ის არაა, რაც გეგონათ.
უცნაურ და ეგზოტიკურ კერძზე ადრეც დამიწერია, შემწვარ-მოხრაკულ ჭია-ღუაზეც, მაგრამ ახლა ფოტოებზე ნამდვილი დელიკატესია. ყველას რომ უყვარს ის დელიკატესი – მასაც რომ უყვარს, ვისაც ჰგონია, რომ არ უყვარს.
შოკოლადი!
სარა ჰარდის (Sarah Hardy) არ ვიცი, კულინარი ვუწოდო თუ სკულპტორი. შოკოლადით სხვადასხვა ფიგურებს აქანდაკებს. პირველად მაინც კულინარია იყო. აკადემიის კურსდამთავრებულმა რესტორანში დაიწყო მუშაობა. მისი საფირმო კერძები იყო ტკბილეული: სხვადასხვა სახის ნამცხვრები, ორცხობილა, ხრაშუნები და ფუმფულები. თუმცა, ხატვითაც ბავშვობიდან ხატავდა – დედამისი ხელოვნებათმცოდნე და ანტიკვარია, და ხელოვნების ნიმუშებს შორის გაიზარდა. მაშინვე ცდილობდა მათ კოპირებას. ხან ხატავდა, ხან – ძერწავდა. პლასტელინით, თიხით, თაბაშირით. შემდეგ – ფქვილითა და კრემით.
ერთ მშვენიერ დღესაც, უცებ გონება გამინათდაო ამბობს – მივხვდი, რომ შოკოლადი ნუგბართან ერთად ჩინებული საძერწი მასალაც არისო.
სამხატვრო სასწავლებელშიც ისწავლა და ანატომიისა და პალეონტოლოგიის კურსებიც გაუვლია. დღეს საკუთარი საკულინარო-სასკულპტურე სტუდია აქვს და დიდი სამზარეულო, სადაც გემრიელ შედევრებს ქმნის. მისი მუშაობა ჩვეულებრივი მოქანდაკის მუშაობას ჰგავს – ჯერ მენატურის შერჩევაა, შემდეგ – ჩანახატი, შემდეგ 3D მოდელირება და დიზაინი, შემდეგ – თიხის ფიგურა და ბოლოს – ქურა და პატარა შედევრი შოკოლადისგან.
ზოგჯერ – დიდი. ზომას ვგულისხმობ. პრეზენტაციების გაფორმებისთვისაც იწვევენ ხოლმე, სადაც ვინმოთვლის რისი გამოქანდაკება არ უთხოვიათ. გიგანტური ტირანოზავრისაც კი – არქეოლოგიური მუზეუმისთვის.
პატარა ფიგურების მომზადებას ერთი საათი სჭირდება. ტირანოზავრს – არ ვიცი, რამდენი.
ტირანოზავრი კიარა, სხვა კულინარებთან ერთად, მთელი მატარებელი აქვს გამოცხობილ-მორთულ-ჩაშოკოლადებული.
საკუთარი სახლის ეზოში პატარა მუზეუმი ააგო, სადაც საჭირო ტემპერატურა და მიკრო-კლიმატია, იმისთვის, რომ მისი სკულპტურები არ დადნეს და არ გაფუჭდეს, არც ჭიანჭველებმა შეუტიონ და გამოღრღნან. აი, ვიზიტორებს როგორ აკავებს, არ ვიცი. ჯანი როდარის ერთი ისტორია გამახსენდა შოკოლადის ქალაქზე. ყველაფერი რომ შოკოლადისა იყო და ბავშვები შეესივნენ.
დიდი ხნის წინ, ბავშვობაში ერთი შოკოლადის ბაჭია მაჩუქეს. სააღდგომო ბაჭია იყო, თუმცა მაშინ არც მე ვიცოდი, რომ სააღდგომო იყო და, ვეჭვობ, არც – მჩუქებელმა. ბაჭია რომ აღდგომის სიმბოლოა დასავლეთში, დღეს ვიცით, თორემ მაშინ ვინ იცოდა… მაგრამ სააღდგომო იყო თუ არა – ძალიან გემრიელი კი იყო… ალბათ. 🙂 ალბათ-თქო, იმიტომ რომ არ გამისინჯავს. შემეცოდა შესაჭმელად. 🙂 ჰოდა, როგორ მიყვარს ეს შოკოლადი, მაგრამ მაინც ვერ გავიმეტე და დარჩა ასე, შეუჭმელი. როგორც სარა ჰარდის მუზეუმის სკულპტურებია. 🙂 მაგრამ გალერეა აბა სად გვქონდა და განჯინაში იდო, იქ კი მიკროკლიმატს ვინ დაიცავდა და რა ბედი ეწია – ძნელი გამოსაცნობი არაა. 😦
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
This food sculptor makes the most disturbingly realistic chocolates we’ve ever seen
ეს გული რომ მომიტანონ, იქეთ გული წამივა.
მაგრამ კაკაბი თუ რომელი ფრინველია, ეგ მართლა ლამაზია და ზღვის ფლურა და ფაუნაც.
LikeLike
რა საზიზღრობებია
ეგ როგორ აკადრეს ჩემს შოკოლადს !
LikeLike