სოკერფრენია

ჩვენ, ფეხბურთის გულშემატკივრები არა-გულშემატკივრების დიაგნოზით, რა თქმა უნდა, ნორმალური ხალხი არ ვართ. მე, გულშემატკივარი, მზად ვარ, არა-გულშემატკივრებს დავეთანხმო. რა მნიშვნელობა აქვს, ეს თერთმეტი კაცი გაიტანს გოლს, თუ ის თერთმეტი კაცი? არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ ფეხბურთის გამო მეგობრები გადაკიდებიან ერთმანეთს. ოჯახები დანგრეულა. გული გასკდომია ხალხს და ეგკიარა, ომიც დაწყებულა. კი, ნამდვილი ომი – თუ მშვიდობა იქნა, ამ ისტორიაზე დავწერ ერთხელ. მაგრამ, ამავე დროს, ფეხბურთში წარმატება შრომის ნაყოფიერების ამაღლებას უწყობს ხელს, ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, ქვეყნის წარმატებას ეხმარება.

მაგრამ სხვა ქალაქის გუნდის ქომაგობა კიდევ სხვა ფენომენია. სოკერფრენიის დამძიმებული ფორმა. არა-გულშემატკივარი ვერ გაიგებს. და ასახსნელადაც ძნელია. ბევრს ჰგონია, ამის მიზეზი საკუთარი გუნდის სისუსტეა, მაგრამ მადრიდის “რეალს” (და ამ პოსტს სწორედ “რეალის” გამარჯვების ემოციით ნაბახუსევზე ვწერ) ყველა ქალაქში ქომაგობენ. ყველა ქვეყანაში და ყველა კონტინენტზე. იქაც, სადაც საკუთარი ფალავნები ჰყავთ, “რეალზე” არანაკლები… თუმცა, არა, გატყუებთ. ნაკლები! რა თქმა უნდა – ნაკლები! და ეს ქომაგის სიტყვები არ არის – ობიექტური რეალობაა. 🙂 მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს – იქაც, სადაც “რეალზე” ნაკლებ წარმატებული, მაგრამ მაინც ძალიან წარმატებული, ძალიან ძლიერი, ლეგენდარული კლუბებია, “რეალს” ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ეს ცალკე ფენომენია, და ყველა გულშემატკივარს გულშემატკივრობის საკუთარი მიზეზი აქვს. მე ჩემი უკვე გავიხსენე ერთხელ.

იმის გადმოცემა, რაც დესიმაზე დამემართა, შეუძლებელია. რამოსმა რომ გაათანაბრა ანგარიში, იმ წამს ნამდვილად შეშლილს ვგავდი. დესიმას დიდხანს ველოდით. ძალიან დიდხანს. იმ კლუბისთვის, როგორიც “რეალია” – ძალიან, ძალიან ძალიან დიდხანსაც. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირი იყო. ყოველ შემთხვევაში – ჩემთვის. არასდროს დამბადებია კითხვა: რას უფრო მოაქვს – ლა ლიგას თუ ლიგას. კარგად მახსოვს “ორბების ხუთეულის” “რეალი”. უფრო კი – მწარედ. ბევრისთვის ის “რეალი” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. ლა ლიგას ლა ლიგაზე დებდა. რომ იტყვიან – ცალი ფეხით… მაგრამ ლიგის (ჩემპიონთა თასი რომ ერქვა იმ დროს) გათამაშებიდან ვარდებოდა… ამიტომ მახსოვს მწარედ… და რამოსმა რომ გაიტანა, ჭკუიდან გადავდექი. იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონთა ლიგა – “რეალის” ტურნირია. ამ შეჯიბრში წარუმატებლობის უფლება “სამეფო კლუბს” არ აქვს!

შემდეგ იყო უნდესიმა. იმ წელს, რომელიც კატასტროფულად დაიწყო და ყველა იმედი გადაგვეწურა. ამიტომ იყო ეს გამარჯვება საოცრება. და – ასე საჭირო.

და ახლა – დუოდესიმა. თითქოს უკვე რიგითი გამარჯვება. 🙂 მოსალოდნელი. მაგრამ ისტორიული, იმიტომ რომ “რეალი” პირველია, ვინც შეძლო და ტიტული დაიცვა. როგორც ადრე, მრავალი წლის წინ. ლეგენდარული პირველი “გალაქტიკოს” დროს (თუმცა მაშინ ეს სიტყვა არ არსებობდა ჯერ). გავიდა ფინალის სათამაშოდ და მეტოქეს, მთელი ტურნირის განმავლობაში სამი ბურთი რომ ჰქონდა გაშვებული, ადგა და ოთხი გაუტანა. ლაღად, თითქოს – ვარჯიშზე.

უნდესიმას შემდეგ ბარსამან მეგობარს დავენიძლავე, გაისადაც მოვიგებთ-თქო. დღეს კი მე-13-ზე უნდა გავიწიოთო – ვამბობთ “რეალის” გულშემატკივრები და ერთმანეთს ვეკითხებით, ცამეტი როგორაა ესპანურად. 🙂 იმიტომ რომ ეს ჩვენი ტურნირია. და ნებაც არ გვაქვს, ევროპის ჩემპიონობა დავუთმოთ ვინმეს.

1

მეფე დაბრუნდა კიარა, არც წასულა არსად.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: