აბიგელმა ის იყო მოასწრო და გაიფიქრა, რომ მის გვერდით ურჩხულია… შემდეგ შავმა ხვრელმა შთანთქა და სხეულის ყოველი წერტილი დავიწყებამ მოიცვა.
ფრანკ ტილიე. “ზმანება”
ქინგს ადარებდნენ. მწერლებს არ უყვართ ასეთი შედარებები, თუმცა, ვინც შეადარა – ქათინაურად. და რეკლამად კარგი სტარტისთვის – “ფრანგი ქინგი” ჟღერს. ხმაურობს… თუმცა, ეს ყველაფერი ადრე იყო. დღეს ფრანკ ტილიე (Franck Thilliez) უკვე ბრენდია. არვისთან შედარება ჭირდება – მისი სახელი წიგნის გარეკანზე საკმარისი მიზეზია, იყიდო/ჩამოქაჩო და წაიკითხო.
“ზმანება” (Rêver) მისი ახალი რომანია, და ბოლო, რომელიც წავიკითხე, თუმცა ტილიესთან ნაცნობობის გასაბმელადაც გამოდგება. ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც დაუწერია და ძალიან “ქინგური”. “ზმანებაში” ბევრი ფარული თუ ღია ციტირებაა და გადაძახილი ქინგთან და სხვა მწერლებთან და – არამხოლოდ. მოპასანი. გოია. გრანჟე. უეს ქრეივენი. ფაბულაც, თითქოს, ნაცნობია – მწერალი, რომელიც საკუთარ დემონებს ხვდება. პოლიციის ფსიქოლოგი, ვინც თავადაც იტანჯება ფსიქიკური აშლილობით. მანიაკი, ვინც ბავშვებს იტაცებს. საიქიოდან გამოგზავნილი კრიპტოგრამა. კოშმარული სიზმრები, რეალობად რომ იქცევა… მაგრამ ტილიე ისე წერს ამ, თითქოს უკვე ნანახ და წაკითხულ მოყირჭებულ ამბებს, არ გბეზრდება და ძნელია მოწყდე. ისე, როგორც ქინგმაც იცის.
რა დასამალია, კითხვისას ხანდახან “გადახტომა” გვიყვარს ხოლმე. მოიწყენ და – გადახტები. აბზაცს, გვერდს. ზოგჯერ – ფურცლებსაც. ტილიე ეგ შემთხვევა არაა. საუკეთესო მთხრობელია. თან “ზმანებაში” სულ მოგზაურობ დროში, სიზმარსა და რეალობაში. ყურადღებით უნდა იყო, თორემ ამბავი გაგექცევა. რომანის მთავარი გმირი, აბიგელი პოლიციის ფსიქოლოგია და სერიული მკვლელების ფსიქო-პორტრეტს ქმნის. თავად კი ძილის ფაზების დარღვევა სჭირს, კოშმარებს ხედავს და გამოღვიძებულს ზმანება და რეალობა ერთმანეთისგან ვერ განურჩევია. მეხსიერების ამოვარდნებიც აქვს, სრული სიამოვნებისთვის. ამ ტყუილ-მართალში გარკვევა, მასთან ერთად, გვიწევს მკითხველსაც.
“ზმანებაში” ერთი ასეთი ფენომენია აღწერილი – ორსაფეხურა სიზმრები: როდესაც კოშმარი გესიზმრება, თავის დაღწევას ცდილობ, გეღვიძება და კოშმარი კი ისევ გრძელდება… სიზმარი ხელს არ გიშვებს და ეს გაღვიძებაც სიზმარშია, თურმე. გესიზმრება, რომ გაიღვიძე. არ ვიცი, გეცნოთ თუ არა, მაგრამ მე მსგავსი რამ მქონია… კოშმარს ვერ ვიტყვი, მაგრამ უსიამოვნო სიზმარი, რომლის დასრულებაც ისე გეჩქარება, რომ გაღვიძებამდე სიზმარშივე “გეღვიძება”.
წიგნში რამდენიმე გადახლართული ისტორიაა. ბოლოს, როგორც დეტექტივის წესია, ყველამ ერთად უნდა მოიყაროს თავი და ასეც იქნება, როცა ბოლოში გახვალ. თუ ტილიეს სხვა წიგნები წაკითხული გაქვს (როგორც მე) ეგებ, ამ “ბოლოს” ამოცნობა არც გაგიჭირდეს. არის მოტივები, რომელიც რომანიდან რომანში დაყვება მწერალს… მეორე მხრივ, დანაშაულის ჩადენის მოტივი, ზოგადად, ბევრი არცაა. ანგარება. შიში. შურისძიება. ეჭვიანობა… სხვათა შორის ტილიეს ასეთი ციკლიც აქვს” “შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა”, თუმცა “ზმანება” ციკლს გარეთაა.
რაკი “ცოდვების” სერია ვახსენე, “თავბრუსხვევა” (Vertige) ტილიეს ძალიან კარგი რომანია “შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის” ციკლიდან. მწერლის გაცნობა ამ წიგნითაც შეიძლება.
კიდევ დაწერილი აქვს სერია პოლიციის გამომძიებლებზე ფრანკ შარკოსა და ლუსი ენებელზე. ამათგან ორი ფილმადაც არის. ამბობენ, რომ სერიალის გადაღებასაც გეგმავენ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ფრანკ ტილიე ი-რიდინგზე და ფლიბუსტაზე (რუსულად)
“მკვდრების ოთახი” (ფილმი. რუსულად)