ისმინე ღვინის მძებნელო,
მოყევ ბლოგერის მცნებასა
თუ რომელიმე ღვინისკლუბელი, მერიქიფე ან მამაპაპიდან მეღვინე არ ხარ (ასეთს კი ეს პოსტი არც არაფერში გჭირდება და არც გაინტერესებს), უთუოდ ერთხელ მაინც გაგქცევია თვალი – აქეთ, თვალი – იქეთ და (უცნობი) ღვინის ბოთლების სიმრავლესა და სიჭრელეს შეუფიქრებიხარ – ნეტა, რომელი ავირჩიოო. აიღე საფერავი და არ წააგებ – ცხადია, ჭეშმარიტებაა, მაგრამ საფერავიც ბევრნაირია და, ზოგჯერ, რაღაც უცხოს, კარგის, მაგრამ არა ძალიან ძვირის დაგემოვნებაც გსურს… სწორედ ამაზე და ასეთ ღვინოებზეა ეს პოსტიც.
რა თქმა უნდა, სხვა სხვის არჩევანში ბრძენია და გემოვნებას რას გაუგებ – ყველას თავისი აქვს. საყოველთაოდ აღიარებული და მედლებით დამშვენებული ღვინოც, შეიძლება, შენ არ გამოგადგეს, მაგრამ რამდენიმე ნიშანი კია, რის მიხედვითაც ხარისხიანი ღვინის შერჩევა შეიძლება დეგუსტაციის გარეშე (აბა, სადაც დეგუსტაციამდე მიგიშვეს, იქ იცოცხლე, პოსტი რად გინდა).
პირველი, რასაც უნდა დააკვირდე ეტიკეტზე ადგილწარმოშობის აღმნიშვნელი AOC, AOP, DOC, DOCG, IPR, DOP, PGI… ამდენი იმიტომაა, რომ ღვინის მწარმოებელი ხალხების ენებიც ბევრია. 🙂 მნიშვნელობა და თარგმანი კი მცირე განსხვავებით – ერთი და ღვინის გეოგრაფიულ კუთვნილებას ადასტურებს (ხვანჭკარა რომ მხოლოდ ხვანჭკარიდან არის – აი, მაგას). ადგილწარმოშობის ნიშანს მწარმოებელი თავისი გუნება-განწყობით ვერ დააწერს და მკაცრად კონტროლდება რეგიონალური ინსტიტუციის მიერ (ზოგან – სახელმწიფო ორგანოა, ზოგან მეღვინეთა ასოციაცია და სხვა ამგვარი). მოკლედ, იცი, რომ ბოთლში, ხელში რომ გიჭირავს და ყიდვას აპირებ, ნამდვილად “იმ” რეგიონში დაწურული ღვინოა “იმ” ყურძნის ჯიშიდან და “იმ” ტექნოლოგიით. (სხვათა შორის მსგავსი აღნიშვნები ყველსაც ახლავს – ეს ჩემი ერთ-ერთი ახლომომავალი პოსტის ანონსია :)). გეოგრაფიულ დასახელებასთან ერთად, ყურძნის ჯიში (ჯიშები) საიდანაც არის ღვინო დაწურული, ასევე უნდა იყოს ეტიკეტზე მითითებული.
- სომელიეს გამოცდილებით ღვინის შერჩევის ეს ნიშანი ამართლებს 10-დან 10 შემთხვევაში.
მეორე, რასაც აკვირდები ეტიკეტის ხარისხია. კარგი ქაღალდი, ბეჭდვის მაღალი ხარისხი, კარგი შესრულება – ეს ყველაფერი ზედმეტი ფუფუნება და ძვირი სიამოვნებაა მდარე ღვინისთვის. მწარმოებლის სახელი და ლოგო-ნიშანი ეტიკეტის წინა მხარეზე უნდა იყოს გამოსახული და იოლად იკითხებოდეს. კარგ მწარმოებელს მოჩვენებითი თავმდაბლობა არ სჩვევია და დასამალიც არაფერი სჭირს.
- სომელიეს გამოცდილებით: 8/10-დან.
მესამე – ეტიკეტის დიზაინია. აჭრელებული, ფერად-ფერადი, გადატვირთული ეტიკეტი ღვინის ხარისხზე არ მიუთითებს. თვალი ჭამს და თვალი სვამს – ღვინის თემა არაა. საკუთარი თავის პატივმცემელი ღვინო სადა, არამყვირალა, კლასიკურეტიკეტიან ბოთლშია.
- სომელიეს გამოცდილებით: 9/10-დან.
მეოთხე თხელი ალუმინის (ე.წ. ფოლგის) თავსახურია. ასეთი თავსახური პლასტმასისაზე ძვირი ღირს და უფრო “სტატუსურია”. პატარ-პატარა დეტალები, ვითომ არაფერიო და, სინამდვილეში ერთობ მნიშვნელოვანია (იგივეა, რაც ადრე დავწერე ყავაზე – საკუთარი და კლიენტის პატივმცემელმა ყავატერიამ ყავა საფირმო, მაღალი ხარისხის ფაიფურის ფინჯანში უნდა მოგართვას და შაქარიც – ინდივიდუალური შეფუთვით და არა – საერთო საშაქრეში).
- სომელიეს გამოცდილებით: 7/10-დან.
მეხუთე – მოსავლის წელი. ბოთლში, მოსავლის წელი რომ არ აქვს აღნიშნული, დიდი ალბათობით, ასხია თხლე. გარდა ამისა, მწარმოებლებს ტრადიციული მეღვინე ქვეყნიდან იაფფასიან ღვინოებზე მოსავლის წლის მითითება საერთოდ ეკრძალებათ. ამ ღვინოების ეტიკეტი მარკირებულია მარტივად Vin de France, Vino d’Italia მოსავლის წლის გარეშე.
მოსავლის წელი თუა აღნიშნული – კარგი ნიშანია, მაგრამ ახლა უნდა დავაკვირდეთ, რომელი წლისაა (გახსოვს, ალბათ, “ჭირვეულის მორჯულება” სადაც ჩელენტანოს გმირი რესტორანში ღვინოს არჩევს. 🙂 თუ არ გახსოვს – გაგახსენებ)
ძველი ღვინო სულაც არ არის დასალევად კარგი. ჩვეულებრივ, თეთრი ღვინო ორი წელი ინახება, წითელი – სამი-ხუთი (ცხადია, აქ არ განვიხილავ ღვინოს, რომელიც საგანგებოდ იმ ტექნოლოგიითა და ყურძნის იმ ჯიშებიდან დაწურეს, მეტხანს რომ უნდა დაღვინდეს მოხმარებამდე – ასეთი ღვინო ძვირია და მასზე ამჯერად არ ვწერ: მაგალითად, შესანიშნავი იტალიური კიანტი, რომელსაც საკმაოდ ზომიერ ფასად ნახავ და კარგი შენაძენია, 5 წელს ინარჩუნებს თავის კეთილშობილ თვისებებს. ძვირიანი კიანტი 10 წლისა აღწევს პიკს. სხვა კიანტი კი – 20 წლამდეც ცოცხლობს ბოთლში და მხოლოდ კეთილშობილდება. მაგრამ მათ შორის ფასიც განსხვავებულია).
- სომელიეს გამოცდილებით: 10/10-დან.
თუ ყველა ზემოჩამოთვლილი დაემთხვა – სტაცე ხელი ბოთლს და – სალაროსკენ.
დაბოლოს, კიდევ ერთი – კარგი ღვინო უნდა ინახებოდეს კასრში, რაც შესაბამისად აღნიშნულიც უნდა იყოს ეტიკეტზე (ცხადია ფოლადის ავზებშიც ინახება ხოლმე კარგი ღვინო და დღეს ამ მეთოდს მწარმოებლებში თავისი მიმდევრებიც გამოუჩნდა, მაგრამ ახლა ეგ დისკუსია შორს წაგვიყვანს – ხის კასრის გამოყენება ძვირია და, შესაბამისად, მდარე ღვინისთვის არ გამოიყენება – ამჯერად ეს ნიშანია, რაც ამ პოსტისთვის გვაინტერესებს).
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
NB! გამორჩეულად მიხვედრილთათვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ამ პოსტში ყურძნის ჯიშებსა და ღვინის მარკებს არ ვარჩევ, არც გემოზე, თვისებებსა და არომატზე – მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული ღვინის არჩევაზე ვწერ, დეგუსტაციის გარეშე – თვალით და არა ენით დაან ცხვირით. 🙂 Vous comprenez?
P.P.S.
პოსტის პირველწყარო ბლოგერის, სომელიეს, ღვინის დეგუსტატორის დენის რუდენკოს პოსტია Винный Телеграф
ახლა კი სხვა გამოსადეგი რესურსები:
ღვინის გზა ვენახიდან სირჩამდე by “ქართული ღვინის გზამკვლევის” ავტორი, ღვინისა და ჯაზის მცოდნე და დამფასებელი მალხაზ ხარბედია AKA გაბარძგალება. 🙂
ყველა ქართველი ღვინის მოყვარულის მეგობარი “ღვინის კლუბის” მარანი
“ღვინის ქურდები” (ფილმი არა – კარგი ხალხის მიერ დაწურული კარგი ქართული ღვინოა)