ჩანჩურა დეტექტივი

ამ პოსტით ბლოგზე იწყება გრძელდება რუბრიკა: ამბები, რომლებიც მხოლოდ მე მაინტერესებს. 🙂

ბოლო დროს მოვუხშირე დეტექტურ სერიალებზე პოსტვას. ასაკის ბრალია, ალბათ… თუმცა, ლოგიკურად პირიქით უნდა იყოს – დღეს რომ სერიალის ყურებას ვიწყებ, ყოველთვის მაქვს შანსი, ფინალამდე ვერ გავაღწიო და დარდად გამყვეს. :/ მაგრამ სერიალი, ახლა რომელზეც ვწერ, დიდი ხნის წინ ვნახე პირველად. სტუდენტობისას. შესაძლოა, პირველი სერიალი იყო, რომელსაც ვუყურე. ამასთან, ის ე.წ. ანტი-დეტექტივია – როდესაც მკვლელი თავიდანვეა ცნობილი, ამიტომ დარდად გასაყოლებელიც არაფერია. 🙂 ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, ჩაუჯდე. სერიალი “კოლომბო” (Columbo).

Columbo by Lucas Somarivaშერლოკიანობის ხანაში ძალიან პრიმიტიულად და ძველმოდურ რამედ ჩანს. ალბათ, ასეც არის. თუმცა, თავისი ხიბლი მაინც აქვს და რეტრო-ტელეარხებიც უბრუნდებიან, ხოლმე. ეს ხიბლია მსახიობები და რეჟისორები, ვისაც ამ სერიალზე უმუშავია. დღევანდელი სერიალები, დაუშრეტელი დაფინანსებითა და კოლოსალური რეიტინგებით, სულ სხვა ამბავია – ნებისმიერი კალიბრის რეჟისორს იოლად შეიტყუებ, მსახიობები კი რიგში ჩადგებიან, ოღონდკი როლი შეხვდეთ. 60-იანების ბოლოს, როდესაც “კოლომბოს” გადაღება გადაწყვიტეს, ტელესერიალი არც მთლად უმსგავსო და შორი-შორი საქმე იყო, მაგრამ მაინც – მეორეხარისხოვანი. გაგიკვირდებათ და პროდიუსერებს ფითერ ფალქის (Peter Michael Falk) დათანხმებაც კი გაუჭირდათ, არადა ფალქი მეგა-ვარსკვლავი ნამდვილად არ იყო და ჰოლივუდს წეწვა-გლეჯა ჰქონდაო მისთვის გამართული, ვერ ვიტყვით. ლეიტენანტ კოლომბოს როლმა მოუტანა მას წარმატებაცა და პოპულარობაც, 1968 წელს კი, როდესაც საპილოტე სერია გადასცეს ეთერში, რამდენიმე სერიალში ჰქონდა ნათამაშები და ორ ძალიან კარგ ფილმში – “შეშლილი, შეშლილი სამყარო” და “დიდი რბოლა”.

პროდიუსერებზე აუგი არ ითქმის. “კოლომბო” მიწვეული ვარსკვლავების რაოდენობით ნებისმიერ იმდროინდელ ტელესერიალს უკან ჩამოიტოვებს და დღევანდელებსაც არ ჩამორჩება დიდად: დონალდ ფლეზენსი, მართინ შინი, ფეი დანაუეი, ჯონ ქესევეთიზი, რობერთ ვოუნი, რუთ გორდონი, როდი მაქდაუელი, ბართ იანგი (და კიდევ ბევრი სხვა, უბრალოდ, ისინი ჩამოვთვალე, ვინც დიდ ჰოლივუდურ ფილმებშიც გეყოლებათ ნანახი, მიუხედავად იმისა, ახლა გვარებით იცანით თუ – ვერა Smile ), ასევე მუსიკოსები ჯონი ქეში, ლითლ რიჩარდი და მწერალი მიქი სფილეინი. “კოლომბოს” თითო სერიალი დასრულებულ ამბავს წარმოადგენს და თავისი რეჟისორი ჰყავს, მათ შორის ისეთები, როგორც სთივენ სფილბერგი, ჯონათან დემი, ბენ გაზარა.

Okay, I’m gonna put you in charge. You take care of the car. You’re a responsible dog.
When I get back, if the car’s okay, I’ll give you another cookie.
If the car’s gone, I give you another cookie anyway, ‘cause I love you.
Columbo: Grand Deceptions (1989)

სფილბერგის მიერ გადაღებული სერია “მკვლელობა წიგნის მიხედვით” (სეზონი 1, ეპიზოდი 3), ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა. და არამხოლოდ ამ სერიალში. არაერთგზის დაუსახელებიათ XX საუკუნის 100 საუკეთესო ტელეფილმს შორის. სფილბერგი სფილბერგად, მაგრამ მსახიობ ჯექ ქესიდის დამსახურებაცაა. ის კიდევ რამდენიმე ეპიზოდში თამაშობს და ყველა ძალიან კარგია.

ძალიან მომწონს “ძველი ნავსადგური შტორმში” (სეზონი 3, ეპიზოდი 2). სიუჟეტი ბევრი არაფერი, მაგრამ ამ ეპიზოდის ოქრო და ბადახში დონალდ ფლეზენსია, არაჩვეულებრივი ინგლისელი მსახიობი (გაგახსენებთ – ერნსტ სტავრო ბლოფელდი ბონდიანიდან). სერიის რეჟისორი ლიო ფენია, შონ ფენის მამა.

Columboკოლომბო ელეის პოლიციის დეპარტამენტის მკვლელობის განყოფილების ლეიტენანტია. მკვლელი, როგორც წესი, უბრალო მოკვდავი არაა. იმათი რიგიდან არის დღეს რომ… დღესაც და მაშინაც სელებრითები ჰქვიათ – მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, მწერლები (დეტექტივისტები). ბევრია ძლიერნი ამა ქვეყნისა – სენატორები, ბიზნესმენები, გენერლები. ინტელექტუალებიც არიან. პოლიციელები და ჯაშუშებიც კი… ვინ არის მათ გვერდით კოლომბო? ერთი ჩია ტანის, ჩანჩურა კაცი, გულმავიწყი, ტვინამღვრეული. ერთი ჯაბახანის საჭეს უზის, იაფფასიან სიგარას აბოლებს და ტრანს-ცხიმებით გაჯერებულ ღვეზელს მიირთმევს… თუმცა, რა იცოდნენ მაშინ, რა იყო ტრანს-ცხიმები. მაგრამ ეს ყველა ნიღაბია. შირმა. თუ გახსოვთ, დოქტორი უოთსონის მიერ შედგენილი შერლოქ ჰოლმსის “შედარებითი დახასიათება”? არც წიგნები წაუკითხავს, არც ფილოსოფოსები იცის, დედამიწა რომ მზის გარშემო ბრუნავს, ეგეც კი არ გაუგონიაო? წიგნიდან-წიგნამდე ვხვდებით, რომ დოქტორი ცდებოდა. ასეა – აქაც. თანდათანობით ვხედავთ, რომ ლეიტენანტი კოლომბოც არაა ხეპრე და გაუთლელი, როგორადაც თავს გვაჩვენებს – წიგნებიც წაუკითხავს, ფერწერაც იცის, კარგი კულინარიცაა და სომელიედაც გამოდგება. ერთი ეგაა – ზღვის ავადმყოფობა სჭირს, რაც მისი გვარის კაცისთვის ერთობ შეუფერებელი რამაა. ზემოთაც ვთქვი – “კოლომბოს” სერიებში მკვლელი თავიდანვეა ცნობილი და ფილმი დეტექტივისა და დამნაშავის ფსიქოლოგიურ ჭიდილზეა აგებული. კატა-თაგვობანას თამაშია.

Here I’ve been talking with the most intelligent people in the world, and I never even noticed.
Columbo: The Bye-Bye Sky High I.Q. Murder Case (1977)

როგორც იგონებენ, ფალქი თავადაც ჰგავდა საკუთარ გმირს – ისეთივე კირკიტელა და აბეზარა იყო. დიდხანს ემზადებოდა გადაღებისთვის, არც ერთი დეტალი გამოეპარებოდა ხოლმე, უყვარდა რეჟისორებთან და სცენარისტებთან კამათი… ერთხელ, თურმე, ისე მოაბეზრა თავი ფილმის სცენარისტებს, რომ მისცეს კალამი, თაბახის ფურცლები და უთხრეს, დაჯექი და თავად დაწერე, როგორც გესიამოვნებაო. ფალქი გვერდითა ოთახში გასულა, კარი გაუხურავს და კარგა ხნის წვალების შემდეგ კვლავ ხელცარიელი, მაგრამ იხტიბარგაუტეხელი გამოსულა. ასე უთქვამს: წერა არ ყოფილა იოლი საქმე… მაგრამ ეს სცენა მაინც ისე იქნება უკეთესი, როგორც მე ვამბობო.Columbo statue in Budapest

აქვე “კოლომბოს” ჩემეულ 1 + ტოპ-10-ულს დავწერ:

უკონკურენტოდ საუკეთესო:

Murder by the Book (1-3) – რეჟისორი: სთივენ სფილბერგი. როლებში: ჯექ ქესიდი

  1. Any Old Port in a Storm (3-2) – რეჟისორი: ლიო ფენი. როლებში: დონალდ ფლეზენსი
  2. Double Exposure (3-4) – რეჟისორი: რიჩარდ ქუეინი. როლებში: რობერთ ქალფი
  3. Double Shock (2-8) – რეჟისორი: რობერთ ბათლერი. როლებში: მართინ ლანდაუ
  4. Swan Song (3-7) – რეჟისორი: ნიქლას ქოლასანთო. როლებში: ჯონი ქეში
  5. Publish or Perish (3-5) – რეჟისორი: რობერთ ბათლერი. როლებში: ჯექ ქესიდი
  6. By Dawn’s Early Light (4-3) – რეჟისორი: ჰარვეი ჰართი. როლებში: ფეთრიქ მაქგუენი
  7. The Most Dangerous Match (2-7) – რეჟისორი: ედვარდ ემ ემბროზი. როლებში: ლოურენზ ჰარვეი
  8. Murder Under Glass (7-2) – რეჟისორი: ჯონათან დემი. როლებში: ლუი ჟურდანი
  9. Negative Reaction (4-2) – რეჟისორი: ალფ ჩელინი. როლებში: დიქ ვან დაიქი
  10. Troubled Waters (4-4) – რეჟისორი: ბენ გაზარა. როლებში: რობერთ ვოუნი

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

7 thoughts on “ჩანჩურა დეტექტივი”

  1. მარტო შენ რატომ გაინტერესებს?

    მახსოვს, რომ ნანახი მაქვს, მაგრამ ვერც ერთ სერიას ვერ ვიხსენებ. 🙂 Murder by the book უნდა ვნახო.

    Liked by 1 person

    1. ჯეიმი ლი კერტისიც

      კი, პირველი როლია 🙂

      დერიკი იყო ასეთი სერიალი, არ გინახავს? :)))

      აუ აი ეგ იყო უკიდეგანო ***ობა :))))

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: