რუსი ‘ვ შოკოლადე’

რუსული კომპანია “შოკოლადნიცა” საქართველოში ერთდროულად 5 ობიექტის გახსნას გეგმავს.
მოლაპარაკება ქართველ პარტნიორებთან ხელმოწერის სტადიაშია. ვინ არიან პარტნიორები არ დასახელებულა.
რუსეთსა და დსთ-ს სივრცეში კაფეების ცნობილი ბრენდი წელს სამხრეთ კავკასიაში ფრანშიზების მეშვეობით 10 ობიექტის გახსნას გეგმავს.
Allmedia.ge

შაბათის პოსტი სამშაბათს

დიდი ხნის წინ… ძალიან დიდი ხნის წინ შოკოლადის ნაკრები, ე.წ. “ბანბანერკა” მაჩუქეს. დაბადების დღე მქონდა არ მახსოვს, ახალი წელი იყო თუ რამ სხვა სტუმრიანობის დღე, რამდენი წლის ვიყავი – არც ეგ, მაგრამ ის ბონბონერი მახსოვს. დიდი, ლამაზი ყუთი იყო, ლურჯი ფერის, ზედ ეწერა Fazer და რა გინდა სულო და გულო, ისეთი შოკოლადები ეწყო – თხილით, ნუშით, მერცეპანით, რძიანი შოკოლადი, შავი შოკოლადი… მაშინ მივხვდი პირველად, თუ როგორი უნდა იყოს შოკოლადი.

ბევრი წლის მერე, როცა Fazer-ის სამშობლოში მოვხვდი, გავიგე, რომ ის სინამდვილეში “ფაზერი” კიარა, “ფაცერია” და შოკოლადის გარდა ათასგვარ სხვა ნუგბარსა და პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს.

მაგრამ “ფაცერზე” არ ვწერ ახლა. “ფაცერის” ამბავი ამ “შოკოლადნიცაზე” გამახსენდა. ჩემი ბლოგის ბევრი მკითხველისგან განსხვავებით, იმ “მოსკოვური” შოკოლადის გემოც მახსოვს და დღეს რომ გავიგონებ ხოლმე – მოსკოვის შოკოლადი (ნაყინი და კიდევ რას არ ჩამოთვლიან) იყო “სულ სხვა”, ასეთებს ყოველთვის იმ ჩემი “ფაცერით” ვპასუხობ. 🙂

მოსკოვის შოკოლადი სულ სხვა იყო ნამდვილად. ნამდვილად დიდი ნაგავი იყო. შოკოლადის სუროგატი და თბილისური საკონდიტრო “მზიურის” (ასე ერქვა, თუ არ ვცდები) კიდევ უფრო დიდი ნაგვობის ფონზე ჩანდა გემრიელი.

და კიდევ ერთი სასაცილო ამბავი მახსენდება. როცა კარლ ფაცერი მის “ფაცერს” აფუძნებდა, მიახლოებით იმ დროს ფრანგმა პარფიუმერმა, კულინარმა და ფინანსისტმა ადოლფ სიუმ მოსკოვში საცხობის კარი გაუღო კლიენტებს. კლიენტები კი ბევრი ჰყავდა – მათ შორის მისი უდიდებულესობა იმპერატორის სამეფო კარიც. მოგვიანებით, როდესაც იმპერატორი მის ოჯახობასთან, კამერდინერთან, მზარეულთან და მკურნალ ექიმთან ერთად დახვრიტეს, ადოლფ სიუს მისი ქონება ჩამოართვეს და მანუფაქტურას სახელად უწოდეს “ბოლშევიკი”. გამოხდა კიდევ ხანი და ბოლშევიკებს მათი იმპერია თავზე ჩამოენგრათ, ფაბრიკა “ბოლშევიკი” გაყიდეს და ის კორპორაცია “დანონმა” შეიძინა. “დანონს” სახელი “ბოლშევიკი”, ცხადია, არ მოეწონა, ამოქექეს ისტორია და გადაწყვიტეს ისტორიული სახელის დაბრუნება Siou & Cie (“სიუ და კომპანია”), მაგრამ… თანამშრომლები გაიფიცნენ. არაო, არ მოგცემთ უფლებას ვიღაცა ფრანგებს აქ ღირსება აგვყაროთ და ტრადიციული სახელი “ბოლშევიკი” წაგვართვათო… ჰოდა, დარჩა ასე – წლების განმავლობაში ფაბრიკას ერქვა “Danone Большевик”. და რუსების გარდა ყველა ხედავდა, რა კომიკური იყო ეს სახელი. ამ ბოლშევიკად წოდებულმა დანონმა დიდხანს ვერ გაძლო იქ, ჯერ ამერიკულ Kraft Foods-ს მიჰყიდა ეს “ბოლშევიკი”, მერე იმანაც დახურა წარმოება და დღეს ადოლფ სიუს ყოფილ მანუფაქტურას კომპანია “ვენური ცეხი” ფლობს… სახელი “ბოლშევიკი” კი ისევ იქაა. იმიტომ, რომ, როგორც ბიძია-ბაბუა იტყოდა, “აქედან ვერ ამოშლი”.

ჰოდა, სანამ ეს “ბოლშევიკი” ედებათ რუსებს თავში, შოკოლადიც, ნაყინიც და სხვა დანარჩენიც ექნებათ ყალბი.

და არც არსად წამსვლელები ეგენი არ არიან, თუ არ გავყარეთ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: