გუნფუ ჩინური ჩაის ცერემონიაა. გუნფუ ჩაი გუნფუ ჩაიდანში მზადდება. აქ მთელი იწილო-ბიწილო და შენი ჭირიმე-შენ გენაცვალეა… რაც არ ვიცი და როგორც არა-ჩაის მოყვარული მაგაზე არ დავწერ. ეს პოსტი ტრადიციული გუნფუ ჩაიდნის თანამედროვე გამარტივებულ მიდიფიკაციაზეა, რომელსაც ღილაკიანი გუნფუ ჩაიდანი ჰქვია და “ამაზონიდან” შევიძინე. ყავის დაყენებას ვაპირებდი, მაგრამ ჩაისთვისაც გამომადგა. იმ ჩაისთვის, მე(ც) რომ მიყვარს. მთლად ჩაიც რომ არაა – ხილის ან სხვადასხვა ხილის გემო-არომატით გაჯერებული ჩაისთვის, ჩემი ჩაისტი მეგობრები რომ ჩაიდ არ ცნობენ.
მაგრამ გუნფუ ჩაიდანში კლასიკურ შავ ჩაისაც მოამზადებთ და, როგორც დავწერე, ყავასაც. და იმავე ჩაისტების შეფასებით, არომატული ჩაი გამოდის.
ბევრს აქვს სახლში ჩაიდანი, სადაც პატარა ბადისებრი ჭიქაა, რომელშიც უნდა ჩაყარო ჩაის ფოთოლი, ჩაასხა ცხელი წყალი, აცადო და ჩაიც დაყენდება. კაფეებშიც ხშირად ასეთი ჩაიდნით მოაქვთ ჩაი. ჩაის ამგვარი დაყენების გზა, ფრენჩ პრესში ყავის დაყენების პრინციპს ჰგავს. გუნფუ ჩაიდანი გარეგნულად ამის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ ჭიქა ბადისგან არ არის, მინისაა ან პლასტმასის და სრულად იზოლირებულია ჩაიდანში ჩასხმული წყლისგან.
ბადისებრ ჩაიდანში ჩაის ფოთოლი და წყალი მუდმივ ბროუნისმოძრაობაშია, გუნფუ ჩაიდანში კი – მხოლოდ წამები. მეტი დაყოვნება საჭირო არ არის – ასე გვირჩევენ. თუ გუნფუში ყავას მოამზადებთ, მაშინაც იგივე პრინციპია. იოლი მოსახმარია და ფრენჩ პრესზე გაცილებით მარტივად ირეცხება. უნდა ვაღიარო და შეძენის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გუნფუ ჩაიდანში მომზადებული ყავა უფრო რბილი გემოსი გამოდის, ვიდრე ფრენჩ პრესში, რაკი ყავის და წყლის კონტაქტის დროს თავად საზღვრავთ.
ლაკონურად ახსნა ცოტა რთულია. მაგრამ ზედა ვიდეოებზე კარგად ჩანს. პლუს დიდი ჩაისტის, რუსი ბლოგერის ალექს ექსლერის ვრცელი პოსტი შეგიძლიათ ნახოთ.
დაბოლოს, გუნფუ ჩაიდანი პოპულარობას იძენს და მისი მწარმოებლებიც გაბევრდნენ. ექსლერი “ალიბაბადან” ყიდვას გვირჩევს, მაგრამ, რაკი “ალიდან” არაფერი შემიძენია და დარეგისტრირებულიც არ ვარ, ისევ ტრადიციულად “ამაზონიდან” გამოვიწერე. მწარმოებლებს შორის Kamjove ვარჩიე. როგორც მოვქექე, კარგი რეპუტაციისა და ისტორიის მქონე ჩინური კომპანიაა. 25 წელზე მეტია ბაზარზეა და პროდუქციას ევროპასა და ამერიკაშიც ყიდის. ამიტომ ვენდე და გაამართლა.
აი ეს მოდელი მაქვს, თუ გაინტერესებთ.
გემრიელ გუნფუ ჩას გისურვებთ!
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___