პოსტი ეძღვნება ადამიანს,
ვინც ერმეს ნამცხვრები დააგემოვნა. 🙂
და ყველა მისალოცს, ეს ბედნიერება რომ წინ ელის.
მისი გვარი მოდის ცნობილ პარიზულ სახლს ჩამოგავს, თუმცა პიერ ერმე (Pierre Hermé) არც მოდელიორია, არც – დიზაინერი. და არც ნატიფ მოდასთან აქვს კავშირი… თუმცა, კაცმა რომ თქვას – აქვს. როგორ არ აქვს. მოდასთანაც. დიზაინთანაც. ხელოვნებასთანაც. ის ფრანგული ნატიფი კულინარიის წარმომადგენელია და ჟურნალ Vogue-ს შეფასებით, “ტკბილეულის პიკასო” და “დესერტის დიორი”. პიერ ერმე თავის საქმეში მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, მე პირადად, მათგან გამორჩეულად “მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერის” წოდება მომწონს, 2016 წელს რომ მიანიჭეს. კარგი მიზეზია, ეწვიო პარიზს და მისი რესტორანი მოინახულო (მითუფრო, თუ სხვა ყველაფერი – ლუვრი, ეიფელის კოშკი, მულენ რუჟი და დისნეილენდიც უკვე მონახულებული გაქვს
).
ერმეს მაწავლებელი თვით გასტონ ლენოტრი იყო. შემდეგ Fauchon-მა მიიწვია მთავარ კონდიტერად.
- გასტონ ლენოტრი ფრანგული კონდიტერიის ერთ-ერთი მეტრია, შოკოლადის ნამცხვარ “ოპერა”-ს შემქმნელი (თბილისურ საკონდიტროებშიც არის, გეცოდინებათ). ლენოტრს ბევრი უმაღლესი ლიგის კონდიტერი აღუზრდია. არამხოლოდ – ფრანგები.
- 1886 წელს აუგუსტ ფოშონის მიერ დაფუძნებული Fauchon ნატიფი კულინარიის სახლია. “გურმანების სამოთხეს” უწოდებენ და ყველგან და ყველაფერი რომ დაუგემოვნებიათ ის ხალხი “ფოშონის” ეკლერს მსოფლიოში უგემრიელესად მიიჩნევს. იმდენად ცნობილი და “საიმიჯოა”, რომ ამ ნამცხვრის გაფორმებაზე დიზაინერებს იწვევენ ხოლმე. ისევე როგორც – სხვა ტკბილეულის შესაქმნელადაც.
ერმე ცნობილია თავისი ექსპერიმენტებით, რის გამოც “კონდიტერ-პროვოკატორს” უწოდებენ. უყვარს ახალი გემოს შექმნა, როგორც პარფიუმერებს – არომატისა. უყვარს ინგრედიენტთა კონტრასტული და პარადოქსული ნაზავები. თუმცა, არც ტრადიციული გემო და ფორმებია მისთვის უცხო. პიერ ერმეს ტკბილეულის გამორჩეული გემო მრავალი ნიჭიერი ადამიანის შრომის შედეგია, მათ შორის არამხოლოდ კულინარები, არამედ მხატვრები და პარფიუმერებიც არიან.
ამბობენ, რომ ბორბლისა და ბევრი სხვა გენიალური გამოგონებისკენ ადამიანს სიზარმაცემ უბიძგაო. ერმეს ხელოვნებამ კი მსუნაგობაზე გაიარა. იგონებს, რომ ბავშვობაში ტკბილეულს უმალავდნენ… სიმსუქნისკენ მიდრეკილების გამო (ახლაც ვერ დავარქმევთ გამხდარს, მაგრამ გამხდარ შეფ-მზარეულს არ უნდა ენდოო, ნათქვამია), ამიტომ იძულებული იყო, დედისგან მალულად, თავად გამოეცხო.
მაგრამ, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, მისი საფირმო ტკბილეული ნაკლებად ტკბილია.
ერმეს მაკარუნისა და შოკოლადის ნამცხვრების სპეციალისტად მიიჩნევენ. არამხოლოდ აცხობს – წერს კიდეც. რამდენიმე წიგნი აქვს შოკოლადზე და ერთი – მაკარუნზე. მაკარუნი დიდად არ მიყვარს (ნამცხვარი, ზოგადად, ყველა მიყვარს – აქ მეტ-ნაკლებობაზეა მხოლოდ ), მაგრამ მისი შოკოლადის ტარტის დაგემოვნება კი მაქვს გეგმაში.
- ამ პოსტის წერისას ჯერ არა და ახლა, ამ ჩამატების დაწერისას უკვე დაგემოვნებული მაქვს პიერ ერმეს Plaisir Sucré (“ტკბილი სიამოვნება”). ეს ნამცხვარი ერმეს გენიის შექმნილია, მისია ორიგინალი რეცეპტურა – ფრანგული კულინარიის შედევრი. ერთ-ერთი ყველაზე ნატიფი, დახვეწილი და გემრიელი ნამცხვარი დედამიწის ზურგზე, რაც მიგემია. შოკოლადი, პრალინი, თხილი. ნამდვილი საოცრება.
როგორც ზემოთ დავწერე, პიერ ერმე მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერის ტიტულის მფლობელია. ცხადია, საფრანგეთის საუკეთესო კონდიტერის ჯილდოც აქვს. Culture Trip 10 საუკეთესო ფრანგ მზარეულს შორის ასახელებს. ორი პრესტიჟული ორდენით გულდამშვენებულია – “საპატიო ლეგიონისა” და “ხელოვნებისა და ლიტერატურის”. ერმე ერთადერთი კონდიტერია ამ მეორე, ექსკლუზიურად ხელოვანთათვის განკუთვნილი ორდენის კავალერთა შორის – თომას ელიოთის, ხორხე ლუის ბორხესის, ჯულიან ბარნსის, ნადინ გორდიმერის, რეი ბრედბერის, ბობ დილანის, ერიქ ქლეფთონის, რინგო სთარის, ფათი სმითის, იზაბელ აჯანის, შონ ქონერის, მარსელ მარსოს, მიხაელ ჰანეკეს, ოდრი ჰეფბერნის, დირქ ბოგარდის გვერდით.
2016 წელს Vanity Fair-ისეულ ყველაზე გავლენიან ფრანგთა სიაში პიერ ერმემ მე-4 ადგილი დაიჭირა. მისი რესტორანი მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანს შორის დაასახელეს. კონდიტერის ქანდაკება პარიზის ცვილის ფიგურების მუზეუმში, Musée Grévin-ში განათავსეს. სტატია კულინარის შესახებ კი – Larousse-ის ფრანგულ ენციკლოპედიაში. უკვდავებისკენ ერთი ნაბიჯი დარჩა – საფრანგეთის აკადემიის აკადემიკოსობა, რასაც მიაღწევს, ალბათ – ჯერ 56 წლისაა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Pierre Hermé Paris
72, rue Bonaparte
75006 Paris, France
https://polldaddy.com/js/rating/rating.jsამ პოსტის მხოლოდ წაკითხვით მოვიმატე ორი კილო :))
LikeLiked by 1 person
შოკოლადის ტარტალეტკა ნიგვზით ❤
სათვალეზე გკითხე რაღაც და არ მიპასუხებ? 🙂
LikeLike
https://polldaddy.com/js/rating/rating.jsგადაბრძანებულიყავი ბრიუსელიდან და გაგესინჯა. 🙂
ან გეუბნებოდით და წამოსულიყავი ზაფხულში ბატონო 😉
LikeLike