ამ პოსტს ფინალის გამართვამდე ვწერ და თუ ფინალში რეალმა ხასიათში არ ჩა***, მატჩის შემდეგ დავამთავრებ და გამოვაქვეყნებ.:)
ლიგა ტრადიციული ტურნირია და ფინალი რეალი – ლივერპულიც ძალიან ტრადიციულია. არა, ამ გუნდების გზა არ გადაჯვარედინებულა ევროპულ ასპარეზზე იმდენჯერ, რამდენჯერაც რეალისა და ბავარიის, მაგრამ ფინალური მატჩი მაინც ტრადიციული იყო – რეალსა და ლივერპულს აქამდე ერთად ჩემპიონთა 17 თასი ჰქონდათ მოგებული.
ამ ორ გუნდს ერთობლიობაში 22 ფინალი ჰქონდა ნათამაშები და სულ 5 წაგებული.
ეს ორი გუნდი საერთაშორისო ტურნირებში მათი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელია.
სხვა რა ჭირდება ფინალურ მატჩს, ევროპული კლასიკო რომ დავარქვათ?
ლივერპული ბოლო კლუბი იყო, ვინც ჩემპიონთა ფინალში რეალი დაამარცხა. მას შემდეგ რეალი უძლეველია და ვინ, თუარა ლივერპულმა უნდა დაარღვიოს ეს ტრადიცია? – ასე ფიქრობენ ლივერპულისა და ყველა სხვა ევროპული გრანდის გულშემატკივრები (რეალისა და ემიუს გარდა :))
მაგრამ, ესპანურ-ინგლისური ფინალებიც ტრადიციულია ევროთასებზე… და ინგლისელები ტრადიციულად მარცხდებიან. 🙂 იმ ქარიშხლის ვალს იხდიან უთუოდ, “უძლეველი არმადა” რომ მიმოფანტა.
ახლა, როცა ამ აბზაცს ვწერ, დარწმუნებული ვარ, რომ რეალი გაიმარჯვებს და ახლა, როცა ამ აბზაცს ვაგრძელებ, ვიცი, რომ ჩემი იმედები გამართლდა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ლიგა – რეალის ტურნირია. იმ 17 მოგებული თასიდან, ზემოთ რომ ვახსენე, მხოლოდ 5-ია ლივერპულის – დანარჩენი რეალისაა. და ლოგიკურია, რომ ახლა კიდევ ერთი მიემატა.
ლივერპული 11 წლის წინ იყო ბოლოს ფინალში, რეალი კი მოქმედი გამარჯვებულია და ბოლო გათამაშებების ტრიუმფატორი.
იმ, ლივერპულისგან მარცხის შემდეგ რეალმა 7-ჯერ დადო ლიგა! შვიდჯერ! – იმდენჯერ, რამდენჯერაც ლივერპულმა საერთოდ ითამაშა ფინალში ტურნირის ისტორიის მანძილზე.
ზიდანმა მესამედ მოიგო ლიგა მწვრთნელის რანგში და გაუთანაბრდა ლივერპულის მწვრთნელ ბობ ფეისლისა და კარლო ანჩელოტის. და რაც მწვრთნელი გახდა, ზიდანს ჯერ ფინალური მატჩი (ყველა ტურნირზე) არ წაუგია!
კლოპმა კი, მეზარება ახლა დათვლა და, რიგით მერამდენე ფინალი წააგო უკვე – ყველა ფინალს თუ დავთვლით.
ამას გარდა ზიდანმა ყველა ტოპ-მწვრთნელს, თუკი ვინმეა, სძლია უკვე: ანჩელოტი, ჰაინკესი, პეპი, მოუ და სხვანი…. კლოპი რჩებოდა და აგერ – კლოპიც.
ჰეითერებო – დაშოშმინდით.:) ეს უკვე ტრადიციაა.
როგორც პუიოლი წერს, დროა, სხვა გუნდებმა უკანალიდან პეროები გამოიღონ და პრიორიტეტებს გადახედონო. 🙂
რონის მადლობა და წარმატებები ყველგან… ცხადია, სანამ რეალს გადაეყრება.
დაბოლოს ერთ სამწუხარო ტრადიციაზე:
კარვახალი დაშავდა, ისე, როგორც 2016 წლის ფინალურ მატჩში. ის წელი ევროპის ჩემპიონატის წელი იყო და ამ ტრავმის გამო ფეხბურთელმა რანგით მეორე სანაკრებო ტურნირი გამოტოვა. წლევანდელ ფინალში მიღებული ტრავმის გამო კი – მსოფლიოსაც ტოვებს.
***
ზიზუ და ბექსი რეალსა და ფინალზე (ინტერვიუ მატჩამდე).
¡A por la 14!