– წიგნის ბოლო მკითხველისთვის მოულოდნელი უნდა იყოს.
— რატომ?
— რატომ? იმიტომ რომ მკითხველს არ ჩამოეძინოს. ეს ბანქოს თამაშივითაა – ყოველთვის უნდა შემოინახო კოზირი.
ჟოელ დიკერი. “სიმართლე ჰარი ქვებერთის საქმეზე” (III-4)
ბავშვობაში წიგნის ან ფილმის შუა გზაში მიტოვება არ მიყვარდა. დღეს ბევრად დაუნდობელი გავხდი. პირველი აბზაცები, პირველი წუთები თუ არ მომეწონა, თავს ვანებებ. თუ შენც ასე ხარ – აქედანვე გეუბნები, ეს წიგნი ბოლომდე უნდა წაიკითხო. 🙂 არითმიული წიგნია. ადგილ-ადგილ ისე ნელდება, ცოტაც და, შეიძლება, ჩამოგეძინოს, მაგრამ უეცრად ისე შემოგილაწუნებენ, რომ ერთბაშად გამოფხიზლდები. ფლეშბექები. დროში გადასვლა. ხან ოცდაათი წლის ამბებს გვიყვებიან, ხან ოცი წლის წინანდელს, ხან – სულ ცინცხალს. ეს ყველაფერი შენ უნდა შეკრა და თავი მოუყარო. ისე, როგორც “ნამდვილ დეტექტივშია”. ეს წიგნიც დეტექტივია და “სიმართლე ჰარი ქვებერთის საქმეზე” მხოლოდ ბოლოს გახდება ცნობილი. იქამდე ბევრი ვერსიაა და ბევრი ეჭვმიტანილი. როგორც დეტექტივის წესია.
ეს არის ისტორია მამაკაცისა და არასრულწლოვანი გოგონას აკრძალულ სიყვარულზე, რომელიც მკვლელობით მთავრდება. მკვლელობა ამ ისტორიის დასასრულიცაა და დასაწყისიც.
ფლეშბექების, სამხილების, ეჭვმიტანილებისა და ვერსიების გარდა, წიგნში რამდენიმე წიგნია. ერთი – მთავარი პერსონაჟის, მწერალ ჰარი ქვებერთის წიგნი. მეორე – სხვა მთავარი პერსონაჟის, მწერალ მარქუს გოლდმანის წიგნი. მესამე… ამ წიგნზე არაფერს გეტყვით, სფოილერი გამოვა, მაგრამ მესამეც არის. ყველას თავისი სიმართლე აქვს. სამი წიგნი – სამი სიმართლე. თხრობა ერთი ამბიდან მეორეზე გადადის. პერსონაჟიდან – პერსონაჟზე. საუკუნიდან – საუკუნეზე. უნდა მიჰყვე და კარგი წასაკითხია.
ჟოელ დიკერი (Joel Dicker) ფრანგულენოვანი შვეიცარიელი მწერალია. “სიმართლე ჰარი ქვებერთის საქმეზე” მისი მეორე გამოქვეყნებული რომანია. კიდევ ოთხი უჯრაში დარჩა, დაუწუნეს თუ თავად დაიწუნა არ ვიცი, მაგრამ არ გამოუქვეყნებია. მაგიერ “სიმართლე ჰარი ქვებერთის საქმეზე” 30 ქვეყანაში გამოსცეს და მსოფლიო ბესთსელერად იქცა. მკითხველთა ინტერესის გარდა, რომანს გონკურების პრემია და ფრანგული აკადემიის გრან-პრი მიანიჭეს.
წიგნი ჟანრული კონტეინერია – დეტექტივი, ნუარი, ფსიქოლოგიური რომანი, სასიყვარულო რომანი, სატირა და ბულვარული რომანიც კი. მიხვეულ-მოხვეულში.
და ეს ძალიან სენემატოგრაფიული რომანია. გამიკვირდება თუ არ გამოჩნდა პროდიუსერი, ვინც მოჰკიდებს ხელს. თავად დიკერი მას ტელესერიალს ადარებს და “ნამდვილი დეტექტივი” ტყუილად არ გამხსენებია.
და კიდევ ერთი, არ შემიძლია, არ ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი შვეიცარიელია და ნაწარმოებში აღწერილი ამბები ამერიკაში ხდება – ბევრი რამ ძალიან ნაცნობია. ისე ნაცნობი, თითქოს ქართველებზეა. თუნდაც, მთავარი პერსონაჟისა და მისი დედის დისტანციური დიალოგები.
***
NB! ახლა კი ყველას, ვისაც ამ წიგნის წაკითხვა სურს, დაგემშვიდობებით. პოსტის კითხვა აქ უნდა შეწყვიტოთ და გადაბრძანდეთ აქეთ, თორემ ცოტათი, მაგრამ მაინც დასფოილერდებით!
რამდენი პერსონაჟიცაა წიგნში, იმდენი მკვლელიო არ ვიტყვი, მაგრამ იმდენი დამნაშავეა. ყველას მისი წილი ბრალი აქვს. ისე, ალბათ, როგორც წიგნს მიღმაა. ცხოვრებაში. ჟოელ დიკერი ვერსიას-ვერსიაზე გვთავაზობს. ჯერ ერთს, ყველაზე აშკარასა და ლოგიკურს. დროის შემდეგ გადათქვამს და ახალს შემოგვაპარებს. კიდევ და კიდევ – რომანის მოცულობა ისეთია, რომ იტევს. და მხოლოდ წიგნის ბოლოს ხვდები, რომ ყველა სიმართლეა. რაღაც დოზით. ცხადია, მთავარი დამნაშავეც არის – დამნაშავე, ვისაც იურიდიულ ბრალს წაუყენებ, მაგრამ ყველა დანარჩენიც არ დგას შორს და ყველას მისი ჩონჩხი აქვს კარადაში… ეგკიარა, მკვლელობაზე უარესი რა უნდა იყოს, მაგრამ, თუ ბოლომდე წაიკითხავ, ნახავ, წიგნი ბევრ სხვა დანაშაულზეა. და ხვდები, ვინც მსხვერპლი გეგონა, არც ის არის მთლად მსხვერპლი და ნამდვილი მსხვერპლი სულ სხვა ყოფილა… და ეგებ, წიგნი სულაც არ არის იმაზე, თუ ვინ მოკლა ნოლა ქელერგანი.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
PEN Atlas Q&A: Joël Dicker, author of The Truth About the Harry Quebert Affair by Tasja Dorkofikis
მაინც დავსპოილერდი ))))
LikeLike
ყოველთვის პატიოსნად გაფრთხილებთ წინასწარ 🙂
LikeLike
ძალიან დიდტანიანი რომანი ყოფილა.
გადმოვწერე და წავიკითხავ და გეტყვი თუ მომეწონა.
LikeLike
ამასობაში მეორე წიგნიც ატვირთეს სერიიდან 🙂
LikeLike