მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
პარიზი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც შიმშილით სიკვდილიც კი ხელოვნების აქტად განიხილება.
კარლოს რუის ზაფონი. “ქარის ჩრდილი”
ანიდან ჰოემდე, უფრო ზუსტად კი – უნიმდე: პარიზში ხომ სულ 20 მუნიციპალური რაიონია.
პარიზი-1
წინა პოსტებში ცენტრზე ვამბობდი და თუ მაინცდამაინც რომელიმე ერთი უბანი უნდა თქვა პარიზის ცენტრად, ეს, ალბათ, პირველი უბანია. იმიტომ თუნდაც, რომ ისაა პირველი და ყველაზე ძველი, აქედან იწყება თანამედროვე ადმინისტრაციული და ქრონოლოგიურ-ისტორიული ათვლა. კელტები პირველ საუკუნეში დასახლდნენ აქ და ციხე-სიმაგრე ააგეს, რომლის ირგვლივაც შენდებოდა ქალაქი, დღეს რომ პარიზი ქვია. პირველ რაიონში მდებარეობს სამეფო ლუვრი და რიშელიეს პალე როიალი, ტიულრის ზღაპრული ბაღი, პატარა ტრიუმფალური თაღი და ორანჟერის მუზეუმი. აქ მდებარეობდა ევროპის ერთ-ერთი უძველესი ბაზარი, რომლის ადგილას დღეს სავაჭრო ცენტრი ფორუმ დეზ ალია. მის მახლობლადაა სენ-ესტაშის ეკლესია – პარიზის ერთ-ერთი ულამაზესი გოთიკური ტაძარი, სადაც კოლბერის საფლავია და საფრანგეთში უდიდესი ორღანი (კვირა საღამოს შეგიძლია დაესწრო და მოუსმინო საორღანო მუსიკას, უფასოდ, ცხადია).
პარიზი-2
მეორე უბანი, ტრადიციულად, ფინანსურ ცენტრად ითქმის – აქ არის საფონდო ბირჟა და ბევრი ბანკის სათაო ოფისიც იყო, თუმცა ზოგმა – ლა დეფანსს მიაშურა.
პარიზი-3
მესამე ცნობილია ლე მარეს კვარტლით: ოდესღაც აქ ჭაობი იყო (პირდაპირი მნიშვნელობით) დღეს – შოფაჰოლიკთა ჭაობია 🙂 უთვალავი ბუტიკით. ბევრია კაფე და გალერეა. აქ მდებარეობს პიკასოს მუზეუმი. ყველაზე ჭრელი უბანია. ებრაული და ლგბტ კვარტლებით. ტოლერანტი და სხვის საქმეში რომ არ ყოფს ცხვირს – ისეთი.

პარიზი-4

ქალაქის ადმინისტრაციული ცენტრია – აქ მდებარეობს მერია. აქ ცხოვრობდა ჰიუგო. მე-4 უბანში მდებარეობს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, პომპიდუს ცენტრი და ოდესღაც იყო ბასტილიის ციხე, რევოლუციის სეკვესტრში რომ მოყვა. დიუმა თუ გიყვართ, მარკიზი დე სიული გემახსოვრებათ ჰუგენოტთა ბელადი, ანრი ნავარელის (ანრი IV) მხარდამჭერი და პრემიერ-მინისტრი. ამ უბნელი იყო და მის სასახლეში დღეს ქანდაკებათა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერთა და თანამედროვე ფოტოგრაფიის საგამოფენო პავილიონია.
პარიზი-5

ასე, პარიზი-5 ქვია პარიზის უნივერსიტეტის კორპუსს სორბონად რომ ვიცნობთ. მუდამ მოფუსფუსე, კოლორიტული და მხიარული ლათინური კვარტალი (იყო დრო – სტუდენტები ლათინურად ლაპარაკობდნენ, აქედანაა სახელიც) უამრავი კაფე-ბარით, რომლებიც ბოლო კლიენტის წასვლამდე მუშაობს. ფასები ზომიერად ასატანია. ღირშესანიშნაობებს შორის, ცხადია – პანთეონი. პანთეონში კი – ფუკოს ქანქარა.
პარიზი-6
არისტოკრატული, ფეშენებელური, ინტელექტუალური და ბოჰემური. სენ-ჟერმენის მონასტერში მოღვაწეობდა რენე დეკარტი. ამ მონასტერში ფრანკთა მეფეების განსასვენებელია. აქ ცხოვრობდა ეჟენ დელაკრუა. მისი სახლ-მუზეუმის მახლობლად კი სენ სიულპისის ტაძარია (დიუმას მოყვარულთათვის ეს ანა ავსტრიელის პატრონაჟით აშენებული ტაძარია და დენ ბრაუნის მოყვარულთათვის კი – და ვინჩის კოდის). ვისი მოყვარულიც არ უნდა იყო – მე-6 რაიონში იხილავ ლუქსემბურგის არაჩვეულებრივ ბაღს, მარია მედიჩის ლუქსემბურგის სასახლით. თეატრალებს – ოდეონის თეატრი დააინტერესებთ.
NB! მე-5 და მე-6 უბნები ერთ-ერთი საუკეთესოა, იმჰო. თუ რამე სასტუმრო/ბინა ზომიერ ფასში ნახე – დაჯავშნე ეგრევე!

პარიზი-7

ეიფელის კოშკი და ამით ყველაფერია ნათქვამი. იმპრესიონიზმის მოყვარულთათვის – ორსეს მუზეუმი. ქანდაკების მოყვარულთათვის – როდენის სახლ-მუზეუმი. ბონაპარტისტებისთვის – ინვალიდების სასახლე. მონარქისტებისთვის – ბურბონებისა.
პარიზი-8

შანზ-ელიზე და ტრიუმფალური თაღი. აქ არის ალექსანდრე III-ის ხიდი, ორი: დიდი და პატარა სასახლეები. მოედანი, სადაც გილიოტინა იდგა და სადაც ბევრმა, ლუი XVI-იდან რობესპიერამდე თავები დატოვა – დღეს თანხმობის მოედანი ჰქვია და ეგვიპტური ობელისკი დგას. მადლენის (მარიამ მაგდალინელის) ტაძარი და ბორდელი 1-2-2 (დღეს ამ შენობაში მშრომელთა პროფკავშირია).

NB! მე-7 და მე-8 უბნები ყველაზე ტურისტულია. როდესაც ტურისტი მეტია ადგილობრივზე, სულაც არაა, იმჰო, კარგი, თუ ქალაქის შეგრძნობა გსურს. მაგრამ დასათვალიერებლად და სასეირნოდ ზღაპარი უბნებია.
პარიზი-9
პარიზის ყველაზე ძველი და ყველაზე მთავარი სავაჭრო ცენტრები: ყველაზე ძველი პრინტამპი და ყველაზე მთავარი გალერი ლაფაიეტი. ამ უბანში მდებარეობს ოპერა და ფოლი ბერჟერის კაბარე (აქ დადიოდა ედუარდ მანე, კონფერანსობდა ჟან გაბენი, მღეროდა მორის შევალიე და ცეკვავდა ჟოზეფინ ბეიქერი – ჯაზისა და სტრიპტიზის ვარსკვლავი, ვისი ამბავიც ერთხელ უკვე მოვყევი). მე-9 რაიონშია ცვილის სკულპტურების გრევენის მუზეუმი.
პარიზი-10
თუ მატარებლით ჩადიხარ (ან – ავტობუსით) მე-10 რაიონში განლაგებულია ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის სადგური, მაგრამ ჯობს სხვა სადგური აირჩიო, განსაკუთრებით, თუ ღამით გიწევს ჩასვლა-გამგზავრება.
პარიზი-11
სტუდენტური/ახალგაზრდული რაიონია – ბინები იაფია, უამრავი კაფე, ბისტრო და კლუბი… ბევრი ჰოსტელია და სასტუმროებიც – დემოკრატიულ ფასად. ახლო წარსულში მაინცდამაინც უსაფრთხო ადგილად არც ამას მიიჩნევდნენ, თუმცა პოლიციის ყურადღებამ ბოლო წლებია შედეგი გამოიღო. დღეს თუ პარიზში საგრიალოდ, საგულაოდ და თავზე დასამხობად მიდიხარ – შესაფერისი ადგილია. მონმარტრზე, პიგალზე და ლათინურ კვარტალზე იაფი. მე-11 უბანშია პარიზის ახალი (ბასტილიის) ოპერა (ბასტილიის მოედანი ერთდროულად რამდენიმე უბნის კვეთაზეა).

პარიზი-12
ლიონის ისტორიული და ლამაზი სადგური და მისი ნაწილი სადგური ბერსი (თუ მატარებლით აპირებ ჩასვლას – ყველაზე უსაფრთხო და სწორი არჩევანია). ეს “მწვანე” უბანია: ბერსის პარკი, ვანსენის ტყე და ზოოპარკი. აქ მდებარეობს სინემატიკის მუზეუმიც.
პარიზი-13
აქაური ჩაინა-თაუნი.
პარიზი-14
ცნობილია კატაკომბებით. აქ მდებარეობს პარიზის ობსერვატორია და მონპარნასის სასაფლაო.
- ჩვენთან რომ მთაწმინდაზე ასაპლაკუნებლად ძიძგილაობენ და საფრანგეთის პანთეონის მაგალითს იშველიებენ, ეგკიარა, ზოგი იმასაც დარდობს, რა ჯანდაბაა, რატომ დროზე არა ვკვდები, ემანდ რომ მოვკვდები, ადგილები შევსებული არ დამხვდესო… აი, აქ, მონპარნასის სასაფლაოზე უბრალო და უცნობ ადამიანთა გვერდით მშვიდად განისვენებენ: სარტრი და ბოვუარი, ბექეთი, იონესკუ, ბოდლერი, სენ-სანსი, ღმერთი ფოტოაპარატით ხელში – მენ რეი, ჟერარ ური (“დოყლაპია”, “დიდი გასეირნება”), პუანკარე, ლევერიე, სერჟ განსბური. ხულიო კორტასარის საფლავს კი საგანგებო “ყულაბა” აქვს (ასე ამბობენ, ნამყოფი არ ვარ) – თუ რამ სათქმელი გაქვს მწერლისთვის, დაწერ და ჩააგდებო. მაგრამ ამბის მიმტანი იმდენია – ვერ იტევს და საფლავის ქვაა მოფენილი წერილებითა და მონეტებით.
პარიზი-15
მონპარნასის კოშკი. პარიზის ექსპოს საგამოფენო სივრცე და პავილიონები. პატარა გალერი ლაფაიეტი და პატარა თავისუფლების ქანდაკება. ამ ჯერზე სწორედ ამ უბანში გავჩერდი. წყნარი, მშვიდი რაიონია. ძირითადად საშუალო კლასი ცხოვრობს, ჩვეულებრივი პარიზელები. პეროსა და პრეტენზიების გარეშე. კაფე-მაღაზიები, სადაც ტურისტები ცოტაა და ადგილობრივები – ბევრი.
პარიზი-16


რესპექტაბელური რაიონია, მდიდარი პარიზელების და საელჩოების უბანი (ჩვენებიც აქ არიან – პუანკარეს პროსპექტზე). ამ უბანში მდებარეობს კლოდ მონეს მუზეუმი (ჯერ მარმოტანის მუზეუმი ერქვა, ახლა მარმოტანის მონეს მუზეუმი ჰქვია – ჟიულ მარმოტანი მონეს ნახატების უმდიდრეს კერძო კოლექციას ფლობდა, მისმა შვილმა, პოლმა ეს კოლექცია ნაპოლეონის ეპოქის ექსპონატებით გაამდიდრა და ბოლოს ქალაქს აჩუქა სამუზეუმოდ). მე-16-შია ბალზაკის სახლ-მუზეუმი. კიდევ ბევრი სხვა მუზეუმია – თანამედროვე ხელოვნების, ღვინის, ბროლის, არქიტექტურის, ლუი ვიტონისა და ყველაზე უცნაური და სახალისო ლილოს მუზეუმი. (არა, ასე არ ქვია – ნაყალბევი პროდუქციის მუზეუმი ქვია. იგივე “ტავარი” როა, მაგრამ სამჯერ იაფად – აი მაგის). მუზეუმში ნაყალბევის გარდა ორიგინალი საქონელიცაა. ატრაქციონი იპოვე 3 განსხვავება. აქაა როლან გარო, პარკ დე პრენსი, ბულონის ტყე და პარიზის აკვარიუმი (შაიოს (ტროკადეროს) სასახლის კომპლექსში – არქიტექტურის, საზღვაო და კიდევ რამდენიმე სხვა მუზეუმია ერთად).
პარიზი-17

კონგრესის სასახლე (საკონცერტო დარბაზია და სავაჭრო ცენტრი). ლუი ფილიპემ (იმჟამად ჯერმხოლოდ ორლეანის ჰერცოგმა და შემდგომ – მეფემ) აქ გააშენა პარკი, რომელიც ქალაქს გადასცა. პარკი დღეს მონსოს პარკადაა ცნობილი (კაცმა რომ თქვს, მე-8 რაიონს ეკუთვნის, მაგრამ იქ ისედაც ბევრია და მე-17-ში დავწერ – აქეთაც გადმოდის ცოტა).
პარიზი-18

მონმარტრი და პიგალი, მულენ რუჟი და საკრე-კერის ბაზილიკა. ხმაურიანი, ეთნიკურ-კულტურულად მრავალფეროვანი და ბოჰემური ადგილია. მხატვრები, მეძავები, კაფეები და სექს-შოფები. მონმარტრის სასაფლაოზე განისვენებენ დეგა, ამპერი და ფუკო. დალიდა (მომღერალია) და დაუმსახურებლად მივიწყებული დიზაინერი პოლ პუარე. ამ უბანში მდებარეობს დალის მუზეუმი, ჟანა დ’არკის სახელობის ტაძარი, და კაფე des Deux Moulins, რომელიც ფილმ “ამელიშია” (ამ კაფეში ნამყოფი არ ვარ და, გაგიკვირდებათ, მაგრამ არც “ამელი” მინახავს).

NB! მონმარტრი და პიგალი, მიუხედავად მითქმა-მოთქმისა, უსაფრთხოა. მაქსიმუმ შეზარხოშებულ ადამიანებს გადაეყარო. კიდევ მეძავებს, სუტენიორებსა და ნარკომოვაჭრეებს. ყველაზე მოსარიდებელი ე.წ. “ოქროს წვეთის” კვარტალია (La Goutte d’Or)… პრინციპში, არც არაფერი გესაქმება მანდ – მე-18 რაიონის ძირითადი სანახაობებიდან დაშორებულია.
პარიზი-19
მეცნიერების მუზეუმი – დიდი ცენტრია პავილიონით, კინო-თეატრებითა და სხვა. პარიზის ფოტოებზე უზარმაზარი ვერცხლისფერი ბურთი თუ გინახავთ – ეგაა სწორედ. პოლიციამ ბევრი იღონა და აქაური არამიმზიდველი კრიმინალური სტატისტიკა მნიშვნელოვნად გამოაკეთა, მაგრამ დასაბინავებლად მაინცდამაინც მიმზიდველი უბანი არაა და “ტურისტული” პარიზიდან – დაშორებული..
პარიზი-20
პერ-ლაშეზის სასაფლაო. პარიზის კიარა, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სასაფლაოა, ამიტომ აქ დასაფლავებულთა გვარებს არ ჩამოვთვლი. ემიგრანტების უბანია, ფასები დაბალია, კომფორტიც – შესაბამისი. ამას, მე-19 მსგავსად და კიდევ მეტადაც, არცთუ უსაფრთხო რაიონად მიიჩნევენ.


პირველ პოსტში დავწერე, რომ ის ყველა ხმა, რომ პარიზი “გაფუჭდა”, “გაშავდა”, “გაბანძდა” და ათასი მსგავსი – ჭორი და სისულელეა და სხვა არაფერი. ჩემი, გარეშე დამკვირვებლის თვალით, არაფერი შეცვლილა დიდად და, თუ შეიცვალა, პირიქით – ყოველ ჩასვლაზე უკეთესი ქალაქი მხვდება. უფრო სუფთა, უფრო ტექნოლოგიური, უფრო კომფორტული. ინგლისურად მოლაპარაკე პარიზელების რაოდენობა ყოველ ჯერზე მატულობს (დრო იყო, მაღაზია-კაფეებში ვერ ლაპარაკობდნენ და ამ ბოლო ჯერზე მეტროს თანამშრომელი ისეთი მშვენიერი ინგლისურით დამელაპარაკა – ბონკის მოსაწონი). ლადურე და ფოშონი ადგილზეა და სხვებიც შეემატნენ. დისნეილენდში ახალ-ახალი ატრაქციონებია. მოკლედ – ყველამ თავის არბატს და მოსკოვის გამზირს მიხედოს… ერთი ეგაა, ყოველ ჯერზე ძვირდება პარიზი. რაც მართალია – მართალია.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
პარიზი: ტურისტული პრაქტიკუმი (ნაწილი 1)
პარიზი: ლუვრიდან-ვერსალამდე (ნაწილი 2)
პარიზი: ორი სიტყვით ყველაფერზე (ნაწილი 3)
პარიზი, ბევრი სიტყვით მთავარზე (ნაწილი 4)