სიეთლში, სადაც “ამაზონის” სათაო ოფისი მდებარეობს, კორპორაციამ ახალი კამპუსი წამოჭიმა. “სფეროები” (The Spheres) ასე ეწოდება “ამაზონის” ახალ ოფისს. სამი გამჭვირვალე ბურთის ფორმის შენობის იდეა ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, მის ხორცშესხმაზე კი ამერიკული NBBJ-ს გუნდი მუშაობდა არქიტექტორ ჯონ სეივოს ხელმძღვანელობით. განსაკუთრებით რთული საინჟინრო ამოცანების გადასაწყვეტად კომპანია Magnusson Klemencic Associates დაიხმარეს. “სფეროები” მთლიანი არქიტექტურული კომპლექსის ნაწილია და ხუთ ცათამბჯენს შორის მდებარეობს. დაპროექტება და წინასწარი სამუშაოები 2010-ში, ხოლო მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2018 წლის 29 იანვარს “სფეროების”, როგორც ყველაზე გემრიელი ლუკმისა და ბოლო აკორდის პრეზენტაციით დასრულდა.
სხვადასხვა ფორმის შუშისა და მეტალის კონსტრუქციები დღეს არახალია. “სფეროების” ინოვაცია შიდა ინტერიერი და მიკროკლიმატია – “ამაზონმა” ოფისში ნამდვილი ამაზონის მინი-ტყე გაახარა. შენობაში 400 სახეობის 40’000 ტროპიკული მცენარეა. მათ გარდა, გამოყენებულია ბუნებრივი ქვები, ქვიშა, მიწა, მოწყობილია მდინარე-ტბა-შადრევნები. თევზები დაცურავენ და ყიყინებენ ბაყაყები.
მიკროკლიმატსა და მცენარეების შერჩევაზე რამდენიმე უნივერსიტეტიდან მიწვეული მეცნიერები მუშაობდნენ ჩვენი სეხნია შტატის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების ჩათვლით. ჯგუფს ჰორტიკულტურალისტები რონ გალიარდო და მაიქ ფონგი ხელმძღვანელობდნენ.
“სფეროების” საიმიჯო მცენარე გიგანტური, 18-ტონიანი ფიკუსია, რომელიც ჭერს წვდება და სახელად “რუბი” ჰქვია.
“სფეროები” ერთდროულად 800 ადამიანს იტევს. აქ კომპანიის კრეატიული ჯგუფები განთავსდებიან, ისინი, ვინც ინოვაციებზე, სტრატეგიულ განვითარებაზე და ახალი პროდუქტების შექმნაზე მუშაობენ. თუმცა, “ამაზონის” ამაზონი კომპანიის ყველა თანამშრომლისთვის ღიაა და ღიაა ყველასთვის, ვინც სიეთლში ჩავა. შენობის ნაწილი ვიზიტორთათვის მუდამ ღიაა, დახურულ ნაწილში მოსახვედრად კი ექსკურსიები მოეწყობა.
“სფეროში” მოსახვედრად ჯობს ინტერვიუზე ჩაეწეროთ – ამიერიდან ინტერვიუები სწორედ აქ გაიმართება.
ეს “სფეროებში” მოხვედრის ყველაზე სწორი გზაა – გარეთ როგორი ამინდიც არ იყოს, “ამაზონში” ხომ მუდამ დარია.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
ალბათ გაინტერესებთ, სად იშოვა ჯეფ ბეზოსმა ამდენი მცენარე? სად და დაიარა მთელი ამერიკა და საცა ლამაზი და დიდი ხე ნახა ამოთხარა ყველა და სიეთლში გააქანა. გაუჭირდებოდა თუ რა? მისი ქონება 116 მილიარდადაა შეფასებული და ფორბსის სიაში პირველ ადგილზეა გამოჭიმული. წინ ვინ დაუდგება.