ვიტამინი, რომლითაც უაზროდ ვიჭყიპებით

მითია თუ სიმართლეა, ექიმები ზედმეტ წამლებს ნიშნავენო. ამბობენ. თანაცო – ძვირ-ძვირსაო.

მე მითი მგონია, მაგრამ ექიმების გარეშეც ჰომო საპიენსი მიდრეკილია ზედმეტი, ვითომ სასარგებლო და სინამდვილეში (უკეთეს შემთხვევაში) უსარგებლო ტაბლეტებით გაჭყეპვაში. ყველაზე პოპულარული ამათგან – ვიტამინები და სხვადასხვა, ყველა ჯურ-ფერის ე.წ. “ბიოლოგიურად აქტიური” საკვები დანამატებია. ეს მეორე სრული ბოლია ან – “ლოხოტრონი” (სამწუხაროდ ქართულში ასეთი მეტყველი სახელი ვერ მოვუძებნე), მაგრამ ვიტამინები ნამდვილად აუცილებელიცაა და სასარგებლოც, მაგრამ, ერთი ღიმილიანი “ჭკუისკოლოფასი” არ იყოს, “გააჩნია რა შემთხვევაში”.

ყველაზე პოპულარული ვიტამინი C. საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ის გაციებისგან და გრიპის ვირუსისგან გვიცავს. ადამიანები იჭყიპავენ თავს და კიდევ ბავშვებსაც ჭყიპავენ… გემოვნების ამბავია, მაგრამ ვიტამინი C გემრიელი ტაბლეტია. Smile ბავშვებს უყვართ – მე პირადად მიყვარდა, მაგრამ კვლევები არ ადასტურებს, რომ ეს ვიტამინი გაციებისგან გვიცავს. მისი დღიური ნორმის მიღება ისეთ ციტრუსოვან ქვეყანაში, როგორც საქართველოა იოლია. ყოველგვარი ტაბლეტების გარეშე. თუ მწეველი არ ხართ (აქაც გრადაციაა, რამდენად ბევრს ეწევით), თუ ნორმალურად იკვებებით და მუდმივი ფიზიკური სტრესის ქვეშ არ ცხოვრობთ (ლარის კურსის გამო რომ სტრესში ვართ, ეგ არ არის საკმარისი, გაცილებით მძიმე და განგრძობით სტრესზეა ლაპარაკი), ვიტამინი C-ს ტაბლეტის სახით რაციონში დამატება არ გჭირდებათ.

კიდევ ერთი მეტად პოპულარული ვიტამინი A. ადამიანი გარშემორტყმულია A ვიტამინით მდიდარი სურსათ-სანოვაგით. A ვიტამინის დეფიციტი მხოლოდ უკიდურესად ღატაკ ქვეყნებში შეინიშნება – მიუხედავად არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა, საქართველო ასეთად ვერ მიიჩნევა. თუ კარგად მოვინდომეთ, დავეწვით, მაგრამ სანამ იმ ყველაზე დაქცეულთა სიაში არ ვართ, ვიტამინი A-ს ტაბლეტების სახით მიღება სრულიად უსარგებლოა. ეგკიარა, შეიძლება ზიანის მომტანადაც იქცეს. მათ შორის იმ დაავადებების მაპროვოცირებელიც, რისგან თავდასაცავადაც იჭყიპებით.

ვიტამინი E-ც ერთობ საყვარელი ვიტამინია, მეტადრე A-ვიტამინთან წყვილში. ვიტამინების დოლჩე და გაბანაა. მაგრამ კვლევები ადასტურებს, რომ მისი სარგებლიანობა, ერთი რომ გაზვიადებულია, მეორეც, მხოლოდ საკვები პროდუქტებით და არა ტაბლეტის სახით მიღებულ ვიტამინ E-ს მოაქვს სარგებლობა. ამ ვიტამინის ჭარბად მიღება კი გულის შეტევის მაპროვოცირებელია.

ვიტამინი B6-ის მოყვარულნი მიიჩნევენ აუცილებელ ელემენტად გულის შეტევის პროფილაქტიკისთვის, თუმცა კვლევებით დადასტურებული არაა. ტაბლეტის სახით მისი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის აუცილებელი, როგორც ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალო საშუალება და რიგი სხვა შემთხვევების დროს.

ვიტამინი B12. პოპულარული, მაგრამ კვლევებით დაუდასტურებელი მოსაზრებაა, რომ ეს ვიტამინი ენერჯაიზერია, ებრძვის დაღლილობის შეგრძნებასა და შრომისუნარიანობას ამაღლებს. სინამდვილეში, მისი ნაკლებობა მხოლოდ ვეგანებთან შეინიშნება, ასეთ შემთხვევაში და განსაზღვრული ასაკის დროს ამ ვიტამინის დამატებით მიღება აუცილებელია, მაგრამ ეს შემთხვევები მხოლოდ ექიმმა უნდა დაადგინოს.

ამ და სხვა ვიტამინებზე უფრო დაწვრილებით – წაიკითხეთ აქ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: