ზაფხულობით ბლოგს ვასვენებ, დრაფტებს ვაგროვებ და ჭერში ვაწყობ, ხოლმე. ტრადიციულად. მაგრამ ისეთები ხდება რომ…
წავა თუ არა რონალდო “რეალიდან”?
თუ წავა, რა მიზეზით წავა?
და თუ წავა, სად ტრაკში წავა? (სხვა გუნდების გულშემატკივრებს ნუ გეწყინებათ და ჩემპიონთა ლიგის მე-12 სიმაღლიდან, ყველა სხვა გუნდი იქაა, რაც დავწერე).
“რეალიდან” წასვლის მიზეზები სამყოფად აქვს.
- გადასახადების თემა და მენდეშის სურვილი, ფული მოჭრას, ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ – სხვა მიზეზებზე დავწერ.
1. მოყირჭება. პორტუგალიელი ვარსკვლავი 2009 წლიდან “რეალშია”. 265 თამაში ჩაატარა ლა ლიგაში და 285 გოლი გაიტანა. მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, როგორც საკლუბო, ისე ინდივიდუალური ჯილდოები: 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონთა თასი, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის 4 ოქროს ბურთი (მე-5 გზაშია და სადაც წავა, მიეწევა იქ), ევროპის საუკეთესო მოთამაშის 2 ჯილდო, 4 ოქროს ბუცი. და კიდევ ბევრი სხვა. ის არის “რეალის” ყველა დროის რეკორდსმენი 406 გოლით. ლა ლიგის რეკორდსმენი 35 ჰეთ-თრიქით – ფეხბურთელი რომ ახალ გამოწვევას ეძებდეს, გასაკვირი არ იქნება.
2. ხელსაყრელი მომენტი. წასვლისთვის უკეთეს მომენტს, ვერც ინატრებს – გასული სეზონი საუკეთესო იყო რონალდოსთვის. ის დიდების ზენიტშია. ესპანეთის და ევროპის საკლუბო ჩემპიონია. ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი. სეზონის დასკვნით და ყველაზე გადამწყვეტ მომენტში მისმა თამაშმა და გოლებმა ამ გამარჯვებებში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. ეჭვგარეშეა, რომ მე-5 ოქროს ბურთსაც რონალდო ჩაიბარებს. არვინ იცის, როგორი იქნება შემდეგი სეზონი, მაგრამ მეც კი, “რეალის” სტაჟიან გულშემატკივარს, ეჭვი მეპარება, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-3-ედ მოგება შევძლოთ. მადრიდული პუბლიკა კი დაუნდობელია და უმადური. სიყვარულიდან სიძულვილამდე თუ სადმე ერთი ნაბიჯია, “ბერნაბეუზე” – ნახევარიც არაა. იქ უსტვენდნენ ყველას. პატარა ფეხის გადაბრუნებაც საკმარისია. ამიტომ გამარჯვებული წახვიდე. წახვიდე, როცა და სანამ ყველა გაღმერთებს – დროულია.
3. პერესის ფაქტორი. ფლორენტინო პერესს ასაკოვანი ფეხბურთელების “შენახვა” არ უყვარს. სულ რომ ციდან ვარსკვლავებს წყვეტდნენ. კრიტიკული ასაკი, სტატისტიკის თანახმად, 34 წელია – რონალდო კი უკვე 32-საა. დიდია იმის შანსი, რომ 1-2 წელიწადში კრან ხელი და კლუბიდან გაუშვან (“რეალის” სხვა ლეგენდების ბედი კარგადაა ცნობილი – იერო, რაული, იკერი). შესაძლოა, ფეხბურთელმა ჩათრევას ჩაყოლა არ ამჯობინოს და “დასწრებაზე ითამაშოს”.
თუმცა, “რეალში” დარჩენის მიზეზებიც ბევრია.
1. ჯილდოები. როგორიც არ უნდა იყოს შემდეგი სეზონი, დიდი შანსია, რომ “რეალი” გამარჯვებების გარეშე არ დარჩეს. გუნდში ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ბალანსია. გუნდის ბირთვი კარგადაა შეთამაშებული. ახალგაზრდები, ვინც გუნდში მოვიდნენ – არვის უდებენ ტოლს (თუნდაც, მარკო ასენსიოს ტალანტი რად ღირს) – ცხადია, რომ “რეალში” და “რეალთან” ერთად ტიტულების მოგების შანსი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა გუნდში და “რეალის” წინააღმდეგ.
2. მედიის ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ მედია მწარედ იკბინება, მათი ყურადღება ბევრად ფასობს. კრიშტიანო მედია-პერსონაა და ამ გზით(აც) შოულობს ფულს. “რეალიდან” წასვლის შემთხვევაში, მის მიმართ ყურადღება არ გაქრება, მაგრამ ნამდვილად შემცირდება. რატომ? იმიტომ რომ რონალდოს პოპულარობას მესიც განაპირობებს (ისე როგორც მესის პოპულარობას – რონალდო) სანამ ისინი ერთ ქვეყანაში თამაშობენ, მათ მიმართ მედიის ყურადღებაც მაქსიმალური იქნება – გარანტირებულად შეხვდებიან მოედანზე ერთმანეთს მინიმუმ ორჯერ სეზონში. და კლასიკო, როგორც ყველაზე ყურებადი საფეხბურთო დაპირისპირება, ამ ორი ფეხბურთელის მედია-პოპულარობას ხელს უწყობს. მედია-პოპულარობა კი ფულია. დიდი ფული. სულ ახლახან პორტუგალიელმა ვარსკვლავმა Nike-თან მილიარდიან (!) კონტრაქტს მოაწერა ხელი. არ მგონია, “ნაიქს” რონალდოს სადმე ტრაკში გადასვლა გაუხარდეს.
3. ზიდანის ფაქტორი. რონალდო კომფორტულად გრძნობს თავს ზიდანის გუნდში. იმ ყაიდის ემოციური ადამიანისთვის, როგორიც რონალდოა, ეს უმნიშვნელო ფაქტორი არ უნდა იყოს. ზიდანსა და რონალდოს შორის სრული ურთიერთგაგებაა. რონალდო ხან სკამზე იჯდა, ხან განაცხადს მიღმა და მაინც ბედნიერი იყო. ეს დიდი უცნაურობა და სიახლეა. აქამდე ვერასდროს ყოფილა ასე. აშკარაა, რომ სუპერ-ვარსკვლავი ფეხბურთელი ენდო სუპერ-ვარსკვლავ მწვრთნელს და შედეგმაც არ დააყოვნა. არ უნდა იყოს იოლი, ამ კომფორტზე უარის თქმა და ყველაფრის თავიდან დაწყება. სხვაგან.
მაგრამ თუ წასვლის არგუმენტებმა გადაწონა და რონალდო “რეალიდან” წავიდა, რომელ გუნდში გადავა? ვარიანტი (ჯერ-ჯერობით) ორია. PSG და MU. და, მეეჭვება, სხვა რეალური ვარიანტები გამოჩნდეს, ფეხბურთელის სტატუსიდან და ფასიდან გამომდინარე.
პარიზში გადასვლის სასარგებლო არგუმენტები მოიძებნება:
1. სამარადჟამო რეკორდი. ახლა, გარანტირებული რაა, მაგრამ თუ PSG-მ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდება, ვინც ეს სამ სხვადასხვა კლუბში მოახერხა. და ამ რეკორდს თუ ვინმე ოდესმე დაამხობს, არ მგონია.
2. გოლების რეკორდი. პელეს 1279 გოლი აქვს კარიერის მანძილზე გატანილი (1281-აც ასახელებენ, მაგრამ გინესის რეკორდების წიგნის მონაცემებს მივყვები). იქამდე ძალიან შორია, მაგრამ 602 გოლით კრიშტიანო რონალდო ლიდერობს მოქმედ ბომბარდირთა სიაში და, სავარაუდოდ, არ სურს პირველობის დათმობა. ლიგა 1-ში გოლების გატანას კი უფრო იოლად მოახერხებს.
3. სტატუსი. “რეალში” ამბიციებით დახუნძლული ბევრი ვარსკვლავია. დღეს რონალდოს სტატუსი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ არვინ იცის, რა იქნება ხვალ. PSG-ში რონალდო უდავო N1 სტატუსით ჩავა და სანამ იქ იქნება, არ მგონია, ვინმე შეეცილოს. გუნდი მასზე აეწყობა – ეს მნიშვნელოვანი არგუმენტია.
საწინააღმდეგო არგუმენტებიც ბევრია.
1. რაის PSG, ხომ არ ღადაობ?! რა ჩყ ჩლ მომგებია PSG? ლიგა 1 კიბატონო, მაგრამ ვეჭვობ, ლიგა 1 რონალდოს ამბიციებისთვის საკმარისი იყოს. ჩემპიონთა ლიგა კი პარიზულმა კლუბმა, რაღაც არ მგონია, მოიგოს.
2. ემერის ფაქტორი. ემერი, მას შემდეგ რაც “ბარსასთან” 4-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა, რონალდოსთვის დიდ ავტორიტეტად არ უნდა ჩანდეს, უავტორიტეტო მწვრთნელს კი სუპერ-ვარსკვლავებთან მუშაობა ყოველთვის უჭირს. ზიდანის გუნდიდან ემერის გუნდში გადასვლა, ვის რა ჯანდაბად უნდა უნდოდეს.
3. ინდივიდუალური ჯილდოები. კლუბური პრესტიჟული ჯილდოების სიმცირე პირდაპირ აისახება ინდივიდუალურ ჯილდოებზეც. ოქროს ბურთი იქეთ იყოს და, ლიგა 1-ში გატანილი გოლები დაბალი კოეფიციენტის გამო ვერც ოქროს ბუცის მოგებაში დაეხმარება რონალდოს. საფრანგეთის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მისი ამბიციების სამყოფად ვერ უნდა გამოდგეს.
- გადასახადებს არ ვახსენებ-მეთქი, მაგრამ საფრანგეთში ესპანეთზე არანაკლებად “წაგლეჯვა” საგადასახადო სისტემაა. ამ მხრივ, ესპანეთიდან საფრანგეთში გაქცევა ვერაფერი შვებაა.
ერთი შეხედვით, კრიშტიანოს MU-ში გადასვლა უფრო მოსალოდნელია.
1. პუბლიკა. რაც “ბერნაბეუზე” ვთქვი, აქ ყველაფერი საპირისპიროდაა. ვისაც “რეალთან” ლეგენდარული დაპირისპირებები ახსოვს ლიგაზე, “ოლდ თრაფორდის” რეაქციაც ემახსოვრება. მათი გუნდი დამარცხდა, მაგრამ მაყურებელი ფეხზე ამდგარი და ტაშით აცილებდა ორივე გუნდს. ასეთი გულშემატკივრებისთვის თამაში – ერთი სიამოვნებაა, თან რონალდომ სწორედ MU-ში იგემა პირველი დიდი გამარჯვებები – “რეალში” უკვე ვარსკვლავის სტატუსით გადმოვიდა. არ გამიკვირდება, თუ “სახლში” დაბრუნება გადაწყვიტა.
2. მედიის ყურადღება. MU არ არის PSG, პრემიერ ლიგა მითუფრო არაა ლიგა 1. რონალდოს MU-ში არ მოაკლდება არც მსოფლიო მედიის ყურადღება, არც – სპონსორები. მართალია, კლასიკო ვერ იქნება, მაგრამ მანჩესთერული დერბიც დიდ ყურადღებას მიიპყრობს, თან მოუ-პეპის ფაქტორის გათვალისწინებით. პლუს ამას ახლა თუ რონალდოც შეემატა.
