ამბოხის თეორია
მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი – ესეც შემეძლო მეთქვა, ილიასთან პარალელის რომ არ “შემშინებოდა”. თუმცა, ილიას, დიდ ლიბერალს, ბუნტარსა და რეფორმატორს სულაც არ მოეთაკილებოდა ჰიუ ჰეფნერის მასთან შედარება.
არსად არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის უღმერთო ალიანსი უფრო აშკარა, ვიდრე სექსის საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ალიანსი, თითქოს. წელში გატყდა, ფხიზლად უნდა ვიყოთ. ყველა კონსერვატორი მზად არ არის, მარცხს შეურიგდეს, აღიაროს, რომ მათ წააგეს ომი ჩვენი სექსუალური უფლებების შეზღუდვისთვის.
ჰიუ ჰეფნერი. ჟურნალი “ფლეიბოი”. ივლისი/აგვისტო, 2016
ხშირად გაიგონებთ, რომ ჰეფნერი სექსუალური რევოლუციის შემოქმედი იყო. ცხადია, ეს სიმართლეა, მაგრამ მხოლოდ – ნახევარსიმართლე. სინამდვილეში ის იყო კულტურული რევოლუციის შემოქმედი. ჰეფნერის გარეშე სამყარო არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. არ გვექნებოდა ფილმები, რომლებიც გვაქვს. წიგნები, რომლებიც გვაქვს. მუსიკა, რომელიც გვაქვს – სამყარო იქნებოდა ბევრად უფრო მოსაწყენი, ერთფეროვანი, ფარისევლური, ვიდრე არის. ჰეფნერმა სექსუალურობის, ეროტიზმის, სექსის ინტელექტუალიზაცია მოახდინა. ის არ ყოფილა პირველი, მაგრამ იყო ყველაზე ეფექტური და წარმატებული. 60-იანელი ახალგაზრდობის სექსუალური რევოლუცია ჰეფნერმა გადაიტანა ჟურნალის ფურცლებზე და ის ინტელექტუალურ რევოლუციას დაუმეგობრა და დაუმეზობლა. მეტიც, ჰეფნერი და “ფლეიბოი” თავად იყო ამ რევოლუციების ერთ-ერთი შემოქმედი. ჟურნალის პირველი ნომერი ხომ 1953 წლის დეკემბერში გამოვიდა. გარეკანს მერილინ მონრო ამშვენებდა. 1954 წლის მარტი-მაისის ნომრებში კი ჟურნალმა რეი ბრედბერის “451 გრადუსი ფარენჰაითით” დაბეჭდა… უონეგუთი, ლემი, მარკესი, ქინგი, გორდიმერი, ბელოუ, აფდაიქი – დიდი მწერლების ჩამონათვალი, ვინც ამ ჟურნალთან თანამშრომლობდა ერთი ვრცელი პოსტის ადგილს წაიღებს. “ფლეიბოის” ინტერვიუები ჟანრის კლასიკაა. ჩვენთან, სადაც პოლიტიკოსები ყველაზე მდაბიო, უგემოვნო, ყვითელ და ტოქსიკურ მედიასაც არ ერიდებიან, არ ვიცი, როგორაა, მაგრამ ამერიკაში იმიჯი ძვირად ფასობს, ყოველ შემთხვევაში, ამ ბოლო დრომდე ასე იყო – 1976 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დემოკრატების კანდიდატმა ჯიმი ქართერმა “ფლეიბოისთან” ინტერვიუ ჩაწერა და… არჩევნებიც მოიგო.
ამერიკელები თმობენ რელიგიურ ფანატიზმს და იბრძვიან ქალთა უფლებების, რეპროდუქციული უფლებებისა და ჩვენი პირადი თავისუფლებების დასაცავად. თმობენ ქრისტიანულ ცრურწმენას, რომ სექსი არსებობს მხოლოდ გამრავლებისთვის. ბოლო გამოკითხვები ადასტურებს, ამერიკელების 60% -ზე მეტი მიიჩნევს, რომ გეი და ლესბოსური ურთიერთობები, სქესობრივი კავშირი დაუქორწინებელ წყვილებს შორის და ბავშვი ქორწინების გარეშე “მორალურად მისაღებია”. ეს არ არის გასაკვირი. ჩვენ სექსუალურ რევოლუციაში გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ კონსერვატორებს ნახევარი საუკუნე დასჭირდათ ამ მარცხის აღიარებისთვის. ახლა დროა, გავყაროთ ისინი ჩვენი საძინებელი ოთახებიდან და სამუდამოდ გამოვუხუროთ კარი.
ჰიუ ჰეფნერი. ჟურნალი “ფლეიბოი”. ივლისი/აგვისტო, 2016
1991 წელს “ფლეიბოიმ” მკითხველებს ქეროლაინ ქოუსის (Caroline Cossey aka Tula) ამბავი მოუთხრო. თულა ცნობილი ინგლისელი მოდელი იყო, “ბონდის გოგო”. მისი ფოტო ჟურნალში არაფრით იქნებოდა უცნაური, მითუმეტეს, რომ ეს ქეროლაინისთვის მეორე “ფლეიბოის” ფოტოსესია იყო, მაგრამ ამ ორ ფოტოს შორის იყო ათი წელი, სკანდალი და დევნა. 80-იანებში, როდესაც ქეროლაინის კარიერა წარმატებით ვითარდებოდა, ერთ-ერთმა ტაბლოიდმა გამოჩხრიკა, რომ თულა ტრანსგენდერი იყო და სქესის შეცვლის ოპერაცია ჰქონდა გეკეთებული.
ქეროლაინ ქოუსი შავ სიაში მოხვდა. კინოსტუდიებმა და პროდიუსერებმა. რედაქტორებმა და ჟურნალებმა მოიკვეთეს. წარმატებული მოდელი “გამჭვირვალე კედლის” მიღმა აღმოჩნდა – დაბრკოლება არ ჩანს, მაგრამ არსებობს და გადაულახავია. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო – ის მეუღლემ მიატოვა, ქორწინება კი სასამართლომ გააუქმა. ერთი პირობა თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა, როდესაც “ფლეიბოის” დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. ჰეფნერს ბევრი არ უფიქრია – ჟურნალმა ქეროლაინ ქოუსის ინტერვიუ გამოაქვეყნა და ფოტოები. “ფლეიბოიმ” თულას ქეისს ტაბუ ახსნა – მას მოჰყვა ტრანსგენდერი მოდელის ინტერვიუ ფილ დონაჰოუსთან, ჰოუარდ სთერნთან, ჯოან რივერსთან.
მსურდა მებრძოლა საკუთარი უფლებების აღიარებისთვის და “ფლეიბოი” გვერდით დამიდგა… საშუალება მისცა ხალხს, ჩემი ისტორია გაეგო და შეეგრძნო სიტუაცია. დავიბრუნე იმედი და მოვიპოვე თანაგრძნობა. ეს იყო ჩემი მიზანი და “ფლეიბოიმ” ამისთვის ტრიბუნა დამითმო.
ქეროლაინ ქოუსი. ჟურნალი “ფლეიბოი”. ივნისი, 2015
ქეროლაინმა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში გაერთიანებულ სამეფოს პროცესი მოუგო და მისი, როგორც ქალის იდენტობისა და უფლებების აღიარებას მიაღწია.
ეს ჰეფნერის გამარჯვებაც იყო, რაკი პოლიტიკოსები საძინებლიდან გაყარეს და კარიც გამოუჯახუნეს.
ამიტომ სიმბოლურია, რომ ჰიუ ჰეფნერისადმი მიძღვნილი 2017 წლის საგანგებო 100-გვერდიანი ნოემბერ/დეკემბრის “ფლეიბოის” გოგონა – ფრანგი ინეს რაუა (Ines Rau). ინესმა 10 წლის წინ გაიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია და ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანსგენდერი მოდელია.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___