მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. ჰოლივუდის დიდების ხეივანში ერთბაშად სამი ვარსკვლავი აქვს: ერთი კინოროლებისთვის, მეორე ტელეროლებისთვის და კიდევ ერთი რადიოდადგმებში მონაწილეობისთვის. საუკეთესო ნამუშევრებად მიიჩნევდა რომეოს – თეატრალურ სცენაზე და ჰოლმსს – ფილმებში. მისი სახელია ბეიზილ რეთბოუნი (Basil Rathbone) და ის საუკეთესო ამერიკელი შერლოქ ჰოლმსია (მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკაში დაიბადა და ინგლისელი იყო
).
რას აკეთებს ინგლისელი თეატრალური მსახიობი ინგლისში? სწორია – თამაშობს შექსპირის პიესებში. და ვინ იცის, რამდენი ხანი მოუწევდა ბეიზილ რეთბოუნს, როგორც იმერეთში იტყვიან, სცენაზე ჯღანაობა, ყუფარაძე რაიყოდა, Metro-Goldwyn-Mayer-იდან რომ არ დაერეკათ. 30-იანებიდან მოყოლებული წელიწადში რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მონაწილეობდა და მას შემდეგ, რაც უკვე ბროდვეიდანაც მიიღო შეთავაზებები, საბოლოოდ აიკრა გუდა-ნაბადი და ნიუ იორქში გადაბარგდა.
— რა კარგი ბავშვია, — შესძახა ჰოლმსმა, — დახეთ, ამ ონავარს, რა ვარდისფერი ლოყები აქვს! გვითხარი, აბა, რას ინატრებდი ახლა?
— შილინგს, — უპასუხა ბიჭმა დაფიქრებით.
— ჰმ! სხვას არაფერს?
— ორ შილინგს! — კიდევ ცოტა დაფიქრდა და ისე მიუგო ბიჭმა.
ართურ ქონან დოილი. ოთხთა ნიშანი, თავი 8
მიუხედავად წარმატებული კონოკარიერისა, შეიძლება ისეც მომხდარიყო, რომ შერლოქ ჰოლმსის როლზე სხვა აერჩიათ და რეთბოუნს… მორიართი ან სთეფლთონი ეთამაშა. უდავოდ ძალიან ჰოლმსიანური გარეგნობა აქვს, რაც პროდიუსერებმაც იმთავითვე შენიშნეს, მაგრამ მსახიობს მისივე კინორეპუტაცია გადაეღობა წინ – რეთბოუნი უარყოფითი როლების დიდოსტატად ითვლებოდა. პარადოქსია და მისი დროის საუკეთესო თეატრალური რომეო “რომეო და ჯულიეტას” კინოვერსიაში ტიბალდოს როლს ასრულებდა (და, სხვათა შორის, ოსკარზეც იყო წარდგენილი).
მაგრამ თავად რეთბოუნს ეჭვიც არ შეჰპარვია, თუ ვის წილად უნდა ყოფილიყო პატივი – ქცეულიყო შრლოქ ჰოლმსად.
რაც თავი მახსოვს, სულ ბავშვობიდან, როდესაც პირველად გავიცანი დიდი დეტექტივი, ვბაძავდი და მისნაირი ვყოფილიყავი, მსურდა… ასეთი როლი, როგორ გითხრათ… ათ ჰამლეთს უდრის!
ბეიზილ რეთბოუნი, 1939
ის იყო ნიჭიერი მსახიობი, მამაცი ადამიანი, საუკეთესო სპორტულ ფორმაში, თავისუფლად ფლობდა მრავალ იარაღს ცივიდან – ცხელამდე. არც გამჭრიახობა აკლდა და არც ანალიტიკური გონება (პირველი მსოფლიო ომის დროს რეთბოუნი სამხედრო დაზვერვის ოფიცერი იყო და მტრის ზურგში ჩატარებული ოპერაციებისთვის “სამხედრო ჯვრითაც” დააჯილდოვეს), ვინ თუარა ბეიზილ რეთბოუნი? ერთი ვიოლინოზე დაკვრა არ იცოდა და მუსიკის პედაგოგი დაიქირავა – საგანგებოდ შეისწავლა ეგეც.
სხვა რა გზა ჰქონდათ? – დაამტკიცეს.
პირველი ფილმი “ბასკერვილების ძაღლი” 1939 წელს გადაიღეს. სულ 14-ია. ერთი ნაწილი კლასიკური ნაწარმოებების ეკრანიზაციაა, მეორე – ე.წ. “მოტივებზე”. დოქტორი უოთსონის როლს ამერიკაში გადაბარგებული კიდევ ერთი ინგლისელი მსახიობი, ნაიჯელ ბრიუსი ასრულებს. ამ დუეტმა ჰოლმსისა და უოთსონის როლები არაერთხელ მოირგო რადიოდადგმებსა და თეატრალურ სცენაზეც. 1953 წელს, როდესაც ნაიჯელ ბრიუსი გარდაიცვალა, რეთბოუნმა უარი თქვა სხვა მსახიობთან ერთად თამაშზე და (ტელე და რადიოგადაცემებში იშვიათ გაელვებას თუ არ ჩავთვლით) მისი ჰოლმსიანობაც ამით დასრულდა.
- მეგობრის ერთგულება კარგი რამაა, მაგრამ თუ ვინმე აფუჭებს ამ ფილმებს, ეს ნაიჯელ ბრიუსია. და “აფუჭებს” რბილადაა ნათქვამი. ბრიუსის უოთსონი ყველა და ყველაფერია უოთსონის გარდა. ქონან დოილის უოთსონი ალალი და მიამიტი ადამიანია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის ყეყეჩი და ბრიყვი კაცი, ვისაც ბრიუსი ასახიერებს.
რეთბოუნს ქარიზმატული და იოლად ამოსაცნობი ხმის ტემბრი აქვს. ცხადია, ხშირად იწვევდნენ ლიტერატურული შედევრების აუდიო-ვერსიების ჩასაწერად. მათ შორის
როგორც დავწერე, ბეიზილ რეთბოუნმა დიდი დეტექტივი განასახიერა კინოეკრანზეც, თეატრალურ სცენაზეც, ტელევიზიასა და რადიოშიც. ამ სიას ანიმაცია აკლდა და დღეს უკვე ესეც გვაქვს.
ჩვენთან უცნობ და მის სამშობლოში პოპულარულ ამერიკელ მწერალ ივ თითუსს საბავშვო დეტექტივების ციკლი აქვს – “ბეიზილი ბეიქერ სთრითიდან”. ბეიზილი თაგვია, კერძო დეტექტივი და სახელი ბეიზილ რეთბოუნის საპატივცემულოდ ჰქვია (სხვათა შორის, Rat ინგლისურად ვირთხაა ). 1986 წელს Walt Disney Pictures-მა ამ ისტორიების საფუძველზე ანიმაციური ფილმი შექმნა, სადაც შერლოქ ჰოლმსიც ჩნდება და რეთბოუნის ხმით საუბრობს – პერსონაჟის გახმოვანებისთვის გადამღებმა ჯგუფმა მსახიობის აუდიო-ჩანაწერები გამოიყენა.
რეთბოუნმა შერლოქ ჰოლმსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პირველწყაროსთან ახლოს მდგომი სახე შექმნა. და ჰოლმსის როლის ყველა შემდგომი შემსრულებელი რეთბოუნის ჰოლმსს ატოლებდა თავს. მათ შორის მსახიობი, ვინც უკვე თავად იქცა საწყაოდ და ვიზეც შემდეგი პოსტი იქნება.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
The Adventures of Sherlock Holmes (Youtube)
ასევე:
პოსტი 1: სწორედ ის ხოლმსი
პოსტი 3: ჯენტლმენი ბეიქერ სთრითიდან
P.S.
სხვათა შორის
ართურ ქონან დოილი ავტომრბოლელიც იყო. 1911 წელს, გეორგ V-ის მეფედ კურთხევის აღსანიშნავად გამართულ რალიში ჰამბურგიდან ლონდონამდე ბრიტანული გუნდის ღირსებას იცავდა. სულ ავტოგარბენში 65 მრბოლელი მონაწილეობდა. 37 – პრუსიიდან და 28 – ბრიტანეთიდან. ქონან დოილთან ერთად ავტომობილში მისი მეუღლე, ჯინ ელიზაბეთ ლექიც იმყოფებოდა. რომელ ადგილზე დაასრულა წყვილმა რბოლა არ ვიცი. სავარაუდოდ – არა პირველზე, თორემ გვეცოდინებოდა.
რეთბოუნის ფილმები არ მინახავს, მაგრამ პოსტი სიამოვნებით წავიკითხე. 🙂
ბიბისის სერიალი მაქვს ნანახი ჯერემი ბრეტის ჰოლმსით. ვუყურო ამასაც? პოსტიდან ისე ჩანს, რომ ჰოლმსი მოგწონს და ფილმები – არც ისე. 🙂
LikeLike
ბიბისის – ქამბერბეჩია. ბრეთი – გრანადაა.
პოლიშინელის საიდუმლოა და მესამე პოსტი მაგ ჰოლმსზე მაქვს ზუსტად.
რავიცი, სცადე 🙂 ძველი სერიალია, ცხადია ბევრი რამე ისე ვერაა. მაგრამ რეთბოუნი ძალიან მაგარი ჰოლმსია.
მე ფანატი ვარ 🙂 ძალიან ბევრი სხვადასხვა ეკრანიზაცია მაქვს ნანახი. მაგალითად, ლივანოვამდე ვოლკოვი იყო ეგეთი მსახიობი მან ითამაშა ჰოლმსი შავ-თეთრ ტელესპექტაკლში. მაგასაც ვუყურე. 🙂
რენდომ მაყურებელს, არ მოეწონება.
LikeLike