3. ჯილდოები. MU არ არის “რეალი”, მაგრამ პრესტიჟული საკლუბო და ინდივიდუალური პრიზების მოგების შანსი არის. ეს “სტატუსური” კლუბია. ჯილდოები და რეკორდები კი რონალდოსთვის არასდროს ყოფილა უმნიშვნელო.
მაგრამ ამ ტრანსფერსაც აქვს ბნელი მხარე.
1. არ ვიცი, მოიგებს თუ ვერა MU ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ რონალდოს ამ გუნდში ლიგა უკვე აქვს მოგებული და მე-3 გუნდთან ერთად მოგება არ გამოუვა. ასე რომ, მინუს ერთი ინდივიდუალური რეკორდი – კრიშტიანოს კი რეკორდები უყვარს.
2. მოურინიოს ფაქტორი. ორ პორტუგალიელს ერთმანეთი გულზე დიდად არ ეხატებათ. “რეალში” მოუს მესამე წელი კოშმარი იყო გუნდში ატმოსფეროს მხრივ. ბოღმინიოს დიდი ნიჭი აქვს, ხალხი ერთმანეთს გადაჰკიდოს. მან მოახერხა და “რეალის” თითქმის ყველა ფეხბურთელთან გაიფუჭა ურთიერთობა. რონალდოს მოუსთან მუშაობის ცუდი გამოცდილება აქვს და ზიდანის ფონზე ეს არგუმენტი კიდევ უფრო იკრებს წონას.
3. სტატუსი. მანჩესთერში რონალდო N1 ვარსკვლავის სტატუსით ჩავა, მაგრამ MU-ს სხვა ვარსკვლავიც ჰყავს – ახალგაზრდა, ამბიციური და ძალიან ძვირადღირებული. პოლ პოგბა. მისი ტრანსფერიც ხმაურიანი იყო და მეხის გავარდნას ჰგავდა. არ ვიცი, რა იქნება და როგორ, მაგრამ პოგბას ნამდვილად ექნება მისი მოსაზრება, თუ ვინ არის MU-ს ლიდერი და ბოღმინიოს ამბავი რომ ვიცი, როგორი ატმოსფერო დახვდება რონალდოს კლუბში…
კიდევ ბევრი სხვა არგუმენტის ჩამოთვლა შეიძლებოდა როგორც “რეალში” დარჩენის, ისე PSG ან MU-ში გადასვლის სასარგებლოდ. პეპეს ფაქტორი, მაგალითად, არ მგონია, მთლად უმნიშვნელო იყოს. ფერგის სიტყვასაც ექნება წონა. თავად რონალდოსა და მენდეშს რა უტრიალებთ თავში, ღმერთმა უწყის… კონფედერაციის თასის დასრულებამდე, დანამდვილებით ვერაფერს გავიგებთ. მე კი მაინც “რეალში” დარჩენაზე ჩამოვიდოდი ფსონს, ტოტალიზატორში რომ ვთამაშობდე.
- ბარტეზი თუ გახსოვთ? MU-ს კიპერი. მისი და ლინდა ევანჯელისთას ლამის უკვე ნიშნობამდე მიყვანილი საქმე სწორედ მანჩესთერის გამო ჩამოიშალა, იმიტომ რომ ეს ქალაქი დიდი სოფელია. მე არ მითქვამს – ლინდამ თქვა. ჯორჯინა როდრიგესი ბრისთოლში ძიძად მუშაობდა, ახლა მოდელობს და წარმატებულ კარიერაზე ფიქრობს და არ მგონია, “დიდ სოფელში” დაბრუნება უნდოდეს… თუმცა, მას ყველაზე ბოლოს ჰკითხავენ.
არც რონალდოა ბარტეზი და ვერც ჯორჯინაა ლინდა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
პორტუგალიურად ამ ფეხბურთელის სახელი და გვარი გამოითქმის, როგორც კრიშტიანუ რუნალდუ. და კიჭაც რუნალდუა. ეს ისე – სასხვათაშორისოდ.