შაბათის პოსტი
ჯერ ისტორიები მოყვა – მოსკოვიდან ახალი ჩამოსული ვარო (2008 წლამდელ ამბავს ვყვები), იქო ესო-ისო, გაზპრომიდან დაწყებული კრემლის პალატებით დამთავრებული ყველგან ვარ ნამუშევარიო. ბოლოს ჟანა ფრისკეს (მაშინ ცოცხალი იყო, ცხონებული) ბინის რემონტის ამბავზე რომ გადავიდა, მეთქი, კარგი, მაგრამ ახლა ჩემს კედლებს მიხედე-მეთქი.
მაღაზიაში ფერი ავარჩიე. ვიყიდე “ბეტეკის” საღებავი და კოლერი. გამოთვალეს პროპორცია, რამდენი-როგორ უნდა შეგვეზავებინა და ცხრილი და ინსტრუქციაც გამოგვატანეს. მოვუტანე ამ ჩვენ “ფრისკეს მალიარს”. დახედა ეჭვის თვალით. გახსნა და ვუყურებ, შერევას აპირებს. ვეუბნები – მოიცა, რას აკეთებ, აგერ დოზატორია და პროპორციაც წერია…
კი წერია, მაგრამ ეგ კომპიუტერში ჯდება ეგრე და სინამდვილეში არ ემთხვევაო. ეგ თეორიაა და მე პრაქტიკის სიმაღლიდან გეუბნებიო. გაზპრომიდან დაწყებული კრემლის პალატებით დამთავრებული ყველგან მე ვმუშაობდიო… შევატყე, ისევ ჟანა ფრისკეს ამბავს იწყებდა და ჯანდაბას, სცადე-მეთქი.
დაიწყო… შეურევს, გაუსვამს კედელზე ფუნჯით, დახედავს, გაშრება – ესაა – შემეკითხება (“მიმინოსავით”)… კიდევ გააზავებს, გვერდით გაუსვამს – აბა, შეადარე. კიდევ გააზავებს… მოკლედ, დასვა მაინც ფერი, ვერ დავუკარგავ. გრძელი გზა მოიარე, ფერი ისე დასვიო მეთოდით.
მაგრამ, საიდან ტექნოლოგიების მიმართ ეს ეჭვი და რად აღარ გადაშენდება? არ მოვიდა დრო? მე იმდენად მჯერა და ისე ვარ კომპიუტერზე დამოკიდებული – კალენდარიც იქ მაქვს, დღის განრიგიც, სად წავიდე, ვის დავურეკო, რა გავიგო, რას ვუყურო, რა წავიკითხო – ბიბლიოთეკაც იქ მაქვს. ციფრული. “ამას ვერ მოგწერ”. “ამობეჭდე და იქ წაშალე”. “არ ატვირთო, პირადად გადმომეცი”… ვერ ვიგებ ხოლმე ამას. ან ვის რა ჯანდაბად (ვ)ჭირდებით? ნაღდი ფული 5-10 ლარი თუ მექნება საფულეში. ზოგი მივა და, დარიცხული არაა – მთლიანად აქეშებს ხოლმე.
ზოგს, ალბათ, არანორმალური ვგონივარ.
მე კი მათ ვერ ვუგებ.
რამდენიმე წლის წინ ისევ დაგვჭირდა მღებავები. სხვა ბრიგადა იყო. ახალგაზრდები. არც მოსკოვში ჰქონდათ ნამუშევარი და არც ჟანა ფრისკე ევასებოდათ (ან – ევასებოდათ, არ ვიცი ) მაგრამ ისევ იმ ძველის მსგავსი ამბავი განმეორდა.
განა, ასაკში და მღებავებშია საქმე…
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ქართული სერვისი ყველა მაგის მსგავსია. ფერი თუ დასვა კიდევ კარგი სპეციალისტი ყოფილა 🙂
LikeLike
გაზპრომში ნამუშევარი ვარო რომ გითხრა, მანდ ვერ მიხვდი, ვინ იყო? :))) დიაგნოზი ქვია მაგას.
LikeLike
ქართული ზღაპარი როა ქოსაზე, იცი? :))
LikeLike