მადრიდის რეალი–ევროპის დამსახურებული ჩემპიონი

მადრიდის “რეალმა” დაიმსახურა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამე თასი. ეს გუნდი ნებისმიერ ვითარებაში ახერხებს გამარჯვებას. ყოველთვის ვერ აჩვენებდა უზადო თამაშს, მაგრამ სიმშვიდემ, თავდაჯერებულობამ და კლასმა ისინი ევროპაში საუკეთესო გუნდად აქცია.

ისინი ამბობენ: ეს “რეალი” ვერაფერს აჩვენებს ისეთს, დიდ გუნდად რომ იწოდებოდეს. ისინი ამბობენ: რეალს უმართლებს. ხან ინდივიდუალური ოსტატობის, ხან კეთილგანწყობილი მსაჯების, ხანაც მეტოქეთა წარმოუდგენელი იაღლიშის ხარჯზე გადის ფონს. არ შეგეკამათებით, მაგრამ ჯერ ვერცერთმა გუნდმა მოახერხა აქამდე დიადი გამარჯვებების მოპოვება ბედის საწინააღმდეგოდ. და ვერცერთმა გუნდმა მოახერხა აქამდე დიადი გამარჯვებების მოპოვება მხოლოდ იღბლის წყალობით.

პერესისა და ზიდანის “რეალზე” საუბრისას მათ ავიწყდებათ, რომ “ბაიერის” კარში ზიდნის მიერ გატანილ გასაოცარ გოლსა და ბიელის მაკრატელას შორის ბევრი წელი გაილია ყლეპროჭაობაში(*). მათაც კი, გალაქტიკოსებმა, ერთ გუნდში შეკრებილმა სუპერგმირებმა, ვერ შეძლეს ევროპაში დომინირება და აბა, იმ ქაოსის წლებზე რაღა უნდა ვთქვათ, რამონ კალდერონის ჰოლანდიელთა ბანდა რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალს ვერ ცდებოდა.

RMUCL13

“რეალის” მიმქრალი ბრწყინვალების დაბრუნება ვერც “წყალზე მოსიარულე” ჟოზე მოურინიომ შეძლო, რომელიც სამი წელიწადი ამაოდ დაშვრა ევროპის მთავარი თასის ფინალში გასაღწევად და ბოლოს მხოლოდ ერთხელ მოგებული ჩემპიონატით დაკმაყოფილდა.

შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა – კარლო ანჩელოტისეულ ევროპულ გამარჯვებას ბენიტესის აშლილობა მოჰყვა და სამკურნალოდ უხმეს ზინედინ ზიდანს და მის ხელში “რეალი” შეიცვალა.

ისინი, ვინც მილენიუმის შუა წლებიდან ქომაგობენ “რეალს”, ემახსოვრებათ მხოლოდ და მხოლოდ უპრეცედენტო მიღწევები, უსასრულო გამარჯვებები, ლეგენდარული გოლები, ჯილდოები, რეკორდები განფენილი ძალიან განსხვავებული ფეხბურთელების ფერხთით, რომელნიც ზიდანმა საკვირველად დიდ გუნდად შეკრა. “რეალი”, რომელიც ყოველთვის ითვლებოდა მარკეტინგისა და იმიჯის სინონიმად,  “რეალი”, რომელსაც აღელვებდა მხოლოდ ბურლესკი და გლამური, 2014 წლიდან  ხმაურიანი გარიგებებისგან თავს იკავებს და აგებს ხერხემალს, რომელიც არამხოლოდ პრიალა გამოცემების ჰედლაინის გმირზე დგას.

მადრიდის “რეალს” მოთავეობს მწვრთნელი, რომელიც გვარდიოლას ტაქტიკური ექსცენტრიკისა ან კლოპის ემოციური სიშლეგისგან შორს დგას. თავშეკავებული ზიდანი ყველა საჭირო თვისების იდეალური ნაზავია. მას სჯერა მისი ფეხბურთელების, მაგრამ მათ უფროსად რჩება და არა ძმაბიჭად, საფუძვლიანად სწავლობს კონკურენტებს, მაგრამ დროს არ კარგავს ტაქტიკური წვრილმანების დევნაში.

მადრიდის “რეალი” აღარ ლამობს ყველას ყიდვას, ვისი სახელიც გახმაურდება, მაგიერ ახერხებს ლუკას ვასკესისა და რონალდუს, გარეთ ბეილისა და ნაჩოს, კეილორ ნავასისა და კროოსის ერთ სათამაშო სქემაში განთავსებას. მანაც კი, ფლორენტინო პერესმა საფულე შორეულ უჯრაში გადადო და მის სამეფოში ვარსკვლავების ნაცვლად ახალი და ახალბედა უსახელო ფეხბურთელების მოვლინებას ითმენს.

ამ გუნდს მთელს მსოფლიოში უკავშირებენ BBC-ის, კრიშტიანუს პათოსურ აღნიშვნებისა და რამოსის ახალ-ახალ უსასრულო ტატუს, მაგრამ სინამდვილეში მისი სიმბოლო მარსელო და მოდრიჩია. მსოფლიოს საუკეთესონი თავ-თავიანთ პოზიციებზე. რომლებიც ამით არ ყელყელაობენ და ყველაფერს სწირავენ გუნდის წარმატებას. ერთი თამაშობს დაცვაში, მაგრამ  თავდამსხმელებზე უკეთ შეტევაც შეუძლია, მეორე ოპონენტებს ნიკაპამდე სწვდება, მაგრამ ჯერიდან ჯერზე ახერხებს ბურთის ართმევას და მეყსეულად აგზავნის მოედნის იმ წერტილში, სადაც მის გუნდს ჭირდება. ეს ორი მზადაა, იყოს ჩრდილში და ითამაშოს არა ლამაზად, არამედ – სადად, როცა გუნდი ითხოვს. ორი გენიოსი. ფეხბურთის ორი მუსიკოსი.

ევროპის ყველაზე ძლიერი საფეხბურთო დინასტიებს მუდამ უკან დასდევდნენ ხინჯის მოსაძებნად. გვარდიოლას “ბარსელონას” სიმულიანტების ჯოგს უწოდებდნენ და 90-პროცენტიანი ბურთის გორაობით “ნამდვილი” შემტევი ფეხბურთის მკვლელობაში დებდნენ ბრალს.  ფერგის “მანჩესთერ იუნაითედის” ჰეითერები მსაჯებთან გარიგებებზე გაჰყვიროდნენ და უშრეტი ბედ-იღბლის წყაროს სათავეს ეძებდნენ.

ასე ამბობენ “რეალზეც”. რა თქმა უნდა, მადრიდელების იღბალსაც ვერ დაემდურები. მეკარემ ვარჯიშის დროს არ უნდა დაუშვას შეცდომა, რომლის შემდეგ ბენზემამ ნახევარფინალსა და ფინალში გოლები გაიტანა. არალოგიკური იყო მარსელოს გოლიც იმავე ნახევარფინალში. “იუვენტუსთან”, “ბავარიასთან” მარცხს “რეალი” წარმოუდგენლად დაუძვრა. მაგრამ გაიმარჯვა და სულმოკლეობაა იმის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გამართლებაა.

გულზე ხელი დაიდოს ნებისმიერი გუნდის ქომაგმა და თქვას, ნუთუ ბედნიერების მეშვიდე ცაზე არ იქნება, როდესაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. თუნდაც, არ აჩვენოს იდეალური ფეხბურთი. თუნდაც გამართლებაც სდევდეს. ასე არ იყო “იუნაითედისთვის”, როდესაც უკვე ზეიმზე მოფიქრალ ჯონ თერის დაუცდა ფეხი? ან კაცნაკლული “ჩელსი”, რომელიც ჯერ სასწაულით გადაურჩა “ბარსას”. შემდეგ კი პენალტების სერიაში სძლია რკინის გერმანელებს მათსავე სტადიონზე? ეს გამარჯვებები არ არის ოდენ იღბლის შემოქმედება, მაგრამ იღბალმა სხვა პეწი შესძინა, ჰოლივუდის სპორტული დრამების დარი.

ისინი ამბობენ: “რეალი” უღიმღამოდ თამაშობს და როდესაც “ბავარია” ან “ლივერპული” “რეალის” კარზე მასიურ შეტევას იწყებს, მათ ეჩვენებათ, რომ ტლანქი თეთრი მანქანა დაიმსხვრევა – ნავასს ბურთი ხელიდან გაუვარდება, ნაჩო ფეხს ააცილებს, რამოსი კი წითელს აირტყამს. მაგრამ “რეალის” სისუსტეები ილუზორულია და რეალობაში მისი დამარცხება ჯერ ვერვინ შეძლო. ამას ჰქვია გამარჯვებულის მენტალიტეტი!

“რეალის” ფეხბურთელები სხვადასხვა ყაიდისა და ფილოსოფიის გუნდებზე გამარჯვებებს ითვლიან. ველური სიმეონეს “ატლეტიკო”. ალეგრის დისციპლინირებული “იუვენტუსი”. სარის ფრთაშესხმული ნაპოლი. ამ გამარჯვებებისთვის ყოველთვის საუკეთესო თამაშის ჩვენებაც არ დაჭირვებიათ. მათ გადალახეს ყველა დაბრკოლება და ყველა გარემოება საკუთარ უპირატესობად აქციეს. ნებისმიერ ფასად – სისხლის, გამართლების, სხვათა ტრავმებისა თუ საკუთარი გაძევების ფასად.

ეს “რეალი” არ უტევს როგორც კლოპი და არც დახვეწილ პასებს თამაშობს, როგორც გვარდიოლას “ბარსელონა”. მას სხვა ფილოსოფია აქვს. ერთადერთი ღირებულება, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველა სხვას სძლია, არის გამარჯვების ჟინი. მნიშვნელობა არ აქვს ამ გამარჯვებას ლორის კარიუსის შეცდომა მოიტანს თუ გარეთ ბეილის ყველაზე ლამაზი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში – ეშმაკი სხვადასხვა სამოსს ატარებს. მთავარია, მოვიდეს. და ის მოდის.

ყველა სხვა დიდი გუნდის მსგავსად, ზიდანის “რეალიც” გასრულდება – ყველა დიდ დინასტიას ელის ოდესმე მარცხი. მოუწევთ გადაწყობა. თაობების ცვლა უმტკივნეულოდ, ალბათ, ვერ ჩაივლის. რონალდო სადმე უფრო თბილ ქვეყანაში გაემგზავრება, რამოსი ვეღარ შეძლებს ხისტ თამაშს, ხოლო ზიდანი სხვა გუნდს ჩაუდგება სათავეში, სადაც მისი თავშეკავებულობა, შესაძლოა, უფერულობად იქცეს. მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევყურებთ გუნდს, სადაც ყოველი ჭანჭიკი და ბურთულა მის ადგილზეა. არც უთავბოლოდ უტევს, არც ყრუ დაცვაშია ჩამჯდარი. არც მხოლოდ კონკრეტულ ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობის იმედზეა, მაგრამ როდესაც საჭიროა, ეს ფეხბურთელები ამბობენ თავიანთ სიტყვას. არ არის უნაკლო, მაგრამ ხანდახან ბედსაც ღიმილს გამოსტყუებს.

ამ “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის სამი გამარჯვება დაიმსახურა, რადგან თავისი უპირატესობები გამოიყენა და ნაკლოვანებების საზღაურიც გამონახა. არ იყო იმიჯისა და სქემების მძევალი და მზად იყო, დაემორჩილებინა ყველა გარემოება. იმიტომ, რომ იყო განსხვავებული.

ავტორი: ვასილი ლეგეიდო (Goal.com-ის რედაქტორი)
თარგმანი: LV

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

( * ) ავტორს აქ “ფულის უაზროდ ფლანგვა, მცდარი დანიშვნები და მტკივნეული დამარცხებები” უწერია. მე, როგორც რეალის სტაჟიანმა გულშემატკივარმა და იმ წლების თვითმხილველმა, თავს ნება მივეცი, ევფემიზმები და კორექტულობა გვერდით გადამედო და ყველაფერს მისი სახელი ვუწოდე. Smile

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: