რისთვის არის ჯინსის მეხუთე ჯიბე? ყოველთვის მაინტერესებდა.
ხურდისთვის ვიყენებდი ხოლმე. სხვა ბევრი ვერაფერი ეტევა. დღეს ხურდა კიარა ქაღალდის ნაღდი ფულიც ცოტა დამაქვს თან და მე-5-ე ჯიბეც უსაქმოდაა. უბრალოდ – სილამაზისთვის.
სინამდვილეში ის პატარა ჯიბე, დღეს რომ მე-5-ეს ვუძახით მე-4-ეა. Levi’s-ის ჯინსის შარვლები 4-ჯიბიანი იყო – წინა პატარა ჯიბე ჰქონდა, უბრალოდ უკან ჰქონდა მხოლოდ ერთი ჯიბე – მარჯვენა დუნდულზე. მარცხენა უკანა ჯიბე ჯინსის შარვალს მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაემატა. ამდენად – მე-5-ე ჯიბეს დღეს მე-5-ე კი ჰქვია, მაგრამ რიგით მე-4-ეა.
მე-5-ე ჯიბე საათისაა. ასეთია მისი ოფიციალური სახელი “ლივაისის” ოფიციალურ ბლოგზე. ცხადია, რაკი საათისა ჰქვია, ჩანს, მასში ჯიბის საათს ინახავდნენ და ჯიბეც დღევანდელზე დიდი ზომისა იყო. მოგვიანებით საათებმა ქურთუკის ჯიბეში, მაჯაზე, მობილურში და რა ვიცი კიდევ სად გადაინაცვლეს და მე-5-ე ჯიბეც დაპატარავდა.
ურბანული ლეგენდის თანახმად – დღეს მე-5-ე ჯიბის ზომა ზუსტად შეესაბამება სანთებელა Zippo-ს ზომას. მე, როგორც არამწეველი, ამ ლეგენდაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, Zippo-ს სანთებელა რომ მე-5-ე ჯიბეში მართლაც თავსდება – გადავამოწმე და ვადასტურებ.
ამ ჯიბეში შეიძლება პრეზერვატივის ჩატენვაც. და “ლივაისის” სარეკლამო კლიპს თუ დავუჯერებთ – გასაღებიც მოთავსდება.
ჯინსს არ ეხება… თუმცა, რატომ არ ეხება – ჯინსი და სპორტული ფეხსაცმელი ხომ ასე უხდება ერთმანეთს… სპორტულ ფეხსაცმელზე (ბოტასზე) თასმის გასაყრელი ორი პატარა ნახვრეტია სულ ზემოთ, ყელზე, სხვა ნახვრეტებისგან დაშორებით.
რისთვისაა? სილამაზისთვის? ვენტილაციისთვის? არაფრისთვის? ბევრი – არ იყენებს. უსარგებლოა?
სინამდვილეში ძალიანაც სასარგებლო ნოვაციაა – განსაკუთრებით ვარჯიშის დროს: სირბილის დროს, სწრაფი სიარულის დროს ან სადმე თუ უნდა აბობღდეთ, ტერფს ძალა დაატანოთ – ეს ნახვრეტები, თუკი თასმას გაატარებთ, ბოტასს ფეხზე უფრო კარგად მოარგებს და თასმაც არ გაიხსნება უადგილო დროს.
თუ როგორ უნდა გაატაროთ თასმა ამ წყვილ ნახვრეტში, აგერ – ვიდეოშია:
იმის გამო, რომ სპორტული ფეხსაცმელი, როგორც წესი, შიშველ ტერფზე ან უყელო წინდაზე გვაცვია – კანის გადაყვლეფა არცთუ იშვიათი ამბავია. გამოიყენეთ დამატებითი ნახვრეტები ბოტასის ყელის დასაფიქსირებლად – და ეს პრობლემაც მოგვარდება.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___