კი მიხვდებოდი, ამჯერად რაღაც რომ ხდებოდა. კრიშტიანო რონალდოს, ჟორჟ მენდეშსა და ფლორენტინო პერესს შორის ხდებოდა რაღაც ჭორებს იქეთ. არამხოლოდ ტყუილი მითქმა-მოთქმა. არა როგორც წინა წლებში. კვამლს მიღმა ცეცხლის ალიც ჩანდა და ეს-ესაა აგიზგიზდებოდა კოცონი, რომელსაც ვეღარ ჩააქრობ. ალბათ, არც ფლორენტინოს და არც რონალდოს აღარ სურდათ ჩაქრობა. რეალობაა, მაგრამ მაინც სიურეალისტური სურათია – კრიშტიანო, რომელიც “რეალიდან” მიდის. ვერ იჯერებ, რომ მითქმა-მოთქმა არ მიჩუმდა. ყველაფერი ისე შორს წავიდა, რომ ვეღარ მოაბრუნებ. კი იცოდი, ერთ დღეს ასე მოხდებოდა. ხედავდი, რომ ეს დღე უკვე ახლოს იყო, მაგრამ მაინც შოკირებული ხარ. გაიღვიძე დილით და მადრიდმა ოფიციალურად გამოცხადდა: კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში გადავიდა.
რონალდოს წასვლა გარდაუვალი იყო და მიზეზებიც აქვს, თუ რატომ მოხდა წელს და არა 2021-ში. მადრიდის რეალის გულშემატკივრებისთვის ამ მიზეზების მიღება რთულია: 33 წლის ასაკში რონალდო კვლავ იმ დონეზე თამაშობს, ბევრი დიდი ფეხბურთელის პიკურ ფორმას რომ სჯობნის. ის პლანეტის კვლავ საუკეთესო გოლეადორია. იდეალური სპორტსმენი, რომელიც თავის სხეულზე ზრუნავს საუკეთესო სპორტული მეცნიერების დახმარებით. მაქსიმალისტია. არ ეპუება ასაკს და სტანდარტებს არ თმობს. მას არ მოყირჭდა. ის არ დასრულებულა.
მაგრამ მის გამგზავრებას ბევრი მიზეზი აქვს. მადრიდისტებო, ნუ აყვებით ბრაზს და ნუ იჩქარებთ ფლორენტინო პერესის ავკაცად ხსენებას. რონალდოსა და მადრიდის გაყრის დღე დადგა და ეს დროული იყო არამხოლოდ რონალდოსთვის, არამედ – ეპოქისთვის. ამ ზაფხულს გუნდი ზინედინ ზიდანმა დატოვა, ბევრი გულშემატკივარი ფიქრობს – ნაჩქარევად, მაგრამ ზიდანი ხედავდა დინებებს, რაც მის კონტროლს მიღმა იყო და რაც ჩვენთვის უხილავია. აწონ-დაწონა ყველაფერი და მიიჩნია – ის კაცი არ არის, ვინც მომავალი გამარჯვებების გარანტი იქნება. თეთრ ხომალდს ახალი კაპიტანი სჭირდება, განახლება, ახალი სისხლი და სუფთა ფურცელი. ხულენ ლოპეტეგი ახალგაზრდა ფეხბურთელების გარშემო ახალი გუნდის ასაწყობად მოდის. ლოპეტეგი კარგად იცნობს ახალი მადრიდის ახალგაზრდულ ბირთვს. კრიშტიანო რონალდო მათ შორის არაა.
რონალდომ ყველაფერს მიაღწია, როგორც მადრიდის რეალის ფეხბურთელმა. ყოველთვის არის ზღვარი, რასაც ვერ დაძლევ. კლუბის სხვა ლეგენდების მაგალითიც თვალწინ ჰქონდა – ვინც დარჩა გუნდში იმდენხანს, რომ ჩავარდნა დაეწყო. რაულსაც და იკერ კასილასსაც კი შეაქციეს გულშემატკივრებმა ზურგი. ეს არ იყო კარგი. რონალდომ იცის, ისე, როგორც ზიდანმა – უნდა წახვიდე მანამ, სანამ ამ ზღურბლთან აღმოჩნდები. და მხოლოდ თამაშის ხარისხშიც არ არის საქმე – ადამიანის ბუნებაა. წახვიდე და დატოვო საუკეთესო მოგონებები. ისე, რომ გული დაწყდეთ და მოენატროთ. და წახვიდე, სანამ ახალი გამოწვევებისთვის ხარ მზად. ეს თითქმის შეუძლებელი იქნებოდა 36 წლის ასაკში, როდესაც მისი კონტრაქტი ამოიწურებოდა. კრიშტიანო კი არ არის იმ ტიპის კაცი, ჩრდილში დგომა რომ შეუძლია. ცხრა წლის შემდეგ ტოვებს მადრიდს ურიცხვი ჯილდოებითა და საუკეთესო ფეხბურთელის “ოქროს ბურთებით”. მან გადაწერა რაულის რეკორდები. აჯობა დი სტეფანოს. საუკეთესო ფეხბურთელია კლუბის ისტორიაში. ცხრა წლის შემდეგაც შეინარჩუნა თამაშების/გოლების თანაფარდობა.
მადრიდის რეალის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ფეხბურთელის სურვილითა და თხოვნით” რონალდო ტოვებს კლუბს. თავად ფეხბურთელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოსამშვიდობებელ წერილში, რომ კლუბის ნება არ ყოფილა მისი გაშვება: “ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დროა და ამიტომ ვთხოვე კლუბს, წასვლის ნებართვა, – წერს რონალდო, – ვწუხვარ, რომ ეს დღე დადგა და გთხოვთ ყველა თქვენგანს, განსაკუთრებით ჩვენს გულშემატკივრებს, გამიგოთ”.
ამ კონტექსტში, კლუბის მიერ გაცხადებული “ფეხბურთელის სურვილითა და თხოვნით” ასე შეგვიძლია წავიკითხოთ: “რონალდოს ჰქონდა მოთხოვნები, მათ შორის, ხელფასის გაზრდის, რისთვისაც იუვენტუსი იყო მზად და ჩვენ – არა. ამიტომ დროა, გადავიდეთ ახალ ეპოქაში. გვჭირდება ახალი სისხლი, რომელიც იჩქეფს განახლებულ სისხლძარღვებში. ისევე, როგორც დაგვჭირდება სუპერვარსკვლავები, რომლებიც შემოგვიერთდებიან.
თითქმის ცოდვილი სულსწრაფობაა, ახლავე განვიხილოთ, როგორი იქნება ეს “ახალი ეპოქა”, მაგრამ გვინდა თუ არა, რონალდოს შემდგომ ეპოქაში ვართ უკვე და პერესი არ დათანხმდებოდა რონალდოს წასვლას ისე, რომ სამომავლო ნაბიჯები არ ჰქონოდა გათვლილი. ეგებ, რონალდო მაინც წასულიყო, მაგრამ ფლორენტინოსაც შეეძლო მაქსიმალურად აღდგომოდა წინ – მაგალითად, პორტუგალიელის ხელფასი ცხრა მილიონი ევროთი გაეზარდა. რაღაც გეგმა რომ არ იყოს, იქნებ და ამ ორს, განზიდვის ნაცვლად, საერთო გზა გამოეძებნა.
