ურბანული ლეგენდა ამბობს, როდესაც მიტროფანე ლაღიძეს ჰკითხეს, რა არის შენი წვენების საიდუმლოო, ენა გამოუყვია თურმე. ოსმან აღა-ს, MADO-ს მთავარ მენაყინეს თუ ჰკითხავდნენ, ისიც ასე უპასუხებდა, ალბათ. დიდი სიფრთხილით ეძებდა რძეს უგემრიელესი ნაყინისთვის. საუკეთესოდ თხის რძე გამოარჩია ხმელთაშუა ზღვის მთიანეთიდან. ამ ფერდობებზე ველური ორქიდეა იზრდებოდა და კიდევ რამდენიმე სხვა მცენარე, რომლის ქართული შესატყვისის ძებნა მეზარება ახლა და არც თქვენ გაინტერესებთ, მთავარია, ამ მცენარეებს MADO-ს თხებმა მიაგნონ.
თხის რძით დამზადებულ ნაყინს გამორჩეული გემო აქვს. კონსისტენციით მძიმეა და ელასტიკური. ერთგვაროვანი მასაა და იწელება ელარჯივით… აი, მეგრულ სამზარეულოში ნაყინი რომ იყოს, სწორედ MADO-ს მსგავსი იქნებოდა. ამ ნაყინს, ტრადიციულად, დანა-ჩანგლით მიირთმევდნენ, ამიტომ იმდენად მკვრივი იყო, რომ მისი დაჭრა შეიძლებოდა… რა თქმა უნდა, დრომ თავისი ვარიაციებიც მოიტანა – დღეს ადამიანები შაქარს უფრთხიან და კალორიებს ერიდებიან, ნაყინიც ცდილობს, ნაკლებ ცხიმოვანი და უფრო მსუბუქი გახდეს, მაგრამ MADO-ს ნაყინს ტრადიციულის უმთავრესი ნიშნები დღემდე შენარჩუნებულ აქვს… ბოლო-ბოლო უცხიმო, უშაქრო და არაკალორიული სტაფილოს წვენიც გვეყოფა.
MADO, პირველ ყოვლისა, ნაყინია, მაგრამ ეს ქსელი ცნობილია ბორექით (ბაქლავას მსგავსი ერთგვარი რულეტია, ყველის, ხორცის ან ბოსტნეულის შიგთავსით) და ტკბილეულითაც: ბაქლავა, ჩიზქეიქი და თურქეთში(ც) ერთობ პოპულარული პროფიტროლი (ჩვენებურად – შუ). რა თქმა უნდა, დესერტის გარდა, MADO ბევრ სხვა კერძს გთავაზობთ. დაწყებული სენდვიჩებიდან და ქებაბებითა და მრავალი სახეობის გუფთით დამთავრებული. ისევე როგორც კუნეფეს (შემწვარი ყველისგან დამზადებული კერძია), სალათებს (თბილისში ეგზომ პოპულარული “ცეზარის” ჩათვლით), სუფებს და სხვა. უხვადაა ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო და ვინც თურქეთში ყოფილა, კი იცის – MADO-ზე იაფად ლოკანტებში დანაყრდებით, როგორც წესია და რიგი MADO-ში “ბრენდული” ფასნამატია. არცაა გასაკვირი. არც უცნაურია – ეს ამბავი MADO-ს არ მოუგონია, ასეა ყველგან. მაგრამ MADO-ს ყველა სხვა ლოკანტასა თუ კაფესგან უდავოდ გამოარჩევს რამ – ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნაყინი მსოფლიოში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. MADO თურქეთში ნაყინის სინონიმადაც გამოდგება. ამ ქსელში ნაყინს თითქმის 167 წელია ამზადებენ. ნაყინის ქიციც იციან და ქიცმაცურიც.
მსოფლიოში სულ ორი სახეობის ნაყინიაო – ასე ამბობენ MADO-ში: იტალიური და თურქული. და თურქული ნაყინი არის MADO.
- “მორელისის” ნაყინი სჯობს თუ “მადოსი”? უკვე მკითხა მავანმა მზაკვრულად
და ბლოგზეც ვუპასუხებ. იტალიური ჯელატო და თურქული დონდურმა ნაყინის ორი განსხვავებული გემო და ტრადიციაა. მე ორივე მიყვარს, თუმცა, ჯელატო მირჩევნია. დავწერ აქვე, რომ “ლუკა პოლარეს” ნაყინის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს – მათი კონცეფცია არ მომწონს.”მორელისის” და “მადოს” ფასები შეესაბამება გემოს, სერვისს, კომფორტსა და ინტერიერს. “ლუკა პოლარესი” კი – არა. ზეთს ოლ. არაფერი – პირადი. და გთხოვთ, კომენტარში ეს თემა არ ახსენოთ, კომენტარი წავა ეგრევე გეჰენიაში.
კომპანიის სახელი ასე იკითხება MA (Maras – თურქული ქალაქია ხმელთაშუა ზღვაზე) DO (dondurma – თურქულად ნაყინს ჰქვია). პირველი სანაყინე 1850 წელს დაარსა იაშარ ქანბურმა და ოთხი თაობაა ოჯახის მფლობელობაში რჩება – მისი შთამომავლები მართავენ. წლიდან-წლამდე კომპანია ვითარდებოდა და იზრდებოდა, ერთი პატარა ქალაქის ქუჩაზე არსებული პატარა სანაყინიდან დღემდე, როდესაც მსოფლიოში 250-ზე მეტი კაფე აქვთ, აგერ უკვე – თბილისშიც.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ვადასტურებ, გამორჩეულად გემრიალი ნაყინია.
LikeLike
მე მიყვარს მადო. ჯელატოც მიყვარს და რაც მეტი ქსელი შემოვა, მით უფრო კარგია. ბასკინ რობინსი არ დაეხურათ, უკეთესი იქნებოდა. აღმაშენებელზე იყო, გემახსოვრება.
მადოს ბათუმშიც გახსნიან მალე. ❤
LikeLike
ისტანბულში რომ ვიყავი მაშინ გავსინჯე შენი პირადი მითითებითა და რეკომენდაციით 🙂 ახლა ფოტოს ვეძებდი, რომ აქვე დამერთო, მაგრამ ვერ ვიპოვე. მახსოვს რომნ ვანილის იყო იმდენად მსუყე, რომ ძლივს შევჭამე, აი შოკოლადის იყო რაღაცა ზღაპარი ! კიდევ რაღაცნაირი მწვანე იყო, მაგრამ ძაან უცნაური გემო ჰქონდა, ვერ დავუმუღამე. ის ლაქათლუხუმივით გემრიელობებიც მოყვებოდა პორციას. მოკლედ, ძაან კარგად მახსენდება მადოში გასეირნება ❤
LikeLike
ფისტაშკიანია ეგ. აქაც აქვთ და ძაან პოპულარულია, როგორც ჩანს – იმიტომ რომ კარგად იყო შეჭმული როგორც შევამჩნიე. 🙂
სამჯერ ვიყავი მე უკვე. :)) მაქეთ ხშირად ვარ ხოლმე და შევიარ
LikeLike
ისე, მაგ უბანში რომ ვმუშაობდე ზოგიერთივით დღეში ორჯერ მივიდოდი მადოში 🙂 სამუშაო დღეს რომ ნაყინით დაიწყებ, ის დღე ნაყოფიერი იქნება და მერე რომ დაამთავრებ მადოთი სამუშაო დღით დაღლილი, ეგრევე ისევ ენერგიით დაიმუხტები ხელახლა.
LikeLike
ერთი პატარა ქალაქის ქუჩაზე არსებული პატარა სანაყინიდან
სანამ იყო, ალბათ ყოფნიდათ თხის რძე, მაგრამ როდესაც მსოფლიოში 250-ზე მეტი კაფე აქვთ, ძროხის რძის გარეშე არ ეყოფათ. 🙂
აგერ უკვე – თბილისშიც – საქართველოში თხები ცოტა ყავთ ძალიან. 🙂
მაგრამ გემრიელი ნაყინი რომ აქვთ ამაში გეტანხმებით.
LikeLike
ეგ ეჭვი მეც გამოვთქვი 🙂
თხა აფხაზეთში ყავდათ ბევრი ბევრი.
LikeLike
დონდურმას მოსამზადებლად თხის რძე არ არის აუცილებელი. მადოს ნაყინის მომზადების ტრადიცია იყო თხის რძით, მაგრამ მოთხოვნის ზრდის პარალელურად და მას შემდეგ რაც ქსელი გლობალური გახდა, დღეს მადოს ქსელშიც იყენებენ ძროხის რძეს. დონდურმას რძესთან ერთად ემატება სალეპი, ველური ირქიდეისგან დაკზადებული სასმელი და ფისტაშკის ზეთი. ჯელატო კი რძისა და ნაღებით მზადდება. ამიტომ დონდურმას უფრო მკვრივი სტრუქტურა და წებოვნება ახასიათებს. ჯელატო კი ნაკლებ ცხიმიანია. 🙂
LikeLiked by 1 person