ჩემი სახელია შერლოქ ჰოლმსი. ჩემი საქმეა ვიცოდე, რაც სხვამ არვინ იცის.
ართურ ქონან დოილი. ლურჯი კარბუნკული.
ართურ ქონან დოილი მისი დროის ყველაზე პოპულარული მწერალი იყო. მან მოიფიქრა პერსონაჟი, რომელიც ლონდონის სავიზიტო ბარათად იქცა. როგორც ბიგ ბენი. როგორც თაუერი. ბაქინგემის სასახლე. ლიტერატურულ გმირს, მწერლის მიერ გამოგონილ, არარსებულ მისამართზე წერდნენ წერილებს, როგორც ცოცხალს. დღეს ეს მისამართი უკვე არსებობს და იქ ამ არარსებული ადამიანის სახლ-მუზეუმია. ჰოლმსი კერძო დეტექტივთა რამდენიმე ასოციაციის საპატიო წევრია. დეტექტივთა კიარა, ბრიტანეთის “ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოების” წევრიც არის. მიკვირს, რომელიმე სიმებიან ინსტრუმენტებზე დამკვრელთა დასის წევრიც რომ არ გახდა აქამდე… საუკეთესო კინოჰოლმსი კი ათეული წლების განმავლობაში ჰოლივუდელი იყო. არა, ბეიზილ რეთბოუნზეც ამბობდნენ ბრიტანელები – ჩვენიაო, როგორ არ ამბობდნენ, მაგრამ ის მაინც ჰოლივუდის ჰოლმსად რჩებოდა.
როგორც ებრაელები აღთქმულ ქვეყანას, ასე ეძებდნენ ინგლისელებიც თავიანთ იდეალურ კინოჰოლმსს – რეთბოუნის ჰოლმსიანის შემდეგ მთელი 40 წელი. 80-იანების დასაწყისში Granada Television-მა დაიწყო დიდი პროექტისთვის მზადება – ქონან დოილის დეტექტივების სრული ეკრანიზაცია. პირველი ტელეფილმი 1984 წელს აჩვენეს, ბოლო 1994-ში. ჩანაფიქრის სრულად განხორციელება ვერ მოახერხეს (მიზეზებზე დავწერ) – 60 ამბიდან 42 გადაიტანეს ეკრანზე. მაგრამ ეს მაინც ყველაზე სრულყოფილი ეკრანიზაციაა იმათ შორის, რაც იქამდე იყო და იმათ შორისაც, რაც შემდგომ გვაქვს. ფრთხილი მოპყრობა პირველწყაროსთან, დიალოგების ზუსტად გადმოტანა, კოსტიუმები, ინტერიერი, მე-19 საუკუნის ინგლისისა და ეპოქის ზუსტი რეკონსტრუქცია. ეს ყველაფერი და ჯერემი ბრეთი (Jeremy Brett) – მსახიობი, რომელმაც სული და გული ჩადო მის კინოგმირში. კარიერა და ცხოვრება შესწირა. გადატანითი არა – პირდაპირი მნიშვნელობით!
წარმოდგენა თუ გაქვს, ვინ უნდა ითამაშო? ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი სამთაგან. ჩერჩილი, ჰიტლერი და ჰოლმსი.
ალისთერ ქუქი ჯერემი ბრეთს. ლინდა ფრიჩარდის წიგნიდან “ინტერვიუ შერლოქთან”.
ჯერემი ბრეთი მშვენივრად ხვდებოდა, თუ რა როლი იტვირთა. ამბობდა, რომ ეს როლი მისთვის მაქბეთზე და ჰამლეთზე უფრო რთული შესასრულებელი იყო. მას უნდა შეექმნა ჰოლმსი, რომელსაც ყველა მკითხველი იოლად იცნობდა, მაგრამ განსხვავებული, ვიდრე რეთბოუნის ჰოლმსია. რთული ამოცანაა. ბრეთი 2 წლის განმავლობაში ემზადებოდა როლისთვის. ცხადია, ჯერ ჰოლმსიანის გადაკითხვით დაიწყო. ერთხელ. მეორედ. კიდევ და კიდევ. ამასობაში ეპოქისა და ქონან დოილისადმი მიძღვნილი კიდევ სხვა უამრავი წიგნი შემოეკითხა. როდესაც გადაღებები დაიწყო, მსახიობი, მისივე თქმით, სრულად იყო გაჟღენთილი ჰოლმსით. გადასაღებ მოედანზე ჰოლმსით დატვირთული და წონაში 7-კილოგრამდაკლებული გამოცხადდა, რომ უფრო დამსგავსებოდა მის პერსონაჟს. ამასთან, გაგიკვირდებათ, მაგრამ უოთსონი უფრო მოსწონდა, ვინემ ჰოლმსი. სცენაზე ნათამაშებიც ჰქონდა, 1980 წელს “ოთხთა ნიშანის” ლოს ანჯელესურ დადგმაში, სადაც დეტექტივის როლს ჩარლთონ ჰესთონი ასრულებდა.
ჰოლმსი გულჩათხრობილი, ტრაგიკული გენიაა, უოთსონი კი სულაც არ არის ბრიყვი. ჩვეულებრივი, კარგი ადამიანია – თანაგრძნობაც იცის, თბილია და ყურადღებიანი. ყველა ინატრებდა ისეთ მეგობარს, როგორიც უოთსონია. ჰოლმსი კი მეტისმეტად ქედმაღალია და მუდამ – მართალი. ნამდვილად არაა ის კაცი, ვისთან სტუმრობასაც ვინატრებდი. მის გვერდით სისხლიც კი გაგეყინება.
ჯერემი ბრეთი. ლინდა ფრიჩარდის წიგნიდან “ინტერვიუ შერლოქთან”.
ამიტომ ბრეთი შეეცადა, მისი გმირი ცოტათი ნაკლებ ცივსისხლიანი, ცოტათი მეტად ემოციური, ოდნავ რომანტიკული განესახიერებინა.
ჯერემი ბრეთი მსახიობობასთან ერთად ფაქტობრივ თანა-სცენარისტადაც მოგვევლინა. და ლიტერატურულ მკვლევრადაც. სერიალზე მუშაობის პარალელურად, ქონან დოილის შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ იქცა. მაგალითად, შეგინიშნავთ თუ არა, რომ შერლოქ ჰოლმსი სხვადასხვა ფორმის ჩიბუხს ეწევა, განწყობისადა მიხედვით? აი, ბრეთს კი შეუნიშნავს. მწერალზე უკეთ ვერაფერს მოიფიქრებ და ვერაფერს დაწერ, ამიტომ, თუკი სცენარისტებს რომელიმე მნიშვნელოვანი დეტალი, ფრაზა ან სიტყვა გამორჩებოდათ, მსახიობი წიგნებით ხელში ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ “ორიგინალში უკეთესია”.
მსახიობი ღრუბელივითაა – ჯერ უნდა საკუთარი თავი გამოაშროს და შემდეგ შეისრუტოს მისი პერსონაჟი. მისით გაიჟღინთოს.
თერი მანერზი. კაცი, ვინც იქცა შერლოქ ჰოლმსად.
ბრეთის რჩევით “გრანადას” სერიალში სიდნი ფეჯითის ილუსტრაციებიც გააცოცხლეს ეკრანზე. ნამდვილად კარგი მიგნება იყო. ძალიან ჰოლმსიანური.
არ ვიცი, სხვა ფილმებსა თუ დადგმებში როგორი იყო ბრეთი. ტრადიციული მაქბეთებისა და ჰამლეთების გარდა, გრაფი დრაკულას როლიც აქვს მორგებული და კიდევ ერთი გენიალური წიგნის გენიალური პერსონაჟი – დ’არტანიანი (თუმცა, დიუმასა და მე პორთოსი უფრო გვიყვარს ).
იოლი საქმე არაა ჰოლმსის ტყავში ყოფნა. ის შეპყრობილია და რეტს გასხამს. ფსიქიკურადაც დავიღალე და გამოვიფიტე მორალურადაც.
ჯერემი ბრეთი. ლინდა ფრიჩარდის წიგნიდან “ინტერვიუ შერლოქთან”.
ბრეთი ჰოლმსით შეპყრობილ ადამიანად იქცა. ჰოლმსის ციტატებით საუბრობდა. მწეველი არ იყო და ჩიბუხს დაეჩვია. მთელ დღეებს ბეიქერ სთრითზე 221b სახლში ატარებდა და ღამეც არაერთხელ გაუთენებია იქ. ვეღარ გაეგო, ჯერემი ბრეთი იყო, რომელიც შერლოქ ჰოლმსს თამაშობს, თუ შერლოქ ჰოლმსი, რომელიც ჯერემი ბრეთადაა გადაცმული.
ალბათ, უოთსონობაც არ არის იოლი საქმე. ყოველ შემთხვევაში, “გრანადას” სერიალში უოთსონი ორია. პირველი ორი წელი ამ როლს დეივიდ ბარქი ასრულებდა, შემდეგი 8 წელი კი – ედუარდ ჰარდუიქი. ბრეთმა და ჰარდუიქმა ჰოლმსი და უოთსონი თეატრალურ სცენაზეც განასახიერეს.
1994 წელს “გრანადამ” მე-9 სეზონის 41-ე ფილმის გადაღება დაასრულა (42 ისტორია რომ ვახსენე ზემოთ, არ დამვიწყნია – 2 მოთხრობა ერთ სერიაში მოაქციეს). ჯერემი ბრეთის ახლობლები იხსენებენ, რომ მსახიობი ასე ამბობდა – ამ სეზონს ჩავამთავრებ და მე ჰოლმსის თამაშს აღარ ვაპირებო. თუმცა, მსგავსი წინა წლებშიც უთქვამს. და მაინც დაბრუნებულა ჰოლმსთან. ამ პერსონაჟს ხომ განსაკუთრებული მაგია და ძალა აქვს. ქონან დოილმაც რამდენჯერ სცადა, თავიდან მოეშორებინა და არაფერი გამოუვიდა… არვინ იცის, რას გადაწყვეტდა საბოლოოდ ბრეთი, მაგრამ მე-9 სეზონი მართლაც უკანასკნელი აღმოჩნდა – 1995 წელს კაცი, ვინც იქცა შერლოქ ჰოლმსად გულის შეტევით გარდაიცვალა.
დათვალეს, რომ კინო, ტელე, თეატრალურ და რადიოდადგმებს თუ ჩათვლით, ჯერემი ბრეთი 117-ე მსახიობი იყო, ვისაც ჰოლმსის განსახიერება ხვდა ბედად. ძნელია, მის შემდეგ ითამაშო კლასიკური ჰოლმსი. 40 და კიდევ 40 წელი უნდა გავიდეს. და ესეც არ გვეყოფა. ახლა რობერთ დაუნისა ბედენიქთ ქამბერბეჩისეული ჰოლმსის დროა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Interview with Sherlock by Linda Pritchard, 2012
Шерлок Холмс. Человек, который никогда не жил и поэтому никогда не умрет. Алекс Вернер, 2015.
ასევე:
პოსტი 1: სწორედ ის ხოლმსი
პოსტი 2: ეტიუდი შავ-თეთრ ფერებში
P.S.
სხვათა შორის:
ქონან დოილმა მშობლიური შოტლანდიიდან ორჯერ იყარა კენჭი პარლამენტში და, ჩვენი აკაკისა არ იყოს – გააშავეს. ორივეჯერ. 1900 და 1906 წელს.
“ვეღარ გაეგო, ჯერემი ბრეთი იყო, რომელიც შერლოქ ჰოლმსს თამაშობს, თუ შერლოქ ჰოლმსი, რომელიც ჯერემი ბრეთადაა გადაცმული.”
აუ, რა მაგარია!
ძალიან კარგი ციკლი გამოგივიდა!
LikeLiked by 1 person
ჩემი მოფიქრებული არაა სამწუხაროდ 😦
ჯუან ძია.
10Q!
გულით დაწერილია. 🙂
LikeLike
ვიცი რომ ჯუან-ძია. მაგრამ ბრეთსაც მოუხდა 😉
LikeLiked by 1 person
თავიდან შემეყარა ‘შერლოკ ჰოლმსის ვირუსი’ ამ პოსტების გადამკიდე 🙂 ბრეთის ჰოლმსი წინა პოსტიდანვე მოვინიშნე და რეთბოუნისა დავიწყე, ადრეა დასკვნის გაკეთება, მაგრამ საბჭოთა გადაღება როგორც მომეწონა, ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ჯერ ვერ ვარ, ლივანოვი ძალიან კარგი იყო 🙂
LikeLiked by 1 person
ძველი ფილმია მაინც. თან რეჟისურა არ ვარგა. ამ მხრივ არ გაუმართლა რეთბოუნს.
ლივანოვი კეთილი ხოლმსია. 🙂
ბრეთი უფრო ცივი ტიპია და პრაგმატული. ძალიან ზუსტია წიგნთან. თვითონ სერიალიც კარგადაა გადაღებული. დაახლოებით იგივე დონეა, რაც დეივიდ სუშეს პუარო. იდეალთან მიახლოებულია.
უკეთესის გაკეთება, იმჰო, შეუძლებელია. რომ ვერ დაამთავრეს, ეგაა სამწუხარო.
LikeLiked by 1 person