გაუწონასწორებელი არ ვარ! უბრალოდ თავისებური ვარ.
საგა ნურენირა საჭიროა ეს ორი სათაური?
ვაჟა ზაზაევიჩი
მეგობარმა მითხრა, საგა ნურენი შენ გგავსო. ნამდვილად არ არის ასე. რაღაც საერთო, შეიძლება, კი გვაქვს ხასიათის წახნაგებში. მაგრამ ბევრი არაფერი. სინამდვილეში საგა ნურენი არავის ჰგავს. თავისებურია. ძალიან თავისებური. ჰოლმსივით ანალიტიკური გონება აქვს. კოლომბოსავით აჩაჩულად იცვამს. პუაროსავით მარტოსულია. ჰარი ბოშივით კარგად და დაუნდობლად ისვრის. ვალანდერივით აქვს აწეწილი ურთიერთობა მშობლებთან (ვალანდერზე – მეტადაც). პრაგმატულია, როგორც პითაგორას ცხრილი. მეგობრად – აუტანელია. საყვარლად – სისხლს გაგიშრობს, მაგრამ როგორც გამომძიებელი – საუკეთესოა. ფანტაზიის უნარს დედუქციის უნარი ცვლის. ემოციებს – ლოგიკა. გულს – გონება. იუმორის გრძნობას – არც ვიცი რა. უბრალოდ არ აქვს და – მორჩა. ცივია თოვლის დედოფალივით. საგა ნურენი არის ქალი, რომელიც სუსხიდან მოვიდა.
ის მთავარი გმირია დეტექტური სერიალისა “ხიდი” (Bron/Broen). ჯერ სამი სეზონია და პირველი სწორედ ხიდზე იწყება. ხიდი მალმედან კოპენჰაგენამდეა. ან კოპენჰაგენიდან – მალმემდე. ვინ საიდან მიადგება. საგა ნურენი მალმედან მოდის. დანიელი დეტექტივი მარტინ როდი – კოპენჰაგენიდან. შუა ხიდზე ხვდებიან ერთმანეთს, იქ კი ქალის გვამია შუაზე გადაჭრილი. ზედაწელი შვედეთის მხარესაა, ქვედაწელი – დანიის. თუმცა, მალევ გაარკვევენ, რომ გვამიც ორია – ზედა და ქვედა წელი სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნის. გამოძიებას ორივე ქალაქის პოლიცია იწყებს.
ამ სერიალს ნაკლი არ აქვს (ჩემთვის) – ყველაფერია, რაც დეტექტივში მიყვარს: ნელი თხრობა. ჩახლართული ისტორია. პოლიციური გამოძიების დეტალები. და კლასიკურ (და გვარიანად შემოცვეთილ) ხერხს, როდესაც ორ ადამიანს გვერდიგვერდ მუშაობა უწევს, ერთმანეთი კი გულზე არ ეხატებათ, ამჯერად სხვა ელფერი დაჰკრავს – მარტინს, გულზე არ ეხატება კიარ, ატანა არ აქვს საგასი, საგას კი – არც ანაღვლებს. არც ეს ამბავი და არც თავად მარტინი. ის დაგეშილია კვალზე და სხვას და დანარჩენს არად აგდებს. ნიძლავს ვარ, ისიც არ იცის, დედამიწა რომ ბრუნავს მზის გარშემო. დავიწყებული აქვს. გამოძიებაში არაფრად ადგია და – იმიტომ.
ძალიან კარგია მეორე სეზონიც. მესამე – ნაკლებად. თუმცა, “ხიდი” ის დეტექტივია, რომელსაც თუ ერთხელ ჩაუჯექი, ვერ მოწყდები, დააბუქმარქებ, დაასეივებ და იმდენ სეზონს უყურებ, რამდენსაც გადაიღებენ.მითუმეტეს, რომ მოკლე-მოკლე სეზონებია. 10-10 სერიანი თითო.
მონტე-კარლოს ტელეფილმების ფესტივალზე ჯილდო საუკეთესო როლის შესრულებისთვის კიმ ბოდნიას კი ერგო, მაგრამ ფილმის მთავარი ფიგურა მაინც სოფია ჰელინის მიერ განსახიერებული საგა ნურენია. მას უჭირავს მთელი ფილმი. და ასეა მეორე და მესამე სეზონშიც. სწორედ საგაა სარკე, რომელშიც სერიალის ყველა სხვა პერსონაჟი ირეკლება.
სერიალი: “ხიდი” (Bron/Broen)
სერიების რაოდენობა: 30 (სამი სეზონი)
სცენარისტი: ჰანს რუსენფელტი (Hans Rosenfeldt)
მთავარ როლებში:
სოფია ჰელინი (Sofia Helin) – საგა ნურენი
კიმ ბოდნია (Kim Bodnia) – მარტინ როდი
ორიგინალ ფილმს ორი რიმეიქიც მოჰყვა: ამერიკული “ხიდი” (The Bridge) – აშშ/მექსიკის საზღვარზე, სადაც პრეზიდენტი დონალდი კედლის აშენებას აპირებს და ბრიტანულ/ფრანგული “გვირაბი” (The Tunnel/Tunnel) – იოლი მისახვედრია, თუ რომელ გვირაბში.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
მესამე სეზონიც აქვს? გამომრჩა.
როგორც ვიცი, საგა ნორენს ასპერგერის სინდრომი აქვს, აუტიზმის ერთ-ერთი ფორმაა რაც განსაზღვრავს მის თავისებურებებს. ისიც წავიკითხე, რომ ფილმს საინტერესო დისკუსია მოყვა, ბევრი აკრიტიკებდა, იმიტომ რომ არასიმპათიური პიროვნებადაა გამოყვანილი აუტისტი ადამიანი, მაგრამ სხვები იცავდნენ და ამ სინდრომის მატარებელ ადამიანებსაც მოეწონა ბევრს.
თუ გინდა, ნუ გამოაქვეყნებ. 🙂
LikeLike
ვაქვეყნებ. 😉 დონთ ვორი.
LikeLike
კარგი სერიალია. დეტექტივი სკანდინავიელების ნაციონალური ჟანრი გახდა. 🙂 წიგნებიც და ფილმებშიც.
მესამე რატომაა სუსტი? კარგი სეზონია. მარტინ როდეც ყოფილიყო, ჯობდა, მაგრამ სიუჟეტი საინტერესოა. სიუჟეტით მეორე სეზონი უფრო სუსტია, ჩემის აზრით.
LikeLike
Broadchurch ნახე?
LikeLike
არა ჯერ-თქო. ვაჰ…
LikeLike
ამერიკული “ხიდი” (The Bridge) ბრიტანულ/ფრანგული “გვირაბი” (The Tunnel/Tunnel)
ესენი კარგებია? ღირს ნახვა თუ სიუჟეტი ორიგინალს იმეორებს?
LikeLike
ამერიკული არ მინახავს და გვირაბი არაა ცუდი.
სიუჟეტი განსხვავებულია. რაღაცები გადმოტანილი აქვთ, მაგრამ მკვლელი სხვაა :))
LikeLike
ნამდვილ დეტექტივს ეს მირჩევნია. კიდევ მკვლელობები არის ასეთი სერიალი, თუ გინახავს. ეგეც სკანდინავიური დეტექტივია. სოფი გრობელი თამაშობს.
https://en.wikipedia.org/wiki/The_Killing_(Danish_TV_series)
LikeLike
ნანახი მაქვს 🙂
ეგ ყველაზე ბევრსერიანი სერიალია რაც ვნახე 🙂 სკანდინავიელების ხათრით.
კარგია ძალიან, მაგრამ ხიდს ვერ შეედრება.
LikeLike