თუმცა, დრო გვიჩვენებს.
ქალის თეთრეულის ყველაზე ცნობილ ბრენდს დაარსებიდან 41-ე წელს რთული დრო უდგას. 1000+ მაღაზიით ბაზრის ყველაზე დიდ მოთამაშედ რჩება, მაგრამ, ბოლო ხანებია, წილი მცირდება და რეპუტაციას წყალი შეუყენეს.
1969 წელს როი რაიმონდმა ცოლისთვის რიგიანი აზღუდი (იგივე ბიუსჰალტერი) ვერ ნახა. დახლებზე სულ ყვავილებით გადაფურჩქნული ნეილონის სიმახინჯეებმახინჯობები იდო და სხვა რა დარჩენოდა, დიზრაელის უნივერსალური კანონით, თავად უნდა დაეწყო თეთრეულის წარმოება. ბაზრის კვლევას, შემზადებას, თანხების მოძიებასა და ფაბრიკის გამართვას 8 წელი დაახარჯა და 1977 წელს Victoria’s Secret-ის პირველი ხაზი გამოიტანა დახლზე. Victoria – ბრიტანეთის დედოფალსა და ვიქტორიანულ ეპოქაზე მიანიშნებს (ცხადია, მცირედ ირონიაა ჩაქსოვილი). Secret – სამოსის იმ დეტალს, რაც, ჩვეულებრივ, დაფარულია (ბრენდის კონცეფციის გათვალისწინებით, ესეც ირონიაა). Angel – რაიმონდის მეუღლის მოფიქრებულია, კოლეჯში ქალთა საზოგადოების სიმბოლოდ ყავდათ ანგელოზი.
პირველივე წელს ფირმის ბრუნვამ ნახევარ მილიონს მიაღწია. 80-იანებში ბრენდი სწრაფად იზრდებოდა, მაღაზიათა რაოდენობა 400-ს აცდა. 90-იანებში – კიდევ უკეთესი. 1995 წელს ანგელოზთა პირველი ჩვენება გაიმართა. ულამაზესი მოდელები, თვალწარმტაცი ჩვენებები, ერთგული კლიენტები, რომელთა შორის იყვნენ სელებრითებიც და რიგითი დიასახლისებიც.
მაგრამ ეს ყველა წარსულში დარჩა. დღეს სულ უფრო ბევრი ცნობილი ქალი უცხადებს უარს ბრენდს, რომელიც, მათი აზრით, სექსუალურ სტერეოტიპებს ამკვიდრებს და უარს ამბობს თვალსაწიერის გაფართოებაზე. ქალთა მოძრაობის აქტივისტები კომპანიას თხოვენ კარი გაუხსნას ტრანსგენდერ, პლუს-საიზ (უკაცრავად ამ სიტყვისთვის და – პუტკუნა) და ასაკოვან მოდელებს, მაგრამ წლევანდელ შოუშიც კვლავ ის ანგელოზები მონაწილეობდნენ, წინა წლებშიც რომ ვხედავდით. და სხვა ახლები, ვინც იმავე, ძველ ანგელოზურ სტანდარტებში ეტევიან.
ქალები არ არიან სექსუალური მაცდური არსებები, რომელნიც თეთრეულს მხოლოდ მამაკაცის თვალსასეიროდ ყიდულობენ, – ეუბნებიან კრიტიკოსები Victoria’s Secret-ს. შოუ ანგელოზების მონაწილეობით მაჩისტური და პატრიარქალური ეპოქის გადმონაშთია და მამაკაცის ჟურნალის ვიდეო-დამატებას ემგვანება. სიტყვები სიტყვებად, მაგრამ კლიენტები კუპიურებითა და პულტებითაც იგივეს ამბობენ – კომპანიის გაყიდვები საშუალოდ 5%-ით მცირდება წლიურად, ანგელოზთა შოუს მაყურებელთა რაოდენობამ კი ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის 5 მილიონით იკლო.
წლევანდელი ჩვენების შემდეგ Victoria’s Secret-ს ბოლო წლების მთავარი ანგელოზი ადრიანა ლიმა დაემშვიდობა. პროტესტის არა – ასაკის გამო. დიდი ცვლილებებია მენეჯმენტშიც: წლის განმავლობაში და ბოლომდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს კომპანიას CEO-ს თამადობით.
ამბობენ, ანგელოზების უკანასკნელი შოუ იყოო წელს. ამბობენ, ანგელოზების ეპოქა დამთავრდაო.
დრო გვიჩვენებს.
თუმცა… ლიმას გარეშე რომც გაგრძელდეს, რაღა ფასი აქვს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ეხლა წასვლის დრო იყო? ხუთი წელი კიდევ თავისუფლად დარჩებოდა.
LikeLike
J Lo-ს რომ ვუყურებ, კიდევ ათი წელიც დარჩებოდა ლიმა 🙂
LikeLike