როგორ დავამკვიდროთ გენდერული თანასწორობა? მამაკაცები უნდა გავწვრთნათ, როგორც ძაღლებს წვრთნიან – სხვა ყველა გზა ფუჭია. როგორ დავძლიოთ რასიზმი? კარგი იქნება, თუ თეთრი სტუდენტები ტოლერანტობის ლექციებს აუდიტორიის იატაკზე მჯდარნი და ბორკილასხმულნი მოუსმენენ, მხოლოდ ასე თუ გაითავისებენ, რა ცუდი იყო მონობა. სილამაზის დამკვიდრებული სტერეოტიპები დისკრიმინაციულია – მათი გადალახვისთვის აუცილებელია სიმსუქნის აქტიური პოპულარიზაცია. ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობას მრავალი ფარული ფორმა აქვს: მასტურბაცია, თუკი ამ დროს მამაკაცი კონკრეტულ ქალს წარმოიდგენს, დისკრიმინაციისა და სექსუალური ძალადობის აქტია და ქალს უფლება აქვს, მამაკაცს სასამართლოში უჩივლოს.
ამ და სხვა არანაკლებ აბსურდულ (თუმცა, ვისთვის – როგორ) თემაზე “სამეცნიერო” სტატიები 2017-2018 წლის განმავლობაში გამოაქვეყნა რამდენიმე ფრიად პატივცემულმა სამეცნიერო ჟურნალმა. რეცენზენტები, ვინც ამ კვლევებს მწვანე შუქი აუნთო, აგრეთვე პატივცემული და ტიტულმოყრილი მეცნიერები ბრძანდებოდნენ. ავტორები კი…
მათემატიკოსი ჯეიმს ლინსი (James A. Lindsay), თეოლოგი და ლიტერატურათმცოდნე ჰელენ ფლაქროუზი (Helen Pluckrose) და ფილოსოფოსი ფითერ ბოგოსიანი (Peter Boghossian) 2 ოქტომბერს გაზეთში The Wall Street Journal და ჟურნალში Areo დაქამინგაუთდნენ და აღიარეს, რომ სხვადასხვა ფსევდონიმით მთელი წელი ერთმანეთზე უფრო (მათი და ყველა საღი აზრით) სულელურ სტატიებს წერდნენ და უგზავნიდნენ სამეცნიერო ჟურნალებს, სადაც ეს სიბრიყვე წარმატებით ძლევდა რეცენზენტების ფილტრსა და რედაქტურას. მეტიც, სტატია მამაკაცების გაწვრთნის შესახებ ჟურნალ Taylor & Francis-ის წლის რჩეულ 12 სტატიას შორის მოხვდა (ჟურნალი გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის საკითხებს იკვლევს).
“ეჭვიც არ გვეპარება, რომ გენდერი, რასობრივი იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია ნამდვილად იმსახურებს კვლევას, მაგრამ მნიშვნელოვანია, კვლევა იყოს პირუთვნელი და მიუკერძოებელი. პრობლემა ისაა სწორედ, როგორ მიმდინარეობს დღეს ამ თემების შესწავლა”, – ამბობს დოქტორი ჯეიმს ლინსი და სამეულის “სამეცნიერო ხულიგნობის” მიზეზებს განმარტავს, – “დღევანდელი კულტურა მხოლოდ გარკვეული სახის დასკვნებს ცნობს – მაგალითად, თეთრი ფერის კანსა ან მამაკაცურობას იმთავითვე პრობლემად აცხადებს, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას კი ობიექტურ ჭეშმარიტებაზე მაღლა აყენებს”.
ამავდროულად, “ხულიგნები” აცხადებენ, რომ მიზნად არ ჰქონიათ ლიბერალურ იდეებთან ბრძოლა – მათი, როგორც ლიბერალების, მიზანი იყო სწორედ ლიბერალიზმის დაცვა ყველა ჯურის შარლატანი ფანატიკოსებისგან. კლასიკური ლიბერალიზმის გადარჩენა.
მკვლევრები ხშირად სრულიად უადგილოდ იყენებენ ისეთ ემოციურ სიტყვებს, როგორიცაა “სექსისტი”, “რასისტი”, “ფაშისტი” (გამარჯობა – ჩვენო პარლამენტის თავმჯდომარევ!) შინაარსისა და რეალური მნიშვნელობის გარეშე, რაც ვნებს მეცნიერებას. აუცილებელია სამეცნიერო კვლევებისა და დისკუსიების სარეველა ტერმინებისა და სტერეოტიპებისგან გაწმენდა. მეცნიერების მიზანი ჭეშმარიტების დადგენა უნდა იყოს და არა ერთი კლიშეების მეორეთი ჩანაცვლება. ერთი უკიდურესობიდან – მეორეში გადავარდნა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
არ მიყვარს რადიკალიზმი. მეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამ თემებზე. გენდერული უთანასწორობა ნამდვილად არსებობს ზოგან ეს თვითონ კულტურაშია ჩადებული, მაგრამ რადიკალური გზით ამის დაძლევა შეუძლებელია.
მოკავშირეები უნდა მოძებნო და კონსენსუსის შესაძლებლობა, რომ მეტი ადამიანები მიიმხრო, ფანატიზმი კი პირიქით აკეთებს.
LikeLike
ვინც დრაკონს კლავს, თავად გადაიქცევა დრაკონად 🙂
LikeLike
პოლიტიკაშიც იგივეა 🙂
LikeLike