თბილისის მერიამ ჩვენ ქალაქში კეთილი აპარატები დადგა.
დანადგარი პლასტმასის ბოთლებით იკვებება, მაგიერ კი მიუსაფარი ძაღლებისთვის საკვებს ყრის ჯამში.
მიგაქვს ცარიელი პეპსის, კოლის, ცივი ჩაის, წყლის თუ რავიციკიდევრის პლასტმასის ბოთლი, ნაგვის ურნის ნაცვლად (ან იმის მაგივრად რომ უბრალოდ ქუჩაში მოისროლო – სამწუხაროდ კარგად ნაცნობი იოლი გამოსავალი თბილისელთათვის) აგდებ ამ ავტომატში და ის დანადგარის ქვედა, საგანგებოდ მოწყობილ ჭურჭელში ყრის მშრალ საკვებს ძაღლებისა და კატებისთვის. ქუჩაში მოხეტიალე, დამშეული, უპატრონო ცხოველებისთვის. ასევე გასცემს წყალსაც, რაც ახლა, ზაფხულის ცხელ დღეებში, განსაკუთრებით აქტუალურია.
ეს დავწერე ერთ ადრინდელ პოსტში, სადაც თურქული კომპანია Pugedon-ის დანადგარებზე ვწერდი სტამბოლის ქუჩებში.
კარგია, რომ ჩვენმა მერიამაც მიბაძა და როცა კარგს აკეთებენ რამეს – მეარამირჩევია კი, მაგრამ ყოველთვის შევაქებ და მადლობასაც ვეტყვი. იმნაირი კი არ ვარ. ჯიბრიანი. საშობაო არდადეგებზე მყავდა ბლოგი გაშვებული და აგერ – საგანგებოდ ამ მადლობის სათქმელად მოვაბრუნე.
ჩვენთანაც დავდგათ-მეთქი ვიტყოდი, მაგრამ… ეჭვი მაქვს უპატრონო ძაღლებს არვინ დაუტოვებს მაგ საკვებს, ისევ პატრონიანებს დარჩებათ.
ესეც დავწერე იმ ძველ პოსტში და იმედია, ეს ეჭვი არ გამიმართლდება.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
გამოკვებე პლასტმასის ბოთლის ჩაგდებით უპატრონო ძაღლი — თბილისში ახალი აპარატები გამოჩნდა