ეს პოსტი 2009 წელს დავწერე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ერთ კონკრეტულ ამბავზე, რომელიც ახლა, ალბათ, არც გეხსომებათ და გამოვაქვეყნე (სხვა ბლოგზე).
მაგრამ ასეთი ამბები სულ ხდება ჩვენ თავს და ცენზურის საფრთხე მუდამ არის. მიშა იქნება თუ გრიშა სალომე.
ქვეყანაში, რომლის ასაკის მსხლის ხე აქვთ ჩვენ პაპებს ეზოში, საფრთხე, რომ პირს ამოგიკეტავენ – არ არის. იმიტომ რომ ამაზე იზრუნეს ამერიკელმა ხალხმა, დამფუძნებელმა მამებმა, პრეზიდენტმა ჯეიმს მედისონმა, კონსტიტუციის პირველმა შესწორებამ და იცავს უზენაესი სასამართლო. და ისეთ დაცურებულსაც კი, როგორიც ახლანდელი პრეზიდენტია (ამერიკის) ცენზურის შემოღება არ შეუძლია.
***
1988 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა უმნიშვნელოვანესი ვერდიქტი საქმეზე: Hustler Magazine, Inc. vs. Falwell, რომელიც აშშ პრესამ შერაცხა პროცესად “ეშმაკისა ღმერთის წინააღმდეგ”.
1983 წელს ჟურნალმა Hustler გამოაქვეყნა სატირა ცნობილ მღვდელსა და ქადაგზე, ღირს მამა ჯერი ფალველზე – მოგონილი ინტერვიუ, სადაც ფალველი ვითომ ყვებოდა, თუ როგორ გამოთვრა პირველად და ჰქონდა ინცესტი საკუთარ დედასთან. გვერდს მცირე შრიფტით დართული ჰქონდა წარწერა, რომ მასალა წარმოადგენდა პაროდიას.
ამ პუბლიკაციის მიზანი იყო მორალიზმისა და საზოგადოების ფარისევლობის გაშარჟება იმგვარი უკიდურესი ფორმით, როგორც ეს, ზოგადად, სჩვეოდა Hustler-ის დამფუძნებელსა და გამომცემელს, ლარი ფლინტს.
შეურაცხყოფილმა ჯერი ფალველმა უჩივლა ლარი ფლინტსა და ჟურნალ Hustler-ს. სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში რამდენიმე პროცესი გაიმართა – ახლა ამას არ მოვყვები, ალბათ ნანახი გექნებათ მილოშ ფორმანის 1996 წელს გადაღებული ფილმი The People vs. Larry Flynt (“ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ”) თუკი არ გინახავთ, გირჩევთ, ნახოთ – მაგრამ ბოლოს სარჩელმა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლომდე მიაღწია, რომელმაც 8 ხმით არცერთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ლარი ფლინტის სასარგებლოდ გამოიტანა.
განჩინებაში ნათქვამია, რომ იდეებისა და მოსაზრებების თავისუფლად გავრცელება ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა. სიტყვის თავისუფლება არა მხოლოდ კერძო ადამიანის უფლებაა, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია მთლიანად საზოგადოებისთვის. მოსაზრების თავისუფლად გამოთქმის უფლება არ უნდა შეიზღუდოს აკრძალვებით.
ეს უფლება აგრეთვე გულისხმობს, რომ დასაშვებია მკაცრი ფორმებით გამოთქმული კრიტიკა იმ საჯარო პირების მიმართ, რომლებიც ჩაბმულნი არიან საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში ან რომელნიც, თავიანთი ავტორიტეტის წყალობით, გავლენას ახდენენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
სიტყვის თავისუფლება უპირატესია სახელმწიფოს სურვილზე, დაიცვას საჯარო ფიგურები შეურაცხმყოფელი კრიტიკისგან, იმ შემთხვევაში, თუკი ეს კრიტიკა შეგნებულად არ არის მიმართული საზოგადოების დეზინფორმირებისთვის.
U.S. Supreme Court 485 U.S. 46 (1988)
***
ძალიან იოლია დაიცვა ღირსი მამა ჯერი ფალველი. მას დამცველები არასდროს გამოელევა და ეს ძალიან კარგია. ასეც უნდა იყოს.
მაგრამ კონსტიტუცია იმისთვის არსებობს, რომ მან დაიცვას ყველა, მათ შორის ლარი ფლინტიც.
დღე, როდესაც კონსტიტუცია არ დაიცავს ლარი ფლინტის სიტყვის თავისუფლებას, ღირსი მამა ჯერი ფალველის დამარცხების დღეც იქნება, ვინაიდან მოვა დრო და მის სიტყვის თავისუფლებასაც აღარ დაიცავენ.
სწორედ ამაზეა ეს ფილმი.
და საბჭოთა ჩეხოსლოვაკიაში დაბადებულმა და გაზრდილმა მილოშ ფორმანმა ბევრზე კარგად იცოდა, თუ რა ფილმს იღებდა.
ვფიქრობ, პარლამენტის სესიის გახსნის წინ, ჰიმნი რომ დამთავრდება, დეპუტატებს მილოშ ფორმანის “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” უნდა უჩვენონ ხოლმე.
წელიწადში ორჯერ მაინც.
ეგებაი და გვეშველოს რამე, ჰა?
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___