალი ადამიანი და დანით მოკლა.

Theodore Roosevelt and St Bernard Rollo

მე-17 პრეზიდენტს ენდრიუ ჯონსონს თეთრი თაგვი ყავდა, მე-18 პრეზიდენტს, იულისის გრანთის ფავორიტი ოთხფეხა მეგობარი ნიუფაუნდლენდი ფეისფული (Faithful – ერთგული) იყო, მის გარდა თეთრ სახლში დაბინავდნენ სხვა ძაღლები, ცხენები, პონი, მამალი და თუთიყუში, თავი არ შეურცხვენია არც მე-19 პრეზიდენტს, რაზერფორდ ჰეიესს: ნიუფაუნდლენდი ჰექთორი (Hector), ინგლისური მასტიფი დიუქი (Duke), მწევარი გრიმი (Grim), კოკერსპანიელი დოთი (Dot), სიამური ჯიშის კატა სიამი (Siam), კანარის ჩიტები, ცხენები, ძროხები, თხები – იყო მისი საპრეზიდენტო ამალა.

მე-20 პრეზიდენტის ჯეიმზ გარფილდის ნიუფაუნდლენდმა ვითოუმ (Veto) თეთრი სახლი დაწვას გადაარჩინა, როდესაც თავლაში გაჩენილი ცეცხლის კვამლი იყნოსა და იქამდე ყეფდა, სანამ პერსონალის ყურადღება არ მიიქცია. ნიუფაუნდლენდის გარდა გარფილდს თევზები ყავდა, მის ქალიშვილს კი – ცხენი ქითი (Kit).

22-ე და 24-ე პრეზიდენტის გროუვერ ქლივლენდის გვერდით (არა, არ შემშლია 22-ე და 24-ე პრეზიდენტი ერთი ადამიანია) თეთრ სახლში დასახლდნენ ჯაფარა, კანარის ჩიტები და რამდენიმე ძაღლი: ფოქსტერიერი მილი (Millie), კოკერსპანიელი გალაჰერი (Gallagher), მისი მეუღლის ფრანგული პუდელი ჰექთორი (Hector) და სამი ტაქსა, 23-ე პრეზიდენტმა, ბენჯამენ ჰარისონმა თეთრ სახლში შოტლანდიური ნაგაზი დაში (Dash), ორი ოპოსუმი და თხები მიიყვანა.

Harry Truman cocker spaniel Feller

25-ე პრეზიდენტს უილიამ მაქინლის ყავდა მექსიკური თუთიყუში სახელად უოშინგთონ ფოსთი (Washington Post), რომელსაც დღეს უკეთეს შემთხვევაში სექსიზმში და უარეს შემთხვევაში ადევნებასა და სექსუალურ შევიწროვებაში დასდებდნენ ბრალს – როგორც ამბობენ, თუთიყუში ოვალური კაბინეტის სტუმრებს ესალმებოდა ხოლმე და გამორჩეულ ყურადღებას ქალბატონების მიმართ იჩენდა შეძახილით – “შეხედეთ ამ ლამაზ გოგოს!” პრეზიდენტს კიდევ ანგორას ჯიშის კატები ყავდა ვალერიანო უეილერი (Valeriano Weyler) და ენრიქე დელომე (Enrique DeLome) რომლებიც მეტწილად თვლემდნენ და ამ ბაკქანალიაში მონაწილეობას არ იღებდნენ.

ამერიკელებს დღემდე გამორჩეულად უყვართ მათი 26-ე პრეზიდენტი თეოდორ რუზველთი, სათამაშო დათუნია Teddy bear მისი სეხნიაა სწორედ (ამ ამბავზე პოსტიც დავწერე კაი ხნის წინ). დათვების გარდა პრეზიდენტ თედის იმდენი ცხოველი, ფრინველი თუ ქვეწარმავალი ყავდა, რომ ჩვენს ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც შეშურდება: ძაღლები, კატები, გველები, ხვლიკი, თუთიყუში, მაჩვი, გვინეური გოჭები, ბოცვერი, ვირთხები, ციყვები, გიენა, გარეული კატა, ლომი, კოიოტი, ზებრა, მამალი… ყველა ამათ შორის გამორჩეული სტატუსით სარგებლობდნენ სენბერნარდი როლო (Rollo) და ცხენი ბლისთაინი (Bleistein). ბულტერიერი ფითი (Pete) კი უკიდურესად ანჩხლი ხასიათით გამოირჩეოდა, ჯერიყოდა პრეზიდენტის რამდენიმე ციყვი მოკლა, შემდეგ კი თეთრი სახლის თანამშრომლების, პოლიციელების ბოლოს კი ელჩების დაკბენაზე გადავიდა. დიპლომატიური სკანდალის შიშით, რუზველთმა ძაღლი თეთრი სახლის მიდამოებიდან გააძევა და საკუთარ სახლში გადაიყვანა, პრეზიდენტის რეზიდენციიდან შორს.

FDR and Scottish Terrier Fala

თედის შემდეგ თეთრ სახლში შედარებით სიმშვიდემ და სიხალვათემ დაისადგურა: 27-ე პრეზიდენტს უილიამ თაფთს ძაღლი და ორი ძროხა მული ვული (Mooly Wooly) და ფაულინ ვეინი (Pauline Wayne) ყავდა, 28-ე პრეზიდენტს, ვუდროუ უილსონს კი – კატა ფაფინსი (Puffins), რამდენიმე ძაღლი და ცხვრები.

თეთრი სახლის ბინადართაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკის 29-ე პრეზიდენტის ძაღლი იყო. უილიამ ჰარდინგი, პროფესიით ჟურნალისტი, მისი ძაღლის ერდელტერიერი ლედი ბოის (Laddie Boy) სახელით საგაზეთო სვეტსაც წერდა. პრეზიდენტის ძაღლი მკითხველებს უზიარებდა თეთრი სახლის კულუარულ ამბებს და სხვადასხვა მოვლენებზე აზრებს გამოთქვამდა თუ გამოყეფდა… (აი, საიდან იღებს სათავეს ამჟამინდელი პრეზიდენტის თვითერი, სადაც თრამფი არაოფიციალურ აზრებს აფრქვევს).

Warren Hardings Laddie Boy official

ამ ჯიშის სახელი რუსებმა დაამახინჯეს და ჩვენც ასე დამახინჯებულად ერდელტერიერს ვუძახით. წესით ეარდეილტერიერი უნდა იყოს – ეარ (River Aire) მდინარის სახელია დეილ (dale) მდელოს ნიშნავს – ერთად კი ადგილია ინგლისში, საიდანაც ეს ჯიში სათავეს იღებს.

ლედი ბოის გარდა, ჰარდინგს ინგლისური ბულდოგი ოლდ ბოი, ციყვი და კანარის ჩიტი ყავდა.

Gerald Ford with golden retriever Liberty

30-ე პრეზიდენტმა ქალვინ ქულიჯმა, ვინც ოვალურ კაბინეტში ჰარდინგი შეცვალა, გადაწყვიტა თეოდორ რუზველთის რეკორდს შეჭიდებოდა და თეთრ სახლში ჯუჯა ბეჰემოტი ბილი (Billy) მიიყვანა. მის გარდა ქულიჯს ყავდა ფოცხვერი, ლომის ბოკვერი, ანტილოპა, ვირი, ვალაბი, ჯაფარა, ბატი, კანარის ჩიტი, ორი კატა და ბევრი ძაღლი, რომელთა შორისაც გამორჩეული პატივით მაინც თეთრი ფერის კოლი რობ როი (Rob Roy) და პირველი ლედის ენოტი რებექა (Rebecca) სარგებლობდნენ.

ამის შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებიან ძაღლების მოყვარული პრეზიდენტები 31-ე ჰერბერთ ჰუვერი და 32-ე ფრენქლინ დელანო რუზველთი მათი უამრავი სხვადასხვა ჯიშის ოთხფეხა მეგობრით, რომელთაგან ყველაზე ცნობილია გერმანული ნაგაზი ქინგ თათი (King Tut) და შოტლანდიური ტერიერი ფელა (Fala).

და ამერიკის ყველაზე ძაღლთმოძულე 33-ე პრეზიდენტი ჰარი თრუმენი, რომლის კოკერსპანიელი ფელერი (Feller) პირადმა ექიმმა შეიკედლა. ფელერი თეთრი სახლის ყველაზე “უსურველ ბინადარადაა” ცნობილი.

თუ არ უნდოდა, რას მიყავდაო, იკითხავთ – თავად არ მიუყვანია, აჩუქეს… ამიტომაა ცხოველების ჩუქება ცუდი იდეა. მეტადრე- დაუკითხავად. ნივთი არაა, აიღო და აჩუქო.

თუმცა, თრუმენის პრეზიდენტობის დროს თეთრი სახლი მთლად უძაღლოდ არ დარჩენილა, მის მეუღლეს ირლანდიური სეტერი მაიქი (Mike) ყავდა.

Richard Nixon and his cocker spaniel Checkers

ფელერს არ გაუმართლა პრეზიდენტებში, თორემ მანამდეც და შემდეგაც სულძაღლიანი პრეზიდენტების ეპოქა დგას: 34-ე პრეზიდენტს, დუაით ეიზენჰაუერს ვეიმარანერის ჯიშის ძაღლი ყავდა, სახელად ჰეიდი (Heidi), მის შვილიშვილებს კი – თუთიყუში, 35-ე პრეზიდენტს, ჯონ ქენედის – ბევრი ძაღლი, კატა, ზაზუნები, ბოცვერი, ცხენები, თუთიყუშები. 36-ე პრეზიდენტს, ლინდონ ჯონსონს რამდენიმე ძაღლი ყავდა: ტერიერის მეტისი იუქი (Yuki), თეთრი ფერის კოლი ბლანქო (Blanco), ბიგლის ჯიშის ის (ჰიმ – Him) და ის (ჰერ – Her). კიდევ – ზაზუნები და თუთიყუშები.

37-ე პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონსაც რამდენიმე ძაღლი ყავდა, მათგან ყველაზე ცნობილი კოკერსპანიელი ჩექერზია (Checkers) – პრეზიდენტის ძაღლი, რომელსაც თეთრ სახლში ცხოვრება არ მოუწია – 4 წლით ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ნიქსონს პრეზიდენტად აირჩევდნენ.

1952 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ნიქსონს უკანონო შემოწირულობების გამოყენებაში დასდეს ბრალი, 23 სექტემბრის ტელემიმართვაში მან ასე განაცხადა, ერთადერთი საჩუქარი, რაც მივიღე ძაღლი ჩექერზია და როგორც არ უნდა გადაწყდეს ჩვენი ბედი, მას არფრის დიდებით დავთმობო.

23 სექტემბერს ამერიკა ჩექერზის დღეს აღნიშნავს. ეს დღე ეძღვნება ძაღლების (და ზოგადად – ცხოველების) როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

President Reagan and Bouvier des Flandres Lucky

38-ე პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის ძაღლთაგან პუბლიკისთვის ყველაზე კარგად ცნობილი ოქროსფერი რეტრივერი ლიბერთი (Liberty) იყო. ფორდების საპრეზიდენტო ოჯახის წევრი იყო მისი ქალიშვილს სიამის ჯიშის კატაც. ბორდერ კოლი, აფგანური მწევარი და სიამის კატა მისთი (Misty) ყავდა ამერიკის 39-ე პრეზიდენტს, ჯიმი ქართერს.

მე-40 პრაზიდენტს, რონალდ რეიგანს საპრეზიდენტო რანჩოზე ცხენები და თეთრ სახლში კი რამდენიმე ძაღლი ყავდა – ბელგიური ბუვიე დე ფლანდრის ჯიშის ლაქი (Lucky), ოქროსფერი რეტრივერი ვიქთორი (Victory) და მისი მეუღლის კავალიერ ქინგ ჩარლზ სპანიელი რექსი (Rex).

President George H.W. Bush with springer spaniel Millie and puppies

41-ე პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უფროსს ორი ინგლისური სპრინგერსპანიელი ყავდა მილი (Millie), და მილის ლეკვი, რომელსაც ბეისბოლის საყვარელი გუნდის საპატივცემულოდ რეინჯერი (Ranger) დაარქვა. ორივე ფოტოსესიების ხშირი სტუმარი იყო. მილიმ ლიტერატურაშიც სცადა ბედი – წიგნი აქვს დაყეფილი ბავშვებისთვის. 🙂 ასე ჰქვია – “მილის წიგნი” (Millie’s Book).

Bill Clinton cat Socks

42-ე პრეზიდენტის, ბილ ქლინთონის დროს ოვალურ კაბინეტს იყოფდნენ (და უფრო ხშირად კი ვერ იყოფდნენ) კატა სოქსი (Socks) და ლაბრადორი ბადი (Buddy). როგორც ფოტოებიდან ჩანს – უფრო ხშირად გამარჯვება სოქსს რჩებოდა. მათ ერთობლივი ვებ-გვერდიც ჰქონდათ, სადაც თეთრისახლურ ჭორ-მართალს მიმოიხილავდნენ. ჰილარი ქლინთონმა სოქსისა და ბადისადმი ბავშვების მიერ გაგზავნილ წერილებს თავი მოუყარა და წიგნად გამოსცა. “ძვირფასო სოქს, ძვირფასო ბადი” (Dear Socks. Dear Buddy) ასე ჰქვია.

Bill Clinton's Labrador retriever Buddy and cat Socks

ჯორჯ ბუშ უმცროსს, ამერიკის 43-ე პრეზიდენტს მამისგან საჩუქრად ერგო ინგლისური სპრინგერსპანიელი სფოთი (Spot), მილის ლეკვი, მის გარდა თეთრ სახლში დაიდეს ბინა შოტლანდიურმა ტერიერებმა ბარნიმ (Barney) და პირველი ლედისეულმა მის ბიზლიმ (Miss Beazley). ჯორ ბუშს ყავდა კატა ინდია (India) და ძროხა ოფელია (Ofelia). როგორც ჯორჯ ბუში იგონებს, სფოთის პოლიტიკისგან შორს ეჭირა თავი, მის ბიზლის და ინდიას კი ყველა საკითხზე განსხვავებული აზრი ჰქონდათ.

President George W. Bush with Scottish terriers Ms. Beazley and Barney

44-ე პრეზიდენტის, ბარაქ ობამას დროს თეთრ სახლში დასახლდნენ ბო (Bo) და სანი (Sunny), პორტუგალიური წყლის ძაღლები.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Presidential Pets

First Pets: Dogs, Cats and a Raccoon Among Past Presidential Best Friends

Presidential Pet Museum

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.