მადრიდის რეალმა შეიძლება განაგრძოს გამარჯვებები, ან, შესაძლოა, კიდევ ერთი ეპოქაც შექმნას, მაგრამ უეჭველია, რომ დროის ახლო მონაკვეთში რეალი რონალდოს გარეშე ვერ იქნება უკეთესი, ვიდრე რონალდოსთან ერთად იყო. ვერვინ გაიტანს ისე, როგორც – რონალდო. არავინ იქნება მისებრ თავდაჯერებული. ვერ გამოვა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და 97-ე წუთზე ვერ დაარტყამს თერთმეტმეტრიანს ისე, თითქოს პატარა კენჭს აგდებდეს თვალუწვდენელ ზღვაში. იუვენტუსმა რონალდოსთან ერთად მისი ყვერებიც შეიძინა. რა თქმა უნდა, მათ შეიძინეს რონალდოს ბრენდის ძლევამოსილებაც, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მიყავთ ფეხბურთელი, ვინც დაეხმარება იმ თამასის დაძლევაში, რომელთანაც ასე ახლოს იყვნენ ბევრჯერ და წაიბორძიკეს. იტალიურ ხომალდზე იყო გამოცდილი გუნდი და ჰყავდათ განსწავლული კაპიტანი, ჰქონდათ ზუსტი რუკები და ბევრი სანავიგაციო ხელსაწყო, მაგრამ ახლა დაიმატეს სუპერ-იარაღი, ვინც გასულ წლებში არაერთგზის დაცხრილა და დაუნდობლად მისცა ფსკერს. ჩემპიონთა ლიგაზე საფინალო გოლები, ზეციდან გასროლილი მაკრატელა, აუღებელი პენალტი ბოლო წამებზე… ამიერიდან ეს ზარბაზანი იტალიელთა ხომალდზეა.
მადრიდის კი – კარგავს. არ ვამბობ მხოლოდ ნიჭზე. იმ სიცარიელეზე, რაც შესავსები იქნება. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძლევამოსილებას აკლდება. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ყველა: მოდრიჩი, რამოსი, კროოსი. ისინი გამორჩეული და ბოლომდე ვერდაფასებული გმირები არიან, მაგრამ ვერც ერთი მათგანი დგას რონალდოს სიმაღლეზე. მადრიდის რეალმა ახლა უნდა ჩაანაცვლოს ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ოდესმე რომ უთამაშია კლუბში, ისევე როგორც მწვრთნელი, ვინც კლუბი დიდების მწვერვალზე აიყვანა. ბევრი ზუსტი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, ამ ორმაგ ნოკდაუნს რომ არ ემსხვერპლონ.
ახლა რონალდოს გარეშე გამარჯვებებისა და ტიტულების მოპოვება უნდა ვისწავლოთ. ახალი გამარჯვებები ვერ დააკნინებს იმას, რაც რონალდომ ამ ასაკში მოუტანა რეალს, მაგრამ დაადასტურებს, რომ კლუბი მოედნის მიღმაც სწორად იმართება. არც ფლორენტინო პერესი და არც ხოსე ანხელ სანჩესი არ მიიღებდნენ სწრაფ გადაწყვეტილებას. კლუბი ფინანსურად სტაბილურია. იყურება მომავალში. ეძებს ახალგაზრდა ტალანტებს: მარტინ ოდეგორი, როდრიგო, ვინისუს ჯუნიორი. მადრიდის ლეგენდებიც ფორმის პიკში იმყოფებიან. რეალს შეუძლია შესთავაზოს ისეთ ნიჭიერ მოთამაშეებს, როგორიცაა მარკო ასენსიო მეტი სათამაშო დრო, ხოლო გარეთ ბეილისა და ისკოს დარი ვარსკვლავების როლი და მნიშვნელობა გაზარდოს. ხამეს როდრიგესის დაბრუნების შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ სათვალავში.
თვალის მისადევნებლად ასეთი საინტერესო სატრანსფერო ფანჯარა, ბოლო წლებია, არ გვქონია. ატომური ბომბი აფეთქდა და ახლა რეაქციას ველოდებით. ის ვერსიაც არის, რომ რადიკალური ცვლილებები საჭირო არაა – რეალს უკვე ჰყავს რამდენიმე ფეხბურთელი “რონალდოს პოზიციაზე” თამაში რომ შეუძლია: გარეთ ბეილი, მარკო ასენსიო, ისკო. ხამესიც – თუმცა ის ჯერ-ჯერობით მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა. მაგიერ, ლუკას ვასკესმა გასული სეზონის თამაშით დაამტკიცა, რომ კარგი ვინგერია, შეტევაშიც რომ დაგეხმარება და დაცვაშიც არ დაგაღალატებს. თუკი ისკოს გადაწევთ მარცხენა ფლანგზე წინ, მაშინ მატეო კოვაჩიჩისთვის გამოათავისუფლებთ ნახევარდაცვაში ადგილს. თუ ედენ აზარს შეიძენენ, რას ნიშნავს ეს კლუბის სხვა ფეხბურთელებისთვის? და თუ აზარი რონალდოს შეცვლის, ვინ შეცვლის რონალდოს გოლებს?
რონალდოს გოლების შეცვლა შეუძლებელია. ის არის სტატისტიკური ფენომენი. მხოლოდ ორი ფეხბურთელია, 50-გოლიან სეზონს რომ ნიშნავს. ერთი რეალიდან წავიდა, მეორე რეალში არასდროს მოვა. სხვა ვინ დარჩა: ჰარი ქეინი, კილიან მბაპე ან ნეიმარი – არ არის გამორიცხული, მინიმუმ ერთი მათგანი მადრიდში ვიხილოთ, მაგრამ, ალბათ, არა ამ ზაფხულს. მაშინ ეძებ რობერტ ლევენდოვსკის / მაურო იკარის ყალიბის მოთამაშეებს, მაგრამ ამჟამინდელი ლევანდოვსკი ძველის აჩრდილია. იკარდი მკვლელი ფინიშერია, თუმცა, მოერგება კი ლოპეტეგის სქემას? ფორვარდის როლი იქ ფორვარდზე მეტია. ლოპეტეგი მოახერხებს გამოიყენოს იკარდი, როგორც იყენებდა დიეგო კოშტას, მაგრამ ის მაინც იმგვარ მწვრთნელადაა ცნობილი, რომელიც ფორვარდისგან განსხვავებულ უნარს ითხოვს. გაჯერებული ნახევარდაცვითა და ცრუ ცხრიანით მიაღწია ლოპეტეგიმ წარმატებას. კარგა ხანია, რაც იაგო ასპასისა და როდრიგო მორენოს ამჯობინებს, ვინემ – ალვარო მორატას.
წმინდაწყლის ფორვარდის ძებნამ შეიძლება ის ფეხბურთელი მოიყვანოს კლუბში, ლოპეტეგი რომ ვერ გამოიყენებს. თუ ედენ აზარი იქნება ზაფხულის დიდი ტრანსფერი, “შეძლებს თუ არა აზარი რონალდოს გოლების ჩანაცვლებას” შეკითხვა ასე უნდა გადავასხვაფეროთ: “საიდან მოიტანს გუნდი რონალდოს გოლებს?”. არის მოსაზრება, რომ გუნდურობაზე უნდა აეწყოს გუნდი. აზარი და ბეილი შეძლებენ 40 გოლის გატანას, კიდევ 15-20 გოლი ყულაბაში ისკოსა და ასენსიოსგან და 20-იც ფორვარდისგან (ვინცარუნდა იყოს). არ არის ყველაზე მცდარი მოსაზრება. და შეიძლება, კარგად იმუშაოს კიდეც. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი შეტევა გვეყოლება, დედამიწაზე საუკეთესო ნახევარდამცველებით ფრთაშესხმული.
თითქმის შეუძლებელია, ითამაშო უკეთ, ვიდრე კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, მაგრამ როდესაც სხვა არჩევანი არ გაქვს, უნდა გამოიყენო ახალგაზრდა და ნიჭიერი რესურსი, რაც შემოკრიბე. ეს არის გზა რონალდოს გარეშე. ეს არის გზა ზიდანის გარეშე. განშორების ცრემლებითა და ემოციით სავსე, მაგრამ დადებითი ემოციით – რონალდოს და ზიდანის მემკვიდრეობა არ დაიკარგება კლუბში და ორივე მათგანი ვალმოხდილი, გამარჯვებული და დიდების ზენიტში წავიდა.
ავტორი: კიიან სობანი (ManagingMadrid.com-ის კოლუმნისტი)
თარგმანი: LV
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
თემის ირგვლივ: