წარსული არასდროს კვდება. წარსული არასდროსაა წასული.
უილიამ ფოლქნერი. “რექვიემი მონაზონისთვის”
პიესებს დიდად ვერ შევეწყე. არა ვწყალობ. რომ იტყვიან, მძიმედ მიდის. ჭრიალით. მაგრამ “რექვიემი მონაზონისთვის” (Requiem for a Nun) წაკითხული მაქვს. თან – ორჯერ. ისეთი “ხმაურიანი” საავტორო დუეტი ყავს: ფოლქნერი და კამიუ, ნებისმიერ ლიტერატურის გურმანს შეაცდენს. გვერდს ვერ ავუქცევდი.
“რექვიემი მონაზონისთვის” სასამართლო დეტექტივია. ფაბულა ბევრ სხვა წიგნსა ჰგავს, რაც წაგვიკითხავს თუ გაგვიგონია ან ფილმად გვინახავს – რესპექტაბელური თეთრკანიანი ამერიკელების ოჯახში მომუშავე შავკანიან გადიას (დღეს რომ აფრო-ამერიკელს იტყოდნენ და ფოლქნერისა და კამიუს დროს ფერადკანიანს ან, სულაც – ზანგს) ბავშვის მკვლელობისთვის ასამართლებენ.
- არ ვიცი, ახლა ეს პოსტი ვინ უნდა წაიკითხოს.
თუ “რექვიემი” წაკითხული გაქვს, ჩემი ნაწერი რა ჯანდაბად გინდა და თუ არ გაქვს წაკითხული – მითუმეტეს.
პიესად ვთქვი, თუმცა, “რექვიემი მონაზონისთვის” არც მთლად პიესაა და პიესაც არის. რთულ ფოლქნერისეულ სტილშია დაწერილი (აბა, ვის სტილში იქნება) – ხან პიესაა, ხან რომანი, ხან – პუბლიცისტიკა, ხან – რაღაც საშუალო. ამბავი რომ არ გაგექცეს, ყურადღებით უნდა იყო. ვინც ფოლქნერის შემოქმედება იცის, კი მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. ხან წარსულს გვიყვება, ხან აწმყოს, სინამდვილეში კი – მომავალს. მკვლელობის ისტორიაში ბევრი დინებაა და ფოლქნერი ყვება ყველაფერს, რაც ეძვირფასება და რაც ედარდება – ამერიკული სამხრეთის ისტორიას. სამოქალაქო ომის ისტორიას. რასიზმის ისტორიას. ამიტომ ვთქვი, ფაბულა ბევრ სხვა წიგნსა ჰგავს-მეთქი, რაც წაგვიკითხავს თუ გაგვიგონია ან ფილმად გვინახავს. ეგებ, “ნუ მოკლავთ ჯაფარას” გაგახსენდა ახლა, მაგრამ “რექვიემი” “ჯაფარამდე” 10 წლით ადრე გამოაქვეყნა ფოლქნერმა.
თეატრები “რექვიემით” მალევ დაინტერესდნენ. გამოცემისთანავე. მაგრამ პირველი მცდელობები წარუმატებელი იყო. დადგმამდეც ვერ მივიდა საქმე – მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების დიდი წილი ფორმით პიესაა, ფოლქნერისეული რთული წერის მანერა, თხრობის წყვეტილი სტილი და “ქვეცნობიერის ნაკადის” წიაღსვლები, რაც ასე უყვარს მწერალს, სასცენო ადაპტაციას ხელს უშლიდა. ამას გარდა, მხოლოდ “რექვიემის” სცენაზე გადატანა არ კმარა. ბევრი რამ ამ ნაწარმოებს მიღმაა და სიუჟეტის გასახსნელად კი – აუცილებელი.
- “რექვეიმი” დილოგიის ნაწილია და მწერლის სხვა რომანს “ტაძარი” (Sanctuary) აგრძელებს. ფოლქნერისთვის ჩვეული ამბავია ერთი წიგნის პერსონაჟების სხვა წიგნებში გამოჩენა – იმასაც ამბობენ და სამართლიანადაც, რომ მთელი ცხოვრება ერთ რომანს თხზავდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბმა ქრონოლოგიურადაც და აზრობრივადაც პირდაპირია. უშუალო. “ტაძრის” გარეშე “რექვიემის” მოსმენა შეიძლება, მაგრამ გაგებაა რთული.
თეატრებს გაუმართლათ – “რექვიემს” სხვა გენიოსი “პატრონი” გამოუჩნდა: გამოქვეყნებიდან 5 წელიწადში, ალბერ კამიუმ ფოლქნერის პიესა-რომანი კლასიკურ პიესად გადააკეთა. ფაბულა გამართა. ქვედინებები ერთ კალაპოტში მოაქცია. რაც “ზედმეტი” იყო – მოაცილა. რაც “აკლდა” – ჩაამატა.
დღეს ორი “რექვიემი” გვაქვს. ერთს ფოლქნერის ავტორობით გამოსცემენ ხოლმე და წიგნში, ჩვეულებრივ, ორი რომანია “ტაძარი” და “რექვიემი”. მეორე – ცალკეა და ავტორად წიგნს ფოლქნერი – კამიუ აწერია ხოლმე.
მე კი, ტრადიციულად, მაინც ფილმის ნახვას გირჩევთ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
ორთოგრაფიულ ლექსიკონში რომ “რეკვიემია”, ვიცი. 🙂 ჰოდა ამჩემფეხებს.
რეკვიემი თუ რექვიემი არ წამიკითხავს.
შენ გემოვნებას ვენდობი, მაგრამ…
LikeLike
კამიუს ვერსია შეგიძლია ნახო 🙂 მარტივია :))
ფოლქნერის “რექვიემი” ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წიგნია. მეც გამიჭირდა, მიუხედავად იმისა რომ ფოლქნერი ძალიან მიყვარს.
LikeLike
ფაბულას ვერ ვასფოილერებ 🙂 ყველაფერთან ერთად დეტექტივია და არ შეიძლება.
არვინ წაიკითხავს, მაგრამ მაინც :)))
LikeLike