ომების ისტორია გმირებსა და ანტიგმირებზე დგას. ასეა ფეხბურთის ისტორიაც. და როგორც ომში, ასე ფეხბურთში ხშირად ხდება – ვინც ერთისთვის გმირია და საამაყო, მეორისთვის – მტერია და უხსენებელი. უზბეკეთში, ეგერ, ყოველმეორე ქუჩას თემურ ლენგის სახელი ჰქვია, ჩვენთვის კი მასზე დიდი მაოხრებელი ცოტა თუ ყოფილა (თუმცა, ამის დაწერა დღეს ცოტა სარისკოა, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც “პატრიოტი” და გეტყვის – ჰოდა, რუსებს რას ერჩი, მოდი ჯერ უზბეკებთან “გავაიასნოთ” სიტუაციაო…). ისევ ფეხბურთს დავუბრუნდეთ – ესპანური ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ აღიარებული, დიდად პატივდებული და კერპად ქცეული, სიცოცხლეშივე “ღვთაებრივად” (el Divino) შერაცხული რიკარდო სამორა (Ricardo Zamora Martínez) მადრიდში კერპია, მაგრამ ბარსელონაში დედები და მამები ჭირვეულ ბავშვებს ეტყვიან ასე – ჭამე ფაფა, თორემ გაიზრდები და სამორა გახდებიო.
რიკარდო სამორა კატალონიელი იყო, კარიერის საუკეთესო წლები კი მადრიდის “რეალის” კარს იცავდა. სამორასთან ერთად მოიპოვა რეალმა თავისი პირველი საჩემპიონო ტიტული 1932 წელს. 1936 წელს კი ესპანეთის თასის ფინალის პირველ კლასიკოში კაცნაკლულმა “რეალმა” სწორედ სამორას ბრწყინვალე თამაშის წყალობით დაამარცხა “ბარსელონა”, ამასთან, მატჩის ბოლო წუთებზე სამორამ 5 მეტრიდან დარტყმული “მკვდარი” ბურთი აუღო “ბარსას” ლეგენდარულ ფორვარდს, ესკოლას და მშობლიურ ქალაქს ცხვირწინ ააწაპნა თასი.
ახლა იფიქრებს ვიღაც – ეს სამორა დიდი უვარგისი კაცი ყოფილა და საკუთარი კუთხის მოღალატეო… მაგრამ არც ასე იოლადაა ამბავი. სამორა ბარსელონაში დაიბადა და არვისზე ნაკლები კატალონიელი არ ყოფილა. “ესპანიოლში” და “ბარსელონაში” თამაშობდა და მისი წვლილი უდიდესი იყო “ბარსას” მიერ 1920 და 22 წლებში და “ესპანიოლის” მიერ 1929 წელს მოპოვებულ “სამეფო თასში” – სხვათა შორის, “ესპანიოლმა” ფინალში სწორედ მადრიდის “რეალი” დაამარცხა… და კატალონიიდან არსად წამსვლელი იყო სამორა, რომ არა ესპანეთში გაჩაღებული სამოქალაქო ომი.
ახალი ამბავი არაა, კატალონიელთა დიდი ნაწილი მემარცხენეა, ამათგან ბევრი – რადიკალი მემარცხენე. ასეა დღეს. 30-იანებში კი მათი არცთუ მცირე ნაწილი სტალინისტი იყო, რიკარდო სამორა კი – მემარჯვენე. მადრიდში მისი გადაბარგება დიდწილად სწორედ პოლიტიკური სიმპათიებით იყო განპირობებული. ეს 1930 წელს მოხდა. რამდენიმე თვით ადრე, სანამ ესპანური მონარქია დაეცემოდა.
იმ პერიოდის ესპანეთის ისტორიას არ მოვყვები, მოკლედ დავწერ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემდეგ, ჯერ მეფე ალფონსო XIII გადადგა და ესპანეთში რესპუბლიკა გამოცხადდა, მოგვიანებით კი ხელისუფლება რადიკალმა მემარცხენე-ავანტიურისტებმა იგდეს ხელთ (არჩევნებით… თუმცა ალაგ-ალაგ ამბოხებისა და არაერთი ტერორისტული აქტით შეზავებული არჩევნებით) და, როგორც სჩვევიათ, ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ უკანალში კრიზისში შეიყვანეს. ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი – ფრანკო და გერმანია ერთი მხრივ და რესპუბლიკელები, საბჭოთა კავშირი და წითელარმიელები მეორე მხრივ. ვინ ნაკლები უბედურებაა, თქვენ განსაჯეთ. რიკარდო სამორამ განსაჯა, რომ ბოლშევიკები მისი ქვეყნისთვის უფრო დიდი უბედურება იყო (ჩემი აზრით, არც ცდებოდა და ისტორიამაც დაადასტურა, რომ არ ცდებოდა). ღიად გამოთქვამდა თავის აზრს, ამბობენ, რომ ფულითაც ეხმარებოდა “ფალანგისტებს”. უშიშარი ვინმე იყო. მოედანზეც არ გამოირჩეოდა სიფრთხილით და უკან დახევა არ სჩვეოდა. ერთ-ერთი პირველი იყო მეკარეთაგან, ვინც თავდამსხმელს მოურიდებლად უხტებოდა ფეხებში. ტრავმაც ხშირად მიუღია. 1929 წელს ინგლისელებთან მატჩში დაშავდა, მაგრამ მოედანი არ დატოვა და თამაში ჩაამთავრა. ესპანელებმა გაიმარჯვეს 4-3. ასეთი კაცი იყო.
1936 წელს სტაცეს ხელი რესპუბლიკელებმა და დააპატიმრეს. ციხე “მოდელოში” მოხვდა, სადაც ბევრი სხვა პოლიტპატიმარი იმყოფებოდა, მაგრამ ანარქისტ მელხორ გარსიას, რომელიც ციხეებს განაგებდა, ეყო ჭკუა, სახელგანთქმული მეკარე შეიწყალა და ქვეყნის დატოვების ნება მისცა. სამორამ საფრანგეთს შეაფარა თავი და საფეხბურთო კარიერაც იქ დაასრულა – კლუბ “ნიცაში”. შემდეგ უკვე ფრანკისტულ სამშობლოში დაბრუნდა და 1938 წლის 8 დეკემბერს გამოსათხოვარი მატჩი ჩაატარა ნაკრების კარში.
ჯილდო, ესპანეთის საუკეთესო მეკარეს რომ გადასცემენ, რიკარდო სამორას სახელს ატარებს.
სხვათა შორის, ყველა სხვა ამბავთან ერთად, სამორა საფეხბურთო მოდის ტენდენციებსაც განსაზღვრავდა – სწორედ მან დაიწყო პირველმა საფირმო სტილის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, რომ მეკარეთა მასიდან არამხოლოდ თამაშით, იერითაც გამორჩეულიყო. ზამორა თამაშობდა უპირატესად თეთრი ფერის სვიტერში გამოწყობილი, თავზე – კეპით. მოგვიანებით, მისი ჩაცმის სტილის კოპირება ბევრმა სცადა. ის იყო პირველი მოედანზე და მოედნის მიღმა, მაგალითი მათთვისაც, ვინც მისი თაყვანის მცემელი იყო და მათთვისაც, ვინც ებრძოდა. არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვინმეს გულის მოსაგებად. ყოველთვის იქცეოდა ისე, როგორც საკუთარი გული და გონება კარნახობდა, ამიტომაც დარჩა ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. როგორც “მარკა” წერდა, “მხოლოდ ორი კარის მპყრობელი ვიცით – რიკარდო სამორა – დედამიწაზე და წმინდა პეტრე – სასუფეველში”.
Hala Madrid y Nada Más!
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___