პარიზი: ლუვრიდან-ვერსალამდე (ნაწილი 2)

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

პარიზი ყოველთვის საუკეთესო იდეაა.
ოდრი ჰეფბერნი. ბილი უაილდერის “საბრინა”

პარიზის ღირშესანიშნაობების ჩამოთვლას რა პოსტი დაიჭერს?

სულ რომ არვინ გიხსენოს, ეიფელის კოშკს, ტრიუმფალურ თაღს, ლუვრს… ისედაც ნახავ. და კიდევ ბევრ სხვას (სადამდეც დრო გაგწვდება).

მაგრამ, ეგებ, მეც გირჩიო რამე.

მუზეუმები

ლუვრი, მონა ლიზა… “ამ ქალბატონს საუკუნეების მანძილზე იმდენი აღუფრთოვანებია, რომ ახლა თავად წყვეტს, ვინ აღაფრთოვანოს და ვინ – არაო” – რანევსკაიას უთქვამს კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი ჩინოვნიკისთვის.

მაგრამ ლუვრში არ არიან იმპრესიონისტები. ამიტომ თუ უდიდესი ფრანგი მხატვრების ხილვა გსურს – უნდა ეწვიო ორსეს, ორანჟერის და მარმოტანს (ეს ბოლო კლოდ მონეს პერსონალური მუზეუმია, თუმცა მონე ორსეში და ორანჟერიშიც არის).

დაკიდევ – როდენის მუზეუმი. სკულპტურის მოყვარულთათვის ეს მუზეუმი მასთსია.

Paris-2018-07 Centre Pompidou (1)

ავანგარდისტები და თანამედროვე ხელოვნება – პომპიდუს ცენტრშია წარმოდგენილი. ექსპრესიონისტური და სიურეალისტური სკულპტურის მოყვარულებმა კი ალბერტო ჯაკომეტის პარიზულ მუზეუმს უნდა მიაკითხონ, რომელიც ახლახანს, ივნისის თვეში გაიხსნა (არ მინახავს, მაგრამ ამბობენ მდიდარი ექსპიზიცია არისო, თუმცა, ჯაკომეტის სკულპტურები ორსეშიც არის).

Smile

რაც ეხება პიკასოსა და დალის პარიზულ მუზეუმებს, პიკასოს და დალის მთავარი მუზეუმები, როგორც ამბობენ, ბარსელონაშია (მე არ ვყოფილვარ და ვერ შევადარებ). თუ დრო გაქვს – პარიზულის ნახვაც შეიძლება. დალის მუზეუმი ციცქნაა, ფერწერული ნამუშევრები ცოტა – ძირითადად სკულპტურებია, დეკორი და ავეჯი მეი უესთის წითელი ტუჩების ჩათვლით.

კინოს მოყვარულთათვის მასთ სი პარიზის სინემატიკია ექსპონატებით ლუმიერების, ჰიჩქოქის და ბევრი სხვა გენიოსის ფილმებიდან.

პარიზში ძმები ლუმიერების სახელობის სხვა მუზეუმიც არის – ლუმიერების ატელიე. ახალი გახსნილია და ტრადიციული და ავანგარდული, ძველი და ახალი ხელოვნების და გამოხატვის ფორმების შეხვედრის ადგილია. აი – რაღაც ასე. ჩემს იქყოფნაში გუსტავ კლიმტის დღეები იყო.

Paris-2018-07 Invalides (13)
Smile

NB! ინვალიდების სასახლეს (სამხედრო მუზეუმს) არ ვახსენებ, ჩემი “ბონაპარტიზმი” თავს რომ არ მოგახვიო. მაგრამ შეგახსენებ გაკვრით, რომ გენიოსი ადამიანის საფლავია აქ, სახურავიდან კი ლამაზი ხედი იშლება პარიზზე. მეორე დიდი გენიოსი დიუმა პანთეონშია დასაფლავებული ჰიუგოსა და ზოლას გვერდით.

ვერსალს რეკლამა არ ჭირდება, მაგრამ რაკი პარიზიდან შორსაა, ბილეთი – ძვირი, სანახავი კი – ბევრი, პირველ ჩასვლაზე სავერსალო დროის გამონახვა ჭირს ხოლმე.

თუ მოიხელთე დრო, არ ინანებ: სასახლე ნამდვილი საოცრებაა და ბაღი კი – სამოთხე. მხოლოდ, გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე ჩასვლა არ ღირს. ბაღის სილამაზით რომ დატკბე სრულად, საუკეთესო პერიოდი, ალბათ, მაისი და ზაფხულია.

ვერსალში RER მიდის, C ხაზი. როგორც წინა პოსტში ვწერდი, Navigo All Zones ვერსალამდე მგზავრობის უფლებას გაძლევს. Versailles Château-Rive Gauche სადგური სასახლიდან 10 წუთის სავალშია. გზად ქალაქ ვერსალის მერიის კოხტა შენობაც შეგხვდება.

RER-ის A ხაზით მიხვალ ვენსანის (ასე ვიცნობთ ჩვენ, თორემ სინამდვილეში ვანსენი ქვია) სასახლესთან, პარიზს გარეთაა და ხშირად, დროის დეფიციტის გამო, ესეც ტურისტულ “სეკვესტრში” ხვდება… სულ ტყუილად! ლამაზი სასახლეა მდიდარი ისტორიით (აქ არ მოვყვები – ბევრ ადგილს დაიჭერს).

RER-D პარიზს აკავშირებს სენ-დენისთან. სხვათა შორის, აქ არის სტად დე ფრანსის სტადიონი, მაგრამ მთავარი ღირშესანიშნაობა (თუმცა, ვისთვის-როგორ) სააბატოა დიდი ტაძრით და ფრანგი მეფეების განსასვენებლით.

ფონტენბლოს სასახლისკენ მატარებელი ლიონის სადგურიდან გადის. მგზავრობას Navigo (All Zones) ბარათი ფარავს. ნამყოფი არ ვარ, თუმცა სანახავია. პატარა, კოხტა ქალაქია და დიდი სამეფო რეზიდენცია.

Paris-2018-07 LVF (3)

ბულონის ტყისპირ, ფრანკ გერის ფუტურისტულ შედევრში ლუი ვიტონის ფონდის მუზეუმია.

გასული წლის მიწურულს სახლში, სადაც ივ სენ ლორანი ცხოვრობდა და ქმნიდა, სადაც იყო მისი ატელიე, მუზეუმი გახსნეს. ამ ჯერზე, სამწუხაროდ, დრო არ მეყო.

მოდა და დიზაინი თუ გაინტერესებს: გირჩევ მოინახულო MAD (დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი) და სრულიად გამორჩეული და არაჩვეულებრივი Palais Galliera (პარიზის მოდის მუზეუმი) – ამჟამად დაკეტილია და იქ რეკონსტრუქცია და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

NB! თუკი ამა წლის 12-14 ოქტომბერს მოგიხდა პარიზში ყოფნა, ხელიდან არ გაუშვა შანსი, ეწვიო LVMH ჯგუფში შემავალ 50-ზე მეტ მოდის სახლსა და საწარმოს, მათი დათვალიერება ამ სამი დღის განმავლობაში საგანგებო აქციის ფარგლებში უფასო იქნება! გამორჩეულად მაინც “ჟივანშის” ატელიეა საინტერესო – როგორც წერენ, მისი კარი ვიზიტორთათვის ასე ფართოდ არასდროს გაუღიათ, ამდენად, ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა.

მუზეუმები – იაფად

თითქმის ყველა ჩამოთვლილი მუზეუმის და კიდევ სხვა ბევრის (მონესა და ლუი ვიტონის მუზეუმის გარდა) მონახულების უფლებას გაძლევს მუზეუმის ბარათი. მსგავს ბარათზე უკვე ვწერდი სტამბოლის და ბელგიის პოსტებში. Paris Museum Pass-იც მათი მსგავსია. 6-დღიანი €79 ღირს. 2 ან 4-დღიანის ყიდვაც შეიძლება. ყველა ინფორმაცია ოფიციალურ ფეიჯზეა.

Paris-2018-07 Orsay (5)
Smile

NB! მუზეუმის ბარათი ბილეთის რიგს აგაცილებს! მერწმუნე, ეს დიდი შვებაა. რიგები (განსაკუთრებით ტურისტულ სეზონში) არის თვალუწვდენელი და გულგამწვრილებელი. მუზეუმებს საიტზე, როგორც წესი, ვიზიტორთა სტატისტიკაც უდევთ ხოლმე – როდისაა პიკური დატვირთვა. ჩვეულებრივ, დილით ადრე (გახსნისთანავე) და გვიან (უშუალოდ დახურვის წინ) ყველაზე ნაკლები ხალხია… ცხადია, ეს მეორე სარისკოა – შეიძლება ცხვირწინ მოგიხურონ კარი. მე დილით ადრე ვიზიტს ვამჯობინებ ხოლმე.

NB! ვერსალის დათვალიერებას ერთი სრული დღე მიაქვს. ლუვრს – რამდენიმე. ორსე – 3-4 საათი მაინც… და ა.შ.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

___

პარიზის მუზეუმის ბარათი

პარიზის ტურიზმის საინფორმაციო ბიურო

Musée Marmottan Monet
2, rue Louis Boilly – 75016 Paris

Musée d’Orsay

1, rue de la Légion d’Honneur – 75007 Paris

Musée national de l’Orangerie

Jardin des Tuileries, côté Seine – 75001 Paris

Musée Rodin

77, rue de Varenne – 75007 Paris

Centre Pompidou
Place Georges Pompidou – 75004 Paris

La Cinémathèque française – Musée du Cinéma
51, rue de Bercy – 75012 Paris

Basilique cathédrale de Saint-Denis
1, rue de la Légion d’Honneur – 93200 Saint-Denis

Château de Vincennes

1, avenue de Paris – 94300 Vincennes

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: