ხამობა – უფასოდ

Goodwill-Cherry plumეს ვიდეო არის კატეგორიიდან No Comment, მაგრამ ორ სიტყვას მაინც დავწერ. რა შეიძლება უთხრა ადამიანს, რომელმაც არ იცის, რომ უგემოვნო, 1-ლარიანი კარტოფილის კლიენტებს მეტი შემოსავალი მოაქვთ სუპერმარკეტისთვის, ვიდრე გემოვნებიანი 100-ლარიანი ალუჩის მოყვარულთ? რა შეიძლება უთხრა ადამიანს, რომელსაც ვერ გაუგია სად მუშაობს? სადმე “ტიფანიში” კიარა ბონდ სთრითზე, არამედ თბილისურ “გუდვილში”. ამ ეკონომიკური კრიზისის დროს უმუშევართა რიგსა და “ქირავდება” სიას შემატებას ვერვის ვუსურვებ (ერთი-ორი სიტყვა კი ვუთხარი სადაც ხელი მიმიწვდებოდა), მაგრამ ამ გემოვნებიან მენეჯერსა და კომპანიას, როგორც მინიმუმ, ბოდიში აქვთ მოსახდელი. თუარადა, წესით, მათი გუდვილი თავზე უნდა ჩამოენგრეთ.

წარმოიდგინეთ, რაც შემოვიდა გუშინ გუდვილში, მთლიანად გაიყიდა და დღეს უკვე დილიდან, ხალხი ითხოვს ალუჩას. ამიტომ, ვისაც უნდა ალუჩა ჭამოს და ვისაც გემოვნება აქვს და იცის, რომ მარტში ალუჩა არ არის, იყიდის, ვისაც არა და ჭამოს ლარიანი კარტოფილი. ანუ ჩვეულებრივ იყიდება, ორსულებისთვისაც მისაღები არის და ძალიან კარგად ვყიდით. დღეს კიდევ, გაორმაგებული შეკვეთა შემოგვივა.
გუდვილის” ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერი გიორგი თანიაშვილი.

მაგრამ, სინამდვილეში, კლიენტის ასეთი შეურაცხყოფის ამბავი კომპანიაზე მეტს კლიენტზე ამბობს. ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება – ხშირად მქონია კამათი ამ თემაზე და ვიცი, მაგრამ ჩვენ რომ კარგი ბაზარი ვიყოთ, მომწოდებელი ამდენს ვერ გაგვიბედავდა. ვერ გაგვიბედავდა ვადაგასულ პროდუქციას დახლზე. ვერ გაგვიბედავდა გადაწებილ-გადადღაბნილ იარლიყებს. ვერ გაგვიბედავდა უგემოვნოს ძახილს. ვერც უჟმური სახით ცქერას და “როჟების კერვას” გაგვიბედავდა. ვერც იმ რაოდენობის ნაყალბევ პროდუქციას, რომელიც სადმე ქუჩაში კიარ, დიდ, ლამაზ და ნათელ მაღაზიებში იყიდება ისეთ უბნებში, სადაც იჯარა ღირს ყველაზე ძვირი თბილისში და სადაც, ალბათ, ის ადამიანები დადიან და შოფინგობენ, კარტოფილის პიურეს რომ ალუჩით აზავებენ. გემოვნებით.

დაფიქრებულხართ, რატომ მოხდა, რომ საფრანგეთსა და იტალიაში აღზევდა მოდის ინდუსტრია? ერთბაშად ამდენი ნიჭიერი დიზაინერი რომ დაიბადა იქ, ღმერთმა დააფერთხა კალთა თუ უცხოპლანეტელებმა გადმოსხეს? მომთხოვნმა, სიახლის მაძებარმა და პრეტენზიულმა ბაზარმა გამოიწვია შესაბამისი მიწოდების გაჩენაც. ამ ქვეყნებში სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და სხვადასხვა აქსესუარებზე დახარჯული თანხა. მომთხოვნი და პრეტენზიული ბაზარი არამარტო შესაბამისი ინდუსტრიის განვითარებას განაპირობებს, არამედ, აიძულებს მიმწოდებელს პატივისცემით მოეპყრას. მაღალი კლასის მომსახურება საკუთარი თავის პატივისმცემელ ბაზარზე ჩნდება. თუკი კომპანია შეურაცხყოფას აყენებს კლიენტს (და მენეჯერის სიტყვებზე პასუხისმგებელი მთლიანად კომპანიაა სწორედ, ისევე როგორც ასეთი მენეჯერის დაქირავებაზეც), იქ მეორე დღეს არ უნდა შევიდეს არც ეს შეურაცხყოფილი კლიენტი და არც ის კლიენტი, ვისაც, თითქოს, შეურაცხყოფა არ მიაყენეს.

მაგრამ, სამწუხაროდ, კარტოფილის მყიდველი “უგემოვნო” კლიენტი, გაივლის-გამოივლის და ისევ იქ მივა. და ალუჩის მყიდველი “გემოვნებიანი” კლიენტი დღეში ორჯერაც შეივლის – აქაოდა, შემაქეს და სტატუსი ამიწიესო.

ასეთი ბაზარი ვართ და იმიტომ.

და კიდევ იმიტომ, რომ უმრავლესობას ჩვენთან ბაზრის სახელმწიფო კონტროლი ჰგონია პანაცეა და საკუთარი, როგორც მომხმარებლის ძალის არ სჯერა. არადა, კლიენტი რომ მეფეა ეს მაღალფარდოვანი გამონათქვამი არ არის. კლიენტი მართლაც მეფეა, მაგრამ იმ შემთხვევაში მხოლოდ, თუ მას მეფობა სურს და არა მათხოვრობა. მთავრობასთან მათხოვრობა – მოდი, კიდევ მეტი მუქთამჭამელი მაკონტროლებელი შექმენი და დაგვიცავიო…

ვიცი, ბევრს განვითარებული ბაზრის მაგალითები არ უყვარს – აქაოდა სად ეგენი და სად ჩვენ, აქ ეგ ამბები არ გამოვა/ჯერ ადრეაო, საუკუნეებია საბაზრო მექანიზმებს აშენებენო, ჰაი-ჰუი და ესა და ისო… მაგრამ ბოტსვანა და გაბონი, მაგალითად – ამ ქვეყნებშიცაა (ალბათ) სახელმწიფო ინსტიტუტები, ვინც მომხმარებელთა უფლებებს იცავს (ან “იცავს”), მაგრამ ყველაზე გავლენიანი კერძო ინიციატივით “ქვემოდან” შექმნილი ორგანიზაციაა, რომელსაც Consumer Watchdog (“მომხმარებელთა მოდარაჯე ძაღლი”) ჰქვია, რომელსაც აქვს ბლოგი, აქტიურად ურთიერთობს საზოგადოებასთან, კომპანიებთან სოციალური ქსელების მეშვეობით, იყენებს ტრადიციული მედიის არხებსაც და ასეთი სხვაგანაც ბევრია. ეს არის აპრობირებული გზა და ველოსიპედის გამოგონებით გართობა არაა საჭირო. თავშესაქცევი სხვაც ბევრია.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

“პალიტრა მედიის” საიტზე ვიდეო გაქრა. 🙂 როგორც იტყვიან, No Comment.

თქვენ კიდევ ამბობთ – ბოტსვანაო. 🙂

P.P.S.

კომენტარები გათიშული მაქვს, ამიტომ აუცილებელი განმარტება:

  1. საქონელი ღირს იმდენი, რა ფასადაც იყიდება. ამ ამბავში “გუდვილთან” არაფერი პრეტენზია მაქვს და არც შეიძლება, გვქონდეს.
  2. კლიენტს ნება აქვს, მისი ფული დახარჯოს იმ საქონელში, რაშიც სურს და იმდენი, რამდენიც სურს. აქაც ვერვის განვიკითხავთ.
  3. ეს პოსტი სულ სხვა რამეზეა – ჩემ საყვარელ თემაზე და ძველ გულის ტკივილზე (ბევრმა იცის და ზოგს უკვე თავიც მოვაბეზრე :-)) ალუჩა, ალბათ, საბაბი თუ იყო: ძალიან არამომთხოვნი ბაზარი ვართ. თვითორგანიზების უნარი არ გვაქვს. სახელმწიფო ბიუროკრატიის კონტროლის გაფეტიშება გვახასიათებს. და რაც ოქრუაშვილმა რუსეთის ბაზარზე თქვა, ლამის იმ დონეს ვერ ავცდით ჩვენც. ამიტომ – ვერ ავცდით!

(შეიძლება, ვაჭარბებ ცოტათი).

10Q!

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: