რუჩკებს არ ენდოთ, რუჩკებს!

გულმოსული გურმანის პოსტი

Eiffel Ttower lunch

პარიზი უძვირესი ქალაქია. ეგებ, ყველაზე ძვირიც. საბედნიეროდ, არის პარიზი 2.0 სადაც ეიფელის კოშკიც არის, ტრიუმფალური თაღიც, ლუვრიც და, ასე განსაჯეთ, “მონა ლიზაც” და პარიზზე 5-ჯერ იაფია. სრულ ჭკუაზე მყოფ ადამიანს, რა ჯანდაბა გინდა უძვირეს პარიზში?

ახლა, ბატონი ბონავენტურასი არ იყოს, ალბათ გაიფიქრეთ: “მთვრალია ეს!”

არა, ფხიზელი ვარ. უბრალოდ წავიხულიგნე და რასაც ჩემი მეგობარი და ბლოგერი კახა მჭედლიძე კულინარიაზე გირჩევთ, მთლიანად ქალაქზე გავშალე.

იაფ და ხელსაყრელ ტურიზმს რაც ეხება, კახა მჭედლიძე ყველაზე კომპეტენტურია, ვისაც ვიცნობ. მაგრამ რაც ამასწინათ ურჩია მკითხველ-მოგზაურებს კულინარიაზე, ვერ დავეთანხმე. მოსაზრება-მოსაზრებად, მაგრამ, რაც მთავარია, ფაქტობრივადაც მცდარია, რასაც წერს:

მოგზაურობისას აპარტამენტის დაქირავება იმ თვალსაზრისითაც არის ხელსაყრელი, რომ თქვენს განკარგულებაში იქნება სამზარეულო, სადაც მარტივად მოამზადებთ ახლომდებარე სუპერმარკეტში იაფად შეძენილ პროდუქტებს. რაც შეეხება ადგილობრივ სამზარეულოსა და რესტორნებს, ნაკლებად ენდეთ ცნობილ ვებსაიტებს, რომლებზეც მაღალი რეიტინგი მხოლოდ იმ რესტორნებსა და კაფეებს აქვთ, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი დადის. ისინი სიძვირითაც გამოირჩევიან და ხარისხიც მოიკოჭლებს. ეძებეთ ისეთი რესტორნები და კაფე-ბარები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დადის. მათ შესახებ სწორედ ადგილობრივებისგან შეიტყობთ. ამაშიც Airbnb-ის აპარტამენტის მფლობელი (ჰოსტი) დაგეხმარებთ.
პოლონეთის ქალაქებთან დაკავშირებით, შემიძლია გირჩიოთ სასადილოები, რომლებსაც დაბალი ფასები აქვთ სახელმწიფო სუბსიდიის გამო…
კახა მჭედლიძე. როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში ყველაზე იაფად

პოსტში გაეპარა სიტყვა “სასადილო” (ავტორი თინეიჯერი არაა და კარგად ახსოვს, რას უძახდნენ ძველ დროს სასადილოებს – საბჭოთა საზკვებას. ე.წ. “ობშიპიტს”). მხოლოდ დაბალ ფასზე რომ იყოს აქცენტი – კიბატონო, არც არაფერს ვეტყოდი, მაგრამ რუჩკებს მაღალ რეიტინგს არ ენდოთო, წერს, რეიტინგები გაბერილია და მატყუარაო, – ეს კი, უბრალოდ, არასწორია. “კოჭლ ხარისხზე” რაღა ვთქვა აბა… იმედია, არ ეწყინება კახას, რასაც დავწერ (თუმცა, პირადადაც ვუსაყვედურე და “შემზადებული” მყავს უკვე :)), მაგრამ შეცდომაში შეყავს მკითხველი. თუარადა, მზად ვარ – გადავამოწმოთ.

ტურისტები დადიან სადღაც და ამ ადგილს მაღალი რეიტინგი აქვს, ადგილობრივებმა კი უკეთესი ადგილი იციან, მაგრამ ეს ადგილი ტურისტებისთვის დამარხული საუნჯეა და რეიტინგს ვერ კრეფს?… რაღაც კურსკის ანომალიაა. ბაზარი ასე არ მუშაობს! კახას ლიბერტარიანელად ვიცნობ და კი გამიკვირდა მისგან.

თუ არის რაღაც ადგილი (ჩვენ შემთხვევაში – კაფე/რესტორანი), რომელიც ადგილობრივებმა აღმოაჩინეს და ტურისტებმა (ჯერ) არ იციან, ადგილობრივების ხარჯზე მოიმატებს რეიტინგში, მოსუქდება და სულ მალე ტურისტებიც შეამჩნევენ… რა რეიტინგია ასეთი, სადაც ტურისტის ვარსკვლავს ოქროს ფასი აქვს, ადგილობრივისას კი – ჩალისა? ასეთი არ ვიცი. და თუ არის სადმე – არც ნდობა ექნება. მაგრამ თრიფედვაიზორში ან ფეისბუქში ან გუგლ მეფზე ყველას თანაბარი ხმა აქვს, ტურისტი იქნება თუ – ადგილობრივი. მეტიც, ადგილობრივთა შეფასება რაოდენობით ხშირად ჭარბობს კიდეც და ეს ლოგიკურიცაა – თუნდაც, ქართული რესტორნების შემფასებლებს გადავხედოთ.

ანი-ბანია, რაც ზემოთ დავწერე… შევთანხმდეთ – მაღალი რეიტინგი აქვს, იმიტომ რომ კლიენტი აფასებს ასე ადგილობრივი იქნება თუ ტურისტი. და იქამდე აქვს ეს რეიტინგი, სანამ ხარისხს ინარჩუნებს. ერთი ცნობილი ჭეშმარიტებისა არ იყოს, ლინქოლნს რომ მიაწერენ, მუდმივად ყველას გასულელება შეუძლებელია.

აქვე აღვნიშნავ, რომ კახას პოსტში სხვადანარჩენი გასათვალისწინებელი და ყურადსაღები რჩევებია. როგორც ვთქვი, ევროპაში იაფად მოგზაურობას რაც ეხება, მასზე კომპეტენტური ადამიანი სხვა არ მეგულება. მიუხედავად იმისა, რომ თავად “თურქიშით” დავფრინავ და აირბნბ-ც სულ ორჯერ გამოვიყენე (ერთხელ “იძულებით”, მეგობრების გამო და მეორედ – ჰოსთი მომეწონა) რჩევისთვის კახასთვის მეც მიმიმართავს.

ასე რომ, ენდეთ კახას, მაგრამ ასევე ენდეთ რესტორნის რეიტინგებს, თუარადა ისე დაგემართებათ, როგორც იაპონელ ტურისტებს ვახშმობისას ვენეციაში.

დაბოლოს სიიაფეზეც ვიტყვი. ერთი რომ, იაფიან კაფეებსაც აფასებენ კლიენტები და რეიტინგს ისინიც კრეფენ და კარგავენ. მეორე, ეკონომიასა და ფულის დაზოგვას რა სჯობს ზოგადად, მაგრამ ვინმე უცხოელ მოგზაურს რომ ურჩიონ, რომელსამე “შავ ლომში” ფულის გადაყრას, სადმე (არ დავასახელებ) გაცილებით იაფად იყიდი ხაჭაპურსა და საცივშიც ჩააწობ და მისი ჯანიო… ხომ გვეწყინება? წარმოდგენაც არ მინდა, რა ლაშქარი შეესევა და როგორ აუტალახიანებენ კომენტარებით ბლოგს. 🙂 ქართველებს, დიდი კულინარიული ტრადიციისა და კარგი პირის გემოს ხალხს, სხვისი კულინარიის დაფასებაც არ უნდა შეგვეშალოს. “პიერ ერმეს” პლეზი-სუკრეს ან “ლადურეს” ტარტალეტსა და რომელსამე “ობშეპიტს” შორის ზუსტად ის სხვაობაა, რაც პარიზულ ტრიუმფალურ თაღსა და იმ პარიზი 2.0-ს შორის.

მაპატიეთ თვითციტირება, მაგრამ ჩემთვის გასტრონომია ისეთივე ღირშესანიშნაობაა, როგორც არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა ან ისტორიული სიძველეები. და სადაც კულინარია შედევრულია, იქ… მარტივად რომ ვთქვა – მაგრიტი და ვაფლი შოკოლადით ტოლსწორი ფასეულობაა. ისევე როგორც – ეკლერი და მონა ლიზა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

___

კახა მჭედლიძე: როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში ყველაზე იაფად

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: