გასტრონომიული ლეგენდა ამბობს, რომ 1920 წლის ერთ საღამოს, რესტორნის სამზარეულოში მოფუსფუსე სახელგანთქმული ფრანგი შეფის და კონდიტერის, ჟორჟ ოგიუსტ ესკოფიეს ფეხმრუდ შეგირდს აუსხლტა ფეხი და მთელი თუნგი ნაღები მოთუხთუხე შოკოლადის ქვაბში ჩაეღვარა. ჰაიტ, შე თუნგო, შენო! – შესძახა თურმე განრისხებულმა ესკოფიემ და კინკრიხოზეც უთუოდ წამოარტყამდა… მაგრამ, რომ გასინჯა, ნახა ეს ნაღებშერეული შოკოლადი კარგი რამ იყო, ადგა და ბურთულებად დააგუნდა – ასე დაიბადა ტრიუფელი. ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი შოკოლადის ტკბილეული, რაც მოუგონიათ. ნაღებიანი ცხელი შოკოლადის მასას, რომელიც ტრიუფელის დასამზადებლად გამოიყენება განაში ქვია, ალბათ, იმ შეგირდის საპატივცემულოდ
(ganache – ფრანგულად ბრიყვს, ხეპრეს ნიშნავს).
სახალისო ისტორიაა, თუმცა, ფრანგი კულინარი-ენციკლოპედისტები განაშის ავტორად სხვა ფრანგ კონდიტერს, სიროდენს (Siraudin) ასახელებენ. დოკუმენტურად დასტურდებაო, რომ განაშიანი ტრიუფელი 1850 წელს უკვე მზადდებოდა Pâtisserie Siraudin-ში. შვეიცარლები, ცხადია, არ ეთანხმებიან – სიროდენი ჯერ სად იყო, პაპაჩვენნი ჟენევის ტბისპირ განაშიან ტრიუფელებს რომ მიირთმევდნენო… დროში იწვიან – შოკოლადში რძის დამატება შვეიცარლებმა სიროდენზე 25 წლით გვიან მოიფიქრეს – დადასტურებული ამბავია.
(თუმცა, ვინმე მეტყვის, ესკოფიეს ისტორია ემაგად აითვალწუნეს ფრანგებმა და უფრო ძველი სიროდენისა გამოჩხრიკესო).
ფრანგი მკვლევრები ამბობენ, სახელი “განაში” სიროდენმა ამ კოკლოზინს ფრანგი დეპუტატების სიბრიყვის აღსანიშნად დაარქვაო – XIX საუკუნის შუაწელი დიდი დომხალის წლებია, როცა უპრაკუნო ხარჯვის გამო, ჩვენიარიყოსდა, ფრანგებს ბიუჯეტი გაერღვათ და გადასახადების აწევით იყვნენ გატაცებულნი. ასე გააძვირეს შაქრის იმპორტი, რაც კონდიტერთა ბიზნესს აზარალებდა. მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია – სიროდენმა მაგიერის ძებნა დაიწყო, შავი შოკოლადის მწარე გემოს ჩაქრობა, თურმე, ნაღებით სცადა და მიღებულ მასას პოლიტიკოსთა საპატივცემულოდ განაში უწოდა.
კარგი ისტორიაა, ლიბერტარიანული.
ვის როგორ გენებოთ, იმ ამბავს დაუჯერეთ. მითუფრო რომ, სანამ ფრანგები და შვეიცარლები დაობენ, ბელგიელები ამზადებენ მსოფლიოში უგემრიელეს ტრიუფელს. Neuhaus-ის ტრიუფელი ყველაზე განაშური ტრიუფელია მსოფლიოში.
თბილისში კი კაფე-ბუტიკ “არტიზანს” გირჩევთ. გემრიელი ტრიუფელები აქვთ მათაც.
სხვათა შორის, ტრიუფელს კიდევ იმად აფასებენ თავად შოკოლადმაისტერები, რომ გემოსა და ფანტაზიის ასპარეზს გაძლევს – რეცეპტურის უთვალაობასა და მრავაფეროვნებას ვერ გაწვდები. ასე განსაჯეთ, ანაშიანი განაშითაც კი ამზადებენ ტრიუფელს. მაგრამ ხილით იქნება, ლიქიორით თუ ანაშით – ყველა განაში კულინარიის კულტურაა ჩვეულებრივი. კიარადა არაჩვეულებრივი. ზღაპრულად გემრიელი.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
სხვადანარჩენი კი:
ბელგიური ტრიუფელი: Neuhaus Chocolates
ფრანგული ტრიუფელი: Truffettes de France (ChocMod)
შვეიცარული ტრიუფელი: Lindt
ქართული ტრიუფელი: შოკოლატერია არტიზანი
P.S.
სხვათა შორის, სუსნია მარშლის კოკლოზინი პრალინეც ფრანგების მოგონილია.
P.P.S.
“ბლუმბერგი” კაკაოს დეფიციტს და ფასების ზრდას პროგნოზირებს საგაისოდ. ტრიუფელი, რომელსაც დავაგემოვნებთ დღეს იაფად, ხვალ უფრო ძვირად მოგვიწევს. ჰოდა, გადადებული საქმე ეშმაკისაა.
რას გვერჩი ამ დილაადრიან? 😦
LikeLike
რა იყო, დადარაჯებული ხარ, როდის გამოქვეყნდებოდა? 🙂
ეკლერებში ჩადი, მაგათაც აქვთ შოკოლადი 🙂
LikeLike
შოკოლადი საოცრებაა ზოგადად ყველა სახეობის.
თბილისში ნოიჰაუსი იყიდება სადმე?
LikeLike
კი ყველა შოკოლადი კარგია, მაგრამ ბელგიური ტრიუფელი მაინც გამორჩეულია. 🙂
უცნაურია, მაგრამ ტრიუფელი არ იყო ჩემ საყვარელ შოკოლადებს შორის. ასე მეგონა, სანამ ნოიჰაუსის ტრიუფელს გავსინჯავდი.
თუმცა ტრუფეტ დე ფრანსიც არაა ცუდი.
არ შემხვედრია
ნოიჰაუსი კიარა, კოტდორი შემოქონდათ და ეგეც აღარ შემოაქვთ.
არც ფრანგული ტრიუფელი მინახავს.
ისე, ბელგიური ტრიუფელი იყიდება, სპარშიცაა და კარფურშიც. ბევრია სხვადასხვანაირი, ერთი ფირმისაა ოღონდ.
ცუდი არაა, მაგრამ პრემიუმი არაა, მაგიერ, ფასიც არაა პრემიუმი. 🙂
LikeLiked by 1 person
ჰამლეტზე ამბობ?
თუ კიდევ სხვა იყიდება?
გემრიელი შოკოლადი აქვთ.
http://www.hamlet.be/en
LikeLike
კი ეგაა.
ცუდი არაა. უბრალოდ არც რაღაც განსაკუთრებულია.
რაც აქ შემოდის ყველას კი ჯობია. 🙂
LikeLike
ლიბერტარიანული ისტორია მომეწონა 😀
ძალიან ნუ გადავდებთ, მართალი ხარ 🙂
LikeLiked by 1 person
Yes, we can
LikeLike
პარიზზე აღარ იქნება? თუ ეს პოსტიც პარიზის ნაწილია? 🙂
LikeLike
Oui c’est fini
LikeLike