ჰედი ლამარის შუშის ჭერი

Hedy Lamarr

ძალიან ლამაზი ქალი იყო. პირველად რომ მოვკარი ფოტოს თვალი, ჰოლივუდის ვარსკვლავია – ვიფიქრე. ლინკზე გადავედი და – გამომიცნია. ჰედი ლამარი მართლაც ცნობილი მსახიობი იყო და მოდელი, ტიპური ჰოლივუდელი სელებრითის ცხოვრებით ცხოვრობდა – პრიალა ჟურნალის გარეკანები, წითელი ხალიჩები, საღამოები და რაუტები, ექვსქმარგამოცვლილი და მრავალი საყვარელი… პაპიროსსაც ეწეოდა კიდევ, მაგრამ ახლა ამ პოსტს რომ ვწერ, თურმე, მისი დამსახურებაცაა. და შენ რომ ამ პოსტს კითხულობ – ეგეც.

1942 წელს ჰედი ლამარმა (Hedy Lamarr) მიაკვლია და დააპატენტა მონაცემთა გადაცემის დაშიფრული კოდი, რომელიც სამხედრო გემებსა და წყალქვეშა ნავებს უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ არსებული სისტემების სრულ ჩანაცვლებას ითხოვდა. ტექნიკურადაც რთული იყო ეს ამბავი და დიდ დანახარჯებს მოითხოვდა, ამიტომ აშშ-ს სამხედრო უწყებამ უარყო.

გავიდა ზუსტად ოცი წელი და კარიბის კრიზისის დროს ამერიკის სამხედრო გემებმა კუბის ნაპირებთან ურთიერთკავშირი ლამარის კოდის მეშვეობით დაამყარეს.

გავიდა კიდევ სამი ათეული და ვაი-ფაის და მობილურის ციფრული სიგნალის გადაცემა სწორედ ლამარის კოდზე დადგა. ის დაუდეს საფუძვლად GPS-სა და ბლუთუსის სიგნალსაც.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ჰედი ლამარმა აშშ-ს “გამომგონებელთა ეროვნულ საბჭოს” (National Inventors Council) წევრობის თხოვნით მიმართა, მაგრამ – უარი მიიღო. იქ მიიჩნიეს, რომ ქალს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში მეტი წვლილის შეტანა შეეძლო, თუკი, როგორც პოპულარული მსახიობი, ე.წ. “სამხედრო ობლიგაციების” გაყიდვის სარეკლამო კამპანიაში ჩაერთვებოდა.

ჩემი გარეგნობა ჩემი წყევლა იყო, მომაყენა ბევრი ტკივილი და ტრაგედია ხუთი ათწლეულის განმავლობაში. ჩემი სახე არის ნიღაბი, რომელსაც ვეღარ მოვიშორებ. ერთად უნდა ვიცხოვროთ. მე და ჩემმა ბედისწერამ.
ჰედი ლამარი. “ექსტაზი და მე”, 1966

Hedy Lamarr Hollywood Star

გავიდა ბევრი წელი და დღეს ჰედი ლამარი “გამომგონებელთა დიდების ეროვნული დარბაზის” (National Inventors Hall of Fame) წევრია. 2014 წლიდან. გარდაცვალების შემდეგ. პოსტ-ფაქტუმ. ცხადია, “ჰოლივუდის დიდების ხეივანშიც” აქვს ვარსკვლავი, მაგრამ ეს ორი რატომ შეუშლიდა ხელს ერთმანეთს მის სიცოცხლეში, გაუგებარია.

  • სარეკლამო კამპანიაში კი ლამარი მართლაც ჩაება და აშშ-ს სამხედრო ინდუსტრიის მიერ მოქალაქეთაგან მოზიდულ თანხებში – მისი ლომის წვლილიცაა.

1997 წელს “ელექტრონულ ზღურბლთა ფონდმა” (Electronic Frontier Foundation) ჰედი ლამარი “პიონერის მედლით” დააჯილდოვა. ამ ჯილდომ მიუსწრო – გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე. “პიონერის მედალი” გადაეცემა ინდივიდებს კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. იმავე წელს ლამარის ნახატმა კომპანია “ქორელის” გრაფიკული პროგრამა CorelDraw-ს ყდა დაამშვენა.

სინემატოგრაფში ნაკლები დაბრკოლების გადალახვა უწევდა. მითუფრო – ჰოლივუდში. ჰედი ლამარი Metro-Goldwyn-Mayer-ის სახე გახდა და 30-50 წლებში არაერთ პოპულარულ ფილმში მიიღო მონაწილეობა.

გოგოებს სჭირდებათ იმის მოსმენა, რომ ლამაზები არიან. ზოგჯერ მაგია ამის თქმის შემდეგ იწყება.
ჰედი ლამარი

ჰოლივუდამდე კლასიკური მუსიკალური და თეატრალური განათლება მიიღო ავსტრიაში. მამა – ბანკირი იყო ლვოვიდან, დედა – პიანისტი ბუდაპეშტიდან. აქედან – მათემატიკისა და მუსიკის სიყვარული. თავად ვენაში დაიბადა. ადრევე გამოავლინა სამსახიობო ნიჭი, მაგრამ მისი თეატრალური კარიერა პირველმა მსოფლიო ომმა შეაბრკოლა. შემდეგ იყო ჰაბსბურგთა იმპერიის მსხვრევა და ვენის საიმპერატორო თეატრიც დაიშალა. ჰედი ლამარმა (რომელსაც იმ დროს ჯერკიდევ ჰედვიგ ევა მარია კესლერი ერქვა) კინოსტუდია Sascha-ს მიაშურა, სადაც სცენარებზე მუშაობდა – რეპლიკებს იგონებდა და დიალოგებს წერდა. რამდენიმე ეპიზოდური როლიც ჰქონდა და ერთი მნიშვნელოვანი – ფილმში “ექსტაზი” (Ecstasy) 1933 წელს. აქ პირველად გამოჩნდა შიშველი და სცენა, სადაც ტბაში ბანაობს, ისეთივე პოპულარული იყო ავსტრიაში, როგორც კაბააფრიალებული მერილინ მონროს ცნობილი კადრია დღეს. მეტსახელადაც შერჩა – “ექსტაზის ქალი”. ასე იცნობდნენ.

  • მისმა პირველმა მეუღლემ, იარაღის მეწარმე ფრიც მანდელმა “ექსტაზის” ყველა ასლის გამოსყიდვა და განადგურებაც კი სცადა. Smile კინოსტუდიამ არ დაუთმო. მაგიერ, ფილმებში გადაღება აუკრძალა ცოლს და 33-37 წლებში ლამარი ფაქტიურად შინაპატიმრობაში ყავდა.

ჯერ თავგუნება ქმარს გაექცა, შემდეგ – ქვეყანასაც. ანშლუსის შემდეგ უკან დაბრუნებაც აღარ შეეძლო. ლუის მეიერმა თავის კინოკომპანიაში მიიწვია და ამერიკას წარუდგინა, როგორც “მსოფლიოში ულამაზესი ქალი”. ბევრი ფილმი აქვს. ერთი პირობა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობიც იყო. ამბობენ, “კასაბლანკაშიც” უნდა ეთამაშა, მაგრამ რაღაც ეშმაკად სცენარი დაიწუნაო. როლი ინგრიდ ბერგმანს ერგო. ლამარისა და “კასაბლანკას” ამბავი, მგონი, ჰოლივუდურ ჭორს ჰგავს… თუმცა – ვინ იტყვის.

ბოლო მნიშვნელოვანი როლი ჟანა დ’არკია 1957 წლის ფილმში “კაცობრიობის ამბავი” (The Story of Mankind).

Hedy Lamarr and Clark Gable

საფლავის ქვაზე დამაწერეთ – მადლობა ფერადი ცხოვრებისთვის.
ჰედი ლამარი

ავსტრია, გერმანია და შვეიცარია 9 ნოემბერს გამომგონებლის დღეს აღნიშნავენ – 9 ნოემბერი ჰედვიგ ევა მარია კესლერის იგივე ჰედი ლამარის დაბადების დღეა.

Creative Commons License© Lord Vader.Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Elle: Hedy Lamarr Was Proof That We’ve Never Taken Beautiful Women Seriously

Economist: The incredible inventiveness of Hedy Lamarr

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

4 thoughts on “ჰედი ლამარის შუშის ჭერი”

  1. საინტერესო ისტორიაა, მაგრამ დამატებულ ლინკებზე სტატიებიც წავიკითხე და ცოტათი შეგილამაზებია 😉

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: