გეგონა, ისევ ყავაზე დავწერ?
სულაც არა.
ამჯერად ზეითუნის ზეთი ვიგულისხმე.
ზეთისხილი არ მიყვარს. ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სალათებს, რომელსაც უხვად აქვს მოყრილი ზედ ზეთისხილი, ასე ვჭამ – ზეთისხილს ცალკე გადავაწყობ ხოლმე ან მეგობარს ვუწილადებ. ზეითუნის ზეთი კი პიცაზე მიყვარს. წიწაკაშერეული, ცხარე ზეთი როა. პიცის გარეშე, როგორც მეტაბოლიკური საშუალება, ზეითუნის ზეთი ჩემს რაციონს ბოლო ხანებია, რაც დაემატა ჟურნალ Men’s Health-ის რჩევით. კვლევები ადასტურებს – ზეითუნის ზეთი კვებავს მეტაბოლიზმის მექანიზმს და ხელს უწყობს წონისა და ფორმის შენარჩუნებას. დაბალკალორიული დიეტა vs. ჩვეულებრივი კვების რეჟიმი + 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დღეში პრაქტიკულად ერთნაირ ეფექტს გვაძლევს წონის შენარჩუნების კუთხით… მდიდარია ე.წ. ALA და EPA მჟავებით (OMEGA-3, OMEGA-6, OMEGA-9) – ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ინფარქტისა და ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს და ა.შ. მაგრამ ამაზე – აქ წერია და კიდევ – აქ.
როგორც ზურიკელასგან ვიცით, სოდის მიღების რამდენიმე გზა არსებობს. სოდისგან განსხვავებით, ზეითუნის ზეთის მიღების გზა მხოლოდ ერთია – დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სუფრის კოვზით. მაგრამ სანამ მიიღებ, თუ საკუთარი პლანტაციები არ გაქვს, უნდა სუპერმარკეტში ჩახვიდე ჯერ და იქ მთავარია, მარკირებებსა და იარლიყებში გაერკვიო კარგად. ადრე შალის შერჩევაზე დავწერე პოსტი – ზეითუნის ზეთიც იგივე ამბავია. ყველა კომპანია თავის მარკეტინგულ ვირეშმაკობას იყენებს, რომ უსარგებლო ინფორმაცია შემოგასაღოს ლამაზად და საჭირო კი – გადამალოს.
პირველი კრიტერიუმია – ფასი. ეს ყველაზე იოლად შესამჩნევი კრიტერიუმია. არც მიკროსკოპული ასოებით წერია და არც ძნელად გასარჩევი შრიფტით. ბევრი სახეობის ზეითუნის ზეთს შორის დახლზე, პირველ რიგში უნდა გაფილტროთ ზეთი, რომელიც საეჭვოდ იაფია. ერთი ხის მოსავალი მიახლოებით 8 კგ ზეთისხილია – 1 ლიტრი ზეითუნის ზეთის მისაღებად კი 5 კგ ზეთისხილია საჭირო. ფასის შესამცირებლად მწარმოებლები იყენებენ კუპაჟს – ასეთი ზეთი ჩვენი საქმისთვის არ გამოდგება.
მეორე არის იარლიყი. მარკირება მრავალგვარია. ამ ეტაპზე ვფილტრავთ ყველა ჯურის “ექსტრა-წმინდა”, “სუპერ-წმინდა”, “გამდიდრებული” “გასუფთავებული” (Light, Extra-Light, Fine) და მსგავს წარწერებს. ის, რაც ჩვენ გვჭირდება არის გაუფილტრავი, არარაფინირებული, ცივი წნეხით (როგორც ბრძენი კაცი იტყოდა – დაჭირხვნით) მიღებული ზეითუნის ზეთი. მარკირებული უნდა იყოს, როგორც Extra Virgin.
ესპანური ზეითუნის ზეთისთვის დამატებითი მარკირება – D.O.P. აღნიშნავს გეოგრაფიულ არეალს. ასეთი ზეითუნის ხილი მოყვანილია ესპანეთში, ზეთისხილისთვის საუკეთესო კლიმატურ რეგიონში (ასეთი რეგიონი სულ 10-მდეა) და დაწურულია იქვე. მოკლედ, ხერესი რომ ხერესიდან უნდა იყოს, ის ამბავია – მაგრამ იტალია და საბერძნეთი ამ მარკირებას არ იყენებს.
მჟავიანობა. აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული იარლიყზე. Extra Virgin ზეითუნის ზეთის მჟავიანობა არ უნდა აღემატებოდეს 0.8%-ს (სხვა მონაცემებით – 1%-ს). მოკლედ – რაც ნაკლებია, მით მეტია ეფექტიანობა იმ საქმეში, ჩვენ რომ გვაინტერესებს. შედარებისთვის – Virgin ზეითუნის ზეთის მჟავიანობა 2%-მდეა ნებადართული.
მესამე კრიტერიუმი – ფერი და გემო. ცხადია, მეორეს მაღაზიაში ვერ შევამოწმებთ. მაგრამ პირველი – შესაძლებელია. არარაფინირებული ზეითუნის ზეთი არის მომწვანო ფერის, ბლანტი, “მძიმე” სითხეა. რაფინირებული – ღია, გამჭვირვალე მოყვითალო ფერისაა და წყალწყალა. რაც მეტადაა გაწმენდილი – მით მეტად გამჭვირვალე და წყალწყალაა. არარაფინირებულ ზეითუნის ზეთს მომწარო გემო დაჰკრავს. რაფინირებული ბევრად ნეიტრალური გემოსია და არომატიც ნაკლებად მძაფრი აქვს. შემოწმების კიდევ ერთი გზაც არის (უკვე ნაყიდი და სახლში მოტანილი ზეთის) – დაბალ ტემპერატურაზე ნატურალური ზეითუნის ზეთი ღიავდება და თეთრი ნალექი უჩნდება. რამდენიმე დღით მაცივარში თუ ჩადგამ – იოლად შეამოწმებ. მის კეთილშობილ თვისებებზე ეს ექსპერიმენტი არ აისახება. ოთახის ტემპერატურაზე გამოდგამ ისევ და პირვანდელ ფერსაც დაიბრუნებს.
შენახვის ვადა და პირობები. იტალიელები ამბობენ – ზეითუნის ზეთი უნდა შეინახო, როგორც ღვინო. ოთახის ტემპერატურაზე, კარადაში, მოარიდო მზის შუქს და გაზის/ელექტრო ქურას. Extra Virgin ზეითუნის ზეთის შენახვის ვადა 1 წელია, რაფინირებულის – მეტი (ესეც გამოდგება იდენტიფიცირებისთვის). ზოგი მწარმოებელი მოსავლის აღების თარიღსაც უთითებს – მაგრამ ასეთი ჩვენთან არ შემხვედრია და რომც იყოს სადმე, ძალიან ძვირი იქნება.
მწარმოებელი ქვეყანა სულ რამდენიმეა. ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი. ამ სამს მსოფლიოს ზეითუნის ზეთის წარმოების 50% მეტი უჭირავს.
დაბოლოს – ზეითუნის ზეთი თავად არის მაღალკალორიული პროდუქტი. თუ ჭარბი რაოდენობის კალორიებს იღებ, ფიზიკურად არ ხარ აქტიური, არ ვარჯიშობ, ნაკლებს მოძრაობ – სასწაულს ნუ ელი. ზეითუნის ზეთი კარგია ვარჯიშთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, როგორც მეტაბოლიზმის მექანიზმის საწვავი საშუალება. სხვათა შორის, კუნთის დაჭიმულობასაც ხსნის, რაც ვარჯიშის ეფექტურობას ზრდის (ცხადია, აქ ყველაზე ეფექტური ზეითუნის შემცველი მალამოებია, მაგრამ ეს უკვე როდესაც კუნთი დაგეჭიმა და “ყმუის” – პროფილაქტიკისთვის კი უზმოზე მიღებულიც კარგია). სასარგებლოა სახსრებისთვისაც – რაც ასევე გეხმარება ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებაში.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ასევე: კოდური სიტყვა – მეტაბოლიზმი
რაც მე ზეთის ხილი მაქვს ნაჭამი.. სამწუხაროდ, როგორც წერ, სასწაულები არ ხდება : (
LikeLike
შენმა ნაქებმა ვორდპრესმა დამიკარგა კომენტარი.
იმას ვწერდი, რომ დიდი ხანია, სხვა ზეთი არ გამომიყენებია, მჟავიანობაზე კი არა ვუწყოდი რა.
ბერძნებს კი მართლა აქვთ პლანტაციები. ერთხელ მივიღე ძღვნად მეგობრისგან მის ეზოში გაზრდილი ზეითუნის ზეთი.
სალათისგან მეც ვაცალკევებ და ლაშა ჭამს.
LikeLike
არაფერი არ იკარგება 🙂
უბრალოდ მოდერაცია მაქვს ჩართული და თან ახლა უფრო იშვიათად შემოვდივარ დასადასტურებლად. ამიტომ გვიან ჩნდება კომენტარები 🙂
LikeLike
რეკომენდაციას გავუწევ იტალიურ Zucchi ზეითუნის ზეთს. არომატულია და გემრიელია სალათშიც ძალიან კარგია, ვისაც უყვარს.
მეტაბოლიზმისთვისაც გამოდგება, მაღალი ხარისხისაა. გუდვილში იყიდება.
LikeLike
დასტურ – სანდო ბრენდია.
მე კარფურში ვყიდულობ. 🙂
LikeLike