1915 წელს კაზიმირ მალევიჩმა შავი კვადრატი დახატა და ყველამ თქვა და დღემდე ამას ამბობენ – განა, მე ვერ დავხატავდიო.
კი, ყველა დახატავდა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ მალევიჩმა დახატა და არა სხვამ. მალევიჩმა მოიფიქრა, დაეხატა ყველაზე ცნობილი ნახატი მსოფლიოში (შეიძლება, მხოლოდ “მონა ლიზა” ჯობნის ცნობადობით). ტილოს ესთეტიკურ-მხატვრულ მნიშვნელობაზე არ ვამბობ – იდეა იყო მარტივი და გენიალური.
ასეა “ლუბუტანებიც”. სტილეტოს ძირის წითლად შეფერვა გენიალური იდეა იყო. შეიძლება, ბევრს მოსვლოდა თავში, მაგრამ კრისტიან ლუბუტანს მოაფიქრდა და მისი კოპირება იგივეა, რაც “შავი კვადრატის” – უკეთეს შემთხვევაში პლაგიატია, უარეს შემთხვევაში – ყალბისმქმნელობა და მოტყუება.
კრისტიან ლუბუტანი ფეხსაცმლის ფილოსოფოსია და ატელიეც ჟან-ჟაკ რუსოს ქუჩაზე აქვს. სამი ქალი შემხვდა, მისეირნობდნენ და მათგან ერთი ბორბლებიან სავარძელში იჯდაო. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვაო. ბუნუელის ფილმის სცენას ჰგავდაო, – იგონებს ლუბუტანი, – მაშინ მივხვდი, რომ ფეხსაცმელი მეტია, ვინემ მხოლოდ ჩაიცვა და გაიაროო. ქალს, რომელიც პარალიზებულია და ეტლში ზის, სურს ფეხზე სტილეტოები ეცვასო.
ლუბუტანი მასწავლებლებად შარლ ჟურდანსა და როჟე ვივიეს ასახელებს. დაკიდევ – ენდი უორჰოლსა და სალვადორ დალის. სალვეატორე ფაირრაგამო ფეხსაცმელების ხაზის მთავარ დიზაინერად უძახდა – არ წავიდა. დარწმუნებული იყო, რომ წარმატებას მიაღწევდა და ყველა ქალს შეასკუპებდა “ლუბუტანებზე”. საქმე მარტომ წამოიწყო. სულ 200 წყვილი ფეხსაცმელი გაყიდა, დღეს – მილიონს ყიდის. ლუბუტანი ერთდროულად შემოქმედია და ვაჭარი (რაკი ეს სიტყვა ქართულში რუსთველმა “გააფუჭა”) კომერსანტს დავწერ. დიზაინერი და მარკეტოლოგი. სოციალური მედია, გამოფენები, გაზეთიც კი აქვს – Louboutin Times. ფეხსაცმელები Folies Bergère-ს (პოპულარული პარიზული კაბარეა) მოცეკვავეებისთვის. ბექსთეიჯ მომღერლებისთვის და მოცეკვავეებისთვის მიქ ჯაგერის შოუზე. ფეხსაცმელები ბეიონსესთვის, მადონასთვის, ჯეი ლოსთვის, მონაკოს პრინცესა კაროლინისთვის, მეგან მარქლისთვის, დაიან ფონ ფურსტენბერგისთვის, კარლა ბრუნისთვის. ვიქთორია ბექჰემისთვის. კატრინ დენიოვისთვის. ივ სენ ლორანმა “პენსიაზე” რომ გადაწყვიტა გასვლა, გამოსამშვიდობებელი კოლექციის წარდგენისას მოდელები “ლუბუტანებში” გამოკაკუნდნენ. ბარბისაც კი “ლუბუტანები” აცვია ხოლმე.
ერთხელ ფეხსაცმლის მოდელზე მუშაობდა და უკმაყოფილო იყო. თითქოს, არა უშავდა რა, მაგრამ რაც მინდოდა, ის ვერ იყოო… სულ ამ ფეხსაცმელზე ფიქრობდა და ვერ გაეგო, რა აკლდა. მაშინ იყო, ვიღაც გოგონას მოკრა თვალი, ლაქს რომ ისვამდა ფრჩხილებზე. წითელს. ადგა და შავი ძირები გადაღება.
ეს იყო გენიალური მიგნება მისთვის და უძირო ჭა ყალბისმქმნელებისთვის. ერთმა გაქნილმა იტალიელმა ძირებზე მისაკრავი წითელი სტიკერების გამოშვება დაიწყო სლოგანით: გადააქციე შენი ფეხსაცმელი მაღალი მოდის ნიმუშადო.
დიზაინერი წლებია ცდილობს წითელ ძირებზე საავტორო უფლებების დამტკიცებას. სტილეტოს ძირის წითლად შეფერვას არ აქვს სხვა მიზანი, თუარა მოატყუოს კლიენტი, რომ ისინი ჩემია, – ამბობს ლუბუტანი. მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ბევრს არ ესმის. ვინც შემოქმედად მხოლოდ და ვინჩის აღიარებს და გამოგონებელად – ილონ მასქს. და თუ რამე მარტივი მოიფიქრე, რასაც “ყველა შეძლებს” – არაფერი ხარ.
სასამართლო პროცესი ლამის უკვე 10 წელია მიდის, მაგრამ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს ამასწინდელი გადაწყვეტილება ამ ხანგრძლივ პროცესებს, ალბათ, დაასრულებს – ივნისის თვეში ECJ-მ დაადასტურა კრისტიან ლუბუტანის ინტელექტუალური საკუთრების უფლება წითელ ძირებზე.
ახლა ეს განჩინება ლუბუტანმა ლუქსემბურგიდან ჰააგაში უნდა წაიღოს, სადაც მისი და ერთ-ერთი ჰოლანდიური ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის პროცესი მიმდინარეობს. ჰააგის სააპელაციო სასამართლოს, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ლუბუტანისთვის წითელ ძირებზე უფლების დამტკიცება მოუწევს. ასე ამბობენ იურისტები. ECJ ევროპის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა და მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.
როგორც ჰენრი ფორდი იტყოდა – მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმისაა წკაპუნები, მთავარია წითელი ძირები ჰქონდესო.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ასევე:
მაღალი ქუსლები