არ იფიქროთ, რომ თეოლოგიაში შევიჭერი – სხვა მეორედ მოსვლაზეა, თუმცა ჩემთვის, შეიძლება ითქვას, თეოლოგიური პოსტია:
“ლაკოსტზეა” პოსტი. ბრენდის საქართველოში მობრუნებაზე.
პირველი მცდელობა წარმატებული ვერ გამოდგა. არ მახსოვს რამდენი ხანი – 1 თუ 2 წელი გაძლო და დახურეს.
“ლაკოსტი” “გალერია თბილისში” მეორე მცდელობაა. ამჯერად სხვა პარტნიორი ყავს – “დრესაპი”… ბრენდის წინა პარტნიორზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი (მითუფრო, რომ მაგისტრატურაში ვსწავლობდით ერთად ) – არც ფასები ჰქონდათ იმაზე მაღალი, რაც სხვაგან, არც ბუტიკის მდებარეობა დაიწუნებოდა (ჭავჭავაძის პროსპექტი), არც თავად ბუტიკის გაფორმება და ზომა, შემოტანილი კოლექციების არჩევანიც კარგი იყო – მრავალფეროვანი, აქსესუარები და პარფიუმიც კი იყიდებოდა… მაგრამ ვერ “ამოიქოქა”.
“დრესაპს” კარგი გამოცდილება აქვს – აქამდეც რამდენიმე ცნობილ მოდის ბრენდს წარმოადგენდა ჩვენ ქვეყანაში და ახლა “ლაკოსტიც” დაიმატა. “ლაკოსტი” ბუნებრივად ჯდება მათ “პაკეტში” – ძირითადად ყოველდღიურ, ე.წ. ქეჟუალ, სპორტულ და ახალგაზრდულ ბრენდებს წარმოადგენდნენ. ამას გარდა, მგონი, დროც შეიცვალა ცოტა. არა, მომხმარებელი გამდიდრდაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ფერებში გამოანათა.
“ლაკოსტის” საფირმო და ყველაზე ცნობადი პროდუქტი – ფერადი პოლოა. პირველად მოსვლის დროს თბილისის და საქართველოს გემოვნება ბევრად შავ-თეთრი იყო, ვიდრე ახლა. დღეს ფერები ნაკლებ გვაფრთხობს და წესით, უკეთ უნდა გაიყიდოს.
- ის რომ ყალბი პროდუქციით სავსეა ბაზარი – ეს ადრეც იყო და ახლაც არის და მომავალშიც იქნება… ერთმა ჩემმა მეგობარმა, გვარს არ დავასახელებ და თუ წაიკითხა ეს პოსტი კი მიხვდება,
ამასწინათ, სად არ ამხელს და, იყიდა ბოტასი, რომელზეც ნიანგი უკუღმაა.
თავდაყირა – არა, უბრალოდ სხვა მხარეს იყურება. ჩვენთვის რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა – ისე.
- სინამდვილეში ყალბი პროდუქცია არც ისეთი პრობლემაა, როგორც ჰგონიათ – ვინც ყალბს ყიდულობს, კარგად იცის, რომ ყალბს ყიდულობს და ნამდვილს მაინც არ იყიდის. პრემიუმ ბრენდის რეალურ სადისტრიბუციო ბაზარს ეს დიდად არ ამცირებს. ამიტომ მაქვს იმედი, მეორედ მოსული “ლაკოსტი” მეტხანს შემოგვრჩება, ვიდრე პირველ ჯერზე იყო.
“ლაკოსტის” მაღაზია “გალერია თბილისში” არ არის დიდი – ცხადია, ის მრავალფეროვნება, რაც “ლაკოსტის” ონლაინ მაღაზიაშია ან სხვა დედაქალაქების საფლაგმანო ბუტიკებში, თბილისურ ბუტიკში ვერ დაგხვდებათ, მაგრამ არჩევანს იტევს. ტანსაცმლის გარდა, ფეხსაცმელიც აქვთ, აქსესუარებიც და ზურგჩანთებიც კი.
არ შემოაქვთ საათები, სათვალეები და პარფიუმი (ეს “ვულე-ვუს” შემოაქვს
).
ფასებს რაც ეხება, ადამიანური ფასებია. რაც ამას ნიშნავს – “როგორც სხვაგან”. ის რომ სადმე სხვაგან (რაღა სხვაგან – ბევრგან) უკეთესი ეკონომიკაა და შემოსავლები, ამაში “დრესაპი” არ არის დამნაშავე. არც იმაშია დამნაშავე, რომ ქალაქში მტვერში წაიქცა ლარი და ჯერ არ გამოჩნდა კეთილი გამვლელი, ვინც წამოაყენებს.
ობიექტური რომ ვიყო, დავწერ: თუ ამერიკული მაღაზიიდან გამოიწერთ, ხშირ შემთხვევაში მოიგებთ ფასში – მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა “ლაკოსტმა” რამდენიმე წელია ფასები საგრძნობლად აწია, მაინც იაფია, ვიდრე ევროპული მაღაზიები… მაგრამ ფასთა სხვაობა თბილისურ და ამერიკულ “ლაკოსტს” შორის არ არის კრიტიკული. რაღაც მოდელებზე – მეტია, რაღაცაზე – ნაკლები. ფეხსაცმლის ზოგი მოდელი უფრო იაფიც კი გამოდის.
- მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ “გალიერიასა” და “დრესაპის” მესვეურები, Lacoste ქართულად უნდა დაიწეროს და გამოითქვას, როგორც ლაკოსტ-ი და არა ლაკოსტ-ა.
ასეა სახელობით ბრუნვაში. და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქალბატონი მზექალა შანიძეც (და)მეთანხმება.
და, რაკი კრიზისის კიდევ ერთი მსხვერპლი “მორელისი” აღარ გვყავს, “ლაკოსტიდან” გამოსულები იქვე “გალერიას” “მადოს” ეწვიეთ და ჩანაყინდით.
შოკოლადის ჩიზქეიქი აქვთ – სუპერ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
ბარემ, თბილისურ ტანსაცმლის მაღაზიებს ეხება და, კუდად დავწერ – “ბრუქს ბრაზერსის” აქაური ბუტიკი დაიხურა. გამიკვირდაო, რომ ვთქვა, ტყუილი იქნება. ერთი რომ ძალიან გაბერილი ფასები იყო, მეორე – არ ჰქონდათ სათანადო რეკლამა და შემთხვევით თუ მიაგნებდი. მესამე – რომც გადაყრილიყავ, მაღაზიას 1818 ერქვა და არა “ბრუქს ბრაზერს” და ვინმე ჩემნაირი შეშლილი თუ მიხვდებოდა, რა ბრენდისა იყო.
წელს “ბრუქსებს” იუბილე აქვთ – ორი საუკუნე! (ეს 1818-იც მაქედანაა ). მსოფლიოს უძველესი მოდის სახლი 200 წლისაა, ჩვენთან კი ერთი წელიც ვერ გაძლო.
P.P.S.
ამდენი რამ ერთად არასდროს დამირეკლამებია. ამიტომ ერთხელაც გავიმეორებ, რაც ადრეც მითქვამს – პოსტი არ არის სარეკლამო: არ ვმუშაობ არც “დრესაპში” არც “გალერია თბილისში” არც საპარტნიორო ფონდი მაფინანსებს, არც – ბატონი ბიძინა. ყველა ვინც/რაც შევაქე, იმიტომ მხოლოდ რომ – იმსახურებს.