მისი მშვენიერი ლენი

Leni Riefenstahl and Hitler

ჰიტლერის საყვარელი რეჟისორი იყო, “ოლიმპიასა” და “ნების ტრიუმფის” ავტორი, თუმცა შემთხვევითობა რომ არა, შეიძლება, ეს ფილმები არც გადაეღო. შეიძლება, საერთოდ არ გადაეღო ფილმი, იმიტომ რომ ლენი რიფენშტალი (Helene Bertha Amalie “Leni” Riefenstahl) მოცეკვავის კარიერაზე ოცნებობდა და მონაცემებიც ჰქონდა. პედაგოგების რწმუნებით – ფენომენალური მონაცემები. მის პედაგოგებს კი დაეჯერება – კლასიკური ბალეტის წარმომადგენელი რუსი ევგენია ედუარდოვა, ექსპრესიული ცეკვის შემქმნელი გერმანელი მარი ვიგმანი და რიტმული ტანვარჯიშის ქორეოგრაფი გერმანელი იუტა კლამტი იყვნენ.

მამა სხვა აზრის იყო. ქალიშვილის სცენაზე უშნოდ კუნტრუში არ მოსწონდა. სტენოგრაფიისა და ბუღალტრული აღრიცხვის კურსებზე მიიყვანა. ქალთა დახურულ პანსიონშიც კი გამოკეტა ერთი პირობა, მაგრამ ლენი გაიქცა იქიდანაც და შინიდანაც. დააბრუნეს და ისევ გაიქცა. ასე ბრძოლით გაიტანა თავისი. მიხვდა მამა, რომ ძალად მოქცევას აზრი არ ჰქონდა და თავი დაანება.იტალიელმა ფერუჩო ბუზონიმ სპეციალურად ლენისთვის დაწერა ვალსი, რომელმაც მოცეკვავეს დიდი პოპულარობა მოუტანა. 22 წლისამ უკვე საკუთარი პროგრამა შექმნა, სადაც მოცეკვავეც თავად იყო და ქორეოგრაფიც. ხშირად – კომპოზიტორიც და დიდი წარმატებით გამოდიოდა გერმანული და ევროპის თეატრების სცენაზე.

შემდეგ იყო ტრაგედია – პრაღაში გასტროლების დროს გაწყვეტილი მყესები და შეწყვეტილი კარიერა.

ამის შემდეგ გადაწყვიტა, კინოში ეცადა ბედი. იმ დროს მთის თემატიკა იყო მოდაში. მამაცი, შეუპოვარი მამაკაცების, რომლებიც სტიქიას არ ეპუებიან და მწვერვალებისკენ მიუწევთ გული. ლენის უთხრეს რომ არაფერი ესაქმებოდა მთაში. მწვერვალები ქალის საქმე არააო, – ლუის ტრენკერმა. ცნობილმა ალპინისტმა, მსახიობმა და რეჟისორმა. ლენიმ უპასუხა, რომ არც უკანდახევა სჩვევია, არც სხვის ჭკუაზე სიარული. საბედნიეროდ, რეჟისორ არნოლდ ფრანკს მოეწონა. კინოდებიუტი არ იყო – ერთი პატარა როლი უკვე ჰქონდა შესრულებული, მაგრამ ფრანკის “წმინდა მთა” (Der heilige Berg) ლენის პირველი მთავარი როლია. 26-33 წლებში ფრანკის კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშა. ამ ფილმებში ბევრი მწვერვალი იყო, მთა, თოვლი და საცეკვაო სცენებიც, რომლებსაც თავად დგამდა. 1932 წელს ეკრანებზე გამოვიდა “ლურჯი სინათლე” (Das blaue Licht) – ლენი რიფენშტალის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი. მთავარი როლიც თავად შეასრულა. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ძალიან პოპულარული იყო ევროპაში და ნაკლებ – გერმანიაში. თავად რიფენშტალი ამას ანტი-სემიტიზმით ხსნიდა – სცენარის ორივე თანა-ავტორი ბელა ბალაშიცა და კარლ მაიერიც ხომ ებრაელები იყვნენ. მოგვიანებით, ანტი-ებრაული კანონების ამოქმედების შემდეგ, ორთავე ტიტრებიდან ამოშალეს. მკვლევარი სტივენ ბახი წერს, რომ რიფენშტალს 30-იანების დასაწყისში იულიუს შტრაიხერი მფარველობდა. თავად რეჟისორი ამ ახლობლობას უარყოფს. გასაკვირი არცაა – შტრაიხერი ნაცისტ ნაძირლებს შორისაც კი გამოირჩეოდა. ასეა თუ ისე, რეჟისორს მალე შტრაიხერზე ძლევამოსილი თაყვანისმცემლები გამოუჩნდა.

Leni Riefenstahl Time Magazine 1936

1932 წელს ლენი რიფენშტალი ბერლინის სპორტის სასახლეში ნაციონალ-სოციალისტური შრომის პარტიის (NSDAP) ყრილობაზე მიიწვიეს, სადაც ადოლფ ჰიტლერის სამსახიობო და ორატორულმა ნიჭმა მონუსხა. აღფრთოვანებულმა წერილიც მისწერა ფიურერს. არ ვიცი, ამ წერილის დამსახურებაა, თუ გებელსთან ნაცნობობის, მაგრამ NSDAP-ს 1933 წლის ნიურბერგის ყრილობის გადაღება სწორედ ლენი რიფენშტალს ანდეს და დაუკვეთეს. “რწმენის გამარჯვება” (Der Sieg des Glaubens) რიფენშტალის პირველი პროპაგანდისტულ ფილმია, მაგრამ ყველაზე ნაკლებცნობილი. ყრილობას მალე ე.წ. “გრძელი დანების ღამე” მოჰყვა, როდესაც ნაციონალ-სოციალისტების ერთმა ნაწილმა მეორეს ყელი გამოღადრა. ამ მეორეებს უკვე გადაღებული ფილმიდან ვერ ამოჭრიდნენ, ამიტომ “რწმენის გამარჯვება” თაროზე შემოდეს. თან ისე შორს, რომ კინომცოდნეებსა და არქივისტებს კარგა ხანს დაკარგული ეგონათ. მხოლოდ 50 წლის შემდეგ აღმოაჩინეს გადარჩენილი ასლი. მაგრამ რიფენშტალს დიდხანს არ უდარდია – 1934 წლის ნიურბერგის პარტიული ყრილობის გადაღებაც მას დაუკვეთეს. სწორედ ეს ფილმია “ნების ტრიუმფი” (Triumph des Willens). ფილმი, სადაც იმდენი ახალი სინემატოგრაფიული ხერხია გამოყენებული, ორსონ უელსსა და ალფრედ ჰიჩქოქსაც შეშურდებოდათ (მე არ მითქვამს – მარქ ქაზინსი წერს “სინემატოგრაფიის ისტორიაში”). ალბათ – შურდათ კიდეც.

ნაციზმის მსხვერპლთათვის ვიცი, რა საზარელია ამ სვასტიკების, ესესელების ცქერა, მაგრამ ფილმის გადაღებისას არ ვფიქრობდი მათზე, როგორც დამნაშავეებზე.
ლენი რიფენშტალი

Leni Riefenstahl Triumph des Willens

მომდევნო წელს მესამე რაიხის პროპაგანდის სამინისტრომ ბერლინის ოლიმპიადის შესახებ ფილმის გადაღება დაადგინა და რეჟისორობა, რაღა თქმა უნდა, კვლავ რიფენშტალს ანდეს. რეჟისორი ორი წლის განმავლობაში ამონტაჟებდა ფილმს, ამიტომ “ოლიმპია” (Olympia) მხოლოდ 1938 წელს გამოვიდა ეკრანებზე და ის კიდევ უფრო ავანგარდისტულ ნამუშევრად მიიჩნევა, ვიდრე “ნების ტრიუმფია”. უჩვეულო რაკურსები, პანორამული და ახლო ხედების უცაბედი შენაცვლება, დინამიური გადაღება, მოძრავი კამერა და ათასი სხვა, რაც დღეს სინემატოგრაფიული სტანდარტია, მაგრამ რიფენშტალამდე არ არსებობდა. ფილმი რამდენიმე ევროპული კინოფესტივალის პრიზიორია და ოლიმპიურმა კომიტეტმა ოქროს მედლით დააჯილდოვა. ჟურნალმა Times-მა 2005 წელს “ოლიმპია” გასული საუკუნის 100 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.

1938-ში ლენი რიფენშტალმა აშშ-ში იმოგზაურა. ამერიკელი კოლეგები ცივად შეხვდნენ, თუმცა უოლთ დიზნიმ უმასპინძლა და სტუდიაც დაათვალიერებინა… ვინ იცის, დარჩენა რომ გადაეწყვიტა (და – გაებედა) მისი ბედი სხვაგვარად დატრიალებულიყო.

Leni Riefenstahl

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ლენი რიფენშტალი არმიას სამხედრო ფოტო-კორესპონდენტად მიჰყვა ფეხდაფეხ. პოლონეთის ქალაქ კონსკიში 30 მშვიდობიანი მოსახლის დახვრეტას შეესწრო და, სცადა, ეგზეკუცია შეეჩერებინა, მაგრამ უთხრეს, რომ რაც მისი საქმე არაა, იქ ცხვირი არ ჩაეყო. რეჟისორი იგონებს, რომ სწორედ ამ დროს გადაწყვიტა, პროპაგანდისტულ ფილმებს ჩამოშორებოდა. მიუხედავად ამისა, ვარშავაში 1939 წელს გამართული გამარჯვების აღლუმიც მისი გადაღებულია… ფილმი არაა – კინოქრონიკაა. პირადად ჰიტლერმა სთხოვა. თხოვნა, რომელზეც უარს ვერ იტყოდა. მაგრამ ეს ლენი რიფენშტალის მართლაც ბოლო პროპაგანდისტული ნამუშევარია.

ასე მგონია, თითქოს ბევრი სიცოცხლე მიცხოვრია. მწვერვალებზეც ვყოფილვარ და უფსკრულშიც ჩავნთქმულვარ. ოკეანის ტალღების მსგავსად მიქცევას ცვლიდა მოქცევა. და წლიდან წლამდე უჩვეულო, მშვენიერ, საიდუმლოებით სავსე შთაბეჭდილებებს დავეძებდი გულის სიღრმეში.
ლენი რიფენშტალი

ამის შემდეგ მას სულ სამი ფილმი აქვს. ერთი ეკრანებზე არც გამოსულა. “დაბლობი” (Tiefland) მუსიკალური ფილმია და 1954 წელს დაასრულა (თუმცა 1940-44 წლებშია გადაღებული) “წყალქვეშა შთაბეჭდილებები” (Impressionen unter Wasser) კი – 2002 წელს, როდესაც თავად რეჟისორს საუკუნე შეუსრულდა. ლენი რიფენშტალის უკანასკნელი ფილმია. ზოგან შეცდომით მითითებული “აფრიკული ოცნება” (Ein Traum von Afrika) რეჟისორ რეი მიულერის მიერ ლენი რიფენშტალის მიერ გადაღებული “შავი მასალის” შეკოწიწებით არის აწყობილი. რიფენშტალის ფილმად ვერ მიითვლება – გამომშვიდობებაა დიდ რეჟისორთან. კადრები, რაც ამ ფილმშია ლენი რიფენშტალმა 50-იან წლებში აფრიკაში მოგზაურობისას გადაიღო. პირველად მუშაობდა შემკვეთისა და დაკვეთის გარეშე. ევროპიდან (ფაქტობრივად) დევნილი აფრიკამ დეპრესიისგან იხსნა. იქ არვინ უქექავდა წარსულს. არვინ ეკითხებოდა, იცოდა თუ არა ჰოლოკოსტის შესახებ. იყო თუ არა ფიურერის საყვარელი. აფრიკულ ფოტოებს გაზეთებსა და ჟურნალებს Stern, The Sunday Times, Paris Match, Newsweek უგზავნიდა და ბეჭდავდნენ კიდეც.

71 წლის იყო, როდესაც წყალქვეშა გადაღებებმა გაიტაცა. ადრე არასდროს ჩაუყვინთავს აკვალანგით. რომელიმე ლუის ტრენკერი არ იყო გვერდით, თორემ უთუოდ ეტყოდა – ქალს არაფერი ესაქმება აკვალანგთანო. თან ამ ასაკშიო. ორი დიდი ფოტოალბომი გამოსცა წყალქვეშა ფოტოებით. და ფილმი, ზემოთ რომ ვახსენე უკვე.

90-იანებში ლენი რიფენშტალის სახელს ტაბუ ახსნეს. 1993 წელს რეი მიულერმა (უკვე რომ ვახსენე ზემოთ) “ლენი რიფენშტალის მშვენიერი საზარელი ცხოვრება” (The Wonderful Horrible Life of Leni Riefenstahl) გადაიღო. ფილმმა “ემი” მოიპოვა. 1995-ში ლაიფციგის კინოფესტივალმა მისი ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლა. პოტსდამის კინოს მუზეუმმა კი – ლენი რიფენშტალისადმი მიძღვნილ გამოფენას 1998-ში.

ვარ თუ არა ბრალეული? შემიძლია მოვინანიო, რომ პარტიული ფილმი გადავიღე, მაგრამ ვერ მოვინანიებ, იმ დროს რომ მომიწია ცხოვრება.
ლენი რიფენშტალი

Leni-Riefenstahl

მსაჯული ვერ ვიქნები. მაგრამ ზემოთაც დავწერე, ჰქონდა შანსი და ჯობდა, შტატებში დარჩენილიყო.

ევგენი შვარცს პიესა აქვს ეგეთი, “დრაკონი” ჰქვია. იქ ბურგომისტრის შვილი ეუბნება ლანცელოტს: “დამნაშავე არ ვარ, ასე მასწავლიდნენო”, რაზეც ლანცელოტი პასუხობს: “ყველას ასწავლიდნენ, მაგრამ შენ პირველი მოწაფე რად იყავიო”.

ესაა და ეს.

საქართველოში უნდა დაბადებულიყავ, ლენი. Smile

აქ პირველ მოწაფეებს კიარა, პირველ მასწავლებლებსაც ვპატიობთ. Smile ხშირად.

Creative Commons License© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Reich Star by Clive James

Nazi Propaganda Films: A History and Filmograph by Rolf Giesen

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

6 thoughts on “მისი მშვენიერი ლენი”

  1. ხელოვანი და ტოტალიტარული რეჟიმი მუდმივი თემაა. ჩვენ რეჟისორებსაც ბევრი პროპაგანდისტული ფილმი აქვთ გადაღებული, მწერლები რომანებს უძღვნიდნენ სტალინს და ლექსებს უძღვნიდნენ ბერიას. ასეთ დროს ვერასდროს იტყვი, შენ თვითონ როგორ მოიქცეოდი.

    რამდენიმე წლის წინ “წითელი ზონა” მიეძღვნა რიფენშტალს, ფილმიც აჩვენეს მის ცხოვრებაზე. https://www.radiotavisupleba.ge/a/24517964.html

    Like

    1. მაგას ვამბობ – სხვა სხვის ომში ბრძენია. მე ასე ვიზამდი, ისე ვიზამდი სათქმელად იოლია. არ შეიძლება ადამიანს გმირობა მოთხოვო შორიდან. საკუთარ მაგალითზე შეგიძლია და ისე გვერდიდან და შორიდან და პოსტ-ფაქტუმ იოლია.
      ამიტომ არის შვარცის ფორმულა სწორი.

      Like

  2. ნების ტრიუმფიდან ორ წელში მთელი მსოფლიო ჩავიდა ბერლინის ოლიმპიადაზე და სვასტიკიანი არკის ქვეშ გაიარა გახსნის ცერემონიალზე. ზოგი სპორცმენი ნაცისტური ზიგით მიესალმა ჰიტლერს და მაგის მერე რიფენშტალი დაადანაშაულო, რომ ფილმებს იღებდა და ჰუგო ბოსი რომ ფორმას კერავდა ესესისთვის უსინდისობაა.

    Liked by 1 person

    1. მართალი ხარ. ოღონდ ჰუგო ბოსი არა. სს ფორმის დიზაიერი კარლ დიბიჩი იყო. კიდევ ერთი გენიოსი, ვინც ნაცისტურ რეჟიმს ემსახურებოდა. მაგ ადამიანზეც მაქვს პოსტი.